Home ახალი ამბები საქართველო სხვა ვარსკვლავი

სხვა ვარსკვლავი

630

მერვე თვე, რაც უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და  ამ ხნის განმავლობაში ქართული ტელეარხები გვიმტკიცებენ, რომ ამ ომში უკრაინა იმარჯვებს და რუსეთი მარცხდება. ამ ომში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, გარდა ერთისა   უკრაინის გამარჯვებისა.

რაც უნდა მოხდეს, რა თეორიულად დასაშვები კომბინაციაც უნდა გათამაშდეს, უკრაინა ყველა შემთხვევაში დამარცხებულია, ვინაიდან იგი წინასწარვე განწირულია უზარმაზარი სისხლისა და ნგრევისთვის. უკრაინა წინასწარვე წაგებულ ომშია, უკრაინა გარეშე ძალებმაც გაწირეს და შინაურმა ძალებმაც. სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსულმა ფაშისტურმა ხელისუფლებამ, რომელიც ამერიკის ინტერესების გამტარებელია, უკრაინა ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების ასპარეზად აქცია. ქვეყანა ნგრევამ, სიკვდილმა და განადგურებამ მოიცვა. იგი მსოფლიოს თვალწინ პატარავდება და ილევა.

საიდან და როგორ ამტკიცებენ ისინი, ვინც ამას ამტკიცებს, რომ ამ ომში უკრაინის გამარჯვება შესაძლებელია? უკრაინამ ჯერ კიდევ 2014 წელს ოფიციალურად დაკარგა ყირიმი და სევასტოპოლი, ახლა კი – დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე. ეს ტერიტორიები რუსეთს შეუერთდა. რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაზე ამ საკითხის რატიფიკაცია მოხდა. პრეზიდენტმა პუტინმა 5 ოქტომბერს ხელმოწერილი განკარგულებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის საკუთრებად აღიარა, რითაც თითქმის მთლიანად მოიხსნა ამ სადგურის აფეთქებისა და ბირთვული კატასტროფის გამოწვევის საშიშროება. “Правительству РФ обеспечить принятие в федеральную собственность объектов использования атомной энергии Запорожской атомной электростанции и иного имущества, необходимого для осуществления ее деятельности”, – ნათქვამია პრეზიდენტ პუტინის განკარგულებაში.

მე კარგად ვიცი, რომ სიცრუე ანუ საინფორმაციო და პროპაგანდისტული ომები დიდი ომის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილებია, მაგრამ ეს მათთვის, ვინც უშუალოდ არის ჩართული ომში. საინტერესოა, ქართველი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ასე თავდავიწყებით რატომ ეწევია იმ სიცრუის ტირაჟირებს, რომლის მიხედვით ომში უკრაინა იმარჯვებს? არავითარი ანალიზი ვითარებისა, არავითარი ობიექტური შეფასება სიტუაციისა ქართველ ჟურნალისტებს (გარდა უიშვიათესი გამონაკლისისა) არ აინტერესებთ. მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ – ქართველ ხალხს თავგზა აუბნიონ და თეთრი შავად მოაჩვენონ. იმ სანქციების შედეგად, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა, ეს ქვეყანა თურმე ინგრევა, ამტკიცებენ ქართველი ჟურნალისტები, მაგრამ ვერ გვეუბნებიან, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ნგრევა. რუსეთის შემოსავლები გაიზარდა, რუსული რუბლი კი ისე გამყარდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ბანკს ერთადერთი საზრუნავი აქვს –  რუბლი უფრო მეტად არ გამყარდეს, ვინაიდან ესეც გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს. რაც შეეხება უშუალოდ ომს, პრობლემები აქაც არის, მაგრამ სხვაგვარად როგორ იქნება, როდესაც რუსეთს მთელი კოლექტიური დასავლეთი – გაერთიანებული ევროპა, აშშ და ნატო – დაუპირისპირდა? როგორ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ რუსეთისთვის ეს მარტივი ვითარებაა?! ევროპის, აშშ-ისა და კანადის მოსახლეობა მილიარდს აჭარბებს. შეადარეთ ერთმანეთს, სულ რაღაც,150- მილიონიანი რუსეთისა და კოლექტიური დასავლეთის სამობილიზაციო რესურსი, შეადარეთ ერთმანეთს ოცდაათი სახელმწიფოს გაერთიანებისგან შემდგარი ნატოს ჩვეულებრივი ტაქტიკური შეიარაღების მოცულობა რუსეთის შეიარაღების მოცულობას და ნახავთ კოლოსალურ განსხვავებას, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ არ მეტყველებს. ვის შეუძლია ამტკიცოს, რომ რუსეთი  ამ ომში  ადვილად გაიმარჯვებს? დასავლეთისთვის სულმიყიდულ ქართველ ჟურნალისტებს ხომ არ უნდა დავემსგავსოთ? რუსეთი უაღრესად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ აქ უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი; უწინარესად გასათვალისწინებელია ის, რომ რუსეთი, რომლის ტაქტიკური შესაძლებლობები და სამობილიზაციო რესურსი გაცილებით მცირეა მტრის რესურსთან შედარებით, სტრატეგიული შეიარაღებით არათუ ჩამორჩება მტერს, პირიქით, აღემატება კიდეც.

რუსეთს მარცხის ზღვართან თუ დააყენებენ, იგი ხელს სტრატეგიული შეიარაღებისკენ გაიწვდენს. ასე რომ, რუსეთის საბოლოო დამარცხება შეუძლებელია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მსოფლიო გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. ამას გარდა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ომი მხოლოდ სამოქმედო ბატალიები არ არის, მას უაღრესად მნიშვნელოვანი კულუარები და მრავალი პარალელური პროცესი ახლავს. უკრაინის ომის კულუარებს ძალიან ფართო არეალი აქვს.

გასათვალისწინებელია დასავლეთის (განსაკუთრებით, ევროპული სახელმწიფოების) წარმოუდგენელი სირეგვნეც, მაგალითად, გერმანია და მისი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ეს უმძლავრესი სამრეწველო პოტენციალის მქონე სახელმწიფო, რომელსაც რუსული ბუნებრივი აირი ბალტიის ზღვის ფსკერზე გაწოლილი ოთხი უზარმაზარი მილით, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახლში აქვს მიყვანილი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აშშ-ს არის დამონებული, ონკანის გახსნასა და თავისი მრეწველობის მაცოცხლებელი ჟანგბადის მიღებაზე უარს ამბობს, რაც გერმანიის ეკონომიკას  ანგრევს. გაბრიყვებულ კანცლერ შოლცს ჰგონია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქება ზღვის ფსკერზე მხოლოდ რუსეთს აზიანებს, დასავლეთს კი აძლიერებს. ეს სრული სისულელეა. რუსულ ბუნებრივ აირს  მყიდველი ყოველთვის გამოუჩნდება არამხოლოდ სხვა კონტინენტებზე, არამედ  ევროპაშიც კი. აგერ, სულ ახალი ინფორმაცია: გაზპრომმა“ განაახლა ბუნებრივი აირის მიწოდება იტალიაში“. ავსტრია კი  ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა მეთოდით ცდილობდა, შეენარჩუნებინა ბუნებრივი აირის  მიღება რუსეთიდან. ამ პოლიტიკას ჟურნალისტებმა სპეციალური სახელიც კი შეურჩიესეშმაკური მანევრი.

ახლა ვნახოთ, რა ვითარებაა ნავთობის მიმართ. CNN-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში ნამდვილი პანიკაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა, საუდის არაბეთმა და OPEK-ის სხვა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში ორი მილიონი ბარელით შეამცირონ. ეს უზარმაზარი რაოდენობაა. ცხადია, რომ ენერგომატარებლების ფასები საგრძნობლად მოიმატებს, რაც, თავის მხრივ, აშშ-ში მოსახლეობის უკმაყოფილებას გაზრდის. მოახლოებული არჩევნების წინ ეს უდიდესი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, სადაც უკმაყოფილების იმ ტალღას, რომელიც მათ მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების შედეგად გამოწვეული საწვავის დეფიციტსა და ფასების ზრდას მოჰყვა, ჯერაც არ გადაუვლია.  პანიკაში ჩავარდნილი პრეზიდენტი ბაიდენი ნაჩქარევად და არათანმიმდევრულად მოქმედებს და ცდილობს, აშშ-ისთვის ასე უსიამოვნო გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოებს ჩანაფიქრზე როგორმე ხელი ააღებინოს. CNN-ის ინფორმაციით, აშშის ფინანსთა სამინისტროს მიერ ვითარება შეფასებულია, როგორცსრული კატასტროფა აშშისთვის“. ამერიკელები ვითარების  განმუხტვას ცდილობენ, რისთვისაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ენერგეტიკის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მობილიზებულნი არიან ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან სამუშაოდ, რათა ისინი დაარწმუნონ ამ ნაბიჯის უმართებულობაში. თეთრმა სახლმა ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენს  სთხოვა, პირადად დაუკავშირდეს სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრებს, რათა მათ უარი ათქმევინოს ამ ნაბიჯის გადადგმაზე. თეთრი სახლი შანტაჟსა და მუქარასაც კი არ მოერიდა: არსებობს დიდი რისკი თქვენი სახელმწიფოების რეპუტაციისთვის; საერთოდ, აშშთან და დასავლეთთან თქვენი ურთიერთობისთვის იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ამ გზით ივლით“. ასეთია თეზისები იმ დავალებისა, რომელიც ფინანსთა მინისტრმა თეთრი სახლის ადმინისტრაციისგან მიიღო.

მიმდინარე წლის ივლისში პრეზიდენტი ბაიდენი თვითონ სტუმრობდა საუდის არაბეთს. მისი ვიზიტის მიზანი საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებისკენ ამ სახელმწიფოს წაქეზება იყო. ბაიდენმა თხოვნით მიმართა საუდის არაბეთს, რომ გაეზარდა ნავთობის მოპოვება, რათა მსოფლიოს ბირჟებზე ფასები შემცირებულიყო. როგორც ვხედავთ, ბაიდენის ვიზიტმა და მუდარამ ვერ გაჭრა. საუდის არაბეთმა აშშის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, თხოვნას უარით უპასუხა და რუსეთის შეთავაზება მიიღო. დასავლეთის პრესა იქით იხრება, რომ ყოველივე ეს ნოემბრის არჩევნებში შეიძლება უაღრესად უარყოფითად აისახოს დემოკრატების შედეგებზე. The Hill-ი წერს: საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არ დაიწყებს იმის გარკვევას, თუ რას რა შედეგი მოჰყვა და რამ რა გამოიწვია. როდესაც საწვავზე ფასები ერთბაშად მაღლა ავარდება, მომრჩეველი ამის გამო პასუხისმგებლობას ფედერალურ ხელისუფლებას დააკისრებს.” დასავლური პრესის ზოგიერთი წარმომადგენელი გარკვეულ სიმბოლოსაც კი ხედავს იმაში, რომ სწორედ ახლა შესრულდა ოთხი წელიწადი იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც The Washington Post-ის ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთიდან იყო, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში დაიღუპა. ბევრი მიმომხილველის აზრით, OPEKის ქვეყნების ეს გადაწყვეტილება უაზროსა და კონტრპროდუქტიულს ხდის ევროპის სახელმწიფოთა მიერ რუსეთის ენერგომატარებლებზე ზედა ზღვრის დაწესების მცდელობას. საყურადღებოა ისიც, რომ აშშის ნავთობის სარეზერვო ფონდის მარაგები რეკორდულად დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა. “ეს იმიტომ მოხდა, რომ აშშ-ში ხელისუფლება ამ ფონდს ფასების დასაწევად იყენებდა და ფლანგავდა”, – იუწყებოდა  ამას წინათ The Wall Street Journal-ი.

რა  გამოდის? გამოდის ის, რომ ომის ბედი მხოლოდ უკრაინაში არ წყდება. უკრაინაში მხოლოდ უკრაინის ბედი წყდება (გადაწყვეტილია უკვე – იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობდა, ეს სახელმწიფო ვეღარ იარსებებს). რუსეთისა და აშშისთვის ომის ბედი ევროპაში წყდება, OPEKის ქვეყნების გადაწყვეტილებებში წყდება, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციისა და ბრიჩსის სამიტებზე წყდება. რუსეთის დამარცხებასა და უკრაინის გამარჯვებაზე საუბარი კი მხოლოდ იმგვარ იდიოტებს შეუძლიათ, ქართულ პოლიტიკასა და ჟურნალისტიკაში ასე საგანგაშოდ რომ მოგვიმრავლდნენ. საქართველოში ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ მიმართულება, რომელსაც ოცდაათი წელიწადის განმავლობაში მივყვებოდით, რეალურად აღარ არსებობს. ჩვენ სრულიად ახალი მიმართულებით უნდა ჩამოვყალიბდეთ, ანუ, როგორც ილია ამბობდა, “ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს!”

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here