Home ახალი ამბები საქართველო მფუთავნი

მფუთავნი

პრეზიდენტის საზრუნავი

610

საქართველო ის ქვეყანაა, რომელში ნებისმიერი სისულელე შეიძლება ინფორმაციულ პროდუქტად გასაღდეს. არავითარი განსაკუთრებული ძალისხმევა ამ საქმეს არ სჭირდება. სისულელე (თუნდაც უკიდეგანო),  ოდნავ მაინც თუ შეფუთეს სატელევიზიო ფალასფულასში, უკვე ინფორმაციად საღდება და  ქართველი ხალხის რაღაც ნაწილის სახით მომხმარებელი ჰყავს.

შეფუთვა უმარტივესია. მაგალითად, ტელეარხ “მთავარზე” ნაციონალი წამყვანი ზალიკო უდუმაშვილი მის ხელქვეით კორესპონდენტს შეკითხვას დაუსვამს:

– როგორ იყენებენ რუსები ფოტოაპარატებს სამხედრო წარმოებაში?

კორესპონდენტი წინასწარ დაზუთხულ ტექსტს ჩამოარაკრაკებს:

– საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გვიმტკიცებს, რომ რუსებს ისეთს არაფერს აწვდიან, რაც პუტინის რეჟიმმა შეიძლება სამხედრო ტექნიკის დასამზადებლად გამოიყენოს, მაგრამ, ბუნებრივია, ეს სიმართლე არ არის, რადგან ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, მათ შორის სარეცხი მანქანების, კონდიციონერების, მაცივრების ნაწილებს პუტინის რეჟიმი შლის და შემდეგ  სამხედრო დანიშნულებისთვის იყენებს. აი, მაგალითად, რომ ავიღოთ ჩვეულებრივი ფოტოაპარატი (ნათქვამისთვის დამაჯერებლობის მისანიჭებლად ფოტოაპარატი ხელში უჭირავს და ატრიალებს – ვ.კ.), ეს არის “ქენონის” აპარატი, რომელიც საქართველოდან შედის რუსეთში. არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნულ ფოტოაპარატებს პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები უპილოტო სამხედრო აპარატში ამონტაჟებენ, რომლებსაც შემდეგ უკვე დაზვერვისთვის იყენებენ.

დააკვირდით: უდუმაშვილსა და მისი კორესპონდენტს არავითარი არგუმენტი არ გააჩნიათ (არც სჭირდებათ) თავიანთი აზრის გასამყარებლად. კორესპონდენტი ამბობს: “ხელისუფლება გვიმტკიცებს… მაგრამ, ბუნებრივია,  ეს სიმართლე არ არის”. სწორედ ეს ნათქვამი, – “ბუნებრივია, ეს სიმართლე არ არის”, მათი აზრით, არგუმენტივით გაისმის. მათი აზრით, არგუმენტად გამოიყურება სიტყვები:„არსებობს მტკიცებულება“. სად არსებობს, რა მტკიცებულება არსებობს, თუკი ამ მტკიცებულების შესახებ არაფერს გვეუბნებიან?! ეს არის ის, რასაც ინფორმაციის შეფუთვა ვუწოდე. არანაირი არგუმენტი, არავითარი ლოგიკური მსჯელობა, მხოლოდ ჟონგლიორობა და აბსოლუტურად უნიჭო, მაგრამ მაინც შეფუთვა.

საერთოდ, შეფუთვა დასავლური მოვლენაა და უსათუოდ არის მასში კულტურის ელემენტი, მაგრამ ვაღიაროთ, რომ არის მასში თაღლითობის დოზაც. მე,  საბჭოთა ეპოქაში დაბადებულ და გაზრდილ კაცს, კარგად მახსოვს შეფუთვის სრული უკმარისობა და დეფიციტი. ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას (მაგალითად, ყველს, კარაქს, ხორცეულს ან თევზეულს) გამყიდველი (ნოქარი) ქალი ან მამაკაცი, რომლებსაც მუდამ დაღლილი გამომეტყველება ჰქონდათ და ხაზგასმულად არ იღიმოდნენ, ისეთ შავ ქაღალდში და ისე ულაზათოდ შეგიხვევდა, რომ წამოღების სურვილი გეკარგებოდა. ამ დროს დასავლეთიდან რაღაც მანქანებით მაინც აღწევდა გაცილებით მდარე ხარისხის პროდუქცია, ვიდრე ადგილობრივი იყო, მაგრამ ისეთ ჭრელა-ჭრულა ყუთებს, ქაღალდებსა თუ ცელოფნებში შეხვეული, რომ ზედ თვალი  დაგრჩებოდა. ჩვენ ვერ შევფუთეთ ლაღიძის უძვირფასესი გამაგრილებელი წყლები ისე, როგორც ამერიკელებმა თავიანთი საწამლავები შეფუთეს. რეკლამით ადამიანების მიზიდვა და მათი ცდუნება  უდიდესი ხელოვნება და მთელი ინდუსტრიაა, რაშიც მათ ბადალი არ ჰყავთ. როგორც ვთქვი, ამაში არის კულტურის ელემენტი, მაგრამ არის რეკლამის, ანუ თაღლითობის ელემენტიც. დასავლური სამყაროს ეს პროფესიონალი მფუთავნი არა მხოლოდ გასაყიდ პროდუქციას, არამედ იდეოლოგიურ ნაგავსაც ისე ფუთავენ და ისე მიმზიდველ გარსში ხვევენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გაურბის და გავლენის ქვეშ ექცევა. ცხადია, უდუმაშვილი და მისი კორესპონდენტი გოგონა ისეთი მაღალი სტანდარტით ვერ ფუთავენ  თითიდან გამოწოვილ სიცრუეს,  მართალივით რომ მოგვაჩვენონ, მაგრამ, მცდელობას რომ არ აკლებენ, ფაქტია. შეფუთვის შემადგენელი ნაწილი იყო ისიც, რითაც კორესპონდენტმა გოგონამ რუსულ ტექნიკაზე მისი “სულში ჩამწვდომი” თხრობა დაასრულა: “სწორედ ამაზე მიუთითებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯეიმს ო’ ბრაიანი, როდესაც ამბობს, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში”. უდუმაშვილი, მისი კორესპონდენტი გოგონა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯეიმს ო’ ბრაიანი ერთ სიუჟეტში რომ აითქვიფებიან, შეფუთულია ინფორმაცია, აბა, რა ჯანდაბაა?! ჰოდა, რას ვერჩით უდუმაშვილსა და მის კორესპონდენტ გოგონას, თუკი ბრაიანიც იმავეს გაიძახის, რასაც ტელეარხ “მთავარის” ეს მოციქულები ასე გულმოდგინედ ფუთავენ. აი, ბრაიანის ის სიტყვები, უდუმაშვილის კორესპონდენტმა გოგონამ არგუმენტად რომ მოიხმო: “სანქციების დაწესებიდან ექვსი თვე რუსეთს არ ჰქონდა წვდომა იმ ელექტროსაქონელზე, რომელიც იარაღის დამზადებისთვის არის აუცილებელი. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მათ არ შეეძლოთ ყოველ ღამით კიევის დაბომბვა, რადგანაც მათ არ შეეძლოთ ახალი იარაღის დამზადება. ეს არის სანქციების ნამდვილი და ხელშესახები შედეგი. ამას თუკი დავუმატებთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და უკეთეს საჰაერო დაცვის სისტემებს, სწორედ ასე მოვიგებთ ომს. ჩვენ ვიცით, რომ ეს დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომ დავდივარ მე საქართველოში, ყაზახეთსა და სომხეთში; ამიტომ დადის ჩვენი გუნდი თურქეთსა და სხვა ქვეყნებში“.

ასე იკვრება ეს წრე ამერიკული და ქართული სიცრუისა, უფრო სწორედ ამერიკული და ქართული სიცრუის ერთად შეფუთვისა, ომელი ყოველდღიურად, ყოველწუთიერად და ყოველწამიერად მოგვეწოდება, როგორც ბაჯაღლო ჭეშმარიტება.

ნათქვამია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო. ჩამობრძანდა თბილისში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ სალივანი, რომელმაც მის მიერ ჩამოყვანილი სპეციალისტების დაკვირვების შედეგად ასეთი დასკვნა გააკეთა: “ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის და, ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანას ოდესმე მივესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრს, და არ უნდა დავუშვათ, რომ სანქციების საკითხი ჩვენი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის დაბრკოლებად იქცეს. სიამოვნებით ვიტყვი იმას, რასაც ბოლო ორი დღე ადასტურებს: ეს აბსოლუტურად ასე არ არის!”

დავიჯერო, რომ ამ კაცმასანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ სალივანმ და მისმა სპეციალისტებმა იმაზე მეტი არ იციან, ვიდრე უდუმაშვილმა და მისმა კორესპონდენტმა გოგონამ?! აბა, რა სარეცხი მანქანები და ფოტოაპარატებიო, რას ბოდავენმთავარისესწმინდა მოციქულები“? სად გაგონილა სარეცხი მანქანიდან და მაცივრიდან მოხსნილი ნაწილებით სამხედრო ტექნიკის გამართვა?! ამგვარი სამარცხვინო დეზინფორმაციითაა გაჯერებული მთელი სამაუწყებლო სივრცე. გამკითხავი კი არავინ ჩანს.

რამდენიმე დღის წინათ რუსეთში სამხედრო ჯანყი დაიწყო, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რადგან იმაზე,  როგორ წარიმართებოდა პროცესები, პლანეტის ბედი იყო დამოკიდებული. ეს ამბავი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და ყველაფერი ისე მშვიდად დასრულდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ერთი ტყვიის გასროლაც  არ დასჭირდა. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი? მხოლოდ ერთ რამეზე: რუსეთში ხალხი მხარს პრეზიდენტს უჭერს, რის გამოც ვერანაირი ჯანყი (ვერც სამხედრო და ვერც სამოქალაქო) ვერც შედგება და ვერც გაიმარჯვებს. ეს არის ლოგიკური მსჯელობა, მაგრამ ახლა ვნახოთ, თუ როგორ გამოეხმაურა რუსეთში განხორციელებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: “ეს ყველაფერი ჩვეულებრივ რუსულ ტრადიციას არ ჰგავს. ვფიქრობ, ახალ ფაზაში ვართ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან არის, როდესაც რუსეთი ხედავს, რომ ყველა მისი დიდი გეგმა ერთმანეთის მიყოლებით დამარცხდა. ეს საბოლოო სამხედრო მარცხი ჯერ არ არის, მაგრამ ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ეცადა, ან არ იმუშავა, ან სრულიად მოულოდნელი რეაქციები გამოიწვია – გაერთიანებული ევროპა, გაერთიანებული და უფრო ძლიერი ნატო, ევროკავშირი, რომელიც კვლავ გაფართოებაზე საუბრობს, რომელიც ისეთ თემას ჰგავდა, რომელთან შეხებაც არავის არ უნდოდა.

ასე რომ, პუტინისთვის ყველა ნეგატიური შედეგი – წარუმატებლობა მობილიზაციაში, პრიგოჟინის “ვაგნერი”, რომელიც ამ თეატრის ბოლო აქტს შეადგენს, რუსეთის არმია სრულიად შერცხვენილია. ეს რუსული ტრადიციული არმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ არმიად განიხილებოდა, ახლა დონეცკში პრიგოჟინის იმედზეა”.

თავი დავანებოთ იმას, რომ ამ აბდაუბდა საუბრიდან ძნელია აზრის გამოტანა. ერთადერთი, რაც ამ “მსჯელობიდან” შეიძლება დავასკვნათ, არის ის, რომ ქალბატონ პრეზიდენტს რუსეთი დამარცხებული ჰგონია. ერთ სახელმწიფოს მთელი სამხედრო ბლოკი დაესია, მათ შორის, სამი ბირთვული სახელმწიფო (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი), პუტინი კი მის მიერ დაწყებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მშვიდად მიჰყვება, ისე, რომ ვითარება სრულმასშტაბიან ომშიც არ გადაუზრდია. მიუხედავად არნახული ფინანსური და სამხედრო დახმარებისა, ომელსაც დასავლეთი ზელენსკის ფაშისტურ ხუნტას უწევს, რუსეთი თანდათანობით ფქვავს უკრაინულ არმიას, წვავს დასავლურ ტანკებსა და მძიმე ტექნიკას და დრო გაჰყავს, რადგან დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ქალბატონი პრეზიდენტი ისეა მოქცეული დასავლეთის მიერ შეფუთული (დეზ)ინფორმაციის ტყვეობაში, რომ ამას ვერ ხედავს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოვა დევიდ ო’ სალივანის მსგავსი მოხელე და იტყვის, – რუსეთთან ბრძოლაში დასავლეთი დამარცხდაო. როგორ იქნება ასეთ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს საქმე – ზალიკო უდუმაშვილისა და მისი კორესპონდენტი გოგონას მდგომარეობაში ხომ არ უნდა აღმოჩნდეს საქართველოს პრეზიდენტი?! თუმცა იგი, როგორც ჩანს, ახლა სხვა საზრუნავითაა დაკავებული. სანამ  საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, უნდა დასავლეთს როგორმე ისე მოაწონოს თავი, უფრო სწორად, ისე შეფუთოს საკუთარი თავი, რომ, რაკი საქართველოში აღარ დაედგომება, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ყოფილი პრეზიდენტის შესაფერისი თბილი ადგილი უბოძონ (მარგველაშვილივით დუშეთის კარტოფილის ამარა რომ არ დარჩეს) და სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს) უზრუნველად გაატაროს. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარც დასავლურად შეფუთული სალომე გაახსენდება ვინმეს და აღარც მისი უთავბოლო პოლიტიკა.

საქართველო კი… საქართველო კი, ალბათ, ისევე გაუძლებს ამ საშინელ ეპოქას, როგორც მრავალი სხვა უგვანი ეპოქისა და ჟამიანობისთვის გაუძლია. გადაივლის უსამართლობითა და უგუნურებით აღსავსე პერიოდი და ქვეყანა კვლავ დაადგება ჩვენი დიდი წინაპრების მიერ გაკვალულ ისტორიულ გზას, კვლავ მოითქვამს სულს, კვლავ აღორძინდება მაღალი კულტურითა და სულიერებით, დიდი მეცნიერებით, ხელოვნების მწვერვალებით, ადამიანური ურთიერთობების დახვეწილი ფორმებით, ტოლერანტობით, ჰუმანიზმით, სიყვარულით, მშვიდობის წყურვილითა და მის მიმართ ერთგულებით… ცუდი სიზმარია სხვა დანარჩენი. ყველა ტკივილი, ყველა შიში და ყველა წყენა გამოღვიძებისთანავე გაქრება უკვალოდ. მთავარია, გამოღვიძება დადგეს, როგორც დაბინძურებული სულის განწმენდა და ზიარება, როგორც დაბრმავებულ თვალთა ახელა, დახშული სმენის გახსნა, დაბინდული გონების განათება და ჭეშმარიტების შეცნობა. მთავარია, ეპოქალურ კოშმარში არ ჩავრჩეთ მუდმივად მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ გავიღვიძეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ დავინახეთ, ვერ გავიგონეთ და ვერ გავიგეთ ვერაფერი, რაც  ირგვლივ ხდება, რაც დედამიწასთან ერთად ისტორიულ პროცესებსაც ატრიალებს და რამაც გაუსაძლისი ტკივილებით უნდა შვას ახალი რეალობა, როგორც დასრულება სატანის აღზევებისა, უზნეობის კულტისა, უგუნურების ზეობისა, გაუთავებელი ტანჯვისა და უმიზნო თვითგვემისა…

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here