Home რუბრიკები პოლიტიკა მივმართავ მთავრობას: ასე თუ გაგრძელდა – დაგამხობენ!

მივმართავ მთავრობას: ასე თუ გაგრძელდა – დაგამხობენ!

334

ამ მიმართვას დავიწყებ საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებული რამდენიმე თეზისით:

  1. ტერიტორიული პრობლემების მქონე საქართველოს, ნატოს რიგებში არ მიიღებენ, მაგრამ დასავლეთი ამ თემას საქართველოსა და რუსეთს შორის პრობლემების გასაღრმავებლად გამოიყენებს;
  2. რუსეთთან მუდმივი ჭიდილი ნატოს თემის გამო, საქართველოს დანგრევის პირს მიიყვანს;
  3. რუსეთს ჩვენი რეგიონში ნატოს შემოსვლას არასოდეს არ მოითმენს;
  4. აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის ნეიტრალური სტატუსის განხილვა და რუსეთთან აქტიური დიალოგი.

ეს თეზისები დღეს დაწერილი არ არის, არამედ სიტყვა-სიტყვით ასე ჩამოვაყალიბე 22 წლის წინ გამოქვეყნებულ სტატიასა და ინტერვიუში („დილის გაზეთი“-27.01.2000 და „კვირის პალიტრა“-20.11.2000). ყველა ეს თეზისი (სამწუხაროდ!) აქტუალურია დღესაც: საქართველო ვერ გახდა ნატოს წევრი ანუ ვერ მიიღო ნატოსგან დაცვა, მაგრამ ნატოს საკითხმა დაშალა ჩვენი ქვეყანა სამ ნაწილად – თბილისად, სოხუმად და ცხინვალად; ბევრი ალაპარაკდა ნეიტრალურ სტატუსზე და თვით რუსეთთან მოკავშირეობის თემაც აღარ არის ტაბუ;  დაბოლოს, უკრაინის მოვლენებმა კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაამტკიცა, რომ რუსეთი ჩვენს რეგიონში – რუსეთის მოსაზღვრე შავი ზღვის ქვეყნებსა და კავკასიაში ნატოს გაბატონებას არ მოითმენს!

უკრაინამ მიიღო ის შედეგი, რაც აუცილებლად უნდა დამდგარიყო ტოტალურად ანტირუსული პოლიტიკის შედეგად. შეიძლება ითქვას, რომ თავის რუსოფობიურ სიგიჟეში უკრაინულმა პოლიტიკურმა ელიტამ სააკაშვილის ბანდას გადააჭარბა. მეტ-ნაკლებად ნორმალურად მცხოვრები ქვეყანა, განვითარებული ინდუსტრიითა და სოფლის მეურნეობით, ამ ელიტამ ჯერ კიდევ რუსული ჯარის შეჭრამდე გაჩანაგების პირს მიიყვანა. „მაიდანის“ საშინელი გადატრიალება იყო ამ უბედურების დასაწყისი.

რუსეთის ქმედება უკრაინის მიმართ რაიმე განსაკუთრებული მოვლენა არ არის. დიახ, ეს ასეა და არ გავგიჟებულვარ, როდესაც ამას ვამბობ. თუკი იუგოსლავიის დაბომბვა და განადგურება 1999 წელს ნატოს მიერ, ერაყში ამერიკელების შეჭრა 2002 წელს და ამ ქვეყნის ოკუპაცია წლების მანძილზე, ლიბიასა და სირიაში სისხლიანი კალოს დატრიალება ამერიკა-ევროპის მიერ მივიღეთ და არ აღვშფოთდით, მაშინ უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციაც ნუ აღგვაშფოთებს და ნამეტანი ნუ აღვიგზნებით – მთავრობიან-ოპოზიციან-ხალხიანად. რუსეთი ამ სამხედრო ოპერაციას ბოლომდე მიიყვანს და უკრაინის მომავალი მხოლოდ შემდეგ გადაწყდება. ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგი, უფრო სწორად – უწესრიგობა, ქაოსი, ძალის პოლიტიკის გამარჯვება საერთაშორისო სამართალზე,  რომელსაც ამერიკა, უკვე 30 წელია, საბჭოთა კავშირის არარსებობის პირობებში, უხეშად აუპატიურებს.

საქართველოს ხელისუფლება არანაირი დილემის წინაშე არ დამდგარა რუსეთის სანქციების დაწესებით. საკითხის ასე დასმა სასაცილოცაა – „საქართველო შეუერთდება თუ არ შეუერთდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს“. უფრო სწორი ფორმულირება: „დაუწესებს თუ არ დაუწესებს საქართველო სანქციებს საკუთარ თავს?“ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ამ უმარტივეს კითხვას ასევე უმარტივესი და ერთადერთი სწორი პასუხი გასცა – საქართველო ანტირუსული სანქციების გამოცხადებით საკუთარ თავს არ მოაქცევს ბლოკადაში!

შესაბამისად, რუსეთიდან გაგრძელდება საქართველოსთვის ხორბლის, ზეთის, ენერგოშემცველების და სხვა სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტების მოწოდება და რუსეთის სამხედრო ჩარევაც არ მოხდება. მაგრამ, გადავალ მთავარ სათქმელზე – ვაფრთხილებ მთავრობას, იმავე ირაკლი ღარიბაშვილს:

კარგია, რომ რუსეთს ომს არ უცხადებთ და საქართველოს არ ღუპავთ, მაგრამ ამის გაკეთებას ცდილობენ ნაცები, მათი სატელიტები და ასევე, თქვენი არაერთი გამოშტერებული მომხრეც, რომლებიც ნაცებთან სოლიდარიზირებას ახდენენ უკრაინის საკითხის მუსირებაში. თქვენს მიერ ნებადართული ვერბალური ისტერიკა მასმედიაში (იხილეთ ტვ „იმედი“), ასევე საქართველოს ქალაქებში გამოფენილი უკრაინული დროშები და წარწერები, ქმნის იმის ფონს, რომ თქვენს მიერ გამოჩენილი სიფრთხილე და გონიერება საქართველოს „ღაალატად“ წარმოჩნდეს. მესმის, რომ არც მწვადის დაწვა გინდათ და არც შამფურის, მაგრამ ფრთხილად იყავით – ამერიკულ აგენტურას თქვენსავე სტრუქტურებში არ სძინავს. ერთ მშვენიერ დღეს, სულ ახლო მომავალში, შესაძლოა, ამ სტრუქტურებმა „მშვიდობიანად“ დაგამხონ. 20 ივნისის ტიპის ქუჩური შეტევა პარლამენტზე არ იქნება, ქუჩა უბრალოდ ფონს შექმნის, ნამდვილი მტრები კი გარკვეულ სტრუქტურებში, საჭირო მომენტში წამოყოფენ თავს.

ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურსა და სხვა სპეცსამსახურებს, მათ შორის, ბრიტანულ სამსახურებს, ამ საქმეში უზარმაზარი გამოცდილება აქვთ. ახლა მათ საქართველოში ანტირუსული ფრონტი დასჭირდებათ და ჯერ ნიკა მელიას პირით გითვლიან, შეუერთდეთ რუსეთის საჰაერო ბლოკადას, მერე უკვე სხვებიც გააქტიურდებიან, როგორც, მაგალითად, ქ-ნი პრეზიდენტი გააქტიურდა არაჯანსაღად.

ხალხის უდიდესი ნაწილი დღეს მხარს გიჭერთ სწორი პოზიციის გამო, მაგრამ, ვიმეორებ, ამ პოზიციას საკმაოდ მალე ელის დემორალიზაცია, თუკი ქვეყანაში ეს ისტერია გაგრძელდა.

შეაჩერეთ ანტირუსული ისტერიის გაღვივება თუნდაც თქვენს მხარდამჭერთა შორის. შესაძლოა, საგანგებო ვითარების შემოღებაზეც დაფიქრდეთ – თქვენი გადასაწყვეტია!

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here