Home ახალი ამბები საქართველო რუსეთი რომ არა, ქართული პროდუქტები გლეხებს ხელში ჩაალპებოდათ

რუსეთი რომ არა, ქართული პროდუქტები გლეხებს ხელში ჩაალპებოდათ

ოპოზიცია არაფერს ამბობს იმაზე, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილური სიმყარე სწორედ რუსი ტურისტების დამსახურებაა, რადგან მათი შემოსვლის შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა ლარზე, ხოლო მათ მიერ გადაცვლილი უცხოური ვალუტა ქართულ ეკონომიკას პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მსგავსად წაადგა, იმ ინვესტიციის, ასე ძალიან რომ გვინდა, მაგრამ არ ჩანს

244

ოპოზიცია კრიზისშია  და გამოსავლის პოვნას ვერ ახერხებს. ვიღაცას გაერთიანება სურს, ვიღაცას – ცალ-ცალკე ბრძოლა, პრაიმერიზიც ახსენეს, გავიგოთ, ვის რა რეიტინგი აქვსო. სინამდვილეში   ეს ყველაფერი დასავლეთისთვის კეთდება, რომ დაანახვონ, ცოცხლები ვართ, ვმოქმედებთო. რეალურად კი, თვითონ  ყველაზე უკეთ  ხვდებიან, ცუდი პერიოდი უდგათ, ფინანსურს თავი რომ დავანებოთ, ადამიანური რესურსი ლამის განულებული აქვთ და ასეთ შემთხვევაში  რა არის საუკეთესო გამოსავალი? სწორია – რუსეთის წინააღმდეგ განცხადებების კეთება და ამით დასავლელი პარტნიორების გულის მოგება. ევროპისა და ამერიკისთვის ხომ მნიშვნელობა არ აქვს, გამართლებულია თუ არა რუსეთის კრიტიკა, მთავარია, ეს კრიტიკა ისმოდეს და დანარჩენი მეასეხარისხოვანია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად ავრცელებს ცნობას, უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, ოპოზიცია კი  ამ ყველაფერს ახმოვანებს და „განგაშის ზარებს“ შემოჰკრავს ხოლმე: –  ხალხო, გამოიღვიძეთ, რუსეთიდან ათიათასობით  მოქალაქე შემოდის ყოველთვიურადო. რა თქმა უნდა, ოპოზიცია არაფერს ამბობს იმაზე, რამდენი ბრუნდება უკან – სამშობლოში, რადგან ეს ხელს არ აძლევს. ახლა კი ახალი თემა გაუჩნდათ სალაპარაკოდ – თურმე, საქართველოში ფასები რომ იმატებს, რუსეთის მოქალაქეების ბრალია. დიახ,  სწორედ ასე ამბობენ, უძრავი  ქონებისა და საკვები პროდუქტების გაძვირება რუსეთის მოქალაქეების ბრალიაო; თურმე ისინი გადახდისუნარიანები არიან და ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ფასებს უმატებს ყველაფერზე, პროდუქტს კი ადგილობრივი მოსახლეობაც ყიდულობს და სიძვირე მათ ჯიბეს ურტყამსო.

სამაგიეროდ, ოპოზიცია არაფერს ამბობს იმაზე, რომ სწორედ რუსების შემოსვლის შემდეგ მოიმატა სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციამ და გლეხებმა ცოტა შვება იგრძნეს; არც იმაზე ამბობენ არაფერს, რომ არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც გასაქირავებელი ფართობები  მაქსიმალურად დატვირთულია და შიდა ტურისტული ტურები ისეთ მასშტაბებზეა გასული, რომ კომპანიებს გიდების დამატება უწევთ, რათა ჯგუფების მომსახურეობა მოახერხონ. ოპოზიცია არც იმას ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილური სიმყარე სწორედ რუსი ტურისტების დამსახურებაა, რადგან მათი შემოსვლის შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა ლარზე, ხოლო მათ მიერ დახურდავებული უცხოური ვალუტა ქართულ ეკონომიკას პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მსგავსად  წაადგა, იმ ინვესტიციის, ასე ძალიან რომ გვინდა, მაგრამ არ  ჩანს.

რაც მთავარია, ოპოზიცია ხშირად იმეორებდა: ნახავთ, რუსები ბარებსა და რესტორნებში დათვრებიან და მერე პლაკატებით ირბენენ ქუჩებში, დებოშს მოაწყობენო. ჯერჯერობით, ერთი შემთხვევაც არ მომხდარა, რომელსაც ოპოზიცია ხელზე დაიხვევდა და იტყოდა, რომ მათი ვარაუდი გამართლდა. ერთადერთი, იმას გულშემატკივრობდნენ, მეტროპოლოტენის სადგურ „მარჯანიშვილის“  მიმდებარე ტერიტორიაზე  წყვილი სიყვარულით რომ დაკავდა, ეგებ რუსები იყვნენო და ოპოზიციურმა არხებმა მათი ვინაობის გარკვევამდე რუსებად მონათლეს კიდეც, მაგრამ შსს-მ დაადგინა, რომ ვნებით შეპყრობილი წყვილი ქართველი იყო. შსს-ს მისამართით ერთ მადლობას კიდევ ვიტყვით – გასულ კვირას ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 24 პირი დააკავეს, მათგან 18 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო და ამ 18-ში _ არც ერთი რუსი. სამაგიეროდ, ირანელები, ყაზახები, უკრაინელები… ჰო, იმ უკრაინელების ნაწილი, რომლებიც შევიფარეთ და ცივ ნიავს არ ვაკარებთ, თურმე ნარკოტიკს ყიდის. ოპოზიციამ ამაზე  კრინტი არ დაძრა.  დასავლეთს, სავარაუდოდ, ყველაფერი უკრაინული  „გამწვანებული“ აქვს და მათ შორის – ნარკოტიკიც.

ოპოზიცია იმაზეც წუწუნებს, რუსებმა საქართველოში ასეულობით კომპანია დააფუძნესო, და დიახ, დააფუძნეს. იმას კი აღარ ამბობენ, რომ ამ კომპანიებში მომუშავე ქართველები კმაყოფილებას ვერ მალავენ, რადგან სოლიდურ ჯამაგირს უხდიან და ადამიანურად ექცევიან. ახლა ის გაიხსენეთ, ძირითადად, აზიის ქვეყნების დამსაქმებლების მიმართ რამდენი პრეტენზია ჰქონდათ ქართველებს და  შეადარეთ. შესაბამისად, ოპოზიციამაც  და ხელისუფლებამაც იმაზე კი არ უნდა იყვირონ და იწუწუნონ, რატომ ძვირდება პროდუქტიო, არამედ იმაზე უნდა იზრუნონ, რომ გაძვირებული პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს და ღირსეულ სამსახურთან ერთად სახელმწიფომ მოქალაქეები ღირსეული ჯამაგირითაც უზრუნველყოს. ისიც ხომ ფაქტია, დიდი კომპანიების ხელმძღვანელები ბოლო პერიოდში უკმაყოფილებას რომ არ მალავენ იმის გამო, რომ მუშაობა არავის სურს, ქვედა რგოლში უამრავი ვაკანსია აქვთ, მაგრამ არავინ მიდის. იმიტომ არ მოდიან, ბატონებო, რომ 500 და 600 ლარი ხელფასი არ არის. ამის ნახევარი გზაში ეხარჯება დასაქმებულს და სახლში თვის ბოლოს არაფერი მიაქვს. ამიტომ ურჩევნია, ან ახალი ეძებოს, ან საზღვარგარეთ წავიდეს და გვერწმუნეთ, იქიდან მინიმალური ხელფასითაც კი იმაზე მეტს გზავნიან, ვიდრე აქ ქვედა რგოლში დასაქმებულები ორი თვის განმავლობაში იღებენ.

სხვათა შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტები რუსეთში დიდი რაოდენობით კი გადის, მაგრამ ფერმერები არ მალავენ, რომ ადგილზე რეალიზაცია თითქმის გაოთხმაგდა. როგორ გგონიათ, ეს ქართველი მომხმარებლის დამსახურებაა თუ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების? თქვენი აზრით, გლეხს რა ურჩევნია, იწვალოს და საზღვარგარეთ გატანის გზები ეძებოს თუ პროდუქციის ადგილზე  რეალიზაცია მოახდინოს? ის თუ იცით, რომ რუსეთიდან მარცვლეული კულტურების უნიკალური ჯიშები ჩამოიტანეს და უკვე დათესეს კიდეც. გაზაფხულზე პირველ მოსავალს ელიან ფერმერები და ელიან დიდი ოდენობით. ამ ყველაფერს კი სწორედ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეები ასწავლიან. რუსეთიდან  შემოსულებმა  ასწავლეს ასეულობით ქართველს  კრიპტოვალუტის ბაზარზე ვაჭრობა; ახლა ამით ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული და მათ ყოველდღიური შემოსავალი აქვთ, მაგრამ ოპოზიციას ამის დანახვა არ უნდა, რადგან მერე  რუსებზე კარგი უნდა თქვას, ამას კი  დასავლეთი არ აპატიებს და ისედაც შემცირებულ დაფინანსებას  საერთოდ გაუნულებს.

ეჭვი გვაქვს, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, რუსეთიდან  კიდევ უფრო მეტი მოქალაქე შემოვა. საქართველოს კურორტებზე უკვე ეძებენ რუს ინსტრუქტორებს, რომლებიც კარგად ფლობენ სნოუბორდს. სპორტის ამ მიმართულებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მეტიც, ზუსტად ვიცი რუსეთის რამდენიმე მოქალაქე, როლებსაც მთელი ზამთარი დაგეგმილი აქვთ  საქართველოს კურორტებზე… აქ ავსტრიელი და შვეიცარიელი სპორტსმენები უნდა გადაამზადონ. ჰო, დასავლეთის სანქციების გამო, ევროპელები რუსეთში წასვლას ერიდებიან, ანუ იქ, სადაც ყოველწლიურად დადიოდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად.  ახლა მათი შეხვედრის ადგილი საქართველოა. გამოვიდეს ახლა ოპოზიცია და თქვას: ევროპელები შემოვუშვათ და რუსები არაო. არადა, ერთი მეორეს მიება და ცალ-ცალკე აღარ გამოდის. ზუსტად ისე მიება, როგორც ქართულმა ბიზნესმა მიაბა არაერთი მიმართულება რუსულ ბიზნესს და  ძალიან კარგად თანაცხოვრობენ. ოპოზიცია არც იმას ამბობს, რომ რუსეთიდან წამოსულ მოქალაქეებს ნოვაციები მოაქვთ. ჰო, განსაკუთრებით მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოსულებს აშკარად ეტყობათ, რომ ტექნოლოგიური მიმართულებით ძალიან წინ არიან და ქართველებს  ბევრი რამ გაუმარტივეს, ასწავლეს… საბანკო სექტორსაც კი ასწავლეს ის, როგორ შეიძლება ერთ დღეში  მობაილბანკით რამდენიმეჯერ მოხდეს ფულის კონვერტირება და, როცა საუბარი დიდ თანხებზეა, ბანკი ვალდებულია, სხვა კურსი შესთავაზოს მომხმარებელს. რამდენიმე ბანკმა რუსეთის მოქალაქე კონსულტანტადაც აიყვანა და იმის მიუხედავად, რომ ცდილობენ, მათ ანგარიში არ გაუხსნან, მათთან დასაქმებულებს ყველა სერვისით უზრუნველყოფენ, რაც არასწორია. საბანკო ანგარიშის გახსნა რატომ არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საზიანო, ნამდვილად ვერ გეტყვით. ბოლოს და ბოლოს, საეჭვო ტრანზაქციები დაიბლოკება, თანხა გაიყინება, ანუ როგორც ხდება ხოლმე… რატომღაც გვგონია, რომ, როცა რუსეთიდან ამ ოდენობის ტურისტი აღარ შემოვა, ლარზე მოთხოვნა შემცირდება  და  ჩვენი ვალუტა გაუფასურდება.  რუსეთი რომ არა, ქართული პროდუქტები გლეხებს ხელში ჩაალპებოდათ და მის შეძენას არავინ მოისურვებდა.

როცა ამ  სტატიას ვწერდი, ოპოზიციამ ხმაური ატეხა, – აღმაშენებლის გამზირზე რუსეთის მოქალაქე ქართველებს აგინებდა და პოლიციამ  დააკავაო. როგორც სამართალდამცავ უწყებაში განაცხადეს, მოქალაქე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეში იყო და არა კონკრეტულად ქართველებს, არამედ აღმაშენებლის გამზირზე გამვლელებს აგინებდა. შესაბამისად, დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ის ქართველებს არ აგინებდა, რადგან…

ბოლოს როდის ნახეთ აღმაშენებელზე ქართველი?

და ამას რატომ არავინ აპროტესტებს, რატომ?!

ლევან გაბაშვილი                                                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here