Home ახალი ამბები საქართველო ლეგიონერთა ასეთი სიმრავლე  უსარგებლოა ქართული ფეხბურთისთვის

ლეგიონერთა ასეთი სიმრავლე  უსარგებლოა ქართული ფეხბურთისთვის

სექტემბრის შუა რიცხვებში ევროთასების წლევანდელი გათამაშება ოფიციალურად აიღებს სტარტს. საკვალიფიკაციო ეტაპების ჩატარების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე გუნდები დაჯგუფდნენ და ახლა ყველამ იცის, ვინ ვის ხვდება. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთხელ მოხდა, როცა ქართული გუნდი, კონკრეტულად კი თბილისის „დინამო“, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი პატრონობდა, ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გავიდა  2004-05 წლების სეზონში, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ და ყველა შეხვედრა წავაგეთ. მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა აუხდენელ ოცნებად  იქცა.

სანამ დეტალურ განხილვაზე გაადავალთ, ერთ სომხურ კლუბზე გიამბობთ, რომლის არსებობაც სამიოდე თვის წინათ მხოლოდ იმიტომ შევიტყვეთ, რომ ამ გუნდმა გორის „დილას“ პორტუგალიელი მწვრთნელი, რუი მოტა, წაჰგვარა.

მოტა ვარსკვლავებს ნამდვილად არ წყვეტს, არ არის ისეთი მწვრთნელი, მისი სამსახურით გრანდები ან ევროპის წამყვანი ჩემპიონატების მეორე ან მესამეხარისხოვანი გუნდები დაინტერესდნენ, მაგრამ  ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები არიან, კარგ სპეციალისტად ითვლება. ჰოდა, მას შემდეგ, რაც გორის „დილადან“ ანატოლი დემჩენკო  წავიდა, შიდა ქართლელებმა ისევ უცხოელი მოიწვიეს და მოტა დანიშნეს, რომელმაც გუნდს თავისი ხელი დაატყო და… შუა სეზონში „ნოაში“ წავიდა. მერე ითქვა, – სომხურმა კლუბმა ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზაო და ის ორჯერ მეტი 15 ათასი დოლარია. „ნოა“, რომელიც 2017 წელს დაარსდა და მისი საშინაო არენა 3 100 გულშემატკივარს იტევს, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

მართალია, მოტამ გუნდში ბევრი ლეგიონერი მიიყვანა, მაგრამ ამ ბევრიდან ერთი სერბია, სამი – პორტუგალიელი, ერთი – ბრაზილიელი, ერთიც – ფრანგი და ერთიც – ისლანდიელი. მათი სახელები აბსოლუტურად არაფერს გეტყვით, ისინი არ თამაშობენ ეროვნულ ნაკრებებში, არ გადმოვიდნენ გრანდებიდან, მაგრამ აქვთ ერთი დიდი პლუსი –  თამაშობენ; ჰო, ფეხბურთს თამაშობენ. მოდი, ახლა გორის „დოლას“ ლეგიონერებზე ვთქვათ, იმ გუნდის, რომელიც „ნოას“ გამო დატოვა მოტამ. ლეგიონერები გორელებსაც ბევრი ჰყავთ, მაგრამ… ორი ანგოლელი, ერთი კონგოელი, ერთი მალელი, ერთი  განელი, ერთი  სენეგალელი, პორტუგალიელი, ისლანდიელი, ებრაელი, ერთი ნიდერლანდელიც კი. ჰო, „დილა“ სავსეა ლეგიონერებით და საქართველოს ჩემპიონატსაც ლიდერობს, მაგრამ რატომღაც გვგონია,რომ ეს ყველაფერი ლეგიონერების ხარჯზე არ ხდება. უბრალოდ, სხვა კლუბები არიან ძალიან დასუსტებული; თუნდაც ქუთაისის „ტორპედო“, რომლის მფლობელებსაც ამბიციური გეგმები ჰქონდათ და უცხოელ სპეციალისტთან ერთად გუნდი ლეგიონერებით გაავსეს. ქუთათურების რიგებში სერბი, ბრაზილიელი, უკრაინელი, ფრანგი, გვინეელი, ნორვეგიელი, ნიგერიელი, გვინეა-ბისაუს წარმომადგენლები თამაშობენ, ხოლო მწვრთნელი კანადელია. ჰოდა, 25 აგვისტოს ეს ორი კლუბი რომ შეხვდა ერთმანეთს, მატჩის დაწყებისთვის მოედანზე 13 ლეგიონერი და 9 ქართველი ფეხბურთელი იყო. ორივე მწვრთნელი უცხოელია და თადარიგშიც ბევრია ლეგიონერი. თუ გაინტერესებთ, შეხვედრა გორელებმა 5-1 მოიგეს, მაგრამ ეს არ იყო ის ფეხბურთი, რომელსაც მიჩვეული ვართ, არ იყო სისწრაფე, არ იყო კომბინაციური თამაში, არ იყო არაფერი, რაც მცირე იმედს მაინც მოგვცემდა, რომ ეს კლუბები მომავალი სეზონისთვის ევროთასებზე გვასახელებენ. არადა, იმ მომენტისთვის „დილა“ და „ტორპედო“ პირველ-მეორე ადგილებს იყოფდნენ. ამ მატჩის შემდეგ, 31 აგვისტოს, „დილა“ შინ „იბერია 1999“-ს შეხვდა, გუნდს, რომელსაც ლევან კორღალიძე უდგას სათავეში და ძირითადში ერთი ლეგიონერი ჰყავდა, ისიც ნიდერლანდელი, ხოლო სათადარიგოთა სკამზე ერთადერთი ლეგიონერი იჯდა – ნიგერიელი. მატჩი „ქართულმა“ კლუბმა მარტივად, 3-1 მოიგო და სამივე გოლი ქართველთა ანგარიშზეა.

არ გეგონოთ, ლეგიონერების საწინააღმდეგო გვქონდეს რამე. ლეგიონერები რომ არა, ევროპული ფეხბურთიც კი ცუდი სანახავი იქნებოდა, მაგრამ მთავარი ხომ ხარისხია და არა რაოდენობა? ჩისკომუნიოსის გარდა, რომელიც „დინამოში“ თამაშობდა, გაიხსენეთ ერთი  ლეგიონერი მაინც, რომელმაც უმაღლეს დონეზე ან მანამდე ითამაშა, ან მას შემდეგ, რაც ქართული კლუბი მოიარა. ვერ დაასახელებთ, რადგან არ გვყოლია ასეთი არასდროს და, თუ ასე გაგრძელდება, არც გვეყოლება.

არადა, უფასოდ სხვა ქვეყანაში ხომ არავინ თამაშობს და ლეგიონერთა საშუალო ხელფასიც 5-7 ათასი დოლარია, ქართველი ფეხბურთელები კი, თუნდაც უმააღლესის შემდგომ, ქვედა ლიგაში 500 და 700 ლარად დარბიან. ქვედა ლიგა შემთხვევით არ გვიხსენებია, იქაც თითოეულ კლუბს 5-6 ლეგიონერი ჰყავს. მაგალითად, „რუსთავს“ ერთი ლეგიონერი გვინეა ბისაუდან ჰყავს, სამი – განელი და ერთიც… იაპონელი. ასევე ქვედალიგელ „ხობს“ გვინეელი და ტოგოელი მოთამაშეები ჰყავს, „დუშეთს“ – სამხრეთ კორეელი, სამხრეთ აფრიკელი, განელი… და ასე შეიძლება დაუსრულებლად განვაგრძოთ.

რა სარგებლობა მოაქვს ლეგიონერთა ასეთ სიმრავლეს ქართული ფეხბურთისთვის? პირდაპირ შეგვიძლია „იმერული ესკიზების“ სცენარისტს დავესესხოთ და ორი თითის აწევით, მორიდებულად, მაგრამ მკაფიოდ ვთქვათ: ჩინჩლავს! რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ არაფრისმომცემი ლეგიონერების გამო იჩაგრებიან ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც იმის გამო, რომ ლეგიონერებს დიდ ფულს უხდიან, ძირითადში ვერ ხვდებიან, ზრდა-განვითარების შესაძლებლობა არ აქვთ და, როგორც კი შანსი გაუჩნდებათ, ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის ქვედა ლიგებშიც კი სიხარულით გარბიან. ოღონდ, ჩვენგან განსხვავებით, იქ შეზღუდვაა, ორზე მეტი ლეგიონერის ყოლის უფლება არ აქვს კლუბს და, თუ ჰყავს, მაშინ მოედანზე ორივე ერთდროულად არ უნდა თამაშობდეს. შედეგად, ადგილობრივი ფეხბურთელები უფრო ვითარდებიან და ის ლეგიონერებიც თავს იკლავენ, ადგილობრივებს რომ აჯობონ. აქ კი, ჩვენთან, მთავარია, ფერადკანიანი იყო და, რომც არ იცოდე, ბურთი მრგვალია თუ ოთხკუთხედი, ძირითადში ადგილი გარანტირებული გაქვს. აი, თუ გაგიმართლა, ბურთი მოგხვდა და კარში შეგორდა, მეორე პელედ თუ არა, რუუდ გულიტად ნამდვილად გაღიარებენ და ასე გადის დრო  თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე. ეს აფრიკელი ლეგიონერები სოფლად მიტოვებულ ოჯახებს აქედან ინახავენ, იმ სოფლად, რომელშიც ტალახით, ცხოველის ფუნითა და თივით აშენებული საცხოვრებელი 3 დოლარი ღირს. ჰო, 3 დოლარი. იქ არც იციან საქართველოს არსებობა. იქ, უბრალოდ, იციან, რომ მათი სოფლელი სადღაც ბურთს აგორებს (ჰო, ბურთს აგორებს და არა ფეხბურთს თამაშობს), რომ ნორმალური შემოსავალი აქვს და შეუძლია ერთი თვის ხელფასით მთელი სოფელიც კი ააშენოს თუ  გააშენოს…

თურმე თბილისის „დინამოში“ ძალიან უხარიათ, გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ 35 მილიონ ევროდ რომ გაიყიდა. კონტრაქტის მიხედვით, ამ თანხის 10%  სწორედ ქართულ კლუბს ეკუთვნის, მაგრამ ის რატომ არ „უხარია“ არავის, რომ სწორედ თბილისის „დინამომ“ ვერ დაინახა მამარდაშვილი, ვერ აღიარა კვარაცხელიას ნიჭი, ვერ შეიცნო გიორგი ჩაკვეტაძე… ახლა ტაშს რომ უკრავენ, ჩვენი გაზრდილიაო, არა, ბატონებო, არა, თქვენი გაზრდილი კი არა, იმ დონეზე არ მოგწონდათ, ყველანაირად ცდილობდით, თავიდან მოგეშორებინათ და ხან რომელ კლუბში უშვებდით, ხან – რომელში და ბედის ირონიით, „ვალენსიამ“ რომ აიყვანა, მერე გაახილეთ თვალი, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გჯეროდათ და სულ რაღაც 700  ათას ევროდ შეელიეთ. მაშინაც ზეიმი გქონდათ, თქვენ მაინც ხომ იცით, ესპანური კლუბის მესვეურებს გოიმებს რომ ეძახდით ზურგს უკან,  ვინ იყიდესო და ახლა… ახლა თქვენი გაზრდილია, ხომ?

ბატონებო, თქვენ თუ არ გაქვთ სირცხვილის განცდა, ჩვენ, რიგით გულშემატკივრებს, გვრცხვენია იმის, რომ აზერბაიჯანულ, ყაზახურ, სომხურ, ბალტიისპირეთის ქვეყნების კლუბებს ევროთასებზე ჯგუფურ ეტაპზე თამაში უბრალოდ დაბევებული აქვთ, ჩვენ –  არა. და ეს ყველაფერი თითქოს მარტივად ხდება, არ ჰყავთ გაძეძგილი შემადგენლობა არავის და არაფრის მთქმელი ლეგიონერებით აქცენტსაც ძირითადად ადგილობრივ სპეციალისტებზე აკეთებენ და იმას თამაშობენ, რასაც ფეხბურთი ჰქვია. სეზონის ჩავარდნის შემდეგ სპორტულ დირექტორსაც უშვებენ, სელექციონერებსაც ცვლიან, მწვრთნელსაც და ყველამ იცის, რომ, შედეგს თუ არ დადებს, სამსახურს დაკარგავს. რატომ? იმიტომ, რომ იქ არ ჰყავთ საპასუხისმებლო თანამდებობებზე ბიძაშვილ-მამიდაშვილები, სამსახურში არ იღებენ მხოლოდ გრძელი ფეხებისა და სილიკონით დაბერილი მკერდის გამო, ისინი ფულს ხარჯავენ და შედეგი სურთ, ჩვენთან კი… ამას წინათ იცინოდნენ: სომხურ „ნოას“ 3 100-კაციანი სტადიონი აქვსო. ის სტადიონი ყოველ საშინაო მატჩზე ივსება, ხოლო 3100 კაცი საქართველის პირველი და მეორე ლიგის ერთ კონკრეტულ ტურზე ყველა მატჩზე ერთად აღებული არ დადის…

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here