Home ახალი ამბები ადვოკატი: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება არასწორ გზას დაადგა და...

ადვოკატი: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება არასწორ გზას დაადგა და ბევრი შეცდომა დაუშვა

807

მიგვაჩნია, რომ თავის დროზე გამოძიება დაადგა არასწორ გზას და დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შემდეგ უკვე აღარ მოხერხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა. 
როგორც მან აღნიშნა, შესავალ სიტყვაში ის ისაუბრებს იმ გარემოებებზე, თუ რატომ არ ეთანხმება დაცვის მხარე ბრალდებას. ადვოკატი ასევე მოწმეების ჩვენებების სანდოობასაც ეჭვქვეშ აყენებს.

“ჩვენ არ ვეთანხმებით ბრალდების დადგენილებას და შესავალ სიტყვაში ვისაუბრებთ იმაზე, რომ ის, რაც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული, ძალიან შორსაა რეალობისგან. მიზეზი რატომაც ჩვენ არ ვენდობით გამოძიებას და მიგვაჩნია, რომ საქმე არაა სრულყოფილად გამოძიებული, არის ის, რომ არ არის დადგენილი უამრავი ისეთი დეტალი, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და დაზარალებულ მხარეს. არ არის დადგენილი კონკრეტული პირების სახელები და გვარები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩხუბში. ვიცით გარკვეული პირები, თუმცა კონკრეტულ დროს კონკრეტული პირი რას აკეთებდა, ამაზე მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. შესაბამისად, შეუძლებელია მოწმეთა ჩვენებებს ვენდოთ”, – განაცხადა კაკაბაძემ.

ადვოკატის თქმით, შეუძლებელია დაჯერება იმისა, რომ გამოძიებამ ამ საქმეზე უტყუარი ჭეშმარიტება დაადგინა.

“მიგვაჩნია, რომ თავის დროზე გამოძიება დაადგა არასწორ გზას და დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შემდეგ უკვე აღარ მოხერხდა. შედეგად მივიღეთ არასწორად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ მივიღეთ უამრავი მტკიცებულება, რომლის შინაარსი, აბსოლუტურად გამორიცხავს და ეწინააღმდეგება ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ გამოძიებამ დაადგინა უტყუარი ჭეშმარიტება”, – აღნიშნა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.
გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს – გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის – დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here