Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – სრულიად ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ...

ირაკლი კობახიძე – სრულიად ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები

57

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახი კალაძის განცხადებას სრულიად ეთანხმება.

საუბარია განცხადებაზე, სადაც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, ამ ქვეყნის მტრები არიან.

„სრულიად ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას. მან თქვა, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები. მათ ამოძრავებთ მტრული მოტივაცია, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა. თუმცა პარლამენტარები არიან და ყველა პარლამენტში არიან ასეთი ადამიანები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ გზებზე, თუ როგორ აპირებენ ევროკავშირის მიერ დადგენილი მე-5 პუნქტის შესრულებას, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება.

„დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება. ჩვენ ვთარგმნეთ უკრაინული კანონი და მცირე ადაპტაციით მოხდა მისი დაკოპირება. ეს საკითხი განიხილება სამუშაო ჯგუფში. რატომ უკრაინული კანონი? იმიტომ რომ არაფერზე არაა მორგებული, ქართულ რეალობაზე არ არის მორგებული, ეს დოკუმენტი განყენებულ სივრცეში ჩამოყალიბებულია. თემა არის ზოგადი და ძალიან მარტივად შეიძლება, გამოგვადგეს. ოლიგარქი ყველა მოხვდება. ჩვენ თუ ჩავხედავთ უკრაინულ კანონს, იქ არის ოთხი კრიტერიუმი. ამ ოთხი კრიტერიუმიდან ოლიგარქი სამს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კანონის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ ჩაითვლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე: „სპეციალურად მიიღეთ ივანიშვილისთვის ეს კანონი“, კობახიძემ აღნიშნა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი არ ერგება ივანიშვილს, მაგრამ პირდაპირ ერგება არაერთ ადამიანს, რომელიც ოპოზიციასთან არის დაკავშირებული.

„გამოდის, რომ უკრაინელებმა მიიღეს ჩვენთვის ჩვენზე მორგებული კანონი? ეს კანონი იმიტომ დავაკოპირეთ, რომ არაფერზე არ არის მორგებული. ბიძინა ივანიშვილს არ ერგება, მაგრამ პირდაპირ ერგება არაერთ ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციასთან. მაგალითად, კეზერაშვილი, ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი, ჭუტა წერეთელი და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს ერგებათ ოლიგარქის ცნება და ალბათ ამიტომ არის, რომ ისინი მძიმედ განიცდიან უკრაინული კანონის კოპირებას“, -აღნიშნა კობახიძემ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here