Home ახალი ამბები მსოფლიო ვილნიუსში ნატოს სამიტი, როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინისთვის გარღვევად ვერ იქცა

ვილნიუსში ნატოს სამიტი, როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინისთვის გარღვევად ვერ იქცა

129
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს სამიტზე ვილნიუსში

ნატოს სამიტზე  კიევს, ფაქტობრივად, არ ალიანსში გაწევრებას დაჰპირდნენ (ახლა ან უახლოეს მომავალში) და  არც უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს, – წერს strana.best-ი.

თუ სამიტის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას უკრაინის ხელმძღვანელობის რიტორიკით ვიმსჯელებთ, ის ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ნატოს საკვანძო წევრების (შეერთებული შტატების მეთაურობით) გადარწმუნებას და ალიანსში მიწვევაზე რამე ფორმით  მაინც იქნებოდა ლაპარაკი. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა ამ საკითხში, როგორც ამბობენ, ყველა „i “-ს თავზე დასვა წერტილი და ყველას წინაწარ  მიანიშნა, რომ უკრაინას ალიანსში არ  მიიწვევდნენ.  

ვილნიუსის სამიტზე, ფაქტობრივად, გაიმეორეს ის, რაც ითქვა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსში უკრაინის მომავლის შესახებ, რაც აშკარად არ აძლევს ხელს უკრაინის ხელისუფლებას.  გარანტიების საკითხი კი იარაღის მიწოდებასა და სხვა სამხედრო, აგრეთვე, პოლიტიკურ მხარდაჭერამდე დავიდა. ამასთანავე, ეს დაპირებები მხოლოდ დეკლარაციაში გაფორმდა, უკრაინისთვის გარანტიების მიცემის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულებები კი განსახილველი, შესათანხმებელი  და ხელმოსაწერია  თითოეულ გარანტ ქვეყანასთან ცალ-ცალკე.

ამ ფონზე ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გაუქმების დაპირება, მაგრამ რეფორმების გაურკვეველი ვადით გაგრძელების მოთხოვნით, ისევე როგორც უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნა, მცირე ნუგეშია პრეზიდენტ ზელენსკის  გუნდისთვის.  იმის გათვალისწინებით, რომ  უკრაინელ საზოგადოებაში, ძირითადად, ხელისუფლების ოპტიმისტურმა განცხადებებმა  სამიტისგან ჭარბი მოლოდინი გააჩინა, ამან შეიძლება  შიდაპოლიტიკური პრობლემებიც გამოიწვიოს.

ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგი და  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვერ შეთანხმდნენ  ალიანსში უკრაინის მიწვევაზე. ფოტო: president.gov.ua

პრეზიდენტის სიმკვეთრე

პრინციპში,  სამიტზე  ნატოში უკრაინის გაწევრებაზე ლაპარაკი რომ  არ იქნებოდა, ღონისძიებამდეც ცხადი იყო. ამის შესახებ საჯაროდ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრეს.  რა თქმა უნდა, ეს პოზიცია უკრაინის ხელმძღვანელობისთვისაც  იყო ცნობილი.

მაგრამ, როგორც ჩანს, ზელენსკისა და მის გუნდს  მაინც  ჰქონდათ იმედი, რომ საზოგადოებრივი ზეწოლის ორგანიზებით ამერიკელებს აზრს შეაცვლევინებდნენ.  

სამიტის დეკლარაციის გამოქვეყნების წინ უკრაინის პრეზიდენტმა უკიდურესად მკვეთრი  განცხადება გამოაქვეყნა ალიანსის განზრახვაზე, უკრაინა არ  მიიწვიოს ნატოში.

„უპრეცედენტო და აბსურდულია, როდესაც არ არსებობს დროის ჩარჩოები უკრაინის როგორც მიწვევისთვის(!), ასევე  წევრობისთვის; და როცა უკრაინის მიწვევისთვისაც კი ემატება რაღაც უცნაური ფორმულირება „პირობების“ შესახებ“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტელეგრამ-არხში. „როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა  არც ნატოში უკრაინის მიწვევის და  არც ალიანსის წევრობის შესახებ. შესაბამისად,  უკრაინის ნატოში გაწევრებაზე ვაჭრობის  შესაძლებლობა რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს ტერორის გაგრძელების მოტივაციას. გაურკვევლობა სისუსტეა. და მე ამაზე გულწრფელად ვისაუბრებ სამიტზე”.

 მეტიც, The New York Times-ის ცნობით, 11 ივნისს, საღამოს, ზელენსკი იმუქრებოდა, რომ 12 ივნისს არ გამოცხადდებოდა უკრაინა-ნატოს საბჭოს პირველ სხდომაზე.

ამგვარმა საქციელმა, დასავლური მედიის ცნობით, ამერიკელები „გაააფთრა“, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის გუნდს, გერმანული გამოცემა Deutsche Welle -ს წყაროების თანახმად, მიანიშნეს, რომ, თუ კიევი ძალიან აქტიურად და ბევრს მოითხოვს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება შეუმციროს სამხედრო დახმარების მიწოდება.

მუქარამ,  როგორც ჩანს,  იმუშავა. 12 ივლისს ზელენსკი გაცილებით  დადებითად იყო განწყობილი სამიტის შედეგების მიმართ, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ.

რაც შეეხება საბოლოო კომუნიკეს, მასში  დარჩა  უკიდურესად ბუნდოვანი ფორმულირება, რომ უკრაინას ნატოში მაშინ მიიწვევენ, როცა „ყველა მოკავშირე დაეთანხმება“ ამ ნაბიჯის აუცილებლობას და „შესრულდება პირობები“.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here