Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ადამიანებმა გვითხრეს, რომ სააკაშვილი მათი აგენტია...

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ადამიანებმა გვითხრეს, რომ სააკაშვილი მათი აგენტია – ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება ქვეყანას, ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, მოძალადე სააკაშვილი

166

მინდა ვუთხრა ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ კორუმპირებულ ბიუროკრატს, რომლებიც ჭკუას არიგებენ ქართველ ხალხს – ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება ქვეყანას. ქართველ ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, მოძალადე სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი სისტემა,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურებოდნენ.

„მინდა, გამოვეხმაურო ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციას, რითაც რეალურად ამ ადამიანებმა ქართველ ხალხს და ჩვენ გვითხრეს, რომ სააკაშვილი მათი აგენტია, მათი მსახური იყო, მათ უბრალოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, არ აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩაგრავდა, კლავდა, აწამებდა ხალხს, ბიზნესს ატერორებდა, სრულად დახშული იყო მედიათავისუფლება.

იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ამ კაცმა და მისმა ბოროტმა რეჟიმმა ჩაიდინა, როგორიცაა – გირგვლიანის მკვლელობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, რომელიც ლამის მოკლეს, არ აინტერესებთ რეალობა, არ აინტერესებთ, რომ „იმედი“, რომელიც დაარბიეს, ძალადობრივად წაიღეს და მიისაკუთრეს.

არც ის აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩამობრძანდა და უკანონო გზით შემოვიდა. აპირებდა რევოლუციის მოწყობას, უნდოდა სისხლიანი დარბევები და ადამიანების დახოცვა. ეს ყველაფერი არ აინტერესებთ. მათ გვითხრეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, არც თქვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და აზრი არ გვაინტერესებს, ეს კაცი იყო ჩვენი მსახური, ჩვენი აგენტი და უნდა გამოუშვათ ციხიდან.

მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს. ყველამ კარგად დაიმახსოვროს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მინდა ეს ვუთხრა ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ კორუმპირებულ ბიუროკრატს, რომლებიც ჭკუას არიგებენ ქართველ ხალხს – ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება ქვეყანას. ქართველ ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, მოძალადე სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი სისტემა. ქართველ ხალხს სჭირდება განვითარება, კეთილდღეობა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here