Home ახალი ამბები მდინარაძე: 2012 წელს ჩვენთან ერთად სანდრო გირგვლიანმაც გაიმარჯვა

მდინარაძე: 2012 წელს ჩვენთან ერთად სანდრო გირგვლიანმაც გაიმარჯვა

808
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ახალ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა.

 

“12 წელი გავიდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან. სანდროს გირგვლიანის მკვლელობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება მართლმსაჯულების და ადამიანის წინააღმდეგ. 2012 წელს არ გაუმარჯვია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციას, 2012 წელს ჩვენთან ერთად გაიმარჯვა სანდრო გირგვლიანმაც, 2012 წელს გაიმარჯვა ადამიანმა ძალადობრივ რეჟიმზე.
ეს საქმე ქართულ რეალობაში გარკვეული თვალსაზრისით პოლიტიკური ღირებულების განმსაზღვრელიც გახდა და ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული მთავარი ღირებულება არის სწორედ ადამიანი, რომელიც ყველა სისტემაზე, ყველა მიზანზე მაღლა დგას, როგორც უმთავრესი ღირებულება.
შესაბამისად, სანდრო გირგვლიანის საქმე მხოლოდ სამართლებრივი პროცესი არ ყოფილა. სამართლებრივად საქმეზე სასჯელს იხდის 8 პირი და მსჯავრდებულია ექსპრეზიდენტი სააკაშვილი. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს ამ საქმის, ამ გაკვეთილის არასწორი ინტერპრეტაცია.
სანდროს მკვლელობიდან ზუსტად 12 წლის თავზე, საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ, გაბედა და გარდაცვლილის ოჯახის, ქართველი ერის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოვიდა. მან სანდრო გირგვლიანის ტრაგედიას, საზოგადოების რეაქციას წარმოუდგენელ უსამართლობაზე, პოლიტიკური ცირკი უწოდა. ის სრულიად უტიფრად შეეცადა, რომ გახმაურებული საქმე შეეფუთა, როგორც სახელმწიფო მანქანის მიერ მკვლელობის სამწუხარო, მაგრამ ბანალური ფაქტი, ხოლო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება კი ინსტიტუტების მიერ მომზადებული პროცესი და არა მისი პიროვნული გადაწყვეტილება. სამწუხროდ, ამას სერიოზული წინაპირობაც ჰქონდა.
სააკაშვილის ამ თავხედობას, მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდოსამართლებრივ ფუნდამეტს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა სააკაშვილი. მთელი თვის განმავლობაში ქართული საზოგადოება აკვირდებოდა როგორ ხმაშეწყობილად, ტანდემში საუბრობდნენ სააკაშვილი და მარგველაშვილი. ფაქტია, რომ ის ასევე იქცევა სააკაშვილის მიმართ წაყენებული სხვა ბრალის შემთხვევაშიც. ჩვენი მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვასაც პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს, რითაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდება მისი პოლიტიკური ამოცანაა.
ფრაქცია იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციტივათა პაკეტზე, რომელიც, ერთის მხრივ უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას – ეს იქნება ცვლილებების მთავარი არსი. რასაკვირველია, ახალი რეგულაცია ვერ გავრცელდება ძველ შემთხვევებზე და შეეხება მხოლოდ მოქმედ და მომავალ ხელისუფლებებს. ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება “გირგვლიანის შესწორებები” დავარქვათ. შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here