Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს ევროპარლამენტარებსა და ამერიკის ელჩს უთანხმებს და არა...

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს ევროპარლამენტარებსა და ამერიკის ელჩს უთანხმებს და არა საქართველოს მოსახლეობას

დასავლეთის საამებლად აუცილებელია, გავისროლოთ და მერე რა, რომ ეს გასროლა ქართველი ერისთვის საბედისწერო იქნება. ვიღას ახსოვს ერი, როცა დასავლეთისთვის საქართველოს ასეთი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს

220

გასულ კვირას მოლდოვის უზენაესმა სასამართლომ მთავარი ოპოზიციური პარტია „შორ“-ის საქმიანობა არაკონსტიტუციურად მიიჩნია და მას არსებობის უფლება შეუწყვიტა. პარტია „შორ“-ი მოლდოვის პარლამენტშიც არის წარმოდგენილი, მაგრამ, რადგან პარტია გაუქმდა, ახლა მისი წევრები  საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით სარგებლობენ, თუმცა მომხდარის გამო გაოცებას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ ისინი სხვა პარტიას შექმნიან და ძველი იდეოლოგიით განაგრძობენ  ბრძოლას.

 მთავარი მიზეზი, რომლის გამოც პარტია „შორ“-ი გაუქმდა, არის ის, რომ მისი ლიდერები ჯიუტად იმეორებდნენ,  დაპირისპირების ნაცვლად, რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყოთ და ურთიერთობა მოვაგვაროთო. ჰოდა, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, დასავლეთის მითითებით, გააუქმა ოპოზიციური პარტია. დიახ, სწორედ დასავლეთის მითითებით, რადგან  გამორიცხულია, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიეღო. სასაცილოა, როცა დასავლეთი სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს, არადა, სწორედ სიტყვის თავისუფლების გამო გააუქმეს  პარტია. რაღაც არ გვსმენია, რომელიმე ევროპარლამენტარს ან ამერიკელ პოლიტიკოსს ეთქვას: გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია, სანდუს სასამართლო ჯიბეში უდევსო. ეს იმიტომ, რომ დასავლეთმა მაია სანდუს სასამართლო ზუსტად ისევე ჩაუდო ჯიბეში, როგორც  თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს  და  ამიტომაც იყო, საქართველოში განაჩენების 99.9 % გამამტყუნებელი რომ გამოდიოდა, ანუ სახელმწიფო ბრალდება ყოველთვის მართალი იყო. და ეს ყველაფერი დასავლური რეფორმებისა და დემოკრატიის სახელით კეთდებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს მოლდოვაში ლგბტ პრაიდი ჩატარდა. 2 ათასზე მეტმა ადამიანმა, ქუჩაში ცისარტყელასფერი დროშებით ჩაიარა, მათ უსაფრთხოებას სახელმწიფო სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფდა და პრაიდის მონაწილეები სიხარულს არ ლამავდნენ, როგორც იქნა, ერმა გაიღვიძა და უფლება მოგვცა გარეთ გამოვსულიყავითო. „გაღვიძებული ერის“ წარმომადგენლები კი ხმამაღლა იგინებოდნენ, მაგრამ პრაიდის მონაწილეებთან მიახლოებას სწორედ სპეცდანიშნულების რაზმის გამო ვერ ახერხებდნენ. მერე რა, რომ პრაიდის რამდენიმე მონაწილემ პირდაპირ მსვლელობისას  გააჩაღა ხვევნა-კოცნა, კაცმა კაცს ხელიც სთხოვა, ორივემ ცხარე ცრემლით იტირა, დანარჩენებმა ერთმანეთს მიულოცეს წყვილის გაბედნიერება (ბიჭიანობა ვერ უსურვეს). და ეს ყველაფერი მოხდა ორდღიანი ინტერვალით და  ისე, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, რეალურად ვერც კი მოასწრო იმის გააზრება, რა დატრიალდა  მათ თავს. პარტია „შორ“-ი ლგბტ თემის წინააღმდეგ ღიად ილაშქრებდა და პრაიდის გამართვასაც არ უჭერდა მხარს, რის გამოც… რუსეთუმეს იარლიყი  მყარად მიაწებეს. ანუ, როგორც ჩვენთან, ისე მოლდოვაში, თუ ლგბტ დროშას არ აფრიალებ, რუსეთის მხარეს ხარ.

„დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. ამ მიმართულებით ვენეციის კომისიამ თავის უკანასკნელ რეკომენდაციაში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ უნდა  მიიღონ არსებული ფორმით. რაც შეეხება მედია პლურალიზმსა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების სტანდარტებს, საქართველომ ვერ მიაღწია ვერანაირ პროგრესს. იმისთვის, რომ ეს პუნქტი შეასრულოს, საქართველომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა შეიტანოს ევროპული საბჭოს მოსაზრების შესაბამისად და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება. ამასთანავე, უნდა გაიზარდოს როგორც ჟურნალისტების, ისე მედიაორგანიზაციების მფლობელების დაცულობა და თავისუფლება“, – ეს განცხადება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ მანამდე გააკეთა, სანამ სალომე ზურაბიშვილი  ნიკა გვარამიას შეიწყალებდა.

რიგითობით მივყვეთ: სად იყო ვარჰეი ან ევროკავშირი თავის სამეზობლო პოლიტიკით, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ხანაში ტელეკომპანია „იმედი“ შტურმით აიღეს და მის მფლობელს „დააწერეს“. და რატომ ხდება ისე,  რომ, რაც შეიძლება უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, არ შეიძლება საქართველოსთვის? დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი იმ ფორმით, როგორითაც ჩვენ ვენეციის კომისიამ დაგვიწუნა, რატომ მიიღეს უკრაინაში? იმიტომ ხომ არა, რომ  აქ  ანალოგიური კანონი  ვერ ერგება ერთ კონკრეტულ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს? სწორედ ამიტომ აქვთ მუცლის გვრემა, რომ სურთ, კანონი კონკრეტულად ივანიშვილს მოარგონ და ამიტომ იწუნებენ, თორემ სხვა დროს ერთ ქვაბში ხარშავდნენ საქართველოს,  უკრაინასა და მოლდოვას… და სად იყო ვარჰეი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 50-ზე მეტი გაზეთი, გამოცემა თუ ინტერნეტ-პორტალი რომ დახურა და მუშაობა აუკრძალა, ოპოზიციური ტელევიზიები რომ გააჩერა და მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა? სად იყვნენ ამ დროს ევროკომისია და ევროპარლამენტარები, რატომ არ იღებდნენ ხმას? აგერ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფენ კრამონი  გამოვიდა და საჯაროდ თქვა, – რამდენიმე დღით ადრე ვიცოდით, ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებას რომ აპირებდა, მაგრამ ეს ყველაფერი საიდუმლოდ შევინახეთო. ვიცოდი კი არა, ვიცოდითო, ასე თქვა, ანუ ევროკომისიაში არა ერთმა და ორმა ადამიანმა იცოდა, მაგრამ არ იცოდა საქართველოს მოსახლეობამ, არ იცოდა საქართველოს ხელისუფლებამ და ეს არის სწორედ ზურაბიშვილის ლუსტრაცია – ის სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს ევროკომისიას, ევროპარლამენტარებსა და ამერიკის ელჩს უთანხმებს და არა საქართველოს მოსახლეობას; იმ მოსახლეობას, რომელმაც ურეიტინგო ქალბატონი აირჩია და პრეზიდენტის სავარძელში ჩასვა.

ახლა იკითხავთ: რატომ იყო გვარამიას გათავისუფლების საქმე სახელმწიფო მნიშვნელობის? იმიტომ, რომ ის გახლდათ პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რომელიც საკუთარ ტელევიზიას ბილწსიტყვაობისა და შუღლის გასაღვივებლად იყენებდა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მიაჩნდა, რომ ციხეში სამართლიანად იჯდა და უსამართლოდ გამოუშვეს. ჰოდა, ახლა ოპოზიცია ცალკე და ევროპელები ცალკე ამბობენ, – პრეზიდენტმა მოსახლეობის დაკვეთა შეასრულაო. მგონი, დასავლეთი მოსახლეობად მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერებს, არასამთავრობოებს და სექსუალურ უმცირესობას მიიჩნევს, დანარჩენი კი ხალხად არ მიაჩნია და ისე გვიყურებს, როგორც განუვითარებელ ბრბოს. სხვათა შორის, გვარამიამ საპატიმროდან გამოსვლისთანავე დაადასტურა, რომ ლაზარე გრიგორიადისს ეთაყვანება, ეს ბიჭი ძალიან მოსწონს და მას მხარში ამოუდგება, რითაც შეძლებს. პრეზიდენტი რომ ამტკიცებს, გვარამიას გაშვება პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯიაო, მის მიერ შეწყალებული პირი იმ ბიჭზე რომ ამბობს, მომწონს და გვერდით დავუდგებიო, რომელსაც ბრალად პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა ედება, ნორმალურია?  ეს არის პოლარიზაციის დასასრულისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომ ლაზარე გრიგორიადისს კიდევ ერთი დამცველი გამოუჩნდა და თანაც როგორი დამცველი – ტელევიზიის მფლობელი?

მოლდოვისა და უკრაინის ბედი  გასაგებია. იქ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ტოტალური ლიბერალიზმი დამყარდა და, ვინც ამ ორ სიტყვას ერთმანეთთან ვერ აკავშირებს, გადახედოს ერთი ან მეორე ქვეყნის მდგომარეობას და მიხვდება, რას ვგულისხმობთ. მოლდოვის მოსახლეობა ოდნავ ნაკლებია, ვიდრე საქართველოსი და ამიტომ იქ დიქტატის დამყარება მარტივია (ჩვენთან  „ვარდების რევოლუციის“ სახით დამყარდა დიქტატურა). აი, უკრაინაში ამის გაკეთება გაჭირდებოდა და ამიტომ ჩააბეს ომში, რომელიც დასრულდება მაშინ, როცა ამას დასავლეთი მოისურვებს,  დასავლეთი  კი ამას დიდი ხნის განმავლობაში არ მოისურვებს. ვისაც არ ახსოვს, მათ შევახსენებთ: როცა ომი დაიწყო, ევროპამ და ამერიკამ  თქვეს, – უკრაინას მხარში ამოვუდგებით და 3 თვეში ყველაფერი დასრულდებაო. ომის წლისთავზე კი, ამერიკელმა და ევროპელმა გენერლებმა ივარაუდეს, რომ ომი კიდევ ერთი წელიწადში  არ დასრულდება. ჰო, ასე მარტივად გადაუწყვიტეს ქვეყანას, რომ მომდევნო წელსაც ომში უნდა იყოს და ისევ ერთ წინადადებაში აუხსნიან მომავალი წლის თებერვალში, რომ ომი ისევ ერთ წელს გაგრძელდება. ეს ყველაფერი იმას ჰგავს, ჩვენ ყოველ წელს რომ გვიღებენ ნატოსა და ევროკავშირში და ეს პროცესი, 30 წელია, არ მთავრდება, მომდევნო 30 წელი კიდევ არ დამთავრდება და… უკრაინას, საერთოდ, მკაფიოდ  უთხრეს: ამ ეტაპზე ნატოზე არც იოცნებოთ, გაფართოებას არ აპირებსო, ევროკავშირი კი… უკრაინასა და მოლდოვაში იკრძალება ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური არხები, იდევნება განსხვავებული აზრი. ამის პარალელურად, დასავლეთი დასცინის ჩრდილოეთ კორეას, დიქტატორს ეძახის პუტინს… და ზუსტად ისეთი ვითარებაა უკრაინასა და მოლდოვაში, როგორც ჩრდილოეთ კორეაში, მალე უკრაინასა და კორეაშიც  დაიწყება სასურსათო კრიზისი და დასავლეთი წყალსა და პამპერსებს მიაწვდის. ჩვენც მოგვცემენ ოპოზიციური პარტიების გაუქმების უფლებას, ტელევიზიებსაც დაგვახურინებენ, ოღონდ ამის სანაცვლოდ და დასავლეთის საამებლად აუცილებელია, გავისროლოთ და მერე რა, რომ ეს გასროლა ქართველი ერისთვის საბედისწერო იქნება. ვიღას ახსოვს ერი, როცა საქართველოს დასავლეთისთვის ასეთი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს.

 ბესო ბარბაქაძე                                                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here