აზერბაიჯანმა საქართველოდან წვრილფეხა პირუტყვის იმპორტი რომ აკრძალა, ხმამაღლა ჯერ არავის უთქვამს. ალბათ, ხვდებით, რომ წვრილფეხა პირუტყვში ამ შემთხვევაში მხოლოდ ცხვარი იგულისხმება. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ საქართველოდან შეყვანილ ცხოველებში ჭირის შემთხვევები გამოვლინდა. უფრო კონკრეტულად კი საქართველოდან შეყვანილ 845 ცხვარს დაუდასტურდა ჭირი და კვლევის მიხედვით ეს ცხვრები საქართველოს 65 დასახლებული პუნქტიდან ჩაიყვანეს. აზერბაიჯანის გადაწყვეტილება გასაგებია. გაუგებარი ის არის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რატომ არ იღებს ხმას. ამის შესახებ არ საუბრობს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია, თითქოს არაფერი მომხდარა. არადა, სწორედ აზერბაიჯანიდან გადიოდა ირანში ქართული ცხვარი და ეს გზა ჩაიკეტა. ჰო, ცალკე საკითხია, პირუტყვებს ჭირი თუ აღმოაჩნდათ, აქ რას ვაკეთებთ პრევენციისთვის და ქართულ ბაზარზე ხომ არ ხვდება აზერბაიჯანელების მიერ დაწუნებული ხორცი?..
არც ისე იშვიათად, რუსი ვეტერინარები ქართულ პროდუქციაში ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს პოულობდნენ და ამა თუ იმ პროდუქტზე გარკვეული პერიოდის განმავლობში აკრძალვას აწესებდნენ, ქართულ მხარეს რეკომენდაციას აძლევდნენ, რათა მდგომარეობა გამოესწორებინათ და აი, სწორედ აქ იწყებოდა, რაც იწყებოდა. ყველა ერთხმად ამბობდა: რუსეთი მტერია და აკრძალვა იმიტომ დაგვიწესა, ქართული პროდუქცია საკუთარ ბაზარზე არ შეუშვასო. საკმარისი იყო, წუნდებული პროდუქტის ხარისხი გაუმჯობესებულიყო, რომ რუსული ბაზარი ისევ იხსნებოდა და იწყებოდა მორიგი ისტერიკა: რუსეთის ბაზარი კი გაიხსნა, მაგრამ სანდო არ არის, ამიტომ პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში უნდა გავიტანოთო. იმას კი არავინ ამბობდა, ევროკავშირსა და ამერიკაში ქართული პროდუქციის გატანის ყველა მცდელობა კრახით რომ დასრულდა და არც ევროპელები და არც ამერიკელები ქართულ პროდუქტს დახლზე, უბრალოდ, არ აჭაჭანებდნენ, რადგან საქართველოს უფლებები მთავრდებოდა იქ, სადაც იწყებოდა ევროპული თუ ამერიკული კორპორაციების „ცხვირი“, ანუ ბიზნესინტერესი. ყველამ კარგად იცის, რომ დასავლეთი მათ ბაზარზე, უბრალოდ, არ შეგვიშვებს და ამ გადმოსახედიდან სასაცილოდაც კი არ ჩანს, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება, საამიროებში შეიხებს შევხვდი, რაც მთავარია, ვაშლატამა და ღვინო იქაურ ბაზარზე გავიტანეთო. როგორც მერე ოფიციალური მონაცემებიდან გაირკვა, არაბულ ბაზარზე საქართველომ 200 კილოგრამი ხილი და 70 ბოთლი ღვინო გაიტანა, ანუ მიშამ შეიხებს რაღაცები საჩუქრად წაუღო და ეს ბაზარზე გასვლად შეაფასა. ასე „დაიპყრო“ ქართულმა პროდუქტმა ჯერ საფრანგეთის, შემდეგ კი გერმანიისა და ესპანეთის ბაზრები. მიშას არ დასცალდა, თორემ ნახავდით, კიდევ რამდენ „ბაზარს“ აითვისებდა… არც ისე დიდი ხნის წინათ რუსეთმა ქვეყნიდან ნავთობპროდუქტების გატანა აკრძალა და, რაღა თქმა უნდა, აკრძალვა საქართველოსაც შეეხო. ისე როგორ იქნებოდა, ოპოზიციის ლიდერებს ეს სათავისოდ არ გამოეყენებინათ და არ ეყვირათ: რუსეთი მტერია და იაფ ბენზინს არ გვაძლევსო, მაგრამ საკმარისია, რუსეთიდან ბენზინი კვლავ შემოვიდეს და ჩვენთან გაიაფდეს, ოპოზიცია მაშინვე იტყვის: არა რუსულ ბენზინს, ევროპულს მივაწვეთ, ის სჯობსო. ანუ, რუსეთმა რაც უნდა გააკეთოს და მოიმოქმედოს, ოპოზიციისთვის ყოველთვის ცუდია და ხელისუფლებაც არ ცდილობს, ოპონენტთა ამ უგუნურებას რაიმე მოუხერხოს.
ზემოთ წვრილფეხა საქონელზე ვსაუბრობდით და ვინმემ სადმე ახსენა, რომ ბოლო ნახევარი წელია, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ის ჯიშები, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა (სიმენტალი, ანგუსი, შვიცი), რუმინეთიდან და საფრანგეთიდან კი არა, უკვე თითქმის სრულად რუსეთიდან შემოდის? არა, არ ახსენა, რადგან შემდეგ უნდა აეხსნათ, რომ რუსეთმა არა მხოლოდ მარცვლეული კულტურების განვითარებას მიჰყო ხელი და მსოფლიო ბაზარზე უმსხვილეს მოთამაშედ იქცა, არამედ ისიც უნდა ეთქვათ, რომ აღნიშნული ჯიშები ევროპიდან, სულ რაღაც, ხუთიოდე წლის წინათ ჩაიყვანეს და ახლა იმ ქვეყნებს ამარაგებენ, რომლებიდანაც თავის დროზე საქონელი ჩაჰყავდათ. არც იმას ამბობს არავინ, რომ ბიუროკრატიული პროცედურები გამარტივებულია და, თუ ევროპიდან უამრავი საბუთი სჭირდება, აქ მარტივად გვარდება. ისიც ვთქვათ, რომ არც ქართული მხარე ითხოვს რამე სასწაულს, მთავარია, საქონლის წარმომავლობისა და ჯანმრთელობის ცნობა იყოს, შემდეგ უკვე აქ, ადგილზე ნახულობენ ფერმას, რომელშიც პირუტყვს დააბინავებენ, საკარანტინე ადგილს და… მოკლედ, ვინც ამ საქმით არის დაკავებული, მათ გასაგონად ვიტყვით, რომ რუსეთიდან შემოყვანა გაცილებით იაფი და მომგებიანია. ჰო, ეს ამბავი შეიძლება ელენე ხოშტარიამ გააპროტესტოს, – აქაოდა, რუსული რუბლები არ გვინდაო, მაგრამ… ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვით: თუ „ჰელენი“ აქამდე პირდაპირ რუსეთიდან იღებდა თანხებს, ახლა ჯერ ბრიტანეთში არიცხვინებს და მერე – საქართველოში, აქაოდა, შემოსავალი ბრიტანეთიდან მაქვს და არა რუსეთიდანო…
თუ გახსოვთ, რუსული ბაზრიდან საქართველოს მოსახლეობის ჩახსნას წინა ხელისუფლება ცდილობდა და, ვისაც ჰგონია, რომ თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, ტელეეთერში მაშინ რამე წამოცდა და შეგნებული განცხადება არ იყო, რაც რუსეთსა და ფეკალიებზე თქვა, ძალიან ცდება. სწორედ იმ განცხადების შემდეგ რუსეთმა მარწუხებს მოუჭირა და უკვე ერი აყვირდა: მართლა მტრები ყოფილანო, მაგრამ, როგორც კი ხალხს პროდუქციის გასაღება გაუჭირდა, ბაზარი ისევ გაიხსნა და ნაცების გეგმა ჩავარდა. ჰო, რუსეთის ბაზარი დიდია, ძალიან დიდი და საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის იქ ყველაფრის გასაღება ძალიან მომგებიანია. ქართველები კი უკვე მიხვდნენ, რომ რუსეთში უხარისხო პროდუქციის შეტანას აზრი არ აქვს – ან უკან გამოაბრუნებენ, ან არ გაიყიდება, რადგან ევროპა რუსულ ბაზარზეც კი ცდილობს ისეთი ნიშა დაიკავოს, ქართული პროდუქციისთვის ადგილი რომ აღარ დარჩეს, თუმცა „ავადსახსენებელი“ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული რუსი მომხმარებელი ქართულ პროდუქტს მიჩვეულია, ენდობა, უყვარს… რამდენიც უნდა მოინდომონ პოლიტიკოსებმა, ათეული წლებით ნაშენებ ურთიერთობას, უბრალოდ, ვერ დაანგრევენ და რამდენიც უნდა იძახონ, – თაობები რომ შეიცვლებიან, რუსეთთან ურთიერთობა აღარ ენდომებათო, არაფერი გამოვა. რომელი თაობები რომ შეიცვლებიან? მილიონზე მეტი ქართველი რომ ცხოვრობს რუსეთში, იქ რომ იბადებიან ქართველები, იქ რომ იზრდებიან, სამშობლოსთან კავშირს რომ არ წყვეტენ და კარგად იციან, თეთრისა და შავის გარჩევა, ის ქართველები იტყვიან უარს რუსეთთან ურთიერთობაზე? თუ ისინი, ოჯახისა და ნათესავების სარჩენ ფულს სწორედ რუსეთში რომ შოულობენ და აქეთაც გზავნიან? იქნებ ისინი, რუსეთში ბიზნესი რომ ააწყვეს, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი რომ არიან და… როგორ გგონიათ, ამ ადამიანებმა რომ მოინდომონ, ევროპაში ვერ წავლენ, ვერ იმუშავებენ? მაშინ რატომ ურჩევნია მილიონზე მეტ ქართველს რუსეთი და არა ევროპა? რატომ არის, რომ თუნდაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უმრავლესობაც რუსეთში მიდის სამუშაოდ და ფულის საშოვნელად და არა ევროპაში? ევროპა ხომ უკეთესად იხდის, იქ ხომ დემოკრატიაა და რუსეთში კიდევ დიქტატურა, მაშ რა ხდება? ხდება ის, რომ მოჩვენებითია ყველაფერი და რუსეთთან ურთიერთობა გაცილებით მარტივია.
წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს რუსეთმა ქართული პროდუქციისთვის ბაზარი რომ ჩაკეტოს, მეტიც – არც თავად მოგვაწოდოს არაფერი, რა მოხდება? დაახლოებით 4-5 კვირაში ამოგვეწურება პურის ფქვილის მარაგი და მოგვიწევს სამმაგი ფასის გადახდა ევროპა-ამერიკისთვის; კიდევ უფრო გაძვირდება საწვავი; გაორმაგდება ზეთისა და ბურღულეულის ფასი და ამ ყველაფერში არა მხოლოდ ქართული ოპოზიცია, არამედ დასავლელი „სტრატეგიული პარტნიორები“ სწორედ რუსეთს დაადანაშაულებენ. დახმარების ხელს კი არ გამოგვიწვდიან, არამედ რუსეთის დადანაშაულებას დაიწყებენ და მერე ზუსტად ისე დაგვტვირთავენ ვალებით, როგორც ახლა ამას უკრაინას უკეთებენ, იმ უკრაინას, რომლის გამარჯვებისთვის „ყველაფერს აკეთებენ“, სინამდვილეში კი სწორედ უკრაინა იქნება ის სახელმწიფო ,რომელიც ევროპა-ამერიკის ვალიდან, საუკეთესო შემთხვევაში, ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ ამოვა.
სწორედ ამიტომ უკვე მერამდენედ ვამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რუსეთთან ბაზრის გაფართოებაზე მოლაპარაკებები დღესვე დაიწყოს, თორემ ხვალ, შესაძლოა, გვიანიც იყოს. საუბარი უნდა შეეხოს გრძელვადიან ხელშეკრულებებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, ზუსტად ისეთ ხელშეკრულებებს, როგორიც რუსეთის ფედერაციას რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე აქვს გაფორმებული და ამ სახელმწიფოებს არც ბენზინის გატანის აკრძალვა ეხებათ, არც ხორბალზე ფასის ცვლილება და კიდევ ბევრი რამ, რითაც შეგვიძლია სარგებელი მივიღოთ.
ლევან გაბაშვილი
აზერბაიჯანმა საქართველოდან წვრილფეხა პირუტყვის იმპორტი რომ აკრძალა, ხმამაღლა ჯერ არავის უთქვამს. ალბათ, ხვდებით, რომ წვრილფეხა პირუტყვში ამ შემთხვევაში მხოლოდ ცხვარი იგულისხმება. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ საქართველოდან შეყვანილ ცხოველებში ჭირის შემთხვევები გამოვლინდა. უფრო კონკრეტულად კი საქართველოდან შეყვანილ 845 ცხვარს დაუდასტურდა ჭირი და კვლევის მიხედვით ეს ცხვრები საქართველოს 65 დასახლებული პუნქტიდან ჩაიყვანეს. აზერბაიჯანის გადაწყვეტილება გასაგებია. გაუგებარი ის არის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რატომ არ იღებს ხმას. ამის შესახებ არ საუბრობს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია, თითქოს არაფერი მომხდარა.