ექიმებო, ბოლოს როდის გამოიკვლიეთ პრეზიდენტი?!
ქართულ პოლიტიკაში არაერთხელ გვინახავს, რომ ქვეყნის პირველ თუ მეორე პირს თავისი გადაფურთხებული აულოკავს. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ სწორედ ასე ამტკიცებდნენ, – ჩემს გადაფურთხებულს არ ავლოკავთო, მაგრამ ასე მომხდარა. ჰოდა, ახლაც იქით მივდივართ – ჩანს, მოქმედი პრეზიდენტი თავის გადაფურთხებულის ალოკვას აპირებს და მისი სიტყვები „არა და არასოდეს“ აღარ ისმის ისე მყარად, როგორც მანამდე. ისე, ლოკვაზე გამახსენდა და, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს არა მხოლოდ თავისი გადაფურთხებულის, არამედ დასავლეთის ერთი ადგილის ალოკვაც იქნება.
რატომ გვგონია, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილის შესაწყალებლად ემზადება და მეტიც, შეწყალების აქტი უკვე შედგენილი აქვს და მხოლოდ საჭირო მომენტს ელოდება ხელმოსაწერად?! დავიწყოთ იმით, რომ პრეზიდენტმა თავის დროზე, პოლარიზაციის შემცირების სახელით შეიწყალა გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა. სისხლის სამართლის სამი დამნაშავე ციხიდან გამოუშვა და ამის შემდეგ პოლარიზაციამ უფრო მოიმატა და მოიმატა იმიტომ, რომ ოქრუაშვილმა საქართველოს სახელით ლამის ბატალიონი ჩამოაყალიბა და ბრძოლა დაიწყო სხვა ქვეყანაში; რურუამ უფრო გაზარდა ოპოზიციური არხის დაფინანსება, რომლიდანაც დედის გინება და ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლის მოწოდებები ისმის; უგულავას კი იმდენჯერ აუქაფდა პირი რევოლუციური სცენარების დაანონსებით, რომ სათვალავი აგვერია. ანუ, ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანი უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ შეწყალებებმა არ გაამართლა და მორიგი ნაბიჯის გადადგმამდე პრეზიდენტი კარგად უნდა დაფიქრებულიყო. ჰოდა, ისიც დაფიქრდა და… ნიკა გვარამია შეიწყალა.
ამის შემდეგ ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და, როცა ჰკითხეს, რატომ იწყალებ დამნაშავე ადამიანებსო, ამაყად მიუგო: ეს ჩემი დისკრეციული უფლებაა და ახსნა-განმარტებების გაკეთებას არ ვაპირებო. გასაგებია, რომ ეს პრეზიდენტის უფლებაა, მაგრამ… ქალბატონო სალომე, ახსნა არ სჭირდება იმას, რატომ შედის ადამიანი საპირფარეშოში, ამას ყველა ხვდება, მაგრამ, რასაც თქვენ პოლიტიკურ საპირფარეშოში აკეთებთ, უნდა ახსნათ; უნდა აუხსნათ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი გულისთვის თავი გადადეს და პრეზიდენტის თანამდებობა ხონჩით მოგართვეს. სწორედ მათ აინტერესებთ, რატომ ჩაისვარა უკვე მერამდენედ მათმა რჩეულმა…
„მე ხალხმა იმიტომ არ ამირჩია, რომ ვინმეს წინაშე ვალდებული ვიყო“, – ესეც მედიასთან შეხვედრისას თქვა ზურაბიშვილმა და ერთ წინადადებაში ორი დიდი შეცდომაც დაუშვა. ქალბატონო სალომე, ჯერ ერთი, თქვენ კი არ აგირჩიათ ხალხმა, არამედ მმართველ გუნდსა და მის ლიდერს დაუჯერა და ისე მიიღო გადაწყვეტილება; მეორეც – თანამდებობის პირი ვალდებულია თავისი ამომრჩევლის წინაშე და, შესაბამისად, თქვენ გაქვთ ვალდებულება, აუცილებლად აუხსნათ ამომრჩევლებს, რატომ იღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ 99%-ს არ მოსწონს. მათ უნდა აუხსნათ, თორემ, ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარებისთვის ახსნილ-ნაპატაკები რომ გაქვთ, გავიგეთ. სწორედ მათ ჩაგიშვეს ( ვიოლა ფონ კრამონმა), – ვიცოდით, რასაც აპირებდაო. ანუ, რა გამოდის: თქვენ ვალდებულებები გაქვთ დასავლეთის მიმართ და თავს ვალდებულად არ თვლით ამომრჩეველთან? ისე როგორ იქნებოდა, ზურაბიშვილი პარლამენტში პრემიერის წლიურ ანგარიშს არ გამოხმაურებოდა? მაგრამ აჯობებდა (ისე, როგორც სხვა შემთხვევებში), გაჩუმებულიყო და საერთოდ არაფერი ეთქვა.
„პრემიერის გამოსვლა არის პოლარიზაციის ზეგამოვლენა. შეიძლება, რომ ამ სიტყვებით გამოვიდეს პრემიერი პარლამენტში და ასე მიმართოს თავის ხალხს, დეპუტატებს? მგონია, რომ არ შეიძლება. თუ დეპოლარიზაცია გვინდა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ თავი შევიკავოთ, შევცვალოთ რიტორიკა, სხვანაირად მივმართოთ ერთმანეთს და შეიძლება რამე გამოვიდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. და ეს თქვა მთავარსარდალმა, რომელმაც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, ხელისუფლებას ბრალი დასდო სამშობლოს ღალატში . ჰო, ზურაბიშვილი იყო ის, ვინც მოქმედი მთავრობა, დეპუტატები და, საერთოდ, მმართველი გუნდის ყველა მხარდამჭერი – ადამიანები, რომლებმაც ის პრეზიდენტად აირჩიეს, ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადა და ვითარების უფრო დასამძიმებლად გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა, – რა ჩემი ბრალია, ასეთი ხელისუფლება რომ გვყავსო. ეს არ იყო პოლარიზაციის გამძაფრებისკენ გადადგმული ნაბიჯი? ეს არ იყო ერისა და ბერის შეურაცხყოფა? სწორედ ამ სიტყვების შემდეგ ატეხა ოპოზიციამ ერთი ამბავი, რუსეთუმეებთან რომელ დეპოლარიზაციაზე ვისაუბროთო, და კმაყოფილი კელი დეგნანი კიდევ ულვაშებში (აქვს) იცინოდა. სხვათა შორის, ზურაბიშვილმა ისიც გააპროტესტა, პრემიერი და პარლამენტის წევრები იმ ღონისძიებებზე რატომ არ დადიან, სადაც მე ვარ, ეს ერთიანობის დემონსტრირება არ არისო. ქალბატონო სალომე, სადაც იყვნენ თქვენთან ერთად, სადაც გვერდით დაგიდგნენ, რა მოიგო ან პარლამენტმა და ან მთავრობამ? მედიასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ისიც თქვა, – ხომ შეიძლება მომავალში „ოცნების“ წარმომადგენლებს დასჭირდეთ შეწყალება და მათაც შევიწყალებო. ანუ, ეს ყველაფერი ვითომ ხუმრობაში გაატარა, მაგრამ დასავლეთთან „ჩახუტების“ შემდეგ, ჩანს, ქვეცნობიერი ეუბნება, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილმა რაღაცას ყური მოჰკრა და სწორედ ეს დასკვნა გამოიტანა. პრეზიდენტი ისე დაემსგავსა ოპოზიციის ლიდერებს, რომ იცავს ყველას და ყვლაფერს, რაც ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. დასავლეთის გეგმაში, ნებისმიერ ფასად შეიცვალოს მოქმედი ხელისუფლება, პრეზიდენტმა ერთ-ერთი საკვანძო როლი მიიღო და ვერ გეტყვით, რამდენად კარგი მსახიობია ზურაბიშვილი, მაგრამ, დავალებებს საუცხოოდ რომ ასრულებს, ფაქტია.
ცნობისათვის: სანამ საქართველოში იმაზე ვმსჯელობთ, ლგბტ კვირეული უნდა ჩატარდეს თუ არა, სანამ ქვიარ-თემის უფლებების დასაცავად ოპოზიცია ტანსაცმელს ტანზე იხევს, პრეზიდენტი თითს იქნევს, – არავინ გაბედოს მიკარებაო. ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ბიზნესს ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის უფლება მიანიჭა. ანუ, ამერიკაში ბიზნესმენს უფლება აქვს, სამსახურში არ აიყვანოს პირიო, რომელიც ლგბტ თემის წევრია და მიზეზად სწორედ ეს დაუსახელოს. როგორ მოგწონთ? ქართული არხები ამ ყველაფერს არ აშუქებენ, არც ოპოზიციის ბიცოლა დეგნანი იტყვის, რა მოხდა, მაგრამ სწორედ დეგნანი იქნება პირველი, ვინც ლგბტ თემის წარმომადგენელთა დასაცავად დადგება და მერე რა, რომ მის ქვეყანაში „რაღაც“ შეიცვალა, ხომ მიგვაჩვიეს, რომ, რაც შეიძლება დასავლეთისთვის, ის არ შეიძლება საქართველოსთვის, რადგან ეს დასავლეთში ხელს არ აძლევთ. იგივე „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი“ შეიძლება ევროპისთვის, კანადისთვის, ამერიკისთვის, მაგრამ საქართველოსთვის არა, რადგან მერე დასავლეთის რეზიდენტები ზუსტად ისე გაშიშვლდებიან, როგორც პრეზიდენტმა გაიშიშვლა თავი და წარმოგვიდგა, როგორც დასავლეთის მიერ დასმულ-ჩასმული აგენტი. ყველაფერთან ერთად, ბოლო ხანს ზურაბიშვილს ხმაშიც და ქცევებშიც ეტყობა, რომ თავი ერთპიროვნულ მმართველად მიაჩნია. მისგან ხშირად ისმის არა მხოლოდ დამრიგებლური, არამედ მბრძანებლური ინტონაციები და ის ვინმეს რამეს კი არ სთხოვს, პირიქით, მოითხოვს და ამტკიცებს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის სწორედ ის არის გასაკეთებელი, რასაც მისი ბაგეებიდან გავიგებთ. და რასაც ის ამბობს, რატომღაც ერთი-ერთში ემთხვევა დასავლელი „მეგობრების“ ნათქვამს და, რაც მთავარია, როცა ზურაბიშვილი აკეთებს განცხადებას, დასავლეთში ეს ფასდება როგორც პრეზიდენტის, მთავარსარდლის განცხადება და არა სამადლოდ კბილებჩასმული, ინგლისურის უცოდინარი ოპოზიციური ლიდერის ბჟუტურად. ეს ყველაფერი კარგად იცის ზურაბიშვილმაც, ევროპამაც, ამერიკამაც და ამიტომ ახლა დასავლეთი ყველაზე მეტად სწორედ პრეზიდენტზეა ჩაბღაუჭებული. პრეზიდენტი კი, თავის მხრივ, უზრუნველ სიბერესა და შვილების ევროპულ მომავალს „ალაგებს“ და შეწუხებული სახით გვეუბნება იმას, რასაც მჭადებზე დაპატიჟებული კელი დეგნანი ეტყვის. ისე, ამას წინათ რომ თქვა ზურაბიშვილმა, მჭადები მივირთვით, ჩაი დავაყოლეთო, ის მაინც აუხსნას ვინმემ, რომ მჭადს ჩაი არ უხდება და ამოლესილი ლობიო კომბოსტოსა და კიტრის მწნილთან ერთად შესთავაზოს. ლობიოს მონახვა ოპოზიციაში არ გაჭირდება და ამოლესვა კი მათ იციან, თუ იციან. ოფიციალურად, კანონით, ქვეყნის უმაღლეს პირებს წელიწადში ორჯერ სრული უფასო სამედიცინო კვლევა ეკუთვნით და მინდა, მივმართო ზურაბიშვილის ექიმებს: ბოლოს როდის გამოიკვლიეთ პრეზიდენტი? ხომ შეიძლება, წლების მატებასთან ერთად, რამე პრობლემა ჰქონდეს, ამიტომ ეგებ კვლევა საფუძვლიანად ჩაუტაროთ და გვითხრათ, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. რაც უნდა იყოს, პრეზიდენტის გარდა, ამ ქალს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ჰქვია.
ბესო ბარბაქაძე