Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი ხაბურძანია: არ უნდა შევქმნათ ისეთი ვითარება, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა საქართველოზე...

ვალერი ხაბურძანია: არ უნდა შევქმნათ ისეთი ვითარება, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა საქართველოზე თავდასხმა განახორციელონ, თორემ ამერიკული ტყვიამფრქვევები ვერ დაგვიცავს

1274
ვალერი ხაბურძანია

ნატოსაქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან ორი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ჟურნალისტებთან აღნიშნული ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ელჩი საქართველოსთვის ამერიკული წარმოების M-240 ტიპის ტყვიამფრქვევების გადმოცემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. “მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია აღვჭურვოთ საქართველოს ჯარი M-240 ტიპის იარაღით. ეს არის სტანდარტული იარაღი, რომელსაც იყენებს ნატოს შეიარაღებული ძალები. ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. გარდა ამისა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი და სიმბოლო ჩვენი ერთგულებისა და მტკიცე გადაწყვეტილებისა, დავეხმაროთ საქართველოს შესაძლო აგრესიის შეკავებაში”, _ განაცხადა იან კელიმ. კონკრეტულად რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს და რა აგრესია შეიძლება ჰქონოდა მხედველობაში ამერიკის ელჩს _ ამ საკითხზე კომენტარისთვისსაქართველო და მსოფლიოუშიშროების ყოფილ მინისტრ ვალერი ხაბურძანიას დაუკავშირდა.

_ ბატონო ვალერი, ბოლო პერიოდში ისევ აქტუალურია საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი. თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას განაცხადეს, რომ ალიანსის კარი საქართველოსთვის ღიაა. თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს ყველაფერი რუსეთსაქართველოს ურთიერთობაზე და რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას კრემლმა იმ შემთხვევაში, თუ ნატო გააღრმავებს საქართველოსთან თანამშრომლობას?

_ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარების ადგილი, როგორც წესი, დაიგეგმა წლების წინათ და ეს ასამბლეა საქართველოში რიგითობის პრინციპით გაიმართა. აქედან გამომდინარე, რიტორიკა, _ რადგან ასამბლეა თბილისში გაიმართა, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ალიანსს, არის სატყუარა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ეს ერთი. მეორეც _ როცა ასამბლეის ერთერთი ხელმძღვანელი ამბობს, პუტინს ფული არ აქვს და მსოფლიო მასშტაბით ომს ვერ გააჩაღებსო, ეს, არც მეტი, არც ნაკლები, არის წმინდა წყლის დემაგოგია. სინამდვილეში საუბრები იყო ძალიან ზოგადი, როგორც ხდება ხოლმე და არაფერი კონკრეტული. ისევ იგივე განცხადებები, რომ ალიანსის კარი ღიაა, რომ ჩვენ მათთვის და ისინი ჩვენთვის საიმედო პარტნიორები არიან, რომ ისინი განაგრძობენ ჩვენს მხარდაჭერას და ა.შ. მე, პირადად, თუ საქართველო ოდესმე რომელიმე ორგანიზაციაში შევა და ეს რაღაც სარგებელს მოიტანს, მოხარული ვიქნები, მაგრამ, ჯერ ერთი, არსადაც არ გვიღებენ; მეორეც _ ვერ გვიღებენ, იმიტომ, რომ არის მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებიც ნატოს გაფართოებას, ამ ეტაპზე მაინც, შეუძლებელს ხდის

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რუსეთის პოლიტიკური სპექტრი ერთგვაროვანი არ არის. იქაც არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამ ყველაფერზე აგებენ გარკვეულ დემაგოგიას, და არიან სუბიექტები, რომლებიც სათანადოდ აფასებენ მიმდინარე პროცესებს. საზოგადოდ, ნატოს გაფართოება ეწინააღმდეგება რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს და ნებისმიერი ქმედება, რომლებიც ამ საკითხთან იქნება დაკავშირებული, კრემლის მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება.

_ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ამას წინათ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამერიკული იარაღის გადაცემა საქართველოსთვის შესაძლო აგრესიის შეკავებას ემსახურება. ვისგან და რა აგრესია შეიძლება დაემუქროს დღეს საქართველოს?

_ თუ ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის მაგალითზე საუბრობენ და გამოაქვთ დასკვნა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უნდა გაძლიერდეს, რათა მსგავსი საომარი მოქმედებებისას აგრესია შეკავდეს, ძალიან ცდებიან. არსებობს ასეთი ცნობილი შეგონება: დათვი თუ მოგერია, ბაბა უნდა დაუძახოო. მე, მაგალითად, დათვთან საომრად არ წავალ… ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი მდგომარეობა, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა საქართველოზე თავდასხმა განახორციელონ, თორემ, ამერიკული ტყვიამფრქვევები კი არა, თვით ამერიკაც ვერ დაგვიცავს. საერთოდ, ვფიქრობ, დღევანდელ პირობებში საქართველოს სჭირდება სწრაფი რეაგირების ჯგუფები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან მოკლევადიანი, ლოკალური თავდასხმების შეჩერებაზე. სხვა თვალსაზრისით ჩვენ აბსოლუტურად უუნარონი ვართ და ამაზე აქცენტის გადატანა, უბრალოდ, დროის დაკარგვაა.

რაც შეეხება საფრთხეებს, არა მგონია, დღეს შეერთებული შტატები, მით უფრო რუსეთი, დაინტერესებული იყოს საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების გაჩაღებით, ამიტომ საფრთხეების შეკავებაზე საუბარი არაადეკვატურად მეჩვენება. ეს ყველაფერი ხალხის მოტყუებაა და სხვა არაფერი. ასე რომ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენ დღეს რეგიონში, ფაქტობრივად, არ გვყავს მოკავშირე, საქართველო რეგიონში ყველაზე სუსტი თავდაცვის უნარის მქონე სახელმწიფოა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here