Home ახალი ამბები საქართველო როდის მიეჩვევა ქართული ბიზნესი ისე მუშაობას, რომ ადამიანებს საკვებისა და წამლის შეძენისას...

როდის მიეჩვევა ქართული ბიზნესი ისე მუშაობას, რომ ადამიანებს საკვებისა და წამლის შეძენისას ცრემლი არ სდიოდეთ?

„ფარმაცევტული ბიზნესის მამებმა“ იციან, რომ ბევრი ადამიანისთვის 3 ლარიც კი ბევრს ნიშნავს და, ამის მიუხედავად, 1700%-იანი ფასნამატი აქვთ მედიკამენტებზე. მეტიც, ხელისუფლებას ეჩხუბებიან, ჩვენს საქმეში ნუ ერევი, ხალხის ყვლეფა გვაცადეო

151
როდის მიეჩვევა ქართული ბიზნესი ისე მუშაობას, რომ ადამიანებს საკვებისა და წამლის შეძენისას ცრემლი არ სდიოდეთ?

ერთ-ერთი საკითხი, რომლითაც ხელისუფლება თავს იწონებს, ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი ვითარებაა. პრემიერი ამაყობს, რომ კონკრეტულ მედიკამენტებზე ზღვრული ფასები დააწესა და მოსახლეობას ყოფა გაუიოლა. უხეში გათვლებით, მას შემდეგ, რაც მედიკამენტებზე ზღვრული ფასი დაწესდა, მოსახლეობამ, ჯამში, 150 მლნ-ზე მეტი დაზოგა, ეს ძალიან დიდი რიცხვია. ერთი შეხედვით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ… იმის გამო, რომ ადამიანებს ყვლეფდა და მათ გაჭირვებაზე მილიონებს აკეთებდა, პასუხისგებაში არავინ მიუციათ. და მთავარი – ეს ყველაფერი მთავრობასა და პრემიერს კი არ უნდა გაეკეთებინათ, არამედ იმ კონკურენციის სააგენტოს, რომლის დირექტორის ჯამაგირი თვეში 5 ათასი ლარია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფარმაცევტულ ბიზნესში „გამობრძმედილებმა“ გამოსავალი მონახეს და ის მედიკამენტები გააძვირეს, რომლებზეც სახელმწიფოს ზღვრული ფასი არ ჰქონდა დაწესებული. მათ ერთბაშად გადაწყვიტეს, იმაზე გაცილებით მეტი ეშოვათ, ვიდრე დააკლდათ და ამიტომ ზოგ მედიკამენტს 1700%-იანი ფასნამატი დაადეს, ზოგს – 1000%-იანი, 700 და 800-პროცენტიანი ნამატი ხომ ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. ეს, რა თქმა უნდა, ყველა მედიკამენტს არ შეხებია, მაგრამ ასეულობით წამალს ნამდვილად საარაკო ფასი ადევს. და რას აკეთებს ხელისუფლება? პრემიერი გამოვიდა ინიციატივით, რომ გაიზარდოს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც ზღვრული ფასები დაწესდება. ფარმაცევტული კომპანიების მფლობელებმა მთავრობის ინიციატივა გააპროტესტეს, აქაოდა, ხელისუფლება კერძო ბიზნესში ერევა და მუშაობაში ხელს გვიშლისო. ამის მიუხედავად, ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და მალე ვიხილავთ ახალ ჩამონათვალს იმ მედიკამენტებისას, რომლებზეც ზღვრული ფასი დაწესდება, და ეს მთავრობის მორიგი გამარჯვება იქნება, მაგრამ…

ერთი შეხედვით თითქოს ძალიან მარტივია: მთავრობა კი არ გამოვიდეს ინიციატივით კონკრეტულ მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესების შესახებ, არამედ პარლამენტში შევიდეს კანონი, რომლის მიხედვით ყველა მედიკამენტზე ფასნამატი ყველაზე ცუდ შემთხვევაში (მომხმარებლისთვის ყველაზე ცუდ შემთხვევაში) 200%-ს არ აღემატებოდეს. ესეც ძალიან ბევრია, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ 1000-სა და 1700%-ს ნამდვილად სჯობს. უფრო კარგი იქნება, იგივე გაკეთდეს არამხოლოდ მედიკამენტებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე, არამედ საკვებ პროდუქტებზეც და, საერთოდ, ყველაფერზე. აი, მერე ნახავთ წამლებისა და პროდუქტების გაიაფება და ეკონომიკური წინსვლა მხოლოდ ქაღალდზე და ციფრებით კი არ გვექნება, როგორც ახლაა, არამედ ეს იქნება რეალური ზრდა, რიგითი ადამიანები საკუთარ ჯიბეზე რომ იგრძნობენ, ისეთი, თორემ ზუსტად ვიცით, რომ განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე 500%-იანი ფასნამატი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენაა. არადა, სწორედ წამალი და საკვებია ორი რამ, რომელთა გარეშეც ადამიანები ვერ იარსებებენ, მოიკლებენ ყველაფერს, მაგრამ ამ ორ რამეზე უარის თქმა სიკვდილის ტოლფასია. მარტივ მაგალითს გეტყვით – ბოლო სამი თვის განმავლობაში რუსეთიდან მარცვლეული პროდუქტების დიდი რაოდენობით შემოდინება დაიწყო. ქერი, სიმინდი და ხორბალი შარშან ამ პერიოდში ლარზე ნაკლები არ ღირდა, ახლა კი საბითუმო ფასი 35-დან 38 თეთრამდე მერყეობს, ანუ ფასი ლამის სამჯერ შემცირდა და ადგილობრივი ფერმერები წუწუნებენ: ვკოტრდებით, ჩვენი პროდუქცია არ იყიდებაო. საინტერესო, იცით, რა არის? რუსეთში ნაყიდი, მერე შემოტანილი და განბაჟებული პროდუქტი რატომ ღირს ორჯერ და სამჯერ იაფი, ვიდრე აქ მოყვანილი, როცა არც განბაჟების თანხაა გადასახდელი და ტრანსპორტირებაც ხუთჯერ იაფი ჯდება? როდის მიეჩვევა ქართული ბიზნესი არა მოსახლეობის გაყვლეფას, არამედ ისე მუშაობას, რომ ადამიანებს საკვებისა და წამლის შეძენისას ცრემლი არ სდიოდეთ?ამას წინათ ერთ-ერთი ცნობილი (თუ ყველაზე ცნობილი არა) სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელს შემთხვევით შევხვდი და ვკითხე, წამლებზე ასეთი ფასი რატომ გაქვთ-მეთქი და ვერ წარმოიდგენთ, რა მიპასუხა: „იყიდება და იმიტომ“. გესმით, იყიდებაო და რატომ არ უნდა გვქონდეს გაბერილი ფასებიო?! ანუ, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ წამლის ფულის გამო ადამიანები იკლებენ საკვებს, ჩასაცმელს, სათამაშოს ბავშვებისთვის, ოღონდ გადარჩნენ, ოღონდ იმკურნალონ, ოღონდ ტკივილი აირიდონ, ოღონდ ლოგინად არ ჩავარდნენ და თურმე ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან და გაჭირვებულს წიხლს აჭერენ, ბოლო თეთრს უღებენ ჯიბიდან და არ ენაღვლებათ, ეს ადამიანი შემდეგ ნერვიულობით მოკვდება თუ იმ დაავადებით, რომელიც სჭირს. მეტსაც გეტყვით: კონკრეტულ მედიკამენტზე ერთ-ერთმა სააფთიაქო ქსელმა შეტყობინება დააგზავნა, – სპეცფასია, მოასწარი და იყიდეო. წამალი 40 ლარი ღირდა, ფასდაკლებით – 37! ანუ, ამას ფასდაკლებას ეძახიან და ზუსტად იციან, რომ იმ 3 ლარის დაზოგვის გამო ბევრი შეიძენს; ბევრი შეეცდება, ორი ფლაკონი შეიძინოს და 6 ლარი დაზოგოს. ჰო, „ფარმაცევტული ბიზნესის მამებმა“ იციან, რომ ადამიანებისთვის 3 და 6 ლარი ბევრს ნიშნავს და, ამის მიუხედავად, 1700%-იანი ფასნამატი აქვთ მედიკამენტებზე. მეტიც, ხელისუფლებას ეჩხუბებიან: ჩვენს საქმეში ნუ ერევი, ხალხის ყვლეფა გვაცადეო.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, კიდევ გავიმეორებ: ვერ ვხვდები, რატომ არ იღებენ კანონს, რომ საკვებსა და მედიკამენტებზე 200%-იან ფასნამატზე მეტის დამდები, უბრალოდ, დაისაჯოს? ძაღლის თავიც სწორედ აქ არის დამარხული. საქმე ის არის, რომ, ფარმაცევტულ ბიზნესში თუ არა, საკვები პროდუქტების შემოტანა-გასაღების პროცესში არაერთი „ჩინოვნიკია“ ჩართული, რომლებსაც მოგებაზე მოუწევთ უარის თქმა და თვეში 5 მილიონის ნაცვლად 2 მილიონით დაკმაყოფილება, რაც ხელს არ აძლევთ. ჰო, როგორც წინა და იმისწინა ხელისუფლების დროს, ახლაც ასეა – სახელმწიფო მოხელეები ოფიციალურად ბიზნესში არ ერევიან, მაგრამ აროფიციალურად ბიზნესის უდიდესი ნაწილი სწორედ მათია და ისინი აკონტროლებენ. შესაბამისად, რაიმე შეზღუდვის დაწესება ნიშნავს, რომ მათ მოგებას საფრთხე დაემუქრება და ამიტომ აქცენტი სწორედ ფარმაცევტულ ბაზარზე კეთდება, ანუ იქ, სადაც მოქმედი ხელისუფლების თითქმის არც ერთ წარმომადგენელს ინტერესი არ აქვს და, თუ აქვს, მოგება მაინც იმხელაა, ჩუმად ყოფნას ამჯობინებს.

თუ გახსოვთ, პანდემიის პერიოდში ხელისუფლებამ ზღვრული ფასი პურის ფქვილზე დააწესა და იმხანად არაერთი მაღაზია სოლიდურად დაჯარიმდა. ჰოდა, დანარჩენები სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ფასს დაჯარიმების შიშით ერთ თეთრსაც ვერ უმატებდნენ. ანუ, გამოცდილება და პრაქტიკა არსებობს, რომ საკვებზე ზღვრული ფასის დაწესება შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი მუშაობს და მთავარი მონდომებაა, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, იქ ვიღაცის ან ვიღაცების ინტერესებს ითვალისწინებენ და ერთი ან ორი ათეული ადამიანის გამო მთელი მოსახლეობა ზარალობს. არადა, სწორედ ასეთი ნაბიჯით შეიძლება მოსახლეობისთვის ყოფის შემსუბუქება და მერე იქნებ პენსიონერებმაც იგრძნონ ის მცირედი ნამატი, წლიდან წლამდე რომ აძლევთ სახელმწიფო. რეალურად, საპენსიო თუ სახელფასო ნამატი ფასებს ვერ ეწევა და ყოველწლიურად უკან-უკან მივდივართ. არა, თუ ისეთი ნამატი იქნება, როგორიც, მაგალითად, დეპუტატებს დაუმტკიცეს და ხელფასი 3500 -ლარიდან 8500-მდე გაუზარდეს, ხმას არავინ ამოიღებს, მაგრამ სწორედ ასეთი ზრდის გამო წლის ბოლოს ხელისუფლება ჩვენც და ევროპელ პარტნიორებსაც ეტყვის, რომ საშუალო ხელფასი საქართველოში 2000 ლარს გასცდა. ახლა თურმე 1750 ლარია, რაც სასაცილოც აღარ არის.

საეჭვოა, ამ მხრივ გაისად რამე შეიცვალოს. ერთი ეგაა, 2024 საარჩევნო წელია და ხელისუფლება კონკრეტულად ფასების მიმართულებით რაღაცის შეცვლას მაინც შეეცდება, მაგრამ გვინახავს ეს ცვლილებები, არჩევნების მეორე დღესვე ძველ რელსებს რომ უბრუნდება და მომკითხავიც არავინაა, იმიტომ, რომ წინ ნეტარი 4-წლიანი პერიოდი აქვს ხელისუფლებას.

ლევან გაბაშვილი

P.S.სოციალურ ქსელში არაერთი კომპანია აქვეყნებს სარეკლამო რგოლებს მოწოდებით „უყიდეთ ბავშვებს საახალწლოდ ტელესკოპი, ეს საუკეთესო საჩუქარია კოსმოსის სამყაროს შესაცნობად…“ და მერე წერია ფასები -1500 ლარიდან ზემოთ. კომპანიების საყურადღებოდ: მართლა გგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს 1500 ლარისა და მეტის გადახდა შეუძლია ბავშვისთვის საახალწლო საჩუქარში?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here