Home რუბრიკები პოლიტიკა არჩევნები-2018: წინ _ წყალი, უკან _ მეწყერი

არჩევნები-2018: წინ _ წყალი, უკან _ მეწყერი

2839
არჩევნები

ოქტომბრის პირველ დეკადაში, ისედაც ჩახლართულ წინასაარჩევნო დრამატურგიას, რომლის ქვაკუთხედს, ალბათ, მაინც ფარული ჩანაწერები წარმოადგენს, კიდევ ორი ხაზი დაემატა. მწვავე განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გაცვალეს, “ევროპული საქართველოსლიდერმა გიგი უგულავამ კი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა. ორივე ეპიზოდს საკმაოდ საინტერესო ქვეტექსტი აქვს.

პირველ შემთხვევაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ოქტომბერს, კომპანია “ომეგას” გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე, 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელიც, უპირველესად, ქვეყანაში “დემოკრატიული მმართველობის სისტემის კრიზისს” მიეძღვნა, რაზეც, განცხადების ავტორების აზრით, მიუთითებს: კლანური მმართველობა სასამართლოში, სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზება და “პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის, სისუსტე და საპარლამენტო პროცესის უბრალო ფორმალობად ქცევა”.

ირაკლი კობახიძემ ამ განცხადების კომენტირებისას საკმაოდ მკვეთრ ფორმულირებებს მიმართა: როდესაც ეს 13 ადამიანიარასამთავრობოები ამბობენ, 2012 წლამდე სასამართლოში იყო უკეთესი ვითარება, ვიდრე დღეს არისო, ისინი არიან, უბრალოდ, უტიფრები, ეს უტიფრობაა. ისინი კომიკურ ჩანაწერებს უწოდებენ იმას, რომ თურმე კორუფციის პრობლემაა ქვეყანაში, მტკიცებულების გარეშეარასამთავრობო ორგანიზაცია ხარ, “ნაცმოძრაობახომ არ ხარ”.

განცხადებების მსგავსი გაცვლა ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის იშვიათი არაა, თუმცა ამ შემთხვევაში დაუყონებლივ დაიწყო “მეორე სერია”, რომლის პროვოცირება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელ ნიკა გვარამიას მიერ “ფეისბუკში” გამოქვეყნებულმა სტატუსმა მოახდინა. მასში ნათქვამი იყო, რომ “ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაჰყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ” …”უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!” კობახიძემ ამას “ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება” უწოდა და გააკრიტიკა არასამთავრობოები იმის გამო, რომ მასზე რეაგირება არ მოახდინეს. მისი მთავარი სამიზნე “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე გახდა. ამის შემდეგ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” და კიდევ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღეს კიდევ ერთი ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზი გაუსვეს იმას, რომ “პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დღეების განცხადებები უმთავრესად ემსახურება სწორედ საარჩევნო საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და საზოგადოების, ისევე, როგორც არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში, მათი შეფასებების დისკრედიტაციას”.

ამ დაპირისპირებაში შეიძლება ტაქტიკური და სტრატეგიული შემადგენელი გამოვყოთ. არასამთავრობოების 1 ოქტომბრის განცხადების შემდეგ, ხელისუფლება შეეცადა, რომ ბრალმდებლის როლი მოერგო. კობახიძე პირველსავე “სერიაში” შეტევაზე გადავიდა და ოპონენტები, ფაქტობრივად, “ნაცმოძრაობასთან” ალიანსში დაადანაშაულა. ეს კი “ქართული ოცნების” ელექტორატის კოორდინატთა სისტემაში საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. გვარამიას განცხადებამ ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა დისკუსია სხვა მიმართულებით წაეყვანა _ განხილვის მთავარ თემად იქცა გვარამიას რეპლიკები და არა კლანური მმართველობა და 1 ოქტომბრის განცხადებაში ნახსენები სხვა მანკიერებები. მთლიანობაში, ტაქტიკური თვალსაზრისით, ხელისუფლებამ საწადელს მიაღწია, თუმცა იყო კიდევ ერთი, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი.

საქართველოში მთავარი წინასაარჩევნო პრობლემა კონსერვატიული ელექტორატის უზარმაზარი მასის დამუშავებაა. ყველა ხედავს, როგორ ცდილობს მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს ამ ამომრჩევლების გული მოიგოს _ ის აკრიტიკებს უკონტროლო მიგრაციას, საუბრობს ეროვნულ ღირებულებებზე, ეკლესიაზე და .. ხშირ შემთხვევაში კი ამბობს იმას, რაც მისი მმართველობის პრაქტიკას 100%-ით ეწინააღმდეგება. კონსერვატიული ელექტორატი აღიქვამს მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს არა როგორც ლიბერალებს, არამედ როგორც ლიბერალიზმის მედროშეებს. “ქართული ოცნება”, განხილულ შემთხვევაში კი ირაკლი კობახიძე, ცდილობს, ისინინაცმოძრაობასდაუკავშიროს. მმართველ პარტიას, სავარაუდოდ, სურს, კონსერვატიულ ამომრჩეველს “ნაკლები ბოროტების” როლში მოევლინოს, რომელიც, შესაძლოა, არ შეესაბამება მის იდეალებს, მაგრამ “ნაციონალებისა” და “ლიბერალების” ალიანსს უპირისპირდება.

სააკაშვილი სირთულეებს განიცდის, როდესაც ამ ნიშაში შესვლას ცდილობს. ამავე დროს, ტრადიციული ელექტორატის ნაწილს მის პარტიას “ევროპული საქართველო” ართმევს. ეს, როგორც ჩანს, ფრიად აღიზიანებს სააკაშვილს, რაც ყოფილი თანაგუნდელების მისამართით გაკეთებულ განცხადებებშიც იგრძნობა. მაგალითად, გასულ კვირას მან “ფეისბუკში” დაწერა: ევროპული საქართველოარ წარმომადგენს მე!”, “ეს ყოფილი ჩვენი ხალხია (მართალია, დაგვტოვეს, მაგრამ ბევრი სხვა მოგვემატა პრინციპითიგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა”), მაგრამ საქმის გაკეთებაზე, აბა, რა გითხრათ: მე მათ ბევრი რამ ვასწავლე, ხეზე ასვლის გარდა, და, ხალხს რომ დაეხმარო, ეგეც უნდა იცოდე”.

კომენტატორების ნაწილი თვლის, რომ დაპირისპირება მოჩვენებითია, ხოლო “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” კონფლიქტი მიზნად ისახავს ელექტორატის გაფართოებას იმ ამომრჩეველთა ხარჯზე, რომელთათვის ადრე მიუღებელი იყო ოდესღაც ერთიანი პარტიის “ნაციონალური” ან “ევროქართული” ნაწილი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სააკაშვილს სურდა იმ პასუხის მოსმენა, რომელიც გიგი უგულავამ გასცა. უგულავამ შემდეგი რამ თქვა: “თქვენ ინაშვილ-კორკოტას იდეებს ახმოვანებთ, თქვენ და თქვენი კანდიდატი ევროპისა და ნატოს მიმართ სკეფსის აღვივებთ”, მაგრამ მთავარი, ალბათ, შემდეგი ფრაზები იყო: “ტურფა საბაღნარო” თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ. კიდევ დიდი ხანი შეგაწუხებთ, რადგან იცით, რომ ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ”. ამასთანავე, “დაიმახსოვრეთ, ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ის სამუდამოდ დაკარგავს მას. ისტორიას კი გაუთავებელ “მე, მე, მე, მე”-ს შემოუნახავთ, როგორც ექსპონატს ადამიანური და პოლიტიკური დეგრადაციის”.

ერთი შეხედვით, საბაბი პრინციპული ხასიათის კონფლიქტისთვის “ნაცმოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის არ არსებობს _ ორივეს ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს, იდეოლოგიაც (თუ დავუშვებთ, რომ მას რევანშის სურვილთან შედარებით რაღაც მნიშვნელობა აქვს) მსგავსი აქვთ. არჩევნების წინ მათ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას; ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაერთიანებისკენ მოუწოდებს, მაგრამ არის ერთი პრინციპული სხვაობა, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს აღინიშნა, როდესაც სააკაშვილი ემხრობოდა რევოლუციურ სცენარს, ხოლო მომავალი “ევროქართველები” წინააღმდეგობას უწევდნენ, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ კარგად ესმოდათ, _ საზღვარგარეთ მყოფ სააკაშვილს არაფერი ემუქრება და ჯოხი მათზე გადატყდება.

წინაპირობები და სათანადო რესურსები რევოლუციისთვის მაშინ არ არსებობდა და ვითარებას კიდევ ერთი გარემოება ართულებდა. სააკაშვილი “რევოლუციად” ხელისუფლების იმგვარ შეცვლას აღიქვამს, როგორიც მოხდა საქართველოში 2003-ში, უკრაინაში _ 2004 და 2014 წლებში, ანუ სიტუაციას, როდესაც მმართველი ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი გადატრიალებას ხელს უწყობს, ან, როგორც მინიმუმი, ხელს არ უშლის.

მაგრამ იგივე სცენარის გამეორების მცდელობა იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება წინააღმდეგობის გაწევას აპირებს, ხოლო უცხოელი პარტნიორები “რეჟიმ ჩეინჯს” პრიორიტეტად არ აღიქვამენ, რადიკალური სცენარი ორგანიზატორებისთვის შეიძლება კრახით და უმძიმესი შედეგებით დასრულდეს. გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა, დიდი ალბათობით, იმსხვერპლებს “ნაცმოძრაობას” და, მასთან ერთად, “ევროპულ საქართველოს”, როგორც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალას.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: სააკაშვილი და ვაშაძე მიანიშნებენ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. იურიდიულად ეს შეუძლებელია. ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მწვავე კრიზისის პირობებში, რომლის დროს პროცესი, სავარაუდოდ, არაერთგზის გავა საკონსტიტუციო სივრციდან. ჩვეულებრივ ამომრჩეველს, რომელიც სააკაშვილთან მჭიდროდ დაკავშირებული არ არის, ასეთი კრიზისი არაფერში სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ მან 2016-ში ხმა მსგავსი პერსპექტივის წინააღმდეგაც მისცა და შეიძლება იგივე ახლაც გააკეთოს. ამასთანავე, ყოველივე ამის უკან მყისიერი, “ვადამდელი” რევანშის წყურვილის გარდა, არანაირი სხვა იდეა არ იგრძნობა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ უგულავა ეუბნება სააკაშვილს: “თქვენი ყოველი გამოჩენა ცისფერ ეკრანზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია, რადგან მხოლოდ შურისძიებასა და ეგოიზმს ასხივებთ”.

ასეა თუ ისე, ამომრჩეველი საკმაოდ მძიმე სიტუაციაშია. საკონსტიტუციო რეფორმის პერიოდში მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერდა იმას, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაშიც საყოველთაო კენჭისყრით აგვერჩია, ყოველ შემთხვევაში 2018-ში. ახლა კი ვხედავთ, რომ ორი საფრთხე გვემუქრება _ დესტაბილიზაციის ან რეჟიმის შემდგომი გამყარების. თუ არჩევნებს არა ძველი ან ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი მოიგებს, არამედ ვიღაც სხვა (თეორიულად დავუშვათ), საუკეთესო შემთხვევაში მივიღებთმარგველაშვილი 2”- და პრეზიდენტის მუდმივ დაპირისპირებას ხელისუფლების სხვა შტოებთან. ამგვარად, დემოკრატიული ფორმის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი, დიდი ალბათობით, ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს გააძლიერებს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here