Home რუბრიკები საზოგადოება რუსლან გვარაძე: ლიდერს რომ ხედავდეს, ხალხი ქუჩაში დღესაც გამოვა

რუსლან გვარაძე: ლიდერს რომ ხედავდეს, ხალხი ქუჩაში დღესაც გამოვა

2833
რუსლან გვარაძე

რუბრიკის სტუმარია დედაქალაქის მკვიდრი, ყოფილი მფრინავი რუსლან გვარაძე, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება:

_ კეთილი საქმის კეთება დაავიწყდა ხალხს, რასაც აკეთებენ _ ანგარებით. ამ ხნის კაცი ვარ, რამდენი ხელისუფლება გამოვიცვალე, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, რომელიმე პარტიის წევრი გავმხდარიყავი. ადამიანები, რომლებიც იყვნენ ერთ ხელისუფლებაში და ერთი კონკრეტული პარტიის წევრები, გაიხედავ და, სხვა ხელისუფლებაში და სხვა პარტიის ლიდერებად გევლინებიან. ეს “ნარჩენები”, არ მინდა, სხვა უფრო ცუდი სიტყვა გამოვიყენო, აქ იქნებიან თუ იქ, ნარჩენი ნარჩენია და მეტი არაფერი… ეს “ნარჩენები” არ აძლევენ გასაქანს წესიერ ადამიანებს, აკეთონ კარგი საქმე, ისე გაზულუქდნენ, ფულის გარდა, არაფერი აინტერესებთ.

ქართველებმა გამოვიარეთ შევარდნაძის პერიოდი, სააკაშვილის, ივანიშვილის პერიოდსაც მოვესწარით, მაგრამ სცენარი არ იცვლება. ეს ერთი და იმავე იდეოლოგიის ხალხია, უბრალოდ, მეთოდებს ცვლიან, სახეები და იდეოლოგია ერთია აქვთ.

კომუნისტების პერიოდი სხვა იყო. ის სისტემა ადამიანზე, მის სოციალურ კომფორტზე იყო აწყობილი, კომუნისტები ზრუნავდნენ ხალხზე, ეს იყო მათი უპირველესი ვალდებულება. “პერესტროიკამ” გააფუჭა ყველა, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ, სადაც ფეხი ედგათ, ყველაფერი მათ ეკუთვნოდათ, მათ შორის, თანამდებობებიც და სკამებიც. დღეს ეს უკვე დამახინჯებული ფორმით იგრძნობა.

კომუნისტების პერიოდში ადამიანების დახმარებას კანონი ითვალისწინებდა. ჩემს ამბავს მოგიყვებით; მფრინავი ვიყავი, 1987 წელს ომალოს მთებში ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ეკიპაჟის წევრები გადავრჩით, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღეთ. პატაკი დავწერე და სამსახური დავტოვე. ხელფასი კარგი მქონდა, მაგრამ ფრენა აღარ შემეძლო და ამიტომ იძულებული შევიქენი, წამოვსულიყავი. მომცეს ინვალიდის სტატუსი და თითქმის ხელფასის ოდენობის პენსია დამენიშნა და, რაც უნდა მომხდარიყო, ამ პენსიას კაპიკი არ მოაკლდებოდა, მეტიც: ხელფასების მომატების შემთხვევაში, პენსიაც იმატებდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ პენსია ოჯახს რჩებოდა. ერთი სიტყვით, ჩემი პენსიით ოჯახის რჩენა შემეძლო, მქონდა სანატორიუმში უფასოდ დასვენების საშუალებაც. ეს დიდხანს გაგრძელდა _ სააკაშვილის მოსვლამდე. მიშამ ავიაცია საერთოდ გააუქმა და მისი სამართალმემკვიდრე ეკონომიკის სამინისტრო გახდა. პენსია შემიწყდა, ვითომ უსახსრობის გამო, არადა, საფრენი აპარატი ჰერში რომ გაიფრენს, ქვეყანაში დიდძალი ფული შემოდის, მაგრამ ქართველი მფრინავებისთვის კაპიკიც ვერ გაიმეტეს. დღეს სულ 17 ადამიანი ვართ დარჩენილი და აქამდე ვერ მივაღწიეთ სამართალს. ივანიშვილმა თავისი პრემიერობისას გადაწყვიტა ჩვენი პრობლემის მოგვარება, დაავალა კიდეც შესაბამის სტრუქტურებს, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროდან ჩვენი საქმე ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს და, მგონი, უარესი სურათი მივიღეთ _ ისეთი აი ჩემი შვილებისთვის ალიმენტი მეზობელს რომ ვახდევინო. დეტალურად რომ მოგიყვეთ ყველაფერი, რა პროცესები მიმდინარეობს, შეიძლება გაგიჟდეთ. მთავარი ის არის, რომ ჩემი 9-სულიანი ოჯახი თითქმის მშიერი დამრჩა, ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს, მეუღლე ინვალიდი მყავს, საცხოვრებელი ფართობიც მცირეა _ ვეღარ ვეტევით.

_ რის იმედით იბრძვით უკეთესობისთვის, ოჯახის კეთილდღეობისთვის?

_ თავშივე გითხარით, რომ არც ერთ ხელისუფლებას შორის განსხვავება არ არის, ყველა ერთი იდეოლოგისაა-მეთქი, ამიტომ იმედიც ნელ-ნელა კვდება…

თემას გადავუხვევ და გეტყვით, რომ სულ სხვა იყო ზვიად გამსახურდია. ხალხმა გადააგდო კომუნისტური რეჟიმი და ეროვნული ხელისუფლება მოიყვანა. ახლა კი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ამერიკიდან რას გვიბრძანებენ. ამ ქვეყანაში ვირთხას რა გამოლევს და, მოგეხსენებათ, სადაც ვირთხა ჩნდება, ყველაფერი ნადგურდება…

_ ჯერ კიდევ წინა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურის შენახვის ფუფუნება და შესთავაზა ხელისუფლებას, პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო გამხდარიყო აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, რუსეთის ფედერაციასთან, ჩრდილოეთკავკასიის რესპუბლიკებთან ურთიერთობა, ანუ პრეზიდენტად აგვერჩია ის, ვისაც ჰქონდა კავშირები, შესაბამისი ავტორიტეტი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მკვდარი წერტილიდან დასაძრავად და ვინც დადებდა პირობას, რომ 1-2 წელიწადში ამ მიმართულებით ვითარებას შეცვლიდა. იზიარებთ ამ თვალსაზრისს?

_ წინა პრეზიდენტებზე არ ვისაუბრებ, მგონი, ჩემი აზრი გასაგებია. მინდა, მოქმედ პრეზიდენტზე ვილაპარაკო. ეს ის კაცია, რომლის ჯერ კიდევ განათლების მინისტრობისას, ყველამ იცოდა, რომ არაფრის გამკეთებელი არ იყო. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, ბიბლიოთეკების საქმეზე, მივწერეთ წერილი და ყურიც არ შეუბერტყავს. კინაღამ გავგიჟდი, პრეზიდენტად რომ აგვარჩევინეს. მარგველაშვილს ქვეყნის საქმეები არ აინტერესებს. ასე რომ, ასეთი პრეზიდენტის შენახვის ფუფუნება ამ ქვეყანას ნამდვილად არ აქვს. რაც შეეხება აფხაზეთთან, ოსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან ურთიერთობას, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც წყალი და ჰაერი, ისეა საჭირო. ამ საკითხების მოგვარებაზე სწორედ პირველმა პირებმა უნდა იზრუნონ.

_ ვინ შეძლებს ამას, გეგულებათ ასეთი ადამიანი საქართველოში?       

_ ისე როგორ ამოვწყდებოდით, რომ ამ ქვეყანას პატრიოტები აღარ ჰყავდეს?! საქმის მცოდნე და ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანი ბევრი მეგულება. კომუნისტებზე ვსაუბრობდი, ხალხმა ისინი მოიშორა იმიტომ, რომ სტალინის შემდეგ ქვეყნის ლპობა დაიწყო. მაშინდელმა ვირთხებმა, რომლებიც, სხვათა შორის, დღესაც შემორჩნენ, ქვეყნის დასაშლელად ყველაფერი გააკეთეს და ახლაც იმავეს აკეთებენ, ჯუმბერ პატიაშვილი კი არაჩვეულებრივად გაუძღვებოდა ამ საქმეს. ქვეყანა, რომელსაც ასეთი ადამიანი ჰყავს, პოლიტიკური კრიზისის წინაშე არ უნდა იდგეს. თქვენ მეკითხებით: მეგულება თუ არა ადამიანი, რომელიც საქმეს გააკეთებს და მეზობლებთან ურთიერთობას მოაგვარებს? დიახ, ასეთი ადამიანები არიან და ღმერთმა არც მოგვიშალოს; პატიაშვილთან ერთად, ალექსანდრე ჭაჭიასაც დავასახელებ. გასაქანი თქვი, თორემ 1-2 წელიწადში მართლაც შეიძლება, პრობლემის, მოგვარება თუ არა, დარეგულირება მაინც.

რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ პირველ პირებს თუ შეხვდება, რადგან პროტოკოლია, თორემ ბევრია ისეთი ქართველი, რომლებიც რუსეთსაქართველოს ურთიერთობას მოაგვარებს და დაკარგული ტერიტორიების აღსადგენად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.

“ქართულმა ოცნებამ” სისტემა ვერ შეცვალა, არ უნდათ, ალბათ, თორემ ერთი ჭკვიანი კაცის ჩასმა უწყებებში პრობლემებს მოაგვარებდა. გასაკვირია პირდაპირ: ნუთუ საქმის მცოდნე ადამიანების მოძებნა ასე ძნელია?! ალბათ, არ უნდათ, ალბათ, ბიძინასაც თითს უქნევენ…

_ ენდიაი ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აშკარად უკმაყოფილოა ქვეყნის განვითარების იმ გზის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ადგანან

_ საქართველოს გარდა, ვერ იპოვით ქვეყანას, რომელსაც კონსტიტუციაში ეწეროს, რა გზით უნდა იაროს და რომელი ალიანსის წევრი გახდეს. არ მესმის კიდევ სიტყვები _ პრორუსული და პოამერიკული. პროეკონომიკაგანვითარებულები რომ ვიყოთ, არ ჯობია? ეკონომიკის განვითარება უპირველესია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კი მხოლოდ მაშინ წავა წინ, თუ რუსეთის ბაზარზე დავბრუნდებით. ამერიკა გვაძლევს ფულს და თან დავალებას _ რაში დავხარჯოთ. თუ ამერიკას დახმარება უნდა, იმის უფლებაც მომცეს, რაც მჭირდება, ის გავაკეთო.

მდიდარი ქვეყანა ვართ, მაგრამ მოსახლეობის ნახევარზე მეტი უსაქმურია, განა უმუშევარი _ უსაქმური!

_ როგორ ფიქრობთ, გამოვა ხალხი ქუჩაში?

_ ლიდერს რომ ხედავდეს, ხალხი ქუჩაში დღესაც გამოვა, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩემ გარშემო ადამიანებს ნერვიულობისგან გული უსკდებათ; რაიმე ფორმით პროტესტის გამოხატვამდე ინფარქტით კვდებიან; ბევრი ცდილობს, სასმელში ჩაახრჩოს თავისი უკმაყოფილება, ზოგს ნევროზი აქვს და არაფერი აინტერესებს და ა.შ. მართალია, საზოგადოებას ყველაფერი ყელში ამოუვიდა, მაგრამ არ ჩანს წინამძღოლი, რომელსაც გაჰყვებიან. ისიც დიდი უბედურებაა, რომ, ვისაც პირველობა უნდა და ვაცობას იჩემებს, ხშირად ხალხის თვალში უარყოფითი პიროვნებაა. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ ხალხი ბრძენია და მას დიდი მეხსიერება აქვს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. მდიდარ-მევახშეთა სისტემამ ისე დააზომბირა მავანი, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკურად აქტიურ მოღვაწეებს არჩევნებში მიღებული (უფრო სწორედ დაწერილი) პროცენტების მიხედვით აფასებს…

    აკაკი წერეთელმა არჩევნები წააგო მშობლიურ საჩხერეში ვიღაც ხუსკივაძესთან. შედეგები რომ გაიგო, აკაკიმ თურმე ჩაიცინა და თქვა: “არ მიკვირს, კენჭი ჭკუისა და სინდისის საქმეა; ჩემს ამომრჩეველს ორივემ უღალატაო”…

    მანამდე, 1897 წელს, თბილისის საქალაქო არჩევნებში ილია ჭავჭავაძეს არ დაუჭირეს მხარი.

    დამოუკიდებელი საქართველოს პირველ არჩევნებში დეპუტატობაზე კენჭს იყრიდნენ ივანე ჯავახიშვილი და კოტე აფხაზი, თუმცა ქართველებმა ნოე ჟორდანიას და მასონ სოციალ-დემოკრატებს მისცეს ხმა.

    მიშა სააკაშვილი თითქმის 98%-ით იქნა არჩეული…

    მარგველაშვილის და სალომეს უმაღლეს მთავარსარდლებად არჩევასაც თუ გავიხსენებთ, უნდა დავფიქრდეთ (წესით) და ღირსეულ მამულიშვილებს ამოვუდგეთ გვერდით.
    მაგრამ, აქ არის ერთი “მაგრამ”: მხოლოდ მოუსყიდავ, ზნეკეთილ და ღირსეულ საზოგადოებას შეუძლია საკუთარი წიაღიდან გამოირჩიოს საუკეთესო!“ ზომბირებულ და მშიერმუცელა მონებს კი ყოველთვის იყიდიან, ან გააბითურებენ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here