Home ახალი ამბები საქართველო ღარიბაშვილის ბერლინის კედელი  ანუ  ეშმაკის განდევნა საქართველოდან

ღარიბაშვილის ბერლინის კედელი  ანუ  ეშმაკის განდევნა საქართველოდან

ხელისუფლება, რომელიც ბერლინში საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა, ორი დღის შემდეგ თბილისში არასახარბიელოდ გამოიყურება, მეტისმეტად არასახარბიელოდ… ეშმაკთან ზავი ეშმაკთან გარიგებასა და მის მოკავშირეობას ნიშნავს

592

საქართველო წელს მასპინძელი ქვეყანაა მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 7 მარტს ოფიციალურად გახსნა.

ბერლინის ღონისძიება უდავოდ დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პრემიერმინისტრის ის განცხადება, რომელიც მან ბერლინში გამოფენის გახსნის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე გააკეთა.  ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბატონი ღარიბაშვილი ბერლინში, ევროპის ცენტრში, ასე მკვეთრ განცხადებებს თუ გააკეთებდა და ევროპას პირში მიახლიდა სათქმელს, რომელიც ქართველ ხალხს წლების განმავლობაში დაუგროვდა: მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს. ყველამ კარგად დაიმახსოვროს:  ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა  საქმეებში ჩარევას“.

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ვადარებთ ქართველები მოულოდნელ  ნათქვამს ან მოულოდნელ  მოქმედებას. სწორედ ასეთი ეფექტი ჰქონდა ამ განცხადებას არამხოლოდ ქართველებისთვის, არამედ, ალბათ, ევროპელებისთვისაც. იმიტომ კი არა, რომ ამ ნათქვამში რამე მიუღებელია გაცხადებული, არამედ იმიტომ, რომ საქართველო წლების განმავლობაში  მიაჩვიეს დასავლეთის წინაშე თავდახრილ (თავჩაქინდრულ) დგომას. საქართველოს პრემიერმინისტრის ამ განცხადებაში კი სხვაგვარი საქართველო ვიხილეთ – წელში გამართული, თავაწეული, საკუთარ ღირსებაში დარწმუნებული.  ასეთი იყო პრემიერმინისტრი და, შესაბამისად, ასე ჩანდა სახელმწიფო, რომელსაც იგი წარმოადგენდა. პირველად ვიხილეთ საქართველოს წინამძღოლი, რომელიც დასავლეთში ბატონებს კი არ ელაქუცებოდა, არამედ პარტნიორებს ესაუბრებოდა;  ესაუბრებოდა, როგორც ტოლი ტოლს და  სწორი სწორს, ესაუბრებოდა არა საცოდავი ქვეყნის საცოდავი წარმომადგენელი, არამედ ათასწლეულებგამოვლილი და  უდიდესი კულტურის შემქმნელი, ღირსეული ერის ღირსეული წინამძღოლი. აი, რატომ ჰგავდა საქართველოს პრემიერმინისტრის ეს განცხადება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას. ნახეთ, როგორია მისი განცხადების არამხოლოდ შინაარსი, არამედ პათოსიც: მინდა,  ეს ვუთხრა ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ კორუმპირებულ ბიუროკრატს, რომლებიც ჭკუას არიგებენ ქართველ ხალხს: ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება ქვეყანას“.

ქართველი ხალხი არც მოსწავლეა, არც სტუდენტი და, სხვათა შორის, არც ასპირანტი, რომელმაც ევროჩინოსნებს ისე უნდა უსმინოს, როგორც მოსწავლეები უსმენენ დამრიგებელს, სტუდენტები – ლექტორებს  და ასპირანტები – პროფესორებს. მართალია, დასავლეთმა ისიც კი გვაკადრა, რომ ოფიციალურად მოგვანიჭა ასპირანტი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ქართველი ხალხი, მიუხედავად დასავლეთის მიმართ ღრმა პატივისცემისა, არ აპირებს საკუთარი ასპირანტობისა და დასავლეთის პროფესორობის აღიარებას. დასავლეთი  ამიერიდან ვერ მოგვახვევს თავს საკუთარ ლაქიებს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. აი, რა განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბერლინში: ქართველ ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, მოძალადე  სააკაშვილი  და მისი დანაშაულებრივი სისტემა. ქართველ ხალხს სჭირდება განვითარება, კეთილდღეობა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურებოდნენ“.

ეს იმ პიროვნებისა და იმ ლიდერის პოზიციაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და მისი პირადი ღირსების განცდით აზროვნებს, საუბრობს და მოქმედებს. ქართველ ხალხს, დიდი ხანია, რაც მისი ლიდერის ასეთი მტკიცე პოზიცია არ უნახავს და არ მოუსმენია. ეს მაძლევს უფლებას,  ხმამაღლა ვთქვა: როგორც ჩანს, საქართველოს ცხოვრებაში ახალი ეპოქა იწყება. იქამდე, სანამ ვიტყვი, კონკრეტულად რა ეპოქაა ეს, თქვენს ყურადღებას ბატონი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ უფრო კონკრეტულ საკითხზე შევაჩერებ: მინდა, გამოვეხმაურო ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციას, ომლითაც რეალურად ამ ადამიანებმა ქართველ ხალხს და ჩვენ გვითხრეს, რომ სააკაშვილი მათი აგენტია, მათი მსახური იყო. მათ, უბრალოდ, არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი; არ აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩაგრავდა, კლავდა, აწამებდა ხალხს, ბიზნესს ატერორებდა, სრულად დახშული იყო მედიათავისუფლება. იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ამ კაცმა და მისმა ბოროტმა რეჟიმმა ჩაიდინა, როგორიცაა   გირგვლიანის მკვლელობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, რომელიც ლამის მოკლეს;  არ აინტერესებთ რეალობა, არ აინტერესებთ, რომიმედი“, რომელიც დაარბიეს, ძალადობრივად წაიღეს და მიისაკუთრეს. არც ის აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩამობრძანდა და უკანონო გზით შემოვიდა; აპირებდა რევოლუციის მოწყობას, უნდოდა  სისხლიანი დარბევები და ადამიანების დახოცვა. ეს ყველაფერი არ აინტერესებთ. მათ გვითხრეს, რომ,  ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, არც თქვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ გვაინტერესებს. ეს კაცი იყო ჩვენი მსახური, ჩვენი აგენტი და უნდა გამოუშვათ ციხიდან“.

ეს დასავლეთისთვის არა მხოლოდ სიმართლის თქმაა, არამედ სილის გაწვნა და მხილებაა, თუ გნებავთ, ბრალის წაყენებაც. პრემიერმინისტრი ამით არ შემოფარგლულა: ჩვენ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან  სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს.  ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებ, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.  წლების განმავლობაში ისინი ათეულ მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება  საზოგადოების  წინაშე არ გააჩნიათ“.

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით,  ქვეყნები თვითონ უნდა წყვეტდნენ, როდის რა კანონი უნდა მიიღონ. როგორც იგი აცხადებს, ამიერიდან  საქართველო ამ გზით ივლის: ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილება, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში“.

რას გულისხმობს პრემიერმინისტრი სიტყვებში  – მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში? რა პროცესები იწყება ქვეყანაში და რას ედება საფუძველი ამ ახალი კანონის მიღებით? პრემიერმინისტრი მოკლედ, კონკრეტულად და ყველასთვის გასაგებად ხსნის: ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა,  ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“.

აქ უნდა დავსვათ არსებითი ხასიათის შეკითხვა: როგორ უნდა გავიგოთ და რა არის ეს, ევროპისგან და დასავლეთისგან გამიჯვნა? პრემიერმინისტრი აქაც მარტივ და ერთმნიშვნელოვან პასუხს გვაძლევს: ჩვენ, ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე, ბოლო ათ წელიწადში, ყველამ კარგად ვიცით, რომქართულმა ოცნებამმოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა,  უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ახლა ჩვენ ველოდებით სტატუსს. ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ.  ნებისმიერი სპეკულაციები, ომლები ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, საფუძველს მოკლებულია. გასაგებია, რომ შეიძლება ბევრისთვის იყოს ეს მიუღებელი საკითხი, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ის გავაკეთოთ“.

რას ნიშნავს ეს განცხადება? დასავლეთის “მეხუთე კოლონას” თუ უპირისპირდები, ესე იგი, დასავლეთს უპირისპირდები. დასავლეთს თუკი უპირისპირდები, როგორ აცხადებ, რომ დასავლური ოჯახის წევრი ხდები? ხომ არ არის ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები? ერთი შეხედვით, არის, რა თქმა უნდა, მაგრამ გასარკვევია,  ვინ აკომპლექტებს და ვინ აფინანსებს ამ უკეთურ ძალას საქართველოშიოფიციალური დასავლეთი თუ დასავლეთში არაოფიციალურად მოქმედი უკეთური ძალები? პრემიერმინისტრის განცხადება სწორედ ასე უნდა გავიგოთ: ჩვენ გვინდა ევროპასთან ურთიერთობა, გვინდა ევროკავშირის წევრობა, მაგრამ არ გვინდა ევროპული დიქტატი, არ გვინდა მათიმეხუთე კოლონადა არ გვინდა მათი ჯაშუშები ხელისუფლებაში. ეს უკვე სხვა ლოგიკაა – გამართული, ზნეობრივი და, რაც მთავარია, საქართველოს ინტერესების შესაბამისი. ეს ის ლოგიკაა, რა ლოგიკითაც დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების არც .ერთი წარმომადგენელი აქამდე არ დალაპარაკებია. აქამდე საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები დასავლეთის წინაშე რელიგიური მოწიწებისა და მორჩილების დარი გრძნობით შეპყრობილნი იდგნენ. ვინმე შარლ მიშელის მიერ ნაჯღაბნ თორმეტ პუნქტს ლამის ქრისტეს ათი მცნების იდუმალებითა და საკრალურობით მოსავდნენ და ზნეობრივ იმპერატივად აცხადებდნენ. დასავლეთმა გვითხრა“, “დასავლეთმა დაგვავალა“, “დასავლეთი შეგვპირდა“, “დასავლეთი მოითხოვს“, “დასავლეთის ინტერესებშია“, “დასავლეთს სურსაი, სიტყვები, რითაც ათეული წლების განმავლობაში ქართული საზოგადოებრივი ცნობიერება გაჟღინთეს, ევროპული დირექტივები კი სამოქმედო პროგრამად გვიქციეს. საქართველოს სურს ევროპასთან ურთიერთობა, მაგრამ არა ასეთი და არა ამ ფორმით, – აცხადებს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი: ჩვენ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“.

დასავლეთის “მეხუთე კოლონა” მიეჩვია თავგასულობასა და შეუზღუდავობას. მეტიც, მიეჩვია ვითარების  მართვას, ბრძანებების გაცემას და სრულ კარტ-ბლანშს,  ამიტომ ისინი მტკივნეულად აღიქვამენ თუნდაც მინიმალურ კონტროლს, რომელიც შეიძლება კანონით დაუწესონ. ეს ვითარება, ცხადია, პრემიერმინისტრსაც ესმის: მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ათეულ მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა. მინიმალური სტანდარტი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს“.

პრემიერმინისტრმა ისიც შესანიშნავად იცის,  რას წარმოადგენს ის ძალა, რომელიც ვითარების არევას ცდილობს, ხალხის ნდობის რა ხარისხით სარგებლობენ ისინი და რა პოლიტიკური პერსპექტივა გააჩნიათ მათ: სამწუხაროდ, დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული. მათი ყოველგვარი სანდოობა არის დაკარგული.

ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს“.

შესანიშნავია პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის ეს პოზიცია, რომელიც მან გერმანიაში ბერლინის კედელივით აღმართა საქართველოსა და დასავლეთის უკეთურ ძალებს შორის, მაგრამ ეჭვი, რომ დასავლეთის იმ უკეთურმა ძალებმა, რომლებსაც საბოლოოდ გაემიჯნა საქართველოს პრემიერმინისტრი, ვაითუ მართლა შეძლონ  “კიევური მაიდნისაგორება თბილისში, მაინც არსებობს. ეს ეჭვი მთლად უსაფუძვლო არ არის თუნდაც იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დასავლეთს ჰაერივით სჭირდება საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. მხოლოდ  ამ მიზანს ისახავს გამჭვირვალობის შესახებ კანონის ირგვლივ დასავლეთის მიერ ინსპირირებული არეულობა საქართველოში.  გამჭვირვალობა, საჯაროობა, რაც დემოკრატიის საფუძველთა საფუძველია, არც მეტი, არც ნაკლები, დემოკრატიას ანგრევსო, გაჰყვირიან ისინი.

ნახეთ,  რა განცხდებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო და  დარწმუნდებით, საით  მიჰყავთ მათ ვითარება: დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“.

რა არის “საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე”, გამჭვირვალობისა და საჯაროობის დანერგვა? ეს ხომ აშკარა პროვოკაციაა, რომლის უკან საქართველოში სიტუაციის არევისა და სახელმწიფო გადატრიალებამდე მიყვანის დაუფარავი სურვილი იკითხება. რაოდენ დასანანია, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში ღიად ჩაერთო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აშშ-იდან გვიქნევს თითს და საქართველოსთვის საზიანო განცხადებების კეთებაში თვით ელჩ კელი დეგნანს უსწრებს: „ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი ევროინტეგრაციის გზისთვის”.

სამწუხაროა ეს ყველაფერი,  მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ის, რაც დღეს თბილისში ხდება, საქართველოდან ეშმაკის საბოლოო განდევნის (დიდი ეგზორციზმის) დასაწყისია, რასაც ვერც აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის გოდება და ვერც საქართველოს პრეზიდენტის გულდათუთქული მოთქმა ამერიკიდან ვერ შეაჩერებს.  პირიქით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, არ იქნება რეალობას მოწყვეტილი, თუ ვიფიქრებთ,  რომ ეს დასავლეთის კოლონიური უღლისგან საქართველოს გათავისუფლების ასე ნანატრი პროცესის დასაწყისი უფროა,  ვიდრე დასავლეთის მიერ დაგეგმილი ის პროვოკაცია, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებით დაგვირგვინდება. დღეს საქართველოს საკმაოდ ძლიერი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ამას არ დაუშვებს.  ქართველ ხალხს კი ამჟამად შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, რადგან ეს ის შეცდომა იქნება, რომელსაც საქართველოს უკრაინიზაცია მიჰყვება.  აქ ერთადერთი სწორი გზა არსებობს  –  ხელისუფლებისთვის სრული მხარდაჭერის გზით საქართველოდან ეშმაკის საბოლოო განდევნა.

ვალერი კვარაცხელია

P. S.  თითქმის დარწმუნებულმა, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ დაადგა ეშმაკის განდევნისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გზას, ეს სტატია რედაქციაში გავგზავნე. რამდენიმე წუთის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი წაკითხვით მიღებული კანონის პროექტი, ომელსაც ამდენი ვნებათაღელვა მოჰყვა, უმრავლესობამ უკან გაიწვია. გამოდის, რომ ხელისუფლებამ ეშმაკი ვერ განდევნა, პირიქით, მის ნებას დაჰყვა, ანუ ეშმაკმა გაიმარჯვა. ,,იქნებ, ეს მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია…’’იმედს არ კარგავს მოტყუებული ხალხის ერთი ნაწილი. ,, იქნებ დასავლეთმა თითი დაუქნია და უკან დახევა უბრძანა ჩვენს ხელისუფლებას’’, – იმედგადაწურული ჩანს მეორე ნაწილი. მმართველი პარტიის ლიდერის, ირაკლი კობახიის,  განცხადებამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა: “რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, კონკრეტულად კანონს, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს, ეს ჩვენი დღის წესრიგიდან  მოხსნილი, ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის ინიცირება არ შედის. ეს არის მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ომელზეც დღეს დილით ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ეს საკითხი ჩვენ მიერ აღარ განიხილება“.

გამოდის, რომ ეს, ტაქტიკური უკან დახევა კი არ, ეშმაკის წინაშე კომპრომისი და ქედის მოხრაა. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ეშმაკთან ზავი ეშმაკთან გარიგებას და მის მოკავშირეობას ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში  ხელისუფლებას ხალხის იმ ნაწილთან დაპირისპირება მოუწევს, რომელსაც არც ეშმაკთან  ზავი სურს და არც მისი მოკავშირეობა. არ მინდა , ერთმნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთო ეშმაკის საბოლოო გამარჯვების შესახებ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ხელისუფლება, რომელიც ბერლინში საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა, ორი დღის შემდეგ  თბილისში არასახარბიელოდ გამოიყურება, მეტისმეტად არასახარბიელოდ

გამარჯვებით გულმოცემული ეშმაკი, სავარაუდოდ, უფრო გათავხედდება და შეეცდებაუკვე დაწყებული სახელმწიფო გადატრიალებაც ბოლომდე მიიყვანოს და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნაზეც იმუშაოს. მკითხველმა ვითონ განსაჯოს, რა შედეგამდეც შეუძლია ამას საქართველოს მიყვანა.

. .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here