Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის ყოვლისშემძლეობა დასასრულს მიუახლოვდა

აშშ-ის ყოვლისშემძლეობა დასასრულს მიუახლოვდა

825
დონალდ ტრამპი

ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესების საკითხში აშშ მოუწია დათმობა და თავისი პოზიციების შემსუბუქება, რათა გაეროს რეზოლუციისთვის ვეტო არ დაედო რუსეთსა და ჩინეთს. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ უკვე აღარ არის ზესახელმწიფო, რომელსაც შეეძლო, გაეროს გვერდის ავლით სერბეთისგან მოეწყვიტა კოსოვო და მსოფლიოსთვის თავისი წესები ეკარნახა”, _ წერს ფრანგული გამოცემა L Fიგარო ჟურნალისტი რენო ჟირარდი.

“ბერლინის კედლის დანგრევის და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში ამერიკის შეერთებული შტატები მორალის, კულტურის, დიპლომატიის, ფინანსებისა და სამხედრო თვალსაზრისით ისეთი ძლიერი იყო, რომ შეეძლო თავისი კანონები თავს მიეხვია მსოფლიოსთვის, _ წერს “ფიგარო”. _ ეს ყველაზე ნათლად გამოვლინდა 1999 წელს კოსოვოს კონფლიქტში, როცა ამერიკელებმა გაეროს სანქციების გარეშე სერბეთს მოსწყვიტეს მისი პროვინცია, რომელმაც მალე მოიპოვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ამის წინააღმდეგ კი საჯაროდ ხმის ამოღება ვერავინ გაბედა”.

მაგრამ ასეთი მდგომარეობა უკვე აღარ არისო, _ წერს სტატიის ავტორი. მისი დასკვნა კი ეფუძნება იმას, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესების საკითხში აშშ-მა თავისი ნება სხვა ქვეყნებს თავს ვერ მოახვია.

“ეს ორშაბათი, 11 სექტემბერი, ისტორიაში დარჩება თარიღად, რომელიც ადასტურებს ამერიკის გავლენის სრულ დაცემას შორეულ აღმოსავლეთზე”, _ წერს “ფიგარო”.

დონალდ ტრამპი, როდესაც ის პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდა, ამტკიცებდა, რომ ამერიკა არ დაუშვებდა, ფხენიანის რეჟიმს ჰქონოდა ბირთვულქობინიანი საკონტინენტთაშორისო რაკეტები, რომლებიც ამერიკის ტერიტორიას მიაღწევდა. მაგრამ ჩრდილოეთი კორეა თავისი გზით მიდის და ახალ-ახალ ატომურ გამოცდებს ატარებს. პასუხად აშშ-ს სურდა, გაეროს უშიშროების საბჭოში წარედგინა რევოლუციის პროექტი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ძალიან მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ, მაგრამ, ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან ვეტოს დადების მუქარის გამო, იძულებული შეიქნა, ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეემსუბუქებინა.

მაგალითად, რეზოლუციის პროეტიდან ამოიღო პუნქტი ნავთობის ემბარგოს დაწესებაზე, რადგან პეკინს, რომლის გავლითაც ნავთობს გადაზიდავენ ჩრდილოეთ კორეაში, სურს თავისი უკმაყოფილების გამოხატვა, მაგრამ არ სურს, კორეას ჟანგბადი გადაუკეტოს; თუ ასე მოხდება, ჩინეთს მილიონობით ლტოლვილი მიაწყდება.

“აშშ-ის უუნარობა, უარი ათქმევინოს ჩრდილოეთ კორეას ატომურ იარაღზე, გამონაკლისი შემთხვევა არ არის. ის ერთ-ერთია სიაში გეოპოლიტიკური ჩაფლავებისა, რომლის გამოც აშშ ზესახელმწიფოს კვარცხლბეკზე აღარ დგას”, _ წერს სტატიის ავტორი. მაგალითად, აშშ-მა თავისი პირობების კარნახი ბოლოს 2003 წელს შეძლო, როდესაც ძალის გამოყენებით დაამხო სადამ ჰუსეინის რეჟიმი ერაყში. ეს იყო ვაშინგტონის ირაციონალური და დაუფიქრებელი რეაქცია 11 სექტემბრის ტერაქტზე, მაგრამ გეოპოლიტიკაში ირაციონალურობა ავტორიტეტს გაკარგვინებს და, შესაბამისად, შეკავების შესაძლებლობასაც.

უფრო მეტიც: აშშ-ის ჩრდილოეთკორეულ ჩაფლავებას წინ უსწრებდა სამი სხვა წარუმატებლობა:

ცენტრალურ აზიაში, სადაც აშშ-მა წაახალისა პაკისტანი, შედეგად კი გააქტიურდნენ თალიბები ავღანეთში; რუსეთის საზღვრებთან, სადაც ამერიკამ ისე დაუჭირა მხარი რევოლუციებს საქართველოსა და უკრაინაში, რომ ვერ განსაზღვრა მოსკოვის რეაქცია; სირიაში, სადაც ბაშარ ასადმა იპოვა მოკავშირეები და შეინარჩუნა ძალაუფლება, თუმცა ვაშინგტონი მის გადადგომას ითხოვდა.

“ამ დიდ თამაშში, რომელშიც ფსიქოლოგია უმნიშვნელოვანესია, არაფერია “ყალბ სიმტკიცეზე” ცუდი, არაფერია იმ ჟანდარმივით მოქმედებაზე ცუდი, რომელიც ყველას ემუქრება საბაბით თუ უსაბაბოდ, _ წერს “ფიგაროს” ჟურნალისტი. _ გეოპოლიტიკაში, სჯობს, დამალო განზრახვა, ცოტა ილაპარაკო, რაც შეიძლება ცოტას დაჰპირდე, იმოქმედო სწრაფად და მოწინააღმდეგენი ფაქტის წინაშე დააყენო”.

მოამზადა

გიორგი ასათიანმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here