Home ახალი ამბები საქართველო დევნილი ღმერთი

დევნილი ღმერთი

ჰააგა – სამართლის ისტორიის შავი ლაქა

525
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს შენობა

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ  ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

ვლადიმერ პუტინი რომ დააპატიმრონ, ამისთვის, სულ ცოტა, რუსეთი ომში უნდა დაამარცხონ. რუსეთს ომში თუკი ვინმე დაამარცხებს, მას პუტინის დაპატიმრებაც აღარ გაუჭირდება, მაგრამ რუსეთის დამარცხებაა შეუძლებელი.

 მაშ, რა აზრი აქვს პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას, თუკი ეს მიზანი პრაქტიკულად მიუღწეველი დარჩება?! ამას ის მიზანი აქვს, რომ რუსეთსა და მის პრეზიდენტს, მათი ჭკუით, ავტორიტეტი შეერყევა. პრეზიდენტი პუტინი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და ძებნილია. განა ეს მისთვის და, მასთან ერთად, მთელი რუსეთისთვის ავტორიტეტის შელახვა არ არის? ასე ფიქრობენ ამ სულელური გადაწყვეტილების მიმღებნი, მაგრამ კონტრპროდუქტიული ხომ არ აღმოჩნდება ეს გადაწყვეტილება? როგორც ჩანს, ამერიკასა და ევროპაში ამის განსაჭვრეტად გონება არ ეყოთ.

ფილოსოფიაში ცნობილია მიმართულება, რომელსაც სოფიზმი ეწოდება. მისი ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ გორგია, პროტაგორა, ჰიპია,  ევთიმედე,  კალიკლე, თრასიმაქე და სხვები. ისინი ცრუბრძენებად იწოდებოდნენ, ვინაიდან მათ ხელი აიღეს ჭეშმარიტების ძიებაზე და უმთავრეს ამოცანად დისპუტებში მოჩვენებითი გამარჯვება დაისახეს. კამათის დროს მოპაექრეზე ფორმალური (თითქოს ლოგიკური, მაგრამ არა შინაარსობრივი) უპირატესობის მოპოვება იყო მათი საბოლოო მიზანი და ამ მიზნის მიღწევას გამარჯვებად აღიქვამდნენ. სოფისტების მეთოდები დღესაც გამოიყენება. ომი, რომელიც დღეს დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს, ხასიათდება გამძაფრებული ინფორმაციული დაპირისპირებით. დასავლურ მასმედიას და ამერიკელების მიერ მართულ ქართულ ტელეარხებს დააკვირდით. მათი მთავარი სათქმელი არის ის, რომ უკრაინელები რუსებს ყოველ ნაბიჯზე ამარცხებენ, რუსები კი მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო  ინფრასტრუქტურას ბომბავენ, თუმცა  ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. დეზინფორმაციის ეს გამალებული კამპანია ისეთ აბსურდულ სახეს იღებს, რომ ომში გამარჯვებაზე მეტი მნიშვნელობა ხალხის მოტყუებას ენიჭება.

ახლო წარსულში ამგვარი აბსურდის მოწმენი ჩვენც ვიყავთ. ყველას გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები, როდესაც რუსების მიერ ცხინვალიდან კინწისკვრით გამოგდებულმა სააკაშვილმა ქართველი მეომრების გვამებით მოფენილი ტერიტორიები მიატოვა და რუსთაველის პროსპექტზე ომში “გამარჯვების” ტაშფანდურა გამართა. ეპოქაა ასეთი:

*  მოვიდა სიცრუე, რომელიც სიმართლეზე მეტია;

*  მოვიდა ვირტუალური სამყარო, რომელიც რეალობაზე მეტია;

*  მოვიდა არაადეკვატური აღქმები, რომლებიც სინამდვილეზე მეტია;

*  მოვიდა დრო, როდესაც სინდისი უსინდისობამ ჩაანაცვლა;

*  მოვიდა ორი საწყისისმდედრისა და მამრის აღრევის ვითარება;

*  მოვიდა ღმერთის განდევნისა და სატანის აღზევების ჟამი;

*  მოვიდა ადამიანთა მოდგმის დაცემის ჟამიც.

დასავლეთია იმ სატანური იდეოლოგიის ტვინიც და მოტორიც, აღმძრავიც და მამოძრავებელიც, რომელიც ასე საშინელ ვითარებას ქმნის. ვის შეუძლია, წინ აღუდგეს ძალას, რომელიც სამ ბირთვულ სახელმწიფოს, ოცდაათი სახელმწიფოსგან შემდგარ უზარმაზარ სამხედრო ბლოკს, მთელ ევროპასა და უამრავ სატელიტ ქვეყანას აერთიანებს? ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ამ ძალის შეჩერება ძალუძს, რუსეთია. არამხოლოდ იმის გამო, რომ სამხედრო ძლიერებასა და ულევ რესურსთან ერთად უზარმაზარი ბირთვული პოტენციალიც გააჩნია, არამედ იმის გამო, რომ ტრადიციულ, კონსერვატიულ, ზნეობრივ ღირებულებებზეა დაფუძნებული,  ანუ ღმერთისკენ ორიენტირებული სახელმწიფოა.

რუსეთი ისტორიულად უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი და ჭეშმარიტი გამარჯვებების სახელმწიფო იყო. რომისა და კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მართლმადიდებლობის უპირველეს ციტადელად მოსკოვი ჩამოყალიბდა, რომელიც ამ ისტორიულ მისიას დღემდე ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური სისტემის ნგრევის შემდეგ რუსეთში ბურჟუაზიული სული (კაპიტალის დომინანტი) შემოიჭრა, ქრისტიანული საწყისი არ ჩამკვდარა და სატანისადმი თაყვანისცემის ის შემზარავი ისტერიკა არ დაწყებულა, მთელი დასავლეთი რომ მოიცვა და სახე დააკარგვინა. აი, რატომ არის სატანიზმით შეპყრობილი დასავლეთისთვის ერთნაირად მიუღებელი რუსეთიც და მისი პრეზიდენტიც. დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება არც სახელმწიფოთა შორის ომია, არც გეოპოლიტიკური ომი და, ასე განსაჯეთ, არც ცივილიზაციათა ომი. ეს საწყისთა ომიაჭეშმარიტებასა და სიცრუეს, სიყვარულსა და სიძულვილს, სიკეთესა და ბოროტებას შორის ომი, ამიტომაც არის, რომ ეს ომი მასთანაც მიდის, ვისაც უშუალოდ და ფიზიკურად თითქოს არ ეხება. ეს ომი ადამიანთა შორის მიმდინარე ომიც არის, მაგრამ იგი ადამიანთა არსში მიმდინარე ომიცაა, ვინაიდან ღმერთსა და სატანას შორის დაპირისპირება, პირველ რიგში, ადამიანთა სულებში მიმდინარეობს, რომელ ომშიც ზოგი ღმერთს ეთაყვანება და ზოგიც სატანის ტყვეობაში რჩება. პოლიტიკურად ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგი მოსკოვთან არის და ზოგი ვაშინგტონთან.

ჰააგის პროკურორების გადაწყვეტილებამ არამხოლოდ ის ცხადყო, რომ დასავლეთი საბოლოოდ ეთაყვანა სატანას, არამედ ისიც, რომ იგი სოფიზმში გადავარდა და აბსურდამდე მივიდა. ფილოსოფიასა და ლოგიკაში ცნობილია აბსურდამდე მიყვანის ცნება. ფილოსოფიის ეს მიმართულება გვასწავლის, რომ ის, რაც აბსურდამდე მიდის (მიიყვანება), სწორი არ არის. რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრებაზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ორდერის გაცემით დასავლეთი სწორედ აბსურდამდე მივიდა, რაც იმის მაუწყებელია, რომ დასავლეთი მართალი არ არის და სწორ გზაზე არ დგას. ჰააგის ეს გადაწყვეტილება საქმეში ჩაუხედავი ადამიანების თვალში ჯერ კიდევ დასავლეთის ყოვლისშემძლეობის გამოხატულებად გამოიყურება, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთს ჩინეთის უკვე მესამე ვადით არჩეული თავმჯდომარე სი ძინპინი ეწვევა, საშინლად კონტრპროდუქტიული გახდება და სწორედ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დასავლეთის სრული უძლურებისა და იმპოტენციის აღიარების დასტურად იქცევა.

პუტინი არც სლობოდან მილოშევიჩია, არც სადამ ჰუსეინი და არც მუამარ კადაფი. მხედველობაში არ მაქვს,  პიროვნებათა შესაძლებლობებში არსებული განსხვავება, სახელმწიფოთა შორის განსხვავებებს ვგულისხმობ. ვერც იუგოსლავია, ვერც ერაყი, ვერც ლიბია და ვერც სხვა რომელიმე სახელმწიფო დასავლურ სატანას წინ ვერ აღუდგებოდა, რუსეთი კი არა მხოლოდ წინ აღუდგა, არამედ შეაჩერებს და შემუსრავს სატანის მეუფებას. პუტინი ფლობს და განკარგავს შესაძლებლობათა იმ ერთობლიობას (იდეოლოგიური, ეკონომიკური, სამხედრო), რომელსაც ეს ძალუძს. საგანთა და მოვლენათა ლოგიკა იმაზე მიუთითებს, რომ შორს არ არის  დრო, როდესაც ნიურნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალის დარი ახალი სასამართლო ჩამოყალიბდება და  განსასჯელთა სკამებზე დასავლეთის ახალი დროის დამნაშავეთა ხროვას ვიხილავთ, მათ შორის, პუტინის დაპატიმრების ორდერის გამომწერ პროკურორებსაც. ჰააგის საერთაშორისო სასამართლო კი სამართლის ისტორიას იმ შავ ლაქად შემორჩება, რომელსაც ვერც ვერავინ გაათეთრებს და ვერც ვერაფერი წაშლის. ისე, იმასაც ნუ გამორიცხავთ, რომ საქმემ სამხედრო გადაწყვეტა მიიღოს. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა: “ყველანი ღმერთისა და რაკეტების ქვეშ დავდივართ. ჰააგის მოსამართლეებს ვურჩევ, ყურადღებით ათვალიერონ ცა, რადგან ადვილი შესაძლებელია ჩრდილოეთის ზღვიდან რუსული ხომალდის მიერ გაშვებული ჰიპერბგერითი “ონიქსის”   წერტილოვანი დარტყმა ჰააგის სასამართლოს შენობაზე”.

ვალერი კვარაცხელია                                                                               

P.S.  სანამ ეს წერილი გამოქვეყნდებოდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი მოსკოვს ეწვია. შესაძლებელია, რომ ამ უდიდესმა ისტორიულმა ფაქტმა გონებადაბინდულ დასავლეთზე გამომაფხიზლებელი ზეგავლენა იქონიოს.

იმედის ეს სხივი ჯერ კიდევ ბჟუტავს

 ვ.კ.                                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here