Home რუბრიკები სპორტი ჩოგბურთისა და სერბეთის ვარსკვლავი

ჩოგბურთისა და სერბეთის ვარსკვლავი

როგორ იმოქმედა ნატომ ნოვაკ ჯოკოვიჩზე

94
ჩოგბურთისა და სერბეთის ვარსკვლავი

საფრანგეთის ღია პირველობის (“როლან გაროსი”) ნახევარფინალში ესპანელი რაფაელ ნადლის განადგურების შემდეგ (შეხვედრის დასრულებისთანავე ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ეს მისი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო პარიზში) სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საოცრად ითამაშა ფინალური მატჩი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან _ პირველი ორი სეტის წაგების შემდეგ (6:7, 2:6) ნოვაკმა ზედიზედ სამი სეტი მოიგო (6:3, 6:2, 6:4) და მეორედ დაეუფლა საფრანგეთის ღია პირველობის თასს.

“როლან გაროსში” გამარჯვების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩი ე.წ. ღია ერაში (1968 წლიდან, როცა პროფესიონალებს “დიდი მუზარადის” (დიდი სლემი) მონაწილეობის ნება დართეს ტურნირებში) პირველი მამაკაცია, რომელმაც, სულ ცოტა, 2-2-ჯერ აქვს მოიგო “დიდი მუზარადის” ტურნირები (ასეთი 4 ტურნირია). მან 9-ჯერ გაიმარჯვა ავსტრალიის ღია პირველობაში, 5-ჯერ _ უიმბლდონზე, 3-ჯერ მოიგო ამერიკის ღია პირველობა და ორჯერ “როლან გაროსი”.

ბავშვობა

ნოვაკ ჯოკოვიჩი 1987 წლის 22 მაისს დაიბადა ბელგრადში. ნოვაკი აღიარებს, რომ მისი წარმატებული სპორტული კარიერა მშობლებს (დედა _ დიანა, მამა _ სრჯანი) ყურადღებამ და მხარდაჭერამ განაპირობა.

ნოვაკი 4 წლის იყო, როცა პირველად აიღო ჩოგანი ხელში, 6 წლისა კი ცნობილმა სერბმა ჩოგბურთელმა ელენე გენჩიჩმა შეამჩნია და მშობლებს უთხრა, რომ ბიჭი ყველაზე ნიჭიერი იყო იმ ბავშვებს შორის, რომლებიც კი ოდესმე უნახავს. მომავალ ვარსკვლავს 1999 წლამდე გენჩიჩი ავარჯიშებდა. ნოვაკი მას მეორე დედას ეძახდა.

როცა ბავშვი 12 წლის გახდა, ნატოს თვითმფრინავები ბელგრადს ბომბავდნენ. დაბადების დღე ნოვაკმა თავშესაფარში აღნიშნა. ომის პერიოდში ბიჭმა 76 ღამე სარდაფში გაატარა. გენჩიჩის შემდეგ ნოვაკს ყოფილი ხორვატი ჩოგბურთელი ნიკოლა პილიჩი წვრთნიდა თავის აკადემიაში _ გერმანიაში. იქ ჯოკოვიჩმა 4 წელი გაატარა. პროფესიულ სპორტულ არენაზე ნოვაკ ჯოკოვიჩი 2001 წელს გამოჩნდა, 14 წლის ბიჭმა დიდ წარმატებებს მიაღწია _ მოიგო ევროპის ჩემპიონატი იუნიორთა შორის. ნოვაკს ორი ძმა ჰყავს _ მარკო და ჯორჯე, რომლებიც ბავშვობიდან მისდევდნენ ჩოგბურთს, მაგრამ მათ უფროსი ძმის მსგავსი წარმატებისთვის არასოდეს მიუღწევიათ.

ნოვაკ ჯოკოვიჩი მეუღლესთან ერთად
ნოვაკ ჯოკოვიჩი მეუღლესთან ერთად

პირადი ცხოვრება

სპორტული უნარების გარდა ნოვაკ ჯოკოვიჩი შესანიშნავი იუმორითაც არის დაჯილდოებული. მას ხშირად უჩვენებია ტრიბუნაზე მსხდომი მაყურებლებისთვის პაროდიები თავის კოლეგებზე, მაგალითად, მარია შარაპოვასა და რაფაელ ნადალზე. სწორედ მხიარული ხასიათის გამო შეარქვეს მას თაყვანისმცემლებმა ჯოკერი, რომელიც შეიცავს ალუზიას მის გვარსა და ინგლისურ სიტყვა joke-ზე (“ხუმრობა”).

ნოვაკ ჯოკოვიჩი მორწმუნე ადამიანია, მართლმადიდებელი ქრისტიანი. მან დიდი წვლილი შეიტანა ძველი ტაძრების რესტავრაციაში და დაჯილდოებულია წმინდა სავას პირველი ხარისხის ორდენით, ეწევა ქველმოქმედებას. მან 2007 წელს დააფუძნა ფონდი, რომელიც ეხმარება სერბ ბავშვებსა და ლტოლვილებს.

2014 წელს სერბეთი წყალდიდობამ დააზარალა, იმ მომენტში ნოვაკი იტალიაში გამართულ ტურნირში მონაწილეობდა. ჩოგბურთელმა მოგებული საპრიზო თანხა _ 750 ათასი დოლარი _ სტიქიით დაზარალებულებს გადაურიცხა.

2016 წელს ნოვალმა გაიცნო ელენე როსტიჩი, როგორც ამბობს, ცხოვრების სიყვარული. 2014 წელს წყვილი დაქორწინდა და გაუჩნდა ვაჟი _ სტეფანი. 2017 წელს კი მეორე შვილი შეეძინათ, ამჯერად გოგონა _ ტარა. ელენე ამჟამად ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდ Novak Djokovic Foundation-ს, რომელიც ნიჭიერ ჩოგბურთელ ბავშვებს ეხმარება.

ცნობილია, რომ ნოვაკი მონაწილეობს ბიზნესპროექტებში. 2005 წელს მისმა ოჯახმა დააფუძნა კომპანია Family Sport-ი, რომელმაც შექმნა კაფეების ქსელი (Novak Cate) სერბეთში. 2016 წელს მეუღლეებმა მონაკოში გახსნეს ჯანმრთელი კვების რესტორანი Eqvita Restoraunt-ი.

ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი

ჩოგბურთი

რთულია ჩამოთვლა ყველა ტიტულის, რომლებიც ამ სპორტსმენმა მოიპოვა. მან 19-ჯერ მოიგო “დიდი მუზარადის” ტურნირები. პირველად ეს მოხდა 2008 წელს, როცა ნახევარფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა. “ჯოკერი” ATP-ის (პროფესიონალი ჩოგბურთელების ასოციაცია) მსოფლიო ტურის ფინალის 5-გზის გამარჯვებულია, მათგან 4 ზედიზედ მოიგო.

ექსპერტები აღნიშნავენ ნოვაკ ჯოკოვიჩის კარგ ფიზიკურ მონაცემებს (სიმაღლე _ 187 სმ, წონა _ 80 კმ) და თამაშის განსაკუთრებულ სტილს. ის უნივერსალური ჩოგბურთელია, რომელსაც შეუძლია ერთნაირად კარგად იასპარეზოს ნებისმიერი ტიპის კორტზე. სწრაფი და მოქნილი მოძრაობები ნოვაკს ზუსტი და ძლიერი დარტყმების შესრულების საშუალებას აძლევს. მისი ბექჰენდი (დარტყმა, როდესაც მტევანი ბურთისკენ ზურგით არის მიმართული) მსოფლიოში საუკეთესოდ არის აღიარებული.

სერბი ჩოგბურთელისთვის 2015 წელი ძალიან წარმატებული იყო _ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, უიმბლდონის ფინალში კი როჯერ ფედერერი დაამარცხა, გამარჯვება მოიპოვა, აგრეთვე, აშშ-ის ღია ჩემპიონატში.

იმ წელს ნოვაკმა, “ფორბსის” მონაცემებით, 94 მლნ დოლარი გამოიმუშავა. შემდეგ იყო წარმატებები და წარუმატებლობებიც, მაგრამ გამოსარჩევია 2019 წელი, როცა ნოვაკმა მეშვიდედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ხოლო მეხუთედ _ უიმბლდონი. 2020 და 2021 წლებში კი კვლავ გაიმარჯვა ავსტრალიის ღია პირველობაში.

რეკორდები

ნოვაკ ჯოკოვიჩი, უკვე კარგა ხანია, არ მალავს, რომ სურს, მოხსნას ყველა რეკორდი და კარიერა ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელის ტიტულით დაასრულოს.

* ამჟამად ნოვაკს 19 “მუზარადი” აქვს, და როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადლს 1 ტიტულით ჩამორჩება. იმის წარმოდგენა, რომ ნოვაკი ვერაფერს ვეღარ მოიგებს, ძალიან ძნელია, ამიტომ, როგორც ჩანს, ამ რეკორდს გააუმჯობესებს.

* მიმდინარე წელს სერბმა გააუმჯობესა როჯერ ფედერერის რეკორდი სარეიტინგო სიაში 1-ელ ნომრად ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით. ის, უკვე 324 კვირაა, პირველ ადგილზეა (ფედერერის რეკორდი 310 კვირა იყო).

* 2019 წელს ჯოკოვიჩმა მასტერსის ყველა, 9-ვე, ტიტული მოიგო და ამ მხრივ ერთადერთი ჩოგბურთელია მსოფლიოში.

* “როლან გაროსზე” გამარჯვების შემდეგ ჯოკოვიჩს 60 დიდი ტიტული აქვს (“მუზარადები”, მასტერსები), ნადალს _ 57, ფედერერს _ 54.

* ჯოკოვიჩი მთავარ კონკურენტებთანაც წინ არის პირად შეხვედრებში. ის ფედერერს 27:23-ს უგებს, ნადლს _ 30:28-ს.

საინტერესო ფაქტები

* სერბი ჩოგბურთელი ენების ცოდნით გამოირჩევა. ის თავისუფლად ლაპარაკობს სერბულ, ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე;

* ჩოგბურთან ერთად ნოვაკს ძალიან უყვარს ფეხბურთი. ის სერბეთისა და იტალიის კლუბებს გულშემატკივრობს;

* ჯოკოვიჩი ავტორია წიგნისა “გამარჯვების გემო”. 14 დღე გალუტეინის გარეშე სხეულისა და სულის სრულყოფისათვის”;

* 2016 წელს ჯოკოვიჩმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარმატებებისკენ მას უბიძგა ნატოს ავიაციის დაბომბვებმა _ როცა თვითმფრინავები ბომბავდნენ დაუცველ ქვეყანას, ბიჭი ოცნებობდა, რომ ნებისმიერი ხერხით გაემარჯვა;

* კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად სერბეთის ბიუჯეტში 1 მლნ ევრო გადარიცხა რესპირატორებისა და სამედიცინო მოწყობილობების შესაძენად.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here