Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს არყოფნა „3+3“ ფორმატის მორიგ  შეხვედრაზე იქნება სიგნალი დასავლეთისთვის, რომ  კვლავ შეიძლება...

საქართველოს არყოფნა „3+3“ ფორმატის მორიგ  შეხვედრაზე იქნება სიგნალი დასავლეთისთვის, რომ  კვლავ შეიძლება საქართველოს გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ და, შესაბამისად, მორიგ პროვოკაციას უნდა ველოდოთ

ხელისუფლებამ თვითონ უნდა დაიწყოს იმის ახსნა რიგითი ადამიანებისთვის, რა მნიშვნელობა აქვს „3+3“ ფორმატში შეხვედრას და რას ნიშნავს, როცა ერთ მაგიდასთან რეგიონის ხუთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან, საქართველოსთვის განკუთვნილი სკამი კი ცარიელი დარჩება

344
დარბაზში, სადაც „3 3“ ფორმატის მომაწილეთა შეხვედრა გაიმართა, საქართველოს დროშა, წარმომადგენლის არყოფნის მიუხედავად, მაინც გამოფინეს

გასული წლის დეკემბერში  „3+3“  ფორმატის შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლის გარეშე გაიმართა. რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ბევრ რამეზე შეთანხმდნენ. ახლა კი გაირკვა, რომ მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

„3+3“ ფორმატი თურქეთის ინიციატივით შეიქმნა და ვთანხმდებით, როგორ უნდა ვიმუშაოთ მომავალში სამხრეთ კავკასიაზე. პირველი შეხვედრა მოსკოვში გავმართეთ და ქართველმა კოლეგებმა ვერ შეძლეს მონაწილეობა, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველთვის მათი ხილვის მოხარულები ვიქნებით. მზადდება შემდეგი შეხვედრა, იმედი მაქვს, მის დაანონსებას უახლოეს მომავალში შევძლებთ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ თბილისისთვის კარი ღიაა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ქართული მხარე ლავროვის განცხადებას ამაყი დუმილით შეხვდა. ჯერჯერობით ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ საქართველო მზად არის შეხვედრისთვის და ამას ერთადერთი მიზეზი აქვს – აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ოპოზიცია რუსეთთან მოლაპარაკებად და კოჭის გაგორებად  მონათლავს, მხარს დასავლეთიც აუბამს და დაიწყება ისეთივე  პროცესები, როგორიც არცთუ დიდი ხნის წინათ ვიხილეთ. საინტერესო, იცით, რა არის? „3+3“ ფორმატი თურქეთის, ანუ ნატოს წევრი ქვეყნის ინიციატივით შეიქმნა და თურქებისთვის არავის უთქვამს, რატომ ქმნი ახალ ფორმატს და რატომ ცდილობ, რუსეთის პოზიციები გააძლიეროო. რეალურად თურქეთს ყველაზე კარგად ესმის: იმის მიუხედავად, რომ რუსეთი მისი პირდაპირი მოსაზღვრე არ არის, აუცილებელია მასთან საუბარი და კავკასიაში სტაბილურობისა თუ ეკონომიკური წინსვლის საფუძველი დიდწილად სწორედ რუსეთზეა დამოკიდებული. თურქეთის ეკონომიკის არცთუ მცირე ნაწილი სწორედ მეზობელ ქვეყნებზე დგას და მას სურს, რომ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში სიმშვიდე იყოს. ჰო, იმ სომხეთში, რომელიც თურქეთს გენოციდში სდებს ბრალს და, ამის მიუხედავად, ორი ქვეყნის წარმომადგენლები მზად არიან,  ერთ მაგიდასთან დასხდნენ და ეს მოახერხეს კიდეც. იგივე სომხეთი საომარ მდგომარეობაშია აზერბაიჯანთან (რამდენიმე დღის წინათ საზღვარზე ისევ  სროლები იყო) და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სომხური და აზერბაიჯანული დელეგაციები  „3+3“  ფორმატში მონაწილეობაზე უარს არ ამბობენ.

რა არის „3+3“  ფორმატი? სწორედ  ამ შეხვედრების დროს უნდა გაირკვეს, ვის რა სურს რეგიონში, ვის რისი შესაძლებლობა და უნარი აქვს და ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა თავისი  სახელმწიფოს ინტერესები დაიცვას. 6 სკამიდან ერთი  ცარიელია და ვაი, რომ ცარიელი სკამი საქართველოს ეკუთვნის. როგორ გგონიათ, ჩამოთვლილი ხუთი სახელმწიფოდან, რომელი დააყენებს ჩვენს ინტერესს საკუთარზე წინ? არც ერთი და მართალიც იქნება, რადგან ყველა თავის სამშობლოზე ფიქრობს, ჩვენ კი წარმომადგენელიც  არ გვეყოლება, რომელიმეს წინააღმდეგობა რომ გაუწიოს იმ შემთხვევაში, თუ რაღაც არ მოეწონება. ადვილი მისახვედრია, რომ ხუთი სახელმწიფო თუ რამეს დათმობს, დათმობს საქართველოს ხარჯზე და როგორ გგონიათ, ხუთი ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას შევძლებთ? რა თქმა უნდა,  არ და ვერ!  და ამის მიუხედავად, ქართული მხარე მაინც ფეხს ითრევს და ესოდენ მნიშვნელოვან ფორმატზე უარს აცხადებს. გასულ კვირას საქართველოს პრემიერი პარლამენტში იმყოფებოდა და სიამაყით განაცხადა: მას შემდეგ, რაც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე გავაკეთე განცხადება და ახალი კანონის ინიცირება მოვახდინეთ, ფასებმა 20-30%-ით დაიკლო და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, როცა კანონს მივიღებთ და ის მოქმედებას დაიწყებსო. ან თქვენ გატყუებენ, ბატონო ირაკლი, ან სიმართლე იცით და  ჩვენ გვატყუებთ.საქმე ის არის, რომ კანონი არაფერ შუაშია და პროდუქტებზე ფასები იმიტომ შემცირდა, რომ დახლები ლამის 100 %-ით რუსულმა პროდუქციამ დაიკავა. რუსეთიდან  შემოსული პროდუქტი იაფია და ეს ეტყობა არა მხოლოდ საკვებს, არამედ ნავთობპროდუქტებსაც.  სიმართლე სწორედ რუსულ პროდუქციაში იმალება, მაგრამ,  ეს რომ პრემიერს საპარლამენტო ტრიბუნიდან ეთქვა, ცალკე დასავლეთი და ცალკე ოპოზიცია მეორედ მოსვლას მოაწყობდნენ. სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ხმამაღლა არ საუბრობენ და არ საუბრობენ იმიტომ, რომ  ხელს არ აძლევთ. მერე ხომ ისიც უნდა გაირკვეს, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც „ევროპული პროტესტი“ ასწავლეს, უბრალოდ, მოატყუეს.  ქართული მხრიდან არავინ სვამს კითხვას: რატომ არ ერჩის დასავლეთი თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და რატომ არ ეუბნება, რომ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდნენ? თუ აზერბაიჯანი და სომხეთი არ არიან საომარ მდგომარეობაში და ერთმანეთს არ უყენებენ პრეტენზიებს ტერიტორიებზე და ამ ყველაფერში რუსეთი არ არის ჩართული? ნატოს წევრი ყველა ქვეყანა რომ სანქციებს არის მიერთებული თუ შეერთებული, თურქეთს რატომ არ „აწვებიან“, რას ბედავ, რას აკეთებო? იმიტომ, რომ არც ერთ ჩამოთვლილ ქვეყანაში დასავლეთს ოპოზიციაში დასაყრდენი არ აქვს – ამ ქვეყნების არც ერთი პოლიტიკოსი (არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელია ის თუ ოპოზიციის) არ მიდის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, არ სჩადის ისეთ ქმედებას, რომელიც ქვეყანას ვნებს. ჩვენთან კი… ჩვენთან ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით პოლიტიკოსები მზად არიან, გაწირონ ქვეყანაც და ხალხიც.

„3+3“  ფორმატში საქართველოს შეთრევა კი არ სურთ, უბრალოდ, ეუბნებიან, რომ ჩვენთვის კარი ღიაა. თანაც, ამას ამბობს მხოლოდ რუსეთი და არა ის ოთხი ქვეყანა, რომლებისთვისაც სასარგებლოც კი არის, თუ იქ საქართველო არ იქნება,  რადგან სწორედ ჩვენ ხარჯზე გაატარებენ თავიანთ  ინტერესებს. თანაც, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო მასშტაბებით გაცილენით პატარები არიან დანარჩენებზე  და, თუ ვინმეს რამეს წაართმევენ, ეს, უწინარესად, საქართველო იქნება. ახლა იმის თქმა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაქვს და ისინი ამას არ იკადრებენ, სასაცილოა, რადგან, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ვნახეთ, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობები ქვეყნის ინტერესებზე წინ არავინ დააყენა და არც მომავალში დააყენებს.

მომავალი შეხვედრა, რომელიც, დიდი ალბათობით, უკვე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება და არა მოადგილეების, ისე მნიშვნელოვანია, რომ მას ამერიკა და ევროპა გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან. თუ  საქართველო არ იქნება ამ შეხვედრაზე, ეს გახდება მორიგი სიგნალი დასავლეთისთვის, რომ საქართველოს გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ კვლავ შეიძლება და, შესაბამისად, მორიგ პროვოკაციას უნდა ველოდოთ. დაახლოებით ისეთს, ცოტა ხნის წინათ ტყუილებზე აგებული პროპაგანდით რომ მოგვიწყვეს და ლამის ქვეყანა გადააყოლეს. რომ არა ოპოზიციის უსახურობა, ქუჩაში გამოსული აგრესიულად განწყობილი, მოტყუებული ახალგაზრდები გაცილებით შორს წავიდოდნენ. უბრალოდ, ოპოზიციამ და დასავლეთმა ვერ მოახერხეს მეტი, ვერ შეძლეს, ხელისუფლებამ არ დაუტოვა ამის შანსი, მაგრამ, როდემდე მოახერხებს ხელისუფლება დასავლეთის მიერ აგებულ ბეწვის ხიდზე სიარულს, ნამდვილად ვერ გეტყვით. ამიტომ ვამბობთ,  რომ მომავალ შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს და სწორედ იქ გაირკვევა და გაცხადდება, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ დასავლელი პარტნიორები ქართულ მხარეს შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობის განხილვასაც კი არ ანებებენ და ცალკე ოპოზიციაც ჩასაფრებულია. სწორედ ამიტომ ხელისუფლება თავს იკავებს რაიმე კომენტარისგან, რადგან  ზუსტად იცის ორი რამ: პირველი ის, რომ აღნიშნული ფორმატი საქართველოსთვის აშკარად სიკეთის მომტანი იქნება და იქ დასწრება აუცილებელია; მეორე კი ის, რომ ხმამაღლა ამის ახლა თქმა, სანამ შეხვედრის თარიღი არ არის დანიშნული, ოპოზიციისა  და დასავლეთისთვის წითელი დროშის აფრიალებას ნიშნავს და ისინი ყოველდღიურად დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება აპირებს,  რუსეთს მიეყიდოს და, რაც ყველაზე ცუდია, დიდია იმის შანსი, რომ მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილს ეს ყველაფერი დააჯერონ.

არადა,  გაბზარულს ყოველთვის გატეხილი სჯობს და ეგებ ხელისუფლებამ თვითონ დაიწყოს იმის ახსნა რიგითი ადამიანებისთვის,  რა მნიშვნელობა აქვს 3+3“ ფორმატში შეხვედრას  და რას ნიშნავს, როცა ერთ მაგიდასთან რეგიონის ხუთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან, საქართველოსთვის განკუთვნილი სკამი კი ცარიელი დარჩება.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here