Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: თუ ხელისუფლებამ კრიმინალი პოლიტიკოსების ნაზავის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურა არ დააბალანსა,...

ნანა კაკაბაძე: თუ ხელისუფლებამ კრიმინალი პოლიტიკოსების ნაზავის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურა არ დააბალანსა, სავარაუდოდ, ჩვენ დაახლოებით ისეთი ტიპის ომბუდსმენს მივიღებთ, როგორიც ლომჯარიაა

58

“თუ ხელისუფლებამ არ გადაიფიქრა და კრიმინალი პოლიტიკოსების ნაზავის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურა არ დააბალანს, მართლაც ნეიტრალური ადამიანი არ მოძებნა, რომელიც უპირველესად საზოგადოებისთვის იქნება მისაღები, სავარაუდოდ, ჩვენ დაახლოებით ისეთი ტიპის ომბუდსმენს მივიღებთ, როგორიც ლომჯარიაა”, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კაკაბაძემ სახალხო დამცველის არჩევის წესი შეაფასა.

“სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით ბევრი აზრი გაჩნდა. უკმაყოფილო გაცილებით მეტია, ვიდრე კმაყოფილი. შეიძლება ითქვას, იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვინც არჩევის ასეთი წესის კმაყოფილი არაა და რატომ: თავისთავად, ის განცხადება, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა, რომ კარტბლანშს აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციას, ერთი მხრივ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ძალიან კარგად გამოიყურება – ხელისუფლება არ ცდილობს თავის მომხრე ან თავისიანი კანდიდატის წამოყენებას და ამის საშუალებას არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციას აძლევს. მაგრამ საქართველოს რეალობა განსხვავებულია იმ დემოკრატიული სამყაროსგან, რომელშიც ჩვენ გვიხდება ცხოვრება და ვხედავთ დემოკრატიულ ქვეყნებს. ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არც ოპოზიცია გვყავს იმ ფორმით, რასაც ოპოზიცია ჰქვია და არც არასამთავრობო ორგანიზაციები გვყავს ისეთი, როგორიც არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ. პოლიტიკური პარტიების სახით უმეტესწილად კრიმინალური ძალები არიან, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას ეძახიან და უამრავი კრიმინალური ქმედებით გამოირჩევიან, განსაკუთრებით – მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დატოვეს. იმ 9- წლიან სისხლიან რეჟიმსაც თუ გავიხსენებთ, რომლის გახსენებაც ოპოზიციას ძალიან აწუხებს ხოლმე, ფაქტობრივად, ჩამოყალიბებულია ოპოზიციის სტერეოტიპი, რომელიც კრიმინალია. დღეს ხელისუფლება ამ ძალას საშუალებას აძლევს, ისევ თავის კანდიდატურა წამოაყენოს. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი პირდაპირ ამ პოლიტიკური ძალის დანამატები არიან, არც ისინი არიან ნეიტრალური, მიუკერძოებელი, რომელთა მიერ წამოყენებული კანდიდატი საზოგადოებისთვის მისაღები იქნებოდა.

რა მოცემულობა გვაქვს – ომბუდსმენის ინსტიტუტი, გარდა იმ საერთაშორისო დაფინანსებისა, რომელსაც უცხოური დონორი ორგანიზაციებიდან იღებს, ბიუჯეტიდან ფინანსდება. ანუ ომბუდსმენის ქმედებებზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს ხელისუფლებას და ამ დროს წამოყენებულია კანდიდატი და, ალბათ, გათვალისწინებული იქნება კანდიდატი, რომელზეც ხელისუფლება ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ იღებს. ამით ყველაზე მეტად საზოგადოება ზარალდება. წინა ომბუდსმენის ან იმის წინა ომბუდსმენის შემთხვევაში, ხელისუფლებამ გაითვალისწინა დასავლელი პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია. ბოლო ომბუდსმენზე ვისაუბროთ – მივიღეთ ლომჯარია. ვინაა ლომჯარიათი კმაყოფილი, გარდა ოპოზიციური ძალებისა და იმ მაფიური არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლის ლობირებითაც ის ამ თანამდებობაზე დაჯდა? შეგვიძლია, გამოკითხვაც ჩავატაროთ და ვნახავთ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, 99 % – სთვის, თუ 100 %- სთვის არა, ეს ადამიანი და ეს კანდიდატურა აბსოლუტურად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და ამ დროს კანდიდატის მიმართ ყველანაირი ბერკეტი ეცლება, რომ ის თუნდაც საზოგადოებისთვის მისაღები იყოს. როცა ასარჩევია მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, მხოლოდ პოლიტიზებული არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატი, ფაქტობრივად, არანაირი არჩევანის საშუალება არ არის. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს. თუმცა, კანონი აბსოლუტურად არ ამბობს ამას, პირიქით, ხელისუფლებას შეუძლია, გაითვალისწინოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატურა, მაგრამ ეს კანონში სავალდებულო წესით არ არსებობს. დღეს ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ სავალდებულო წესით მხოლოდ ამ პოლიტიზებული არასამთავრობოების და კრიმინალური ოპოზიციის კანდიდატებს მივიღებთ. აᲛით საზოგადოება დაზარალდება.

თუ ხელისუფლებამ არ გადაიფიქრა და კრიმინალ პოლიტიკოსების ნაზავის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურა არ დააბალანსა, მართლაც ნეიტრალური ადამიანი არ მოძებნა, რომელიც უპირველესად საზოგადოებისთვის იქნება მისაღები, სავარაუდოდ, ჩვენ დაახლოებით ისეთი ტიპის ომბუდსმენს მივიღებთ, როგორიც ლომჯარიაა”, – განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის დროებით წესს ითვალისწინებს.

პარლამენტის წევრების – მამუკა მდინარაძის და მიხეილ სარჯველაძის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა და კოლეგებს საკანონმდებლო ცვლილების არსი გააცნო. მისი განმარტებით, დროებითი წესი უზრუნველყოფს სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისა და წარდგენის პროცესის მაღალ გამჭვირვალობას და მასში სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, აკადემიური და პროფესიული წრეების ფართო ჩართულობას. პროექტის მიხედვით, პარლამენტის

თავმჯდომარის ბრძანებით, განისაზღვრება სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაც განსაზღვრულია 9 წევრით და რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების ჩართულობა.

„ცვლილება უკავშირდება თორმეტპუნქტიანი გეგმის მეთორმეტე პუნქტს, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენასა და არჩევას სახალხო დამცველის თანამდებობაზე. ამასთან დაკავშირებით წარიმართა მუშაობა ჩვენი მხრიდან და ევროპული სტრუქტურების, მათ შორის, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის და სხვა სტრუქტურების სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით მომზადდა ისეთი წესი, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს სრულფასოვნად აღნიშნული მიზნის მიღწევას, იმავდროულად წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ინიციატივა გულისხმობს ორ ეტაპად პროცედურების დარეგულირებას. ერთი არის რეგლამენტში ცვლილების შეტანა, სადაც გაიწერება კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება სახალხო დამცველი და მეორე – გაჩნდება საფუძველი რომ ერთჯერადად, ამ კონკრეტულ არჩევნებთან დაკავშირებით პროცესი დარეგულირდეს თავმჯდომარის ბრძანების მეშვეობით”, – განაცხადა მომხსენებელმა კომიტეტის სხდომაზე.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.

“საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ 31 აგვისტოს ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციის – სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

http://kvira.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here