Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ინტრიგებით დაკავებული ზელენსკის მოწოდებებს არ აჰყვეს  და დასავლელი პოლიტიკოსების...

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ინტრიგებით დაკავებული ზელენსკის მოწოდებებს არ აჰყვეს  და დასავლელი პოლიტიკოსების მოსაზრებები არ გაითვალისწინოს  

380

რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტს ერთი შეხედვით ბოლო არ უჩანს. ერთი შეხედვით იმიტომ, რომ უკრაინა თითქოს დათმობას არ აპირებს, დასავლეთისგან სანქცირებული რუსეთი კი არ იმჩნევს არც სანქციებს, არც იმას, რომ ქვეყანაში უცხოური პროდუქცია არ შედის.  დასავლეთმა ვერც იმას მიაღწია, რომ ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა აჯანყდეს. ომის დაწყებიდან დღე არ გასულა, უკრაინის პრეზიდენტი ტელევიზიით არ გამოჩნდეს და დამაიმედებელი პროგნოზი არ გააკეთოს, მაგრამ ზელენსკის განცხადებები ჯერჯერობით დაპირებებს არ გასცდენია. ვითარება  განსაკუთრებით  დაიძაბა 5 იანვარს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ  მეთიუ მილერის განცხადების შემდეგ.  „ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას სამხედრო დაფინანსებით იმავე დონეზე, როგორიც იყო 2022 და 2023 წლებში“, – აღნიშნა მან. მისივე თქმით, ამერიკა შეეცდება, უკრაინელებს ააშენებინოს საკუთარი სამხედრო ბაზა, რათა  თვითონ  შეძლონ იმ რაოდენობის იარაღის წარმოება, რამდენიც სჭირდებათ და აღარ იყვნენ სხვების იმედად.

 როგორ გგონიათ, როდის შეძლებს უკრაინა ისეთი ქარხნების აშენებას, რომლებშიც საჭირო იარაღის წარმოებას დაიწყებს და, რაც მთავარია, ამ იარაღის გამოყენებას მოახერხებს? ეს არ არის არც 1, არც 2 და 3 წლის პერსპექტივა, ამას, სულ ცოტა, ათი წელი დასჭირდება და თანაც მას შემდეგ, რაც უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დასრულდება, თორემ ძნელი წარმოსადგენია, ქვეყანა თან იბრძოდეს, თან ქარხნებს აშენებდეს.  მეორე მხრივ, უკრაინას ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენა უფრო დასჭირდება, ვიდრე იარაღის საწარმოს მშენებლობა, მაგრამ დიდი ხანია, უკრაინა აღარ იღებს გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, ზელენსკიმ ისეთი საფრთხე იგრძნო, როგორიც არასდროს, ამიტომ ახლა გამოვიდა მოწოდებით: რუსეთს მეორე ფრონტი არა  მხოლოდ კავკასიამ, არამედ უზბეკეთმა და ყაზახეთმაც  გაუხსნან! მერე რა, რომ უზბეკეთი რუსეთის უშუალო მოსაზღვრე არ არის.

„ყაზახეთსა და უზბეკეთს უკვე ესმით, რომ რუსეთი ზიზღით უყურებს მათ დამოუკიდებლობას. არანაირი პატივისცემა არ არის მოსკოვში კავკასიის ერებისადმი. მისი გულწრფელი სურვილია, ყველათი მანიპულირება, ამიტომ ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა, სახიფათოა მარტო დარჩენა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სიმართლე გითხრათ, არ გაგვიგია, რუსეთი უზბეკეთსა და ყაზახეთზე ზიზღით საუბრობდეს.  ნუთუ ზელენსკიმ რუსეთის მზერაში დაიჭირა რაღაც ისეთი, რაც ჩვენ ვერ შევნიშნეთ და იმიტომ ამბობს, ზიზღით უმზერსო?! რეალურად, ეს არის შიში იმისა, რომ უკრაინა უკვე მარტო დარჩა, მასზე ხელი დაიბანა ამერიკამ, რიგრიგობით უქნევენ ხელს ევროპული ქვეყნები და ახლა ვოლოდიმირს პოსტსაბჭოთა სივრცის რესპუბლიკების იმედიღა აქვს, მაგრამ იმას კი ვერ ხსნის, რატომ უნდა დაუწყონ იმავე უზბეკეთმა, ყაზახეთმა თუ კავკასიის  ქვეყნებმა ომი რუსეთს. მიხვდა ზელენსკი, სად გაჰყო თავი, მაგრამ ზუსტად იცის, რომ უკან დასახევი გზა არ აქვს და,  დასავლეთს თუ ნერვებს მოუშლის,  ბრმა ტყვია მოკლავს. ის, რომ ვითარება კონტროლს  არ ექვემდებარება და რუსეთს ვერაფერს უხერხებენ, სააგენტო „ ბლუმბერგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდანაც ჩანს. სწორედ ამ გამოცემის ცნობით, „უკრაინამ,  დიდმა შვიდეულმა და სამხრეთის ქვეყნებმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების თემაზე საიდუმლო შეხვედრა გამართეს. უსაფრთხოების საკითხებზე მრჩევლების შეხვედრა 16 დეკემბერს საუდის არაბეთში გაიმართა. შეხვედრის საიდუმლოება ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ მონაწილე ქვეყნები დასწრების გამო უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს. მცირე ფორმატმა მათ საშუალება მისცა, უფრო თავისუფალი და ღია დისკუსია გაემართათ ე.წ. „მშვიდობის ფორმულაზე“ და ამ პროცესის წინ წაწევის გეგმაზე. საინტერესოა, რომ დეკემბერში გამართულ შეხვედრას ინდოეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ, ხოლო ჩინეთმა, ბრაზილიამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავისი წარმომადგენლები არ გაგზავნეს“.

რა გამოდის? ყველას სურს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებენ, რადგან ეს პირდაპირი აღიარება იქნება იმისა, რომ ამერიკა და ევროპა დამარცხდნენ. რუსეთს, თავის მხრივ, ნათქვამი აქვს, რომ ნებისმიერ დროს მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად თავისი პირობებით. ყველაფერი იქით მიდის, რომ დასავლეთი  მალე დაითანხმებს უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და, რაც მთავარია, იმ პირობებზე, რომლებსაც რუსეთი ომამდე სთავაზობდა; ანუ უკრაინა მიიღებს იმას, რისი  მიღებაც ომის გარეშეც შეიძლებოდა. არ გეგონოთ, დასავლელ პარტნიორებს ამის შერცხვებათ, პირიქით, ზელენსკის მადლობას გადაახდევინებენ  მშვიდობის დამყარებისთვის და მერე იმასაც ათქმევინებენ, დასავლეთმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოო.

მანამდე კი ვლადიმერ პუტინს დასცინიან, აქაოდა, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ჯარში 1 წლის განმავლობაში იმსახურებენ და, საჭიროების შემთხვევაში, იომებენ, რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ. მსურველი ბევრი გამოჩნდა და იცით, რა არის საინტერესო? თუ ასეთი ცუდი ქვეყანაა რუსეთი, თუ ასე უჭირს და იქ ცხოვრება არ ღირს, რატომ აპირებს ათასობით ადამიანი სიცოცხლის ფასად  გარისკოს და მოქალაქეობა მიიღოს?..  ხმამაღლა ამის შესახებ არავინ საუბრობს, მაგრამ  უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გვიყვებიან, რომ ქუჩაში გასვლა სახიფათოა, რადგან სრულწლოვან მამაკაცებს აკავებენ, ჯერ 10-დღიან წვრთნებზე მიჰყავთ იძულებით, შემდეგ  იარაღს აძლევენ და ფრონტის წინა ხაზზე საზარბაზნე ხორცად უშვებენ. ჰო, უკრაინაში თავისი სურვილით  ომში აღარავინ მიდის და ხელისუფლებაც იძულებულია, ასე მოიქცეს. რა გამოდის? ევროპელები, ამერიკელები თუ უკრაინელები ყოველდღიურად ლაპარაკობენ  ათასობით დაღუპული რუსი ჯარისკაცის შესახებ და… მებრძოლები  უკრაინას აკლდება. ისინი დაღუპულების შესახებ ინფორმაციას მალავენ და მხოლოდ იმ ადამიანებზე აკეთებენ აქცენტს, რომლებიც დაბმომვების შედეგად იღუპებიან. არადა, ადგილობრივმა მოსახლეობამ კარგად იცის, რა ხდება რეალურად. ხალხი იმ ფაქტმაც გააღიზიანა, რომ ზელენსკის გარემოცვამ   ომის დასრულებამდე ხელისუფლების სათავეში ყოფნა გაინაღდა და როგორც მათ, ისე ოპოზიციასაც, ომის დამთავრება დიდად არ სურს. მეზობელ სახელმწიფოებს (მათ შორის საქართველოს) რომ მოუწოდებენ ომში ჩართვისკენ, რომელიმე უკრაინელი მაღალჩინოსანი დაიჭრა (დაღუპვაზე არაფერს ვამბობთ) ამ ორი წლის განმავლობაში? რადას რომელიმე დეპუტატს თითი მაინც გაეკაწრა ომში? არა, რადგან ისინი ისეთ უსაფრთხო ადგილას  არიან, რომ იქამდე, ტყვია კი არა, აფეთქებების ხმაც არ აღწევს.

უკრაინა ყოველი თვის დასაწყისში მასშტაბური კონტრშეტევითა და რუსეთის ტერიტორიების დაპყრობითაც კი იმუქრება, მაგრამ ახლა ისეთი მდგომარეობაა, კონტრშეტევას ვინ ჩივის,  ზელენსკის თავდაცვისთვის საჭირო იარაღსაც აღარ აძლევენ. ამერიკის კონგრესმა უკვე რამდენიმეჯერ დაბლოკა უკრაინელებისთვის დახმარების მორიგი პაკეტი,  სამაგიეროდ დიდძალი თანხა გამოყო იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ დარტყმის განსახორციელებლად. ადვილი მისახვედრია, რომ ამერიკა მორიგი ომის გაჩაღებას გეგმავს, რომელშიც ისრაელ-პალესტინის გარდა  ლიბიის, ირანისა და იემენის ჩართვასაც აპირებს. შემდეგ ამ ყველაფერში აუცილებლად ჩართავს ნატოს წევრ ქვეყნებს და გრძელვადიანი კონფლიქტის შედეგად სარგებელს კვლავ მხოლოდ ამერიკა ნახავს; ზუსტად ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, რადგან მიმდინარე ომით იზარალა ყველამ –   ევროპამ, უკრაინამ, რუსეთმა… ამერიკამ კი ეკონომიკაც გაზარდა, მოძველებული იარაღისგანაც დაიცალა ხელი და საშვილიშვილო ვალიც აჰკიდა უკრაინას.

ასეთ პირობებში საქართველოს ხელისუფლებას არათუ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მართებს, არამედ ვალდებულია, ინტრიგებით დაკავებული ზელენსკის მოწოდებებს არ აჰყვეს.  პრინციპში, როგორც ევროპას, ისე ამერიკას, უკრაინისადმი ინტერესი უკვე განულებული აქვთ, ახლა ისინი უფრო ისრაელის გარშემო მიმდინარე პროცესებზე არიან გადართულნი და მათი ახალი ლუკმა, ებრაული სახელმწიფოს გარდა, ირანი, იემენი და პალესტინაა.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here