Home ახალი ამბები საქართველო სუროგაციის აკრძალვასთან ერთად, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება აბორტის ნაწილობრივ აკრძალვაზეც იფიქრებს

სუროგაციის აკრძალვასთან ერთად, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება აბორტის ნაწილობრივ აკრძალვაზეც იფიქრებს

ე.წ. ოპოზიციას, არასამთავრობოებსა და საქართველოს დაუძინებელ მეგობრებს ისე სურთ წარმოჩენა=,თითქოს ღარიბაშვილი ჰომოფობია, მაგრამ არავინ ამბობს, რომ სუროგაცია ოფიციალურად აქვს აკრძალული საფრანგეთს, გერმანიას, შვედეთს, ფინეთს, ესპანეთს, შვეიცარიას, ლიეტუვას, ესტონეთს, იტალიას...

207

საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ფინეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ლიეტუვა, ესტონეთი, იტალია – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, რომლებშიც სრულად არის აკრძალული სუროგაცია. ბელგიაში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში ავსტრალიაში სუროგაცია  ნაწილობრივ არის შეზღუდული. გაგიკვირდებათ და, საქართველოში ეს სფერო არც ერთი კანონით არ რეგულირდება, მაგრამ,  პრემიერის ინიციატივით, ახალი კანონპროექტი დამუშავების პროცესშია და უცხოელი მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისი  მალე  საქართველოში აიკრძალება.

„ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს სუროგაცია დაშვებული. უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, ასე ვთქვათ, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირი შეკვეთის განთავსება, ეს ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება. ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ,  ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ, არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის მიჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არსებობს ინფორმაცია, შეიძლება, ერთი და იმავე სქესის  წყვილებს გაჰყავთ. უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორ გგონიათ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, პრემიერის განცხადებას რა უწოდეს? სწორია – ჰომოფობიური. აქაოდა, ღარიბაშვილი ერთი და იმავე სქესის  წყვილების წინააღმდეგი არის და ლგბტ თემს ებრძვისო. საბედნიეროდ, ოპოზიციასა თუ არასამთავრობოებს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ აჰყვა, მაგრამ მახე აქაც დაგვიგეს. საქმე ის არის, რომ ღარიბაშვილი ყველა შეხვედრაზე ოჯახის სიმტკიცეზე საუბრობს, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში კი  მას ლგბტ თემის წარმომადგენელ ქართველებს ახვედრებენ, რომლებიც პრემიერს რუსეთუმეს ეძახიან. როცა ამას პროტესტი მოჰყვება, მაშინვე აიტაცებენ, – აგერ, „ოცნების“ მხარდამჭერები რუსეთუმეობას აპროტესტებენ, სიმართლე სწყინთო. სიმართლე კი ის არის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ ლგბტ თემის აქტიურობას აპროტესტებს და პრემიერს მხარში იმიტომ უდგას, რომ ის მკაფიოდ აცხადებს:  ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობააო.

გახსოვთ, ალბათ, როცა პარლამენტში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება სურდათ,  რომელიც ლამის მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ აიტაცა,  ის რუსულ კანონად მონათლეს და ქუჩაში გამოიყვანეს ახალგაზრდები  – ე.წ. ჯენ ზი თაობა, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ახლა ციხეშია, გმირად წარმოაჩინეს. ჰო, გმირად წარმოაჩინეს ბიჭი, რომელმაც პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა და, უბრალოდ, არ გამოუვიდა. ზუსტად ანალოგიური რამ  ხდება სუროგაციის შესახებ კანონპროექტზეც. ისე სურთ წარმოჩენა, რომ ღარიბაშვილი ჰომოფობია, მაგრამ არავინ ამბობს, რომ სუროგაცია ყველა დონეზე ოფიციალურად აკრძალული აქვს საფრანგეთს, გერმანიას, შვედეთს, ფინეთს, ესპანეთს, შვეიცარიას, ლიეტუვას, ესტონეთს, იტალიას… უფრო სასაცილო ის არის, რომ  ამ ქვეყნებიდან ზოგიერთის  დიპლომატიც აპროტესტებს უცხოელებისთვის სუროგაციის აკრძალვას. არადა, მის ქვეყანაში სუროგაცია, დიდი ხანია, აკრძალულია, მაგრამ… იქ  ხმა რომ ამოიღოს, კუთვნილ ადგილს მიუჩენენ. აქ კი, საქართველოში, ევროპული ქვეყნის წარმომადგენელია, ჭკუას გვარიგებს, დღის წესრიგს გვიდგენს და რას ჰქვია, ახალი კანონის მიღება არ გააპროტესტოს, მით უმეტეს, თუ ეს კანონი რაღაცას კრძალავს… აკრძალვა ხომ ცუდია, აქ ყველაფერი დაშვებული უნდა იყოს.

კარგად დაფიქრდით და გაიხსენეთ, ბოლოს რომელი კანონი მოიწონეს ან ოპოზიციამ, ან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა და ამერიკის ელჩმა? ვერ გაიხსენებთ, იმიტომ, რომ რა კანონიც არ უნდა წარადგინოს მმართველმა გუნდმა, ისინი, ყველა ერთად და ცალ-ცალკე, რუსულ კვალს ეძებენ და ახლაც სუროგაციის აკრძალვაშიც რუსული კვალი იპოვეს – რაღაცების აკრძალვა რუსეთში ხდება და პრემიერმა იქიდან გადმოიღოო. მართლა კოსმოსივითაა იდიოტიზმი, უსაზღვროა და ვაი, რომ ოპოზიცია თუ დასავლელი პარტნიორები იდიოტიზმს გასაქანს სწორედ საქართველოში აძლევენ. ასე, რუსეთში მკვლელობაც ისჯება და მოდით, ჩვენთან გავაუქმოთ სასჯელი მკვლელობაზე, რუსული კანონი ყოფილა ეგეც და, საზოგადოდ, ყველაფერი, რაც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აქვს აკრძალული, საქართველოში დავუშვათ.

ოპონენტები იმასაც ამბობენ, საქართველოში ბევრი სუროგატი დედაა, ამით ირჩენენ თავს და აკრძალვის შემდეგ საქართველოდან წავლენ, ევროპაში გააჩენენ შვილებს და ბიუჯეტში ფული აღარ შევაო. ჯერ ერთი – სუროგაციაზე არანაირი რეგულაცია არ არსებობს და შესაბამისად, არც ბიუჯეტი იზარალებს; მეორე – რომელ ევროპაში, იქ, სადაც ეს ყველაფერი, უკვე დიდი ხანია, აკრძალულია?! და მესამე – საქართველოდან ყოველწლიურად ათასობით ადამიანი მიდის როგორც ევროპაში, ისე რუსეთში (ეს ოფიციალურად) და არაოფიციალურად გადადის ამერიკაში (ამერიკა ხომ სტრატეგიული პარტნიორია და სტრატეგიულად შევდივართ). ვინმე დარწმუნებით იტყვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის? ზოგი ოფიციალურად მუშაობს, უმეტესობა – არაოფიციალურად, ნაწილი იპარავს, ნაწილი სხეულით ვაჭრობს ან, უბრალოდ, ვაჭრობს და მაშინ ყველა გავაკონტროლოთ – ყველას მივუჩინოთ თითო მეთვალყურე, გავარკვიოთ, რისთვის და ვისთვის მიდიან ქვეყნიდან?

ალბათობა იმისა, რომ საქართველოში დაბადებული ბავშვი, შესაძლოა,  ერთი და იმავე სქესის   წყვილმა იშვილოს, დიდია. დიდია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში სუროგაცია აკრძალულია, ბავშვთა სახლიდან ბავშვის აყვანას დრო, საბუთები და კიდევ რაღაც კრიტერიუმის დაკმაყოფილება სჭირდება. სუროგაცია კი მარტივია… და რომელიმე ქართველი ქალის საშვილოსნოს ისე იყენებენ, როგორც ჩვეულებრივ ინკუბატორს. ჰოდა, თუ გამოყენებაა, საქართველოს მოქალაქეებმა გამოიყენონ ერთმანეთისთვის და აქ დაბადებული ბავშვი გაურკვეველი მომავლისთვის არ გავწიროთ. სწორედ ამის თქმა სურდა პრემიერს, ეს თქვა კიდეც, მაგრამ ოპოზიციამ სხვანაირად თარგმნა.

საზოგადოდ, ლიბერალების შემოტევა საქართველოზე ბოლო პერიოდში   ძალიან აშკარა და აგრესიულია;  აღარაფერს მალავენ, პირდაპირ იერიშზე  გადმოდიან და, საბედნიეროდ, ხელისუფლებაც ყველაფერს აკეთებს, რომ ერთხელ გადაფურთხებული არ ალოკოს და კონსტიტუციაში ჩაწერილ და უკვე ისტორიულად ქცეულ ფრაზას კბილებით იცავს, უფრთხილდება და ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მომავალი თაობა მაინც იმ სულისკვეთებით გაიზარდოს, ლგბტ თემის დასაცავად ქუჩაში არ გავიდეს და შეურაცხყოფად არ მიიღოს, როცა გოგონას ეტყვიან: უნდა გათხოვდეო, ხოლო ბიჭს – ცოლი მოიყვანოო. ორივე შემთხვევაში მინიშნება საპირისპირო სქესზე იქნება. ჰო, ორი კვირის წინათ ირაკლი კობახიძის მიერ ნათქვამი ეს ფრაზაც დისკრიმინაციად მონათლეს, – ბაავშვებს მომავალს უკლავს, თავისუფალი არჩევანის საშუალებას არ აძლევსო. არადა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ვინც ამას ამბობს, ზუსტად იცის, რომ ეს, არჩევანის მოკვლა კი არა, გარყვნილების არაპირდაპირი აკრძალვაა. რამდენჯერაც უნდა თქვათ, რომ ჰომოფობიაა ჰომოსექსუალებისთვის, ლესბოსელებისთვის, ტრანსგენდერებისა და სხვებისთვის ტაშის დაკვრაზე უარის თქმა, მაინც გავიმეორებთ, რომ ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის მისაღები და ამით თავი არ უნდა გამოვულაყოთ მომავალ თაობას. პირველ და მეორეკლასელ ბავშვს არ უნდა ეგონოს, რომ დედაც და მამაც შეიძლება  ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელი ჰყავდეს.

თავად დაფიქრდით, ბავშვი ბაღში რომ მიდის და მის თანატოლებს გამოსაყვანად დედ-მამა აკითხავს, ამას კიდევ – დედა და დედა ან მამა და მამა, რა დღეში ექნება ფსიქიკა და როგორი დათრგუნვილი იქნება. არ თქვათ ახლა, მიჩვეული იქნება ის ბავშვი უკვე ყველაფერსო. მიჩვეული კი არა, ეს იქნება სტრესი და შოკი მისთვის,  გაუგებარი იქნება იმის აღქმა, რატომ არიან მისი მშობლები სხვანაირები… სუროგაციის აკრძალვასთან ერთად, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება აბორტის ნაწილობრივ აკრძალვაზეც იფიქრებს. ახლა გეტყვით, ნაწილობრივ აკრძალვაში რას ვგულისხმობთ. ხშირად მშობლები ბავშვის სქესის გაგების შემდეგ ფიქრობენ აბორტის გაკეთებას და, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის, აბორტი უნდა აიკრძალოს. საქართველოში აბორტის შედეგად  20 ათასამდე ჩვილი კვდება, დემოგრაფიული პრობლემა კი ლამის  დილემად გვექცა. ამბობენ, მერე იატაკქვეშეთში გადავა აბორტის კეთებაო, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია,  იატაკქვეშეთიც  აკონტროლოს და ერზე იფიქროს.

რა იქნება ხვალ და ზეგ, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ დღეს აღებული კურსით ხელისუფლებას ალტერნატივა არ ჰყავს. მათ ზუსტად იციან, რა მოსწონს და რა არა მოსახლეობას (მორალური თვალსაზრისით), ზუსტად იმას ამბობენ ევროპაში, რისი გაგებაც მოსახლეობის უმრავლესობას სურს და, თუ ამის გამო ჰომოფობებს დაგვიძახებენ და სტატუსს არ მოგვცემენ, არც ეგ იქნება პრობლემა. რატომ? იმიტომ, რომ, როცა  ევროპის ლამის ყველა ქვეყანაში აკრძალულზე  მეუბნები,  რატომ კრძალავო, მტერი ხარ. მტერს კი ისე უნდა   ელაპარაკო, როგორც იმსახურებს,  და  სტრატეგიული პარტნიორი არ უნდა უძახო.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here