Home ახალი ამბები საქართველო ხედავთ, სადამდე მივედით: გოგოს რომ უთხრა, გათხოვდიო, ბიჭს – ცოლი შეირთეო ან...

ხედავთ, სადამდე მივედით: გოგოს რომ უთხრა, გათხოვდიო, ბიჭს – ცოლი შეირთეო ან მხოლოდ საქართველოს დროშა  გქონდეს აწეული, „ტეხავს“

287

დასავლეთის მეხოტბეებისგან  ხშირად მოისმენთ  ირონიით ნათქვამს: „დასავლეთი ცუდია იმიტომ, რომ ქართველობას და ტრადიციებს გვართმევენ“.  რეალურად, მათ ამის არ სჯერათ და დარწმუნებულნი არიან, რომ დასავლეთს არანაირი ცუდი განზრახვა არ აქვს და ევროპარლამენტარებსა თუ კონგრესმენებს საქართველოზე ფიქრით არ სძინავთ. ახლა შევეცდები,  აგიხსნათ, რეალურად რას ფიქრობს დასავლეთი, რა მიზნები ამოძრავებს და ამ ყველაფერს ფაქტებით გავამყარებ.

„საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება და შეშფოთებას იწვევს ბევრი რამ; თუნდაც ის, რომ თქვენმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა, – ლგბტ პირების უფლებების ხელშეწყობა არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე“, – ეს განცხადება ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს ეკუთვნის.

კალიურანდს არ გახსენებია იმავე ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერის  ნათქვამი კიდევ ერთი ფრაზა: „საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩავწერეთ, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“. თუმცა, როცა ღარიბაშვილმა ეს თქვა, არამხოლოდ კალიურანდმა, არამედ სხვებმაც გააპროტესტეს და დისკრიმინაციულ ჩანაწერად შეაფასეს…

ორიოდე დღის წინათ პარლამენტის წევრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა, იქიდან გამოსულს კი სტუდენტების გარკვეულმა ჯგუფმა თავზე რუსული რუბლები დააყარა. კობახიძემ ეს ყველაფერი მშვიდად და ღირსეულად მიიღო, ჟურნალისტებთან საუბრისას კი თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ახალგაზრდები განათლებას  უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ, თუ ერთმანეთი ეყვარებათ, თუ გოგონები გათხოვდებიან, ბიჭები ცოლს მოიყვანენ, ოჯახებს შექმნიან… როგორ გგონიათ, ეს განცხადება რატომ აიტაცეს ოპოზიციურმა არხებმა და დასავლელმა „მეგობრებმა“?! მათ აღნიშნულ განცხადებაში ახალგაზრდების დისკრიმინაცია დაინახეს. აქაოდა, კობახიძე ურჩევს, ვინ როგორ განსაზღვროს საკუთარი მომავალი, ვინ გათხოვდეს და ვინ ცოლი მოიყვანოს, რაც უხეში დარღვევააო. ანუ, თუ გოგონას ეტყვი, რომ ის ზრდასრულ ასაკში უნდა გათხოვდეს ან  ბიჭს ეტყვი, რომ ცოლი უნდა შეირთოს, თურმე დისკრიმინაციაა –  ამ სიტყვებით ახალგაზრდებს თავგზას ვურევთ და თავისუფალ არჩევანს ვუზღუდავთ. თურმე, გოგო-ბიჭები რომ გაიზრდებიან, მათი გადასაწყვეტია, გოგო ბიჭზე გათხოვდება თუ ოჯახს გოგოსთან შექმნის, ან ბიჭები ერთად იცხოვრებენ თუ ცოლად მდედრობითი სქესის წარმომადგენლის მოყვანას გადაწყვეტენ… ისიც გემახსოვრებათ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მას, ვისაც მხოლოდ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ეჭირა, უსტვენდნენ, დასცინოდნენ, აკრიტიკებდნენ, ეჩხუბებოდნენ. რა გამოდის? თუ სრულფასოვან ოჯახზე საუბრობ, თუ საქართველოს დროშა გიჭირავს ხელში, „ტეხავს“?! არ შეიძლება? ცოდვაა? დანაშაულია? სწორედ დანაშაულთან ასოცირდება სამშობლოს სიყვარული და ოჯახზე ხმამაღლა ფიქრი… სრულფასოვან ოჯახზე, ისეთზე, როგორიც კონსტიტუციაში გვიწერია.

დასავლეთიდან მართული არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, საქართველოში არიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქცენტს ოჯახურ სიწმინდესა და ტრადიციებზე აკეთებენ. ოდესმე თუ გსმენიათ, რომ ამ ორგანიზაციებიდან რომელიმეს  ეწვია ევროპული ქვეყნის ელჩი,  მხარი დაუჭირა, გვერდით დაუდგა და განაცხადა: ოჯახური ღირებულებები მთავარიაო? ან რომელიმე ევროპულ დონორ ორგანიზაციას მათთვის თანხა თუ გადაურიცხავს, ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების პროპაგანდა გააძლიერეთო? არადა,  ასე არც არასდროს მოხდება, რადგან, საქართველოში კი არა,  აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წამოსცდა: ვერ ვხვდები, რატომ უნდა დავაკვირდე უკანალზე მამაკაცს, როცა ირგვლივ ამდენი ქალიაო. და მთელი ლიბერალური სამყარო  ამერიკის ექსპრეზიდენტის ციხეში ჩასმას დღემდე ცდილობს. პირველ ჯერზე არ გამოუვიდათ, მხოლოდ ჯარიმით გამოძვრა ტრამპი, ახლა კი  სისხლის სამართლის  ახალი საქმე აღძრეს და, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მის განეიტრალებას სწორედ ციხეში გამომწყვდევით ცდილობენ. აი, ზუსტად ეს არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, ანუ ის, რაც საქართველოს პრემიერმა თქვა და რაც ასე არ მოეწონა მარინა კალიურანდს.

კიდევ  ერთი ფაქტი: ევროპული ქვეყნებიდან ქართველი არალეგალების გამოძევება ჩვეულებრივი ამბავია და თავშესაფრის მსურველთა 98%-ზე მეტს თავშესაფრის მიღებაზე უარს ეუბნებიან. საკმარისია, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში დაამტკიცო, რომ ლგბტ აქტივისტი ხარ და ამის გამო საქართველოში დაბრუნების გეშინია, არა მხოლოდ თავშესაფარს გაძლევენ, არამედ სარეაბილიტაციო კურსსაც ნიშნავენ, ფსიქოლოგიურად გამზადებენ იმისთვის, რომ ლგბტ თემი დაიცვა და სამსახურის შოვნაც პრობლემა არ არის. ანუ, ევროპაში ოფიციალურად  დიდი ხნით რომ დარჩე, ერთი ადგილის თამაში უნდა შეგეძლოს, სხვა შემთხვევაში  მათთვის საინტერესო არ ხარ, უბრალოდ, არავინ ხარ. არადა, ესტონეთში დაბადებულ და გაზრდილ კალიურანდს (მარინა რაევსკაიას) წესითა და რიგით, კარგად უნდა ესმოდეს, როგორც ოჯახის სიწმინდე, ისე სხვა თემები. „ავადსახსენებელი კომუნისტები“ ამ ყველაფერს უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ და უფროსმა თაობამ გაიხსენოს, რამდენი ლგბტ თემის წარმომადგენლის შესახებ იცოდნენ და ითვლებოდა თუ არა ეს უდიდეს სირცხვილად. სხვათა შორის, სწორედ ლგბტ თემის უგულებელყოფაზე გადის თურქეთისთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმიცემაც. ჩვენს მეზობლებს კანდიდატის სტატუსი, აგერ უკვე 24-ე წელია,  აქვთ, მაგრამ  ევროკავშირში მათი მიღების შესაძლებლობა სერიოზულ დონეზე არც განხილულა და არც განიხილება, სანამ თურქეთის ხელისუფლება ლგბტ თემს ტაშს არ დაუკრავს და მათ  დემონსტრაციების თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემს. ამას კი თურქები ჯერ არ აპირებენ და სტატუსის მიღებაზე ხელი აქვთ ჩაქნეული. როგორ გგონიათ, რატომ არ იმართება 80-მილიონიან თურქეთში აქციები ევროკავშირში შესვლისა და „მთავარი რეკომენდაციის“ შესრულების მოთხოვნით, მით უმეტეს თურქეთი ნატოს წევრი, ეკონომიკურად ერთ-ერთი  ძლიერი და მზარდი სახელმწიფოა, რომელიც ევროკავშირს სიკეთის მეტს არაფერს მოუტანს? იმიტომ, რომ მოსახლეობა კარგად ხვდება, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს და ევროკავშირშიც კარგად ხვდებიან, რომ თურქეთის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, შეიქმნას პრეცედენტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ სექსუალურ უმცირესობას ოფიციალურად აუკრძალოს რაღაც-რაღაცები. ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ. დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა,  2012  წელს ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, პარლამენტში განსახილველად გადიოდა კანონპროექტი ერთი და იმავე სქესის  პირთა  ქორწინების შესახებ. ამას დაბეჯითებით  იმიტომ ვამბობთ, რომ რესპუბლიკური პარტიის არაერთმა წევრმა აღიარა, აღნიშნული კანონპროექტის არსებობა და ისინი ამ პროცესში საგანგაშოს  ვერაფერს ხედავენ. გვერწმუნეთ, ამჟამინდელმა  ხელისუფლებამ  ასეთი რამ რომ გააკეთოს, არანაირი რეკომენდაციის შესრულება და დეპოლარიზაცია აღარ იქნება საჭირო, კანდიდატის სტატუსს ხონჩით მოგვართმევენ.

სწორედ დასავლეთის მიერ გაკონტროლებული არასამთავრობოები უმტკიცებენ მოზარდ თაობას, რომ აუცილებელი არ არის, მშობლებს დაუჯერონ,  გადაწყვეტილებები თვითონვე მიიღონ და, თუ გადაწყვეტილება მცდარი იქნება,  გამოცდილებას შეიძენენ. არადა, ძალიან დიდია  შანსი, რომ გადაწყვეტილება არა უბრალოდ მცდარი, არამედ საბედისწეროც კი აღმოჩნდეს,  „თინეიჯერულ“ ასაკში ეს ჩვეულებრივი ამბავია. სამწუხაროდ, ახალგაზრდების ფატალურ შეცდომებს მიგვაჩვიეს, სიკვდილი გააუფასურეს. დაფიქრდით, რამდენი ახალგაზრდა მიდის ყოველწლიურად ამ ქვეყნიდან უაზრო მიზეზის გამო, მაგრამ ეს თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, თითქოს ასეც უნდა იყოს და ტრაგედია, რომელიც ადრე, იმ „ავადსახსენებელი კომუნისტების“პერიოდში, საყოველთაო განსჯის საგანი გახდებოდა, ახლა მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის ტრაგედიაა და მეტი არაფერი.   მშობლის როლი და რჩევა უკვე აღარ არსებობს და ისე გამოჰყავთ, რომ მშობელი მხოლოდ ბავშვის გასაჩენად  არის საჭირო, მერე კი ბავშვმა დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს  და არ აქვს მნიშვნელობა, ეს დამოუკიდებლობა რომელი ასაკიდან დაიწყება. სხვათა შორის, ამ „დამოუკიდებლობის“ ბრალია ის, რომ დანაშაულების უდიდესი ნაწილი დღეს სწორედ არასრულწლოვანთა კისერზეა. არადა, მამამ ასეთ შვილს  რომ დაუყვიროს, ის არასამთავრობოებს ურეკავს, არასამთავრობოები კი ისეთ ამბავს ტეხენ, თითქოს მეორედ მოსვლა დაიწყო.

კონსტიტუციაში გასაგებად გვიწერია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. ამ ჩანაწერს უნდა გავუფრთხილდეთ და არაფრის ფასად არ უნდა დავთმოთ. ამ ჩანაწერის გაუქმების სანაცვლოდ ევროკავშირში ხვალვე რომ მიგვიღონ, უარი უნდა ვთქვათ, რადგან საქმე ჩვენი შვილების მომავალს ეხება, ერის მომავალს, ერის გადარჩენას  და ამ პრობლემაზე საჯაროდ და  ხმამაღლა ისევ დასავლეთის ხათრით, შიშითა თუ მოსალოდნელი უარყოფითი რეაქციის გამო არავინ საუბრობს. არადა, ხომ ხედავთ, სადამდე მივედით: გოგოს რომ უთხრა, გათხოვდიო, ბიჭს რომ უთხრა, ცოლი შეირთეო და საქართველოს დროშა გქონდეს აწეული, „ტეხავს“.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here