რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ვალდებული არ არის, გადამწყვეტი წვლილი შეიტანოს ლიბიაში ვითარების რეგულირებაში, რადგან მას არ დაუბომბავს ეს ქვეყანა. ამასთანავე, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, ხელი შეუწყოს ვითარების ნორმალიზებას ქვეყანაში.
იტალიის პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტესთან გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა მსოფლიოს საზოგადოებრიობას მოუწოდა, გაიხსენოს, რით დაიწყო კრიზისი ლიბიაში. “ცუდი არ იქნებოდა, გაგვეხსენებინა, რით დაიწყო ყველაფერი, ვინ დაანგრია ლიბიის სახელმწიფოებრიობა. ეს იყო ნატოს გადაწყვეტილება. ევროპის თვითმფრინავებმა დაბომბეს ლიბია და შედეგიც აშკარაა: ლიბიის სახელმწიფოებრიობა განადგურებულია. მის ტერიტორიაზე ჩვენ ვხედავთ ქაოსს და გასამხედროებული დაჯგუფებების ბრძოლას”, _ თქვა მან. ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა შენიშნა: “არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ვალდებულია, გადამწყვეტი წვლილი შეიტანოს ვითარების რეგულირებაში. მოდი მათ ვკითხოთ, ვინც ეს გააკეთა”.
რუსეთის ლიდერის განცხადებით, მოსკოვი თავს არ აარიდებს ვითარების ნორმალიზებაში მონაწილეობას: “ჩვენ თავს არ ვარიდებთ ამას, მაგრამ არ გვსურს, თავით გადავეშვათ ამ პრობლემაში”, _ თქვა მან.
“ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, როგორც სარაჯის მთავრობასთან (საერთაშორისო საზოგადოებრიობა აღიარებს ფაიზ სარაჯის ნაციონალური ერთობის მთავრობას), ისე ბატონ ხაფთართან (ფელდმარშალი ხალიფ ხაფთარი ლიბიის ნაციონალური არმიის სარდალია). ერთიცა და მეორეც ჩამოსული იყვნენ მოსკოვში, ისევე, როგორც რომში. ჩვენი აზრით, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად შევწყვიტოთ შეიარაღებული დაპირისპირება, დაიწყოს დიალოგი და მოვილაპარაკოთ, როგორ აღვადგინოთ ლიბიის სახელმწიფოებრიობა. ჩვენ, ყველანი, ამით დაინტერესებულნი ვართ”, _ აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც დასძინა, რომ ამ პრობლემაზე იმსჯელა რომის პაპთან, იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასა და პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტესთან.
გვერდი მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ