მიხეილ ჟღენტი: მსოფლიო ბოლო 35 წლის განმავლობაში ისე დეგრადირდა, რომ ორი სქესის აღიარება უკვე გმირობისა და კონსერვატორიზმის ზენიტია

    „როდესაცჩვენი ახალგაზრდების ნაწილი მიხვდება, რომ დასავლეთმა გადააგდო, ეს იქნება ჩვენი ე.წ. დამოუკიდებლობის ხანის ყველაზე დიდი ტრაგედია. მე გულით მეცოდება ეს ხალხი... დღეს, როდესაც ევროპას თავისი თავი გასჭირვებია, ის ჩვენთვის მოიცლის? სრულდება სიყალბე და იბადება ახალი რეალობა”

    მიხეილ ჟღენტი

    ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუშაობას შეუდგა. მსოფლიოს ყურადღება მისკენ არის მიპყრობილი, ყველა სიტყვას, წინადადებას აანალიზებენ, ზოგს მოსწონს, ზოგს _ არა.

    პატარა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპის ყველა განცხადება, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობას ეხება, რადგან ამ ურთიერთობაზე დამოკიდებულია, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და, საერთოდ, ამიერკავკასიაში…

    პოლიტოლოგების ნაწილი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტს პოსტსაბჭოთა ქვეყნები არ აინტერესებს. თუ მართლაც ასეა, კარგია თუ ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის? რას უნდა ველოდოთ ტრამპისგან სასიკეთოს ან პირიქით? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიის სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

    _ ტრამპმა და მის უკან მდგომმა ძალებმა კარგად გააცნობიერეს, რომ ან მსოფლიო განადგურდება, ან უნდა მოხდეს ახალი-ძველი “პლასტინკის” გამოღება საკუჭნაოდან… მსოფლიო ბოლო 35 წლის განმავლობაში ისე დეგრადირდა, რომ ორი სქესის _ მდედრობითისა და მამრობითის _ აღიარება უკვე გმირობისა და კონსერვატორიზმის ზენიტია.

    ტრამპმა იგრძნო, რით უნდა მოიგოს ხალხისა და მსოფლიოს გული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გამოსვლა გლობალისტების მიერ შექმნილი ორგანიზაციის დასასრულის დასაწყისია.

    კონსერვატიზმი ხდება ახალი სატყუარა. ფაშისტური გერმანია იყო კონსერვატორული, თუ იყო, მაგრამ მას ხელი არ შეუშლია, გაზის კამერებში დაეხოცა მილიონობით ადამიანი. ტრამპი ტიპური კაპიტალისტია და ცდილობს, აშშ აქციოს წარმოების ცენტრად. კანადა, გრენლანდია, მექსიკის ყურე და მის მიერ ჩამოთვლილი ყველა მეზობელი (ჯერ) სჭირდება უშრეტი რესურსების ხელში ჩასაგდებად. ჩვენ მას უკვე ნაკლებად ვაღელვებთ.

    მისი მთავარი ამოცანაა ევროპის დასუსტება, რუსეთის ჩამოშორება ჩინეთისთვის და გასაღების ბაზრების გაზრდა…

        აშშ საქართველოდან გავა, უკვე დაწყებულია ეს პროცესი, მაგრამ ახლა მთავარია, მისი კონკურენტები, ლიბერალური ძალები, აქ რას მოიმოქმედებენ. დრო ძალიან ცოტა დარჩა. კიდევ ვიმეორებ: ჩვენ ხბოს აღტყინებით არ უნდა ვუყუროთ აშშ-ის გაკონსერვატორებას და ნუ გავებმებით ახალ ხაფანგში.

    საქართველოს ფუნქცია, როგორც რუსეთის გამაღიზიანებლის, სრულდება.

    _ ზოგიერთი პოლიტოლოგი ამბობს, რომ ტრამპი ბრიჩსის გაერთიანების ჩაშლას შეეცდება…

    _ ბრიჩსი უნდა გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატებისგან თავდაცვისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საშუალება, ამასთანავე, ის დოლარის ალტერნატივის მონახვის პერსპექტივას ითვალისწინებდა. ბრიჩსი იქნება, როგორც ორგანიზაცია, ხოლო რეგიონალური ლიდერები უფრო გამოიკვეთებიან.

    ბრიჩსი უფრო საკონსულტაციო ორგანოდ დარჩება, მაგრამ ამ ორგანიზაციის დიდი ხიბლი არის ის, რომ სრულად დაცულია მასში შემავალი ქვეყნების სუვერენიტეტი.

    _ ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს მიმართ. მან თქვა, რომ, თუ მოლაპარაკება არ გაიმართება უკრაინის საკითხზე, რუსეთს მაღალ გადასახადებს დაუწესებს პროდუქტებზე, რომლებიც ამერიკაში შედის. ეს რუსეთისთვის დიდი დანაკარგი იქნება?

    _ ტრამპმა დავოსში გამოსვლისას გულისტკივილი გამოთქვა, რომ საუდის არაბეთი ფასს არ ამცირებს ნავთობზე და ამით უკრაინაში ომის გაგრძელებას უწყობს ხელს, თუმცა თავად გამალებით ვაჭრობს რუსეთთან. ტრამპმა და მის უკან მდგომებმა კარგად დაინახეს ერთპოლუსიანი მსოფლიოს კატასტროფა.

     რატომ იყო 1950-1990 წლებში მსოფლიოში ოქროს ხანა? იმიტომ, რომ იყო საბჭოთა კავშირი და იყო ბალანსი. დღევანდელი კონსერვატიზმი არაფერს შეცვლის რიგითი ადამიანისათვის. ის ისევ ჩაგრული იქნება, ახლა უკვე კონსერვატორების საფარით. რუსეთი აუცილებლად შესთავაზებს მსოფლიოს განვითარების ახალ მოდელს. რა იქნება? ადამიანი და მისი უპირატესობა ფულზე, მამონაზე… მამონამ კინაღამ დაღუპა კაცობრიობა და ახლა გამოსავლის ძებნის პროცესში ვართ. კიდევ ერთი _ აშშ-მა ხელი გაუხსნა რუსეთს, იმოქმედოს ისე, როგორ თვითონ ამერიკა დაიწყებს თამაშს.

    _ შეძლებენ რუსეთი და ამერიკა მოლაპარაკებას? ფაქტია, რომ ტრამპი რუსეთისადმი სიმპათიითაა განწყობილი, მაგრამ როდემდე? რა შეიძლება მოხდეს, თუ ვერ მოილაპარაკებენ?

    _ სიმპათიით იქნება განწყობილი, აბა, რა… დაშლილი რუსეთი ფეხზე დადგა და უკვე იქით კარნახობს პირობებს დანარჩენ მსოფლიოს. მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, აშშ როდის იქცა ზესახელმწიფოდ. პირველი მსოფლიო ომის წინ მას არაფრად აგდებდა ევროპა, აი მეორე მსოფლიო ომის მერე კი აშშ გახდა ზესახელმწიფო, 1991 წლიდან კი _ მსოფლიოს მმართველი და რა მოუტანა კაცობრიობას? _ სრული დეგრადაცია და დაღუპვის პირას მიყვანა.

    მინდა, გაგახსენოთ ვლადიმერ პუტინის ცოტა ხნის წინათ ნათქვამი: “ჩვენ აღარ დავბრუნდებით 2022 წლის თებერვლის მდგომარეობაში”. უკრაინის ომი, ევროპის დასუსტება, ტრამპის მოსვლა ერთი მთლიანი მოვლენაა.

    როდესაც ჩვენი ახალგაზრდების ნაწილი მიხვდება, რომ დასავლეთმა გადააგდო, ეს იქნება ჩვენი ე.წ. დამოუკიდებლობის ხანის ყველაზე დიდი ტრაგედია. მე გულით მეცოდება ეს ხალხი. სად მიდიან ან სად მოდიოდნენ, მით უფრო დღეს, როდესაც ევროპას თავისი თავი გასჭირვებია, ის ჩვენთვის მოიცლის? სრულდება სიყალბე და იბადება ახალი რეალობა.

    საქართველოს დრო ცოტა აქვს. უნდა ჩამოვყალიბდეთ და ვიცოდეთ ჩვენი მიზნები და ამოცანები; უნდა ვიცოდეთ, რით ვხვდებით ახალი სამყაროს დაბადებას…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here