Home რუბრიკები ისტორია წყევლაკრულვიანი საკითხავი

წყევლაკრულვიანი საკითხავი

2448
სამართალი

დღეს დიდ კაცთან სამართალი რომ გაგივიდეს, საკმარისია, მართალი იყო? ჩვენს ეპოქაში ქართველ ერსა და სახელმწიფოებრიობას გადარჩენის რა შანსი აქვს?

დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?!” _ კრილოვის ცნობილი იგავის _ “მგელი და კრავისშეგონება ყველა დროის პროგრესული საზოგადოების წინაშე წყევლაკრულვიან საკითხად იდგა. ამ საკითხის სიმწვავე ილიამ მთელი სიგრძე სიგანით იმთავითვე გაიაზრა და ხმა აღიმაღლა ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. მისი პოზიცია, რომ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, მკვეთრად გამოხატა თავის ერთერთ საგაზეთო წერილში, რომლის დაწერაც ერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ უკარნახა.

ილიას აზრით, “იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალმდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ”; კანონის წინაშე თანასწორობის დაცვა წესიერი საზოგადოების ჩამოყალიბების ქვაკუთხედია და ამიტომაც ეს თანასწორობა გასაფრთხილებელი და დასაცველიაო.

 დღევანდელი მსოფლიოც ძალიან შორსა სრულყოფისგან, მაგრამ შედარებით უფრო სამართლიანია, ვიდრე კრილოვისა და ილიას ეპოქებში იყო. ყოველ შემთხვევაში, გვინდა, გვჯეროდეს, დიდისა და პატარის კონფლიქტისას სამართლიანობის შანსი რომ გაცილებით მეტია, მაგრამ ჩნდება კითხვები _ ჩვენს ეპოქაში დიდ კაცთან სამართალი რომ გაგივიდეს, საკმარისია, მართალი იყო?

უფრო მეტიც: დღეს საქართველოს სწორედ ბეკეკასავით ექცევიან. მამამარჩენალი ოკეანის გაღმიდან როგორც გადაწყვეტს, ყველაფერი ისეა: დროდადრო თავზე ხელს გადაგვისვამენ, ხან დაგვტუქსავენ, ხანაც შეგვაქებენ, ჯერ გაგვიწყრებიან, მერე დაგვიყვავებენასეთ სიტუაციაში ქართველ ერსა და სახელმწიფოებრიობას გადარჩენის რა შანსი აქვს?

აი ესაა დღეს ჩვენთვის წყევლაკრულვიანი საკითხავი.

ილია ჭავჭავაძე: კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია

კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება.

იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალ-მდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. რაკი ერთისათვის ერთი კანონია და მეორესათვის _ მეორე, კანონი ჰკარგავს თვის უდიდეს მნიშვნელობას საყოველთაო მფარველობისას და შემწეობისას, რადგანაც თვის მადლს და თვის მსჯავრს ერთნაირად ვერ მოჰფენს ყველასა, ვინც კი მისკენ მიიმართება გაჭირების დროს. ბუნებითად კანონი ყველასათვის ერთნაირი დავალებაა, ერთნაირი უფლება და, როცა იგი ერთს ერთნაირად ექცევა და მეორეს სხვანაირად, მაშინ იგი სხვა არა არის რა, თუ არ რჯულად შექმნილი უპირატესობა ერთისა მეორის წინაშე.

ვერა, წესიერად მოწყობილი მოქალაქური ცხოვრება ვერ შეიფერებს ამისთანა უსწორმასწორობას უიმისოდ, რომ თვით ზედ არ გადაეგოს, პირქვე არ დაემხოს და ამიტომაც არ არის ქვეყანაზედ არც ერთი იმისთანა განათლებული სახელმწიფო, საცა ყველას თანასწორობა კანონის წინაშე დედააზრად, სათავედ არ ედვას ყოველს კანონმდებლობას, ყოველს რჯულიერებას. რუსეთის სახელმწიფოშიაც ეს თანასწორობა ყველასი კანონის წინაშე ცხადად გამოთქმულია. განსვენებულის იმპერატორის ალექსანდრე II განსამართლების რჯულდებამ ეს თანასწორობა მტკიცე საფუძველზედ დააყენა რუსეთის იმპერიაში და აწ არსებული და მომქმედნი კანონები ყველას ერთგვარად და განურჩევლად უქადიან მფარველობას და შემწეობასა.

თუმცა რჯულიერება კანონის წინაშე ეგრე გვასწორებს ყველასა, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, თვითონ ცხოვრება, რომელსაც ჯერ ვერ აღმოუფხვრია ძირიანად ძველნი ზნენი და წადილნი, ჯერ კიდევ ეურჩება კანონს და დიდი ჰბედავს შებღალვას პატარის უფლებისას მარტო იმ აზრით, რომ მე დიდი ვარ და ის პატარაო.

ამ მავნებელის ზნის აყოლა მიეტევება გაუნათლებელს კაცსა, იმისთანა კაცსა, რომელსაც არ ესმის, რომელსაც ჯერ ვერ მიუგნია, რა დიდი მადლია ქვეყნისათვის, კაცთა საზოგადოების ბედნიერად ცხოვრებისათვის თანასწორობა კანონის წინაშე. ხოლო არ მიეტევება მას, ვინც გარეგანის ნიშნებით მაინც საგულისხმოა, რომ სწავლაში ყოფილა, განათლების შუქი ცოტად თუ ბევრად მოჰფენია და თვის საზოგადოებაშიც იმისთანა მდგომარეობა აქვს, რომ მოეთხოვება სამართლიანი მართებული ქცევა ყველგან და ყველას წინაშე, დიდი იქნება თუ პატარა.

ყოველივე ეს გვათქმევინა ერთმა შემთხვევამ, რომელიც დღეს ახალს ამბებშია დაბეჭდილი ჩვენს გაზეთში. ერთი იმერელი მოსამსახურე გაუგზავნია თავის პატრონს ფაეტონის მოსაყვანად. დიდხანს ჰცდილა ეს მოსამსახურე, მრავალს მეფაიტონეებს შეჰხვეწნია, მაგრამ არავინ გამოჰყოლია. ბოლოს, როგორც იყო, უშოვნია ფაეტონი. იქაც მახლობლად მდგარა სამი სამხედრო წოდების კაცი, ერთს მათგანს უბრძანებია მოსამსახურის მიერ დაჭერილ მეფაიტონესათვის, მე წამიყვანეო, მოსამსახურე უარზედ დამდგარა, ძლივძლივობით ვიშოვე ფაეტონი, ჩემი დაჭერილია და ვერ დაგითმობთო. სამხედრო წოდების კაცს ბევრი აღარ ულაპარაკნია, ფაეტონი წაურთმევია, დაუძახნია პოლიციელისათვის და უბრძანებია, ურჩი მოსამსახურე სადმე გამაცალეო.

ამისთანა ძალმომრეობა ხშირია ჩვენში, მაგრამ იშვიათად გამომჟღავნდება ხოლმე. სამართლამდე რომ მიაღწიოს ამ საქმემ, რასაკვირველია, ამ ძალმომრეობას, მარტო დიდპატარაობისა და მაღალ-დაბალობაზედ დაფუძნებულს, თავისი შესაფერი მსჯავრი დაედებოდა, მაგრამ საწუხარო ეს არის, რომ დიდმა იცის, პატარა ამაებს არ გამოუდგება და დანაშაული შერჩება დამნაშავესა. უსათუოდ ამისთანა ბოლოც ექმნება ამ საქმესა: მოსამსახურე არ იჩივლებს და ეს ამბავი ჩაილურის წყალს დალევს. ჩვენ კი არ შეგვეძლო ხმა არ ამოგვეღო ამ საგანზედ.

კანონის მიერ მონიჭებული თანასწორობა საჯარო უფლებაა, ერთნაირად კუთვნილი ყველასი და მაშასადამე, ერთნაირად ძვირფასი ყველასათვის. ამიტომაც იგი თანასწორობა ერთნაირად გასაფრთხილებელია, ერთნაირად საქომაგებელი, ერთნაირად დასაცველი, თუ კაცს ცოტა რამ ამ ქვეყნიერობისა შეუგნია და სიყვარული წესიერობისა და რიგიანობისა გულს ჩასახვია. დარღვევა ამნაირის თანასწორობისა თვითვეულის ჩვენგანის უფლების დარღვევაა და ამიტომაც საქებურია გულწყრომა იმისი, რომელმაც ეს ამბავი გვაუწყა ჩვენ გაზეთში დასაბეჭდად და სამართლიანია იგი გულამღვრევაც, რომელიც ამის მოამბეს უგრძვნია ამ ამბავის მოხდენის დროს.

ეგ თანასწორობა, ეგ საჯარო უფლება რომ დაუსჯელად ილახებოდეს, მაშინ ვერავინ კარშიაც ფეხს ვერ გამოჰყოფდა, რადგანაც პატარას დიდი არ დაელევა და დიდს კიდევ უფრო დიდი. ეს რომ ასე იყოს, მაშინ კაცთა საზოგადოება ცნობიერთა არსებათა კრებას კი არ წარმოადგენდა, არამედ შავის ტყის ნადირთა გროვას, საცა ვინც ძლიერია, მართალიც ის არის. ჩვენდა სასიამოვნოდ, ამისთანა ამბებს აწ არსებულნი კანონები არ იწყნარებენ და სანატრელია, რომ არც ამ ზემოხსენებულს შემთხვევაში შეიწყნაროს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here