Home ახალი ამბები საქართველო ეკლესიის მტრებმა  კიდევ ერთხელ დაანახვეს ყველას,  რომ  ღვთის ტაძარში ხატების შეურაცხყოფა „არ...

ეკლესიის მტრებმა  კიდევ ერთხელ დაანახვეს ყველას,  რომ  ღვთის ტაძარში ხატების შეურაცხყოფა „არ ტეხავს“, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამის გამო არავინ არავის დასჯის

329

წმ. ნინო  არ არის ქართველი, კაბადოკიელია, მაგრამ საქართველოს ეკლესიამ შერაცხა  წმინდანად და, რაკი ქართველი არ იყო,  ეკლესიებიდან  მისი ხატები უნდა გამოყარონ?! იდიოტიზმის პიკია, რასაც აქაური ლიბერალები ქადაგებენ და ვაი, რომ მათ არაერთი ტელევიზია  უთმობს ეთერს და ამ აზრების განვითარება-პოპულარიზაციაში ეხმარება.

ნაახალწლევს იმის ნაცვლად, რომ დიდი ქრისტიანული დღესასწაული გვეზეიმა, მოვახერხეთ და სამებაში დაბრძანებულ ხატს საღებავი შევასხით. ჰო, ეს არ უქნია მხოლოდ ნატა ფერაძეს, ეს ჩვენი, საზოგადოების, დანაშაულიცაა და დანაშაულია იმიტომ, რომ კრებსითი „ფერაძეები“ ამდენს ბედავენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ამის გამო მათ არავინ დასჯის. მიზეზი, რომლის  გამოც „სამოქალაქო აქტივისტად“ წოდებული დიაცი ასე მოიქცა, არის ის, რომ თურმე ხატზე  ნეტარი მატრონას გვერდით სტალინი იყო გამოსახული…

ჯერ ის ვთქვათ, ვინ იყო ნეტარი მატრონა მოსკოველი და როგორ მოხვდა მასთან იოსებ სტალინი.  მატრონა დიმიტრის ასული ნიკონოვა 1881 წლის 9 ნოემბერს დაიბადა და 1952 წლის 2 მაისს გარდაიცვალა. გოგონა დაბადებიდანვე ბრმა იყო, ხოლო 16 წლისას ფეხებიც წაერთვა. იგი უკვე რვა წლიდან ახერხებდა არა მხოლოდ ადამიანთა განკურნებას, არამედ მას წინასწარმეტყველის ნიჭიც ჰქონდა. სამამულო ომის პერიოდში საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება სცენა, რომელიც ხატზეა  ასახული – ნეტარ მატრონასთან   სტალინი მივიდა. ოფიციალურად, ანუ დოკუმენტურად ეს დადასტურებული არ არის, რადგან შესაძლოა, მოსახლეობას სახელმწიფოს პირველი პირის ეს ნაბიჯი  სასოწარკვეთად ჩაეთვალა, მაგრამ თანამედროვენი ამბობენ, რომ შეხვედრა გაიმართა. ამას ქვემოთაც დავუბრუნდებით, მანამდე კი ვთქვათ, რომ  ნეტარი მატრონას გარდაცვალების შემდეგ მის საფლავზე რიგითმა ადამიანებმა დაიწყეს მისვლა და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, დღის განმავლობაში წმინდანის საფლავს, საშუალოდ 5 ათასამდე ადამიანი სტუმრობს. წმინდანად კი მატრონა 1997 წელს აღიარეს, 2004 წელს ნეტარი მატრონას წმინდანად აღიარების გადაწყვეტილება რუმინეთის ეპარქიამაც მიიღო…

რაც შეეხება  ვანდალიზმის ფაქტს, ვინც ხატწერასა  თუ  საეკლესიო კანონებში ერკვევა, იცის, რომ ხატზე წმინდანს აუცილებლად  შარავანდედი  ადგას და, ვისაც შარავანდედი არ აქვს,  წმინდანი არ არის. მაგალითად,  საიდუმლო სერობაზე ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ იუდაა უშარავანდედოდ…  . ამ ხატზე  სტალინის გამოსახულებას შარავანდედი არ ადგას, ანუ ის წმინდანად არ არის გამოყვანილი და, შესაბამისად, განგაშის საფუძველიც არ იყო, მაგრამ  ე.წ.  ლიბერალებმა ვერ მოითმინეს… ისე, ბევრმა თქვა, ნეტარი მატრონასა და სტალინის შეხვედრა  დოკუმენტურად დადასტურებული  არ არის, ამიტომ  არ უნდა გამოესახათო. თუ ასეა, სადმე ვინმეს უნახავს დოკუმენტი წმ. გიორგის მიერ გველეშაპის შუბით  განგმირვისა?

ლიბერალურმა ფრთამ ვერც ის მოითმინა, ნეტარი მატრონასთვის გაბრიელ ბერი არ მიება და ვითომ ჟურნალისტების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსებზე  თამამად მიაწერეს: გაბრიელ-ბერივით გიჟი იყოო. სწორედ ასეთ შემთხვევაში ავლენენ ხოლმე ლიბერალები   ნამდვილ სახეს, სწორედ იმ ავადსახსენებელი ცხრა წლის განმავლობაში ებრძოდნენ ეკლესიას და მეტიც, პატრიარქის შეცვლა და თავიანთ კონტროლს დაქვემდებარებული პატრიარქის დანიშვნა სურდათ; დანიშვნა და არა წმინდა სინოდის მიერ არჩეულის აღიარება. ამ ყველაფრის სათავეში კი, სააკაშვილის თამადობით, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, სემინარიადამთავრებული გიგი უგულავა, გივი თარგამაძე და ძმანი მათნი იდგნენ. ჰო, იმხანად  ნატა ფერაძე არსად ჩანდა, არ ეცალა და, რატომ არ ეცალა, თვითონაც თქვა და ახსნა. მერე და მერე მიხვდნენ ისინი, რომ ეკლესიის გინება და მის წინააღმდეგ ბრძოლა კარგს არაფერს მოუტანდათ  და ყველაფერს აკეთებდნენ, რათა თავი შეეკავებინათ; კამერების წინ ბოკერიამ პირჯვარიც კი გადაიწერა, მაგრამ ნურას უკაცრავად – როცა საქმე საქმეზე მიდგება, ვერაფერს უხერხებენ ქვეცნობიერს. იმავე ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ორიოდე თვის წინათ აღიარა, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არ არსებობს; ძმები ბერძენიშვილები ხშირად იმეორებენ, რომ ეს ყველაფერი დიდი სისულელე და ყველაზე დიდი აფერაა…

 ქართველი ერი აქამდე სწორედ რწმენამ მოიყვანა და ამიტომაც პირველი, რასაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დასავლეთმა დაარტყა,  რწმენა იყო;  ამიტომაც განიზრახა დასავლეთის მიერ ხელდასხმულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“   ეკლესიის ავტორიტეტის განულება   და ეკლესიის კარი „კამაზით“ შეანგრია; ამიტომაც, როცა ძალიან გაუჭირდათ, წინა პლანზე სწორედ მათ მიერ ხელდასხმული ეპისკოპოსები გამოიყვანეს და კარგად გემახსოვრებათ პეტრე ჭყონდიდელის ამბოხი, რომელიც კრახით დასრულდა. ისე, ეკლესიიდან განკვეთილ პეტრეს ნაციონალების სახით მრევლი მაინც ჰყავს და მათ „სადიდებლად“ ლოცვებს მაინც აღავლენს. რაც შეეხება სტალინს…

დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის გარეშე საქართველო რეგიონში ერთადერთი მართლმადიდებლური ქვეყანა არ იქნებოდა. უფრო სწორად, საქართველო  საერთოდ არ იქნებოდა  –  ისე გაგლეჯდნენ შუაზე ოსმალები და სპარსები, თვალს არ დაახამხამებდნენ. რომ არა სტალინი, არა მხოლოდ საქართველოს,  ევროპას ფაშიზმი წალეკავდა. ამ ადამიანების ბებია-ბაბუები  სწორედ სტალინმა მიიყვანა ისტორიაში უდიდეს გამარჯვებამდე და, რაც მთავარია, სწორედ მათ ბებია-ბაბუებს სწამდათ, რომ სიმართლისთვის იბრძოდნენ.  ბრალდება, რომ სტალინმა მილიონობით ადამიანი დახვრიტა, აბსურდულია და აბსურდულია  იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ზეობის ხანაში  დახვრეტილ ადამიანებზე თვითონ მიშა ამბობს:  მე არაფერი ვიცოდი, ამას  ჩემი გარემოცვა აკეთებდაო. 4-მილიონიან საქართველოში თუ არაფერი იცოდა მიშამ, რატომ უნდა სცოდნოდა 250 – მილიონიანი სახელმწიფოს მეთაურს ყველა დეტალი? მაგრამ ამის გახსენება არავის უნდა, თანაც  ნაციონალების მრევლის ნაწილმა სააკაშვილი წმინდანად  შერაცხა. აკი თქვეს კიდეც: როცა მიშას ვუყურებთ, ვხედავთ, რომ მას მხრებზე ანგელოზები ასხედან და იფარავენო…

 არის კიდევ ერთი, არანაკლებ საჭოჭმანო საკითხი: აქაური ლიბერალები რომ მოითხოვენ, ნეტარი მატრონა რუსი წმინდანია და ჩვენს ეკლესიაში  მისი ხატი არ უნდა იყოსო, მაშინ რა ვუყოთ რუსეთის  ეკლესიებში  აქაური ქართველების მიერ შეწირულ წმინდა თამარ მეფის, წმინდა ქეთევან დედოფლის, მეფე ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლისა და სხვა ქართველთა ხატებს?  წმინდა ნინო  არ არის ქართველი, კაბადოკიელია, მაგრამ საქართულ ველოს ეკლესიამ  შერაცხა  წმინდანად და, რაკი ქართველი არ იყო,   ეკლესიებიდან  მისი ხატებიც უნდა გამოყარონ?! იდიოტიზმის პიკია, რასაც აქაური ლიბერალები ქადაგებენ და ვაი, რომ მათ არაერთი ტელევიზია  უთმობს ეთერს და ამ აზრების განვითარება-პოპულარიზაციაში ეხმარება. რუსების მიერ აღიარებული ხატები ჩვენს ეკლესიაში არ შემოვიტანოთ, ანალოგიურად მოვექცეთ  ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ვიყოთ ასე, მხოლოდ ჩვენთვის.  სხვა არავინ ვაღიაროთ. ერთი სარწმუნოება იმას ნიშნავს, რომ იზიარებ, ენდობი, გიყვარს… ზუსტად ისევე ლოცულობენ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები ქართულ ეკლესიებში, როგორც ჩვენ. ზუსტად ისე ეამბორებიან აქაურ ხატებს, როგორც ჩვენ და არც ერთ მათგანს არ უთქვამს, –  ზოგი ხატი ქართველი წმინდანის არის და ჩვენ არ ვაღიარებთო. სამაგიეროდ, რუსების მიერ წმინდანად შერაცხილი  გიჟად გამოგვიცხადეს ლიბერალებმა და ზედ ბერი გაბრიელიც მიაყოლეს, ის ბერი, რომლის საფლავსაც დღემდე, წლის განმავლობაში, ათასობით ქართველი თუ უცხოელი მომლოცველი სტუმრობს. ნეტარი მატრონას საფლავზე დღეში 5 ათასზე მეტი მომლოცველი მიდის და  ერთი მუჭა ლიბერალები უფრო ჭკვიანები არიან თურმე, ვიდრე ათასობით ადამიანი.

რეალურად, არც ნეტარი მატრონას ხატია შუაში და არც მასზე გამოსახული სტალინი. მთავარი  ისაა, რომ ე.წ. ლიბერალებმა კიდევ ერთხელ დაანახვეს ყველას თავიანთი დამოკიდებულება ეკლესიისადმი, რომ ღვთის ტაძარში ხატების შეურაცხყოფა „არ ტეხავს“, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამის გამო არავინ არავის დასჯის. ვაღიაროთ, რომ ამის გაკეთება ლიბერალებმა მარტივად მოახერხეს, ეს ყველაფერი ოპოზიციურმა არხებმა არამხოლოდ  დღის, არამედ კვირის მთავარ თემად აქციეს. ეს ნიადაგის მოსინჯვა იყო, როგორ  გაბრაზდებოდნენ მორწმუნეეები და მკაცრად მოსთხოვდნენ თუ არა პასუხს ნატა ფერაძეს, მაგრამ ,იმავე ფერაძეს თუ დავესესხებით, „საპატრულო პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იყო“.  თუ ვერ შეასრულებდა პატრული თავის მოვალეობას, ხელისუფლებას დაბრალდებოდა იმ ადამიანების წაქეზება, რომლებიც ლიბერალებმა შეურაცხყვეს.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here