Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპის “ხელიხელ საგოგმანები” მარგალიტები

ტრამპის “ხელიხელ საგოგმანები” მარგალიტები

1204

4 ივლისს აშშ-მა აღნიშნა თავისი მთავარი ეროვნული დღესასწაული, რომლისთვისაც განსაკუთრებით ემზადებოდა. დღესასწაული ყოველთვის ზეიმია, მაგრამ წლევანდელი მანამდე არნახული უნდა ყოფილიყო. 

არნახულად საზეიმო, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ზესახელმწიფოს, კოლოსალური ძალისა და ძლიერების მაჩვენებელი, უპირველესად, აშშ-ის არმიის თანამედროვე იარაღით აღჭურვის საჯარო გამოტანა: ძრწოდე, მსოფლიო! ძრწოდე, რუსეთო!

გიხაროდენ, ამერიკა!

ეს განწყობილება ქვეტექსტად მიჰყვებოდა არნახული დღესასწაულის ორგანიზატორისა და სულისჩამდგმელის, აშშ-ის პრეზიდენტის _ დონალდ ტრამპის დღესასწაულისწინა სარეკლამო ტელეგამოსვლას: ქუჩაში ტანკები და ცაში თვითმფრინავები, ვითარცა ზღვაში ქვიშა და ზეცაზე ვარსკვლავები, ასე იქნებაო.

არა, მთლად ასე არ უთქვამს, რადგან აკაკი წერეთლის “თორნიკე ერისთავს” ამერიკის სკოლებში არ ასწავლიან, არც ახლა და არც ტრამპის ყმაწვილობისას ასწავლიდნენ.

ქართული ლიტერატურის ცოდნა და ციტირება კი არა, რაც იმ დღეს დაემართა, იმას პოლიტიკური მოწინააღმდეგენი ტრამპს კიდევ დიდხანს გაახსენებენ. კონფუზი უფრო იმიტომაც იყო სამარცხვინო, რომ აშშ-ში დაიწყო პრეზიდენტის წინასაარჩევნო პერიოდი, ხოლო ტრამპი მეორედაც აპირებს, იყაროს კენჭი ქვეყნის პირველი პირის თანამდებობის დასაკავებლად.

როგორი აღლუმი გამოვიდა?

ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან შეკრებილმა მოქალაქეებმა და ტელეეკრანიდან მილიონობით მაყურებელმა იხილა, რომ პრეზიდენტის დაპირებული სამხედრო ტექნიკიდან პენტაგონმა შეძლო მხოლოდ ორი ძველი საომარი ავტომანქანა “ბრედლის” სპეციალური პლატფორმებით მითრევა, რომელთა ჟანგმოკიდებული ბორტები და დამსკდარი საღებავი ძლევამოსილი იარაღის შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა, სამაგიეროდ სრულად წარმოაჩენდა გიორგი ლეონიძისეული ფუფალას ასაკისა რომ იყო, დაკარგულ სიყვარულს შეწირული ქალისა, რომლის თავზე ხეზე ამძვრალი ბიჭი წუთი-წუთზე შადრევანს გადმოუშვებდა.

“_ ფუფალ! ფუფალ!”

რამდენიმე ტანკი “აბრამსიც” მიათრიეს, რათა დაემტკიცებინათ, რომ რაოდენობრიობა თვისობრიობაში გადადის.

იქაურობას რამდენიმე ავიაგამანადგურებელმაც გადაუფრინა.

ჯარისკაცების მჭლე რიგებმაც ჩაიარეს. სულ ეს იყო.

ახლა რამდენიც სურთ, იმდენი იფიცონ: მოსკოვში წითელ მოედანზე გამართული აღლუმის ჯინაზე არ გავრჯილვართო, ტყუილი იქნება.

სამაგიეროდ ტრამპმა ოცწუთიანი სიტყვით მიმართა ამერიკელებს, თუმცა, კაცმა რომ თქვას, მთელი მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკობდა, ტყვიაგაუმტარ შუშას ამოფარებული პრეზიდენტი.

არ ელაპარაკა, უკეთესი იქნებოდა.

“_ ილაპარაკოს, ნისკარტი მოუცვდება, თუ რა?!”

რატომღაც კოსმოსური მასშტაბით დაიწყო, კერძოდ იმით, რომ სულ მალე აშშ-ის დროშა აფრიალდება მთვარესა და მარსზე.

აკი ააფრიალეს კარგა ხნის წინათ მთვარეზე ზოლიან-ვარსკვლავიანი?

თუ ტყუილი იყო? ანუ “ფეიკი”?

როდის დადგება ტრამპის დაანონსებული “სულ მალე”, არავინ იცის, მაგრამ დღეისთვის ამერიკელები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მხოლოდ რუსული “სოიუზით” მიფრინავენ.

შემდეგ ორატორმა, ანალიტიკოსების წაქირქილება-შეფასებით, სამხედრო ავიაციაში უახლესი ნიმუშების შესაძლებლობების ცოდნით თავი გამოიჩინა. 65 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოწინააღმდეგეების ვერც ერთმა სამხედრო-საჰაერო ძალამ ვერ შეძლო თუნდაც ერთი ამერიკელი ჯარისკაცის მოკვლა, იმიტომ, რომ ზეცა ამერიკის საკუთრებააო.

_ აშშ-ის სამხედრო ძალები, რომლებსაც თქვენ ახლა ნახავთ, წარმოდგენილია შესანიშნავი, სულ ახალი თვითმფრინავებით _ F-22-ით ლენგლის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან.

ასე თქვა ზარატუსტრამ… უკაცრავად, ტრამპმა. არადა, F-22 თვითმფრინავებს, უკვე 8 წელიწადია, ამერიკა არ აწარმოებს?!

დასასრულ, პრეზიდენტმა გააოცა დამსწრე-მსმენელები ამერიკის ისტორიის ღრმა ცოდნით. მან განაცხადა, რომ დამოუკიდებლობისთვის ომის დროს, რომელიც 1683 წელს დამთავრდა, ამერიკის არმიამ ხელთ იგდო საჰაერო სივრცე და დაიკავა აეროპორტები.

ესეც _ არაფერი! რადგან ტრამპი, როგორც ერთმა ტელეწამყვანმა განაცხადა, ძალიან დიდი ხნის წინათ სწავლობდა სკოლაში, თორემ, რა თქმა უნდა, ეხსომებოდა, რომ ძმები რაიტების პირველი თვითმფრინავი დედამიწას მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოსწყდა, დამოუკიდებლობისთვის ომის დამთავრებიდან 120 წლის შემდეგ.

როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, ისტორია “ტრამპის ძლიერი მხარე არ არის”. მაგალითად, ორიოდ წლის წინათ მან განაცხადა, რომ აშშ-მა ორი მსოფლიო ომი მოიგო. ეს მაშინ, როცა ორივე ომში აშშ მხოლოდ დამთავრებისას ჩაება. როგორც ვარაუდობენ, პირიდან რომ არ გავარდნოდა მსოფლიოს ომისშემდგომი გადანაწილების მსუყე ლუკმა.

მარტო ეს რომ შეშლოდა.

საქართველოში კარგად იცნობენ ამერიკულ “საზოგადოებრივ” ორგანიზაციას USAID-ს, რომელიც რუსეთიდან გააძევეს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობის გამო. სამაგიეროდ საქართველოშია ფრთაგაშლილი და თავის დუდუკზე გვაცეკვებს, რომლის პარტიტურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხელეების მიერ არის დაწერილი.

აი, ამ “საქველმოქმედო” ორგანიზაციამ ახლახან გამოაქვეყნა თავისი ახალი პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია არ დაუშვას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის ნორმალიზება. “ხმა წარსულიდან” _ ცივი ომის ეპოქიდან, _ ასე შეაფასეს სპეციალისტებმა ეს ახალი პროგრამა თუ კონცეფცია, რომელიც აშკარად მიმართულია მსოფლიოში რუსოფობიის გასაძლიერებლად _ უფრო მასშტაბურად, საყოველთაოდ და სრულიად. ასე და მხოლოდ ასე დაეფინება ფიანდაზა აშშ-ის მისწრაფებას მსოფლიოში ეკონომიკური გაბატონების გზაზე, მათ შორის, ევროპაში ძვირადღირებული ამერიკული თხევადი აირის გასასაღებლად რუსული იაფი პროდუქტის ნაცვლად.

სადღაც _ ეკონომიკა, სადღაც _ პოლიტიკა, უკანასკნელი როგორც, მაგალითად, საქართველოს მიმართ, თორემ რა ეკონომიკურ მოგებას მიიღებს შტატები ჩვენს გამოცარიელებულ ქვეყანაში, საკითხავიც არ არის.

გეოპოლიტიკურს _ კი, ბატონო!

USAID-ის მსგავსი ორგანიზაციების სახელი ლეგიონია. მაგრამ ამჯერად მხოლოდ ამ ერთზე ვლაპარაკობთ, იმიტომ, რომ მის ამ ახალ მასშტაბურ პროგრამაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

აჰა, გავედით მსოფლიო ასპარეზზე!

ამ “საზოგადოებრივი საქველმოქმედო” ორგანიზაციის ხელმძღვანელები აცხადებენ: “ჩვენ ვესწრაფვით დავეხმაროთ ადამიანებს ტყუილ-მართლის გარჩევაში… მაგალითად, საქართველოში ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს ინიციატივას ფართო საზოგადოების დასარაზმად ანტიდასავლური დეზინფორმაციისთვის თვალყურის მისადევნებლად და გამოსავლენად. ჩვენ ვმუშაობთ ასობით ქართველ მოხალისესთან ინტერნეტში”.

აღიარებენ, და აქვე ხაზს უსვამენ, რომ სწორედ ამ მოხალისეებთან მუშაობის წყალობით ბოლო დროს ანტირუსული განწყობილება მკვეთრად გაძლიერდა ამ ამიერკავკასიის ამ ქვეყანაში.

ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს “მოხალისეებში” ინტერესის გასაღვიძებლად და სხვადასხვა აქციების მოსაწყობად (დროშები, პლაკატები, ხმის გამაძლიერებელი აპარატურა და სხვ.) გამოყოფილი იყო 5 (ხუთი) მილიონი აშშ დოლარი. შედარებისთვის: ამავე მიზნისთვის ყირგიზეთს 2,5 მილიონი დოლარი უბოძეს.

ძვირად ვუღირვართ!

მაგრამ სიამაყის გრძნობა, რომელიც შედარების (ყირგიზეთი-საქართველო) წაკითხვისას გაგვიჩნდა, მომდევნო წინადადების დასრულებისთანავე გაგვიქრება: USAID-ის მიერ მოლდავასთვის გამოყოფილი თანხა 29 მილიონი აშშ-ის დოლარით გაიზრდება.

ჩვენ ისე ვყავართ, რა, არც მთლად ხელის ბიჭებად, მაგრამ არც მაინცადამაინც უმეტეს მოხელეებად.

საიდან ეს ფული?

აკი იფიცებოდა (თუ ჰპირდებოდა თავის ამომრჩევლებს) დონალდ ტრამპი, ქვეყნის ბიუჯეტს მოახმარდა მხოლოდ ამერიკის შიდა პრობლემების მოგვარებას?!

აქ შეეშალა ტრამპს.

ძალიან შეეშალა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ამომრჩევლებიც და მისი კონკურენტებიც თითოეულ ცენტს დაუთვლიან.

ქვეყანაში, სადაც დროის ღირებულებასაც ფულით ზომავენ, ანგარიში არ გაუჭირდებათ.

არმაზ სანებლიძე
მომზადდა უცხოური მედიის პუბლიკაციების მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here