Home ახალი ამბები საქართველო უკრაინელ ნოედ  აქციეს კასიანოვი, რომელიც ამბობს, –  საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები რუსულ...

უკრაინელ ნოედ  აქციეს კასიანოვი, რომელიც ამბობს, –  საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები რუსულ წარღვნას უნდა გადავარჩინოო, მაგრამ ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება აშკარად არ გამოუვიდა

რუსეთთან ურთიერთობის დათბობა შეიძლება გაზაფხულიდან დაიწყოს. პირდაპირი ფრენების აღდგენა ამის ერთ-ერთი საფუძველი იქნება, მერე კი არც უმაღლესი პოლიტიკური პირების შეხვედრა და შუამავლების გარეშე პირდაპირი დიალოგია შორს. სწორედ ამას ეწინააღმდეგება დასავლეთი და ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ნებისმიერ უმნიშვნელო ინიციატივასაც კი ისეთ კუდს გამოაბამენ ხოლმე, რომ თითქოს მეორედ მოსვლა იწყება

ანდრია კასიანოვი

ორიოდე კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  სერგეი ლავროვმა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მან მიანიშნა,  რომ  შეიძლება ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს, ეს კი როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეებისთვის შეღავათი იქნება. მაშინვე ვივარაუდეთ, რომ ლავროვის ამ ინიციატივა  და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის შესაძლო დათბობა დასავლეთს არ მოეწონებოდა და აუცილებლად დაიწყებოდა შეტევა საქართველოს ხელისუფლებაზე, რაც მთავარია, დასავლეთი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობა ნულამდე დაეყვანა.

ჩვენი ვარაუდი გამართლდა. ჯერ იყო და საქართველოს პრეზიდენტმა (!), ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა: არ ვფიქრობ, რომ რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველს პირდაპირი საჰაერო ფრენები შეღავათს მისცემს (არადა, ყველაზე უხეში დათვლით, ეს 400-დოლარიანი შეღავათია ერთ ადამიანზე) და მე წინააღმდეგი ვარო. ზურაბიშვილის პოზიციას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხისტად უპასუხეს და დასავლეთმა ყველა შესაძლებლობა ჩართო.

„პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განვიხილოთ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების საკითხი“, – ეს განცხადება უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრია კასიანოვმა, გააკეთა. საბედნიეროდ, საქართველოს საგარეო უწყებას ეყო გამბედაობა და კასიანოვი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა.  დროებითი რწმუნებულიც მიხვდა, რომ დასავლეთის წაქეზებით, დაუკრეფავში გადავიდა და სამინისტროში მისვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტროში საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით საკითხების ფართო სპექტრს განიხილავდნენ, რაც სამინისტრომ უარყო და ჯიუტად გაიმეორა, რომ კასიანოვი კონკრეტული განცხადების ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. საგარეო უწყების ასეთი აქტიურობა დასავლეთს არ მოეწონა და საქმეში მაშინვე ოპოზიცია ჩართო.

„ელჩის დაბარება ახსნა-განმარტებისთვის არის თავდასხმის რეჟიმზე გადასვლა. იმ ლოგიკით, რომ თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის ინიციატივასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ტაშისკვრის მიგებებაზე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის რეაქცია სრულიად ბუნებრივი იყო. იმდენად კარგად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, რუსეთის წარმომადგენლებმა ისიც თქვეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც კი უნდა განიხილონ. ლოგიკით რომ მივუდგეთ, მითხარი, ვინ არის შენი მტრის მეგობარი და გეტყვი, ეს ადამიანი შენი მტერია თუ მეგობარი“, – ეს განცხადება „ლელოს“ პოლიტიკურ მდივან სალომე სამადაშვილს ეკუთვნის.

დავიწყოთ იმით, რომ ვინც უნდა იყოს, მით უმეტეს რომელიღაც ქვეყნის დროებითი რწმუნებული, სადაც წარგზავნილია, იმ სახელმწიფოს საგარეო კურსის დაგეგმვა-განვითარებაში, უბრალოდ, არ უნდა ერეოდეს. მას ამის არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ კასიანოვმა შეხედა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნებისმიერი ევროპარლამენტარი თუ სენატორ-კონგრესმენი რასაც მოისურვებს, იმას ამბობს და ამანაც იფიქრა: ჩემი რა მიდის, საქმეში ჩამეთვლება და დასავლეთი ტაშს დამიკრავსო. საქმეში ჩათვლის რა გითხრათ, მაგრამ დასავლეთმა ტაში აშკარად დაუკრა. ოპოზიცია კი… სამწუხაროდ, ქართული ოპოზიცია მზად არის, აიტანოს ყველაფერი, ყველაზე აბსურდული და ლოგიკიდან ამოვარდნილი განცხადებები, აიტანოს ქვეყნის ლანძღვა, ოღონდ კი ხელისუფლებაში მოვიდეს. საუბარი არ გვაქვს მხოლოდ სამადაშვილზე, მან თქვა და დანარჩენებმა კვერი დაუკრეს, დაეთანხმნენ და საქართველოსი კი არა, კასიანოვის მხარე დაიჭირეს. ჰო, კონკრეტულად კასიანოვის, რადგან დროებით რწმუნებულს მხარი არც უკრაინამ აუბა, ისეთი აბსურდული რამ თქვა.

თუ კასიანოვი ფიქრობს, რომ უკრაინელების ევაკუაცია უნდა დაიწყოს, ამის გაკეთება ახლავე შეუძლია. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს  სკოლებში უკრაინელი და რუსი ბავშვები ერთ კლასში სწავლობენ, ზოგან რუსები ჭარბობენ, ზოგან – უკრაინელები და ხომ შეიძლება, პირველ ან მეორე კლასელმა რუსმა ბავშვმა თანატოლ უკრაინელს ომი გამოუცხადოს? კასიანოვის განცხადება იყო იდიოტიზმის პიკი და ამ იდიოტიზმში  მას ოპოზიციამ დაუჭირა მხარი .

დასავლეთი კი… ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ნებისმიერ განცხადებას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, კასიანოვის სიტყვებზე კი კრინტი არ დაუძრავთ. მეტიც, მტკიცებით ფორმაში ვამბობთ, რომ ისინი დროებითი რწმუნებულის განცხადებას მხარს უჭერენ და არც ის გამორიცხოთ, პირდაპირი ფრენები რომ აღდგეს, პანიკის დათესვის მიზნით, უკრაინელების ევაკუაციაზე საუბრები მართლაც დაიწყოს. მერე რა, რომ, მაგალითად, საგარეჯოში უკრაინელებმა და რუსებმა ერთობლივი ბიზნესი წამოიწყეს, დიდი ოდენობით მიწის ფართობი აიღეს იჯარით და წელს პირველი მოსავალიც ჰქონდათ. მერე რა, რომ იგივე რუსი თუ უკრაინელი მოქალაქეები, თბილისის არაერთ უბანში არათუ ერთ კორპუსში, ერთ სართულზეც კი ცხოვრობენ და გადასარევი ურთიერთობა აქვთ, მეზობლობენ, საღამოობით რესტორანშიც ერთად სხდებიან... ეს ყველაფერი დასავლეთმაც იცის და კასიანოვმაც, მაგრამ ტელეეთერში სხვა რამეზე  უნდა ისაუბრონ, რადგან მოჩვენებითი დაძაბული ფონი შექმნან, რადგან ხალხი დაზაფრონ და ეგებ ისე მოხდეს, რომ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ნაცნობმა თუ მეზობელმა რუსმა ცუდად შეხედა, რომ სხვა ქვეყანაში ორი ქვეყნის მოქალაქეების თანაცხოვრება წარმოუდგენელია…

ამას წინათ ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით საქართველოში რუსეთის 12 ათასმა მოქალაქემ დაახლოებით 15 ათასი ობიექტი (მიწა, ბინა) შეიძინა და ატყდა ხმაური, – ხედავთ, უომრად გვიპყრობენო, მაგრამ არ გამოქვეყნებულა, რა ოდენობის ქონება შეიძინეს უკრაინის მოქალაქეებმა და გვერწმუნეთ, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია და უკრაინელები განსაკუთრებით ზღვისპირეთს ეტანებიან, არამხოლოდ სახლებს, არამედ სასტუმროებსაც კი ყიდულობენ და სამომავლოდ ბიზნესის წარმოებას გეგმავენ. ანუ, უკრაინა არ გვიპყრობს უომრად? აბა, რა გითხრათ? ომითა და რევოლუციით, ხელისუფლების ცვლილებითა და ნაციონალების დაბრუნებით სწორედ უკრაინიდან გვემუქრებიან. ჰოდა, საინტერესოა, ევაკუაციაზე რომ მიდგება საქმე, კასიანოვი იმ ადამიანებსაც აიყვანს „ნოე-ზელენსკის თვითმფრინავში“, რომლებსაც  აქ უკვე ასი ათასი აქვს დაბანდებული, თუ მხოლოდ მათ, ვისაც სამშობლოში უფასოდ დაბრუნების სურვილი ექნება?!   ამერიკამ და ევროპამ ვერ მოახერხეს და საქართველოს ხელისუფლება ვერ დაარწმუნეს მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობაში. რაც მთავარია, ამის წინააღმდეგი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილია და დასავლელმა პარტნიორებმა ესეც კარგად იციან, ამიტომ ტაქტიკა შეცვალეს და ახლა ცდილობენ, მეორე ფრონტის გახსნის ნაცვლად, კასიანოვის, მისნაირებისა და, რაც მთავარია, ქართული ოპოზიციის დახმარებით  ქვეყნის შიგნით  ვითარება დაძაბონ, რათა  ხალხი დაზაფრული იყოს,  ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ ნდობა დაკარგონ და მერე ვინ იცის, ეგებ იქ გაწყდეს, სადაც ყველაზე ვიწრო იქნება. აგერ, 24 თებერვალს, ოპოზიცია აპირებს, კიდევ ერთხელ შეეცადოს ხალხის მობილიზებას და დასავლეთისთვის დანახვებას, რომ ადამიანური რესურსი გააჩნია; ის რესურსი, რომლის გარეშეც დასავლეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ვერ ბედავს; რადიკალურ ნაბიჯებში კი მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანა და ხელისუფლების შეცვლის ძალისმიერი მეთოდი იგულისხმება. სავარაუდოდ, პოლიტიკური გამოუცდელობის გამო მოვლენებს დაასწრო და რევოლუცია დააანონსა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა.  რეალურად, ყველას ეს აქვს მიზნად – ხელისუფლებაში მოსვლა ნებისმიერ ფასად და, თუ რევოლუცია იქნება, იყოს. მერე რა, რომ ეს პროცესი ქვეყანას, ყველაზე ცოტა, 20 წლით უკან დასწევს, სამაგიეროდ, ხელისუფლებაში იქნებიან.

მძიმედ, მაგრამ აშკარად მივიწევთ იქით, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა შეიძლება უკვე გაზაფხულიდან დაიწყოს. პირდაპირი ფრენების აღდგენა ამის ერთ-ერთი მყარი საფუძველი იქნება, მერე კი, არც უმაღლესი პოლიტიკური პირების შეხვედრა და შუამავლების გარეშე პირდაპირი დიალოგია შორს. სწორედ ამას ეწინააღმდეგება დასავლეთი და ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ნებისმიერ უმნიშვნელო ინიციატივასაც კი, ისეთ კუდს გამოაბამენ ხოლმე, რომ თითქოს მეორედ მოსვლა იწყება. ჰო, უკრაინელ ნოედ  აქციეს კასიანოვი, რომელიც ამბობს, –   საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები რუსულ წარღვნას უნდა გადავარჩინოო, მაგრამ ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება აშკარად არ გამოუვიდა.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here