Home ახალი ამბები საქართველო დედაქალაქში ერთი ადამიანის ადამიანური ცხოვრება  თვეში 1 668 ლარი ჯდება, პენსიონერებმა კი,...

დედაქალაქში ერთი ადამიანის ადამიანური ცხოვრება  თვეში 1 668 ლარი ჯდება, პენსიონერებმა კი, რომელთა რაოდენობა თბილისში 250 ათასია, 4-ჯერ ნაკლები თანხით  როგორ უნდა იცხოვრონ?

208

ცხოვრების ღირებულებისა და ხარისხის შესახებ მონაცემთა მსოფლიოში ყველაზე დიდმა ბაზამ  Numbeo იმ  ქალაქების სია გამოაქვეყნა, რომლებშიც ცხოვრება ყველაზე ძვირი ღირს. უფრო ზუსტად, სიაში ის ქალაქები მოხვდა,რომლებშიც  ცხოვრება ყველაზე ძვირი 2024 წელს ეღირება. პირველ ადგილზე ბერმუდის კუნძულების ქალაქი ჰამილტონი გავიდა, შემდეგი ხუთი ადგილი შვეიცარიის ხუთმა ქალაქმა დაიკავა, ესენია: ბაზელი, ციურიხი, ლოზანა, ბერნი, ჟენევა, მერე მოდის ამერიკის ოთხი ქალაქი: ნიუ–იორკი, სან-ფრანცისკო, ჰონოლულუ, სან-ხოსე… ასე გამოიყურება უძვირესი ქალაქების ათეული. რაც შეეხება უღარიბესი ქალაქების ათეულს, ანუ  სადაც ცხოვრება ყველაზე იაფია, პირველ ადგილზე ინდოეთის სურატია, მეორეზე – ნიგერიული ლაგოსი, შემდეგ კვლავ ინდური ბუბანესვარი, კოლკატა, ლუკნაუ, კოჩი, კოიმბატორი მოდის, ათეულს კი სამი პაკისტანური ქალაქი ხურავს: ისლამაბადი, ლაჰორი და ყარაჩი.

ნამდილად ვერ გეტყვით, რომელი კრიტერიუმით დაითვალეს, რა ჯდება თითოეულ ქალაქში ცხოვრება, მაგრამ ამ სტატისტიკას ამერიკამაც ტაში დაუკრა, ევროპამაც და ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ მონაცემები რეალობასთან ძალიან ახლოსაა. ჰოდა, საინტერესოა, ამ გამოკითხვაში, რომელ ადგილზე გავიდა საქართველოს დედაქალაქი. მონაცემები სულ  370 ქალაქზე გამოქვეყნდა და, თბილისის გარდა, მასში კიდევ ერთი ქართული ქალაქი მოხვდა- ბათუმი. აჭარლებზე – ქვემოთ, მანამდე კი,თბილისზე ვთქვათ.

კვლევის მიხედვით, საქართველოს დედაქალაქში, 4-სულიანი ოჯახის თვიური ხარჯი ქირის გარეშე 6 027 ლარია.  რაც შეეხება ქირას, კვლევის მიხედვით, თბილისის ცენტრში ერთსაძინებლიანი ბინის ქირა საშუალოდ 2 118 ლარია, გარეუბანში იმავე პირობებით – 1 420 ლარი. აი, 3-ოთახიანი ბინის ქირაობა ცენტრში 3 863 ლარი ღირს, გარეუბანში – 2 359 ლარი. შესადარებლად: თბილისში ცხოვრება ქირის გარეშე, მაგალითად, ნიუ-იორკთან შედარებით, 61,2%-ით  იაფი ჯდება. ერთი შეხედვით აქ უცნაური არაფერია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საქართველოს დედაქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ეს არის ერთგვარი ქალაქი-თავკომბალა –  მოსახლეობის 1/3 სწორედ აქაა თავმოყრილი, დანარჩენი კი მთელ საქართველოშია გადანაწილებული…

ამ მილიონზე მეტი მოსახლიდან 136 564  საარსებო შემწეობას იღებს, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, სახელმწიფო ფულს თუ არ მისცემს, შიმშლით მოკვდება. ამასთანავე, დედაქალაქში 250 ათასამდე პენსიონერი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შემოსავალი,  საშუალოდ, 400 ლარია, ანუ იმაზე ოთხჯერ ნაკლები, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკური კვლევით თბილისში საცხოვრებლად არის საჭირო. რა გამოდის? დასავლეთი გვეუბნება, – ერთმა კაცმა ქირის გარეშე ადამიანად  რომ იგრძნოს თავი და თქვენს დედაქალაქში იცხოვროს, თვეში 1 668 ლარი სჭირდებაო, და ამ დროს ჩვენ დაახლოებით 400 ათას კაცს, ანუ თბილისში მცხოვრებთა ლამის ნახევარს სასიკვდილოდ ვიმეტებთ. ჰო, სასიკვდილოდ, რადგან ამ თანხით, გამორიცხულია, ადამიანებმა მიიღონ ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი კალორიები, საჭირო საკვები, საჭირო მედიკამენტები… და წლობით არაჯანსაღი ცხოვრება რით მთავრდება, ჩვენზე უკეთესად მოგეხსენებათ.

ახლა ბათუმზე ვთქვათ. ის რეიტინგში 286-ე ადგილს იკავებს და, როგორც გვეუბნებიან, აჭარის დედაქალაქში 4-სულიანმა ოჯახმა ქირის გარეშე რომ იცხოვროს, თვეში 5 435 ლარის შემოსავალი უნდა ჰქონდეს. ცალკე ერთ პიროვნებას კი  ქირის გარეშე თვეში 1 523 ლარი სჭირდება. ორივე ქართული ქალაქის კვლევა, რეალურად იმაზე მიგვანიშნებს, რომ სტატისტიკური მონაცემები  რეალობასთან ახლოსაა. ფასების გათვალისწინებით ადამიანური ცხოვრებისთვის მართლაც ეს თანხებია საჭირო და ამის შესახებ აბსოლუტურად ყველამ იცის – ხელისუფლებით დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული, მაგრამ ვინმესგან გსმენიათ თუნდაც მინიშნებით მაინც, პენსიონერმა სრულფასოვნად რომ იცხოვროს, 1 500 ლარია საჭიროო? არა, რადგან საქართველოს ეკონომიკა ამ თანხებს  კიდევ კარგა ხანს ვერ გასცემს და პენსიონერებს ვინ ჩივის, აგერ, სამართალდამცველებს დაჰპირდნენ, მთელი დღეები ტყვიის ქვეშ რომ გიწევთ ცხოვრება, 2030 წელს თქვენი ხელფასი 2 060 ლარი იქნებაო. მერე რა, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში პარლამენტართა ჯამაგირი 8 ათას ლარამდე იზრდება?! პოლიციელები მოიცდიან, ზუსტად ისე მოიცდიან, როგორც პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, მეეზოვეები, ბაღის აღმზრდელები, ბაღის აღსაზრდელთა მშობლები და ყველა, ვისაც მაღალი თანამდებობა არ უკავია საჯარო სამსახურში. კი გვიმტკიცებენ, ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მაღალჩინოსნებმა ქრთამი არ აიღონო, მაგრამ 150 პატიოსანი კაცის მოძებნა თუ არ შეგვიძლია ქვეყანაში, დავღუპულვართ და ეგაა. თანაც, მოსახლეობას ფული არ აქვს, ქრთამი რომ მისცეს და, თუ ერთმანეთში არიგებთ ქრთამს, ეგეც გვითხარით.

რეგიონების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის თბილისი ლიდერობს, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი, გურია, სამცხე–ჯავახეთი, მცხეთა–მთიანეთი და ბოლოს რაჭა-ლეეჩხუმ-ქვემო სვანეთი. ისიც  ვთქვათ, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ბოლო ადგილზე გასულ რეგიონში ძალიან ცოტა მცხოვრებია, დაცლილი სოფლები ჩვეულებრივი ამბავია და ბოლო ადგილიც ამით არის განპირობებული, თორემ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მოსახლეობას ნამდვილად არ ულხინს. ეს არის ერთ-ერთი  მიზეზი იმისა, რომ არჩევნებზე მოსახლეობის მოსყიდვა ადვილია, ადამიანები ხმას ყოველწლიურად სულ უფრო დიდ  ფასს ადებენ, რადგან ცხოვრების გაძვირების გამო ყოველწლიურად სულ უფრო ძნელი ხდება არსებობა.  გაიაფებას კი პირი არ უჩანს არც ჩვენთან, არც მსოფლიო მასშტაბით. მეტიც, საკვები პროდუქტების გაძვირებას  ყოველწლიურად აანონსებენ და, როგორც წესი, დაანონსებული ამბავი მართლდება ხოლმე. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად  ამბობენ: თუ ასე მარტივი გგონიათ ყველაფერი, ბარემ გამოსავალიც გვითხარით და მიგვითითეთო. გამოსავალი ერთადერთია – უნდა შეიქმნას ღირსეული სამუშაო ადგილები და ადამიანებმა მიიღონ ღირსეული ჯამაგირი; ისეთი, როგორიც კვლევაშია. ფასებს რომ გადავხედოთ, დედაქალაქში ერთი ადამიანის ადამიანური ცხოვრება მართლაც 1 668 ლარი დაჯდება თვეში, მაგრამ ახლა ადამიანურ ცხოვრებაზე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, უბრალოდ, ვერ ფიქრობს. ახლა მთავარი გადარჩენაა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველდღიური საკვებისთვის ფულის შოვნა. ამაზეა გადართული მოსახლეობის, 90 თუ არა, 80% მაინც. ამას წინათ ტელეეთერში  თქვა ერთ-ერთმა წამყვანმა: ჩემი პატარა შვილი ამბობს, რომ გავიზრდები ტურისტი უნდა გამოვიდეო. ყველას გაეცინა, მაგრამ არ არის სასაცილო, პატარა ბავშვიც კი ხვდება, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ადგილობრივებზე გაცილებით  მეტი ფული აქვთ,  მეტს ხარჯავენ და ბავშვსაც სწორედ ის უნდა გააკეთოს, რაც მეტ შემოსავალს მოუტანს.

2024 საპარლამენტო არჩევნების წელია. დღეს  უკვე შეიძლება იმის თქმა, ვინ გაიმარჯვებს და ვინ იქნება ხელისუფლებაში. შესაბამისად, იმის გათვლაც შესაძლებელია, როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრების დონე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მოქმედი ხელისუფლება ცდილობს, რეალობას არ ასცდეს და მეტ-ნაკლებად რეალური ციფრები მოგვაწოდოს, რა გველოდება. ერთი ეგაა, ამ მუდმივი ეკონომიკური ზრდის პირობებში ხალხის დოვლათი რით ვერ გაიზარდა, თორემ დანარჩენი მეტ-ნაკლებად გასაგებია. გასაგებია ისიც, რომ 2030 წლისთვის პოლიციელის ხელფასი თუ 2060 ლარი იქნება,  იმის თქმა დაბეჯითებით შეგვიძლია, რომ 2030 წელს პროდუქტების ფასები მსოფლიოში  გაცილებით  მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის. ოპოზიცია კი პირიქით, ოქროს კოშკებს გვპირდება, მაგრამ უკვე მივეჩვიეთ, რომ დაპირებები რეალობას ძალიან არის ხოლმე აცდენილი, ამიტომ, პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნის სტატუსი როგორმე უნდა მოვიხსნათ, როგორმე რაიმეს წარმოება უნდა დავიწყოთ და არ უნდა ვიყოთ მხოლოდ შემოტანილის იმედად. არადა, აგერ, გაზაფხულის პირველმა თვემ დაიწყო ათვლა და ქვეყანას არ ეტყობა, რომ მიწის დამუშავების სურვილითა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების დაწყებით ვიწვოდეთ. ჩვენდა სამარცხვინოდ, გასულ წელს რეკორდული ოდენობის მწვანილი შემოვიტანეთ. დღეს სოციალური დახმარების მიმღებთა შორის  მეორე ადგილზე  ქვემო ქართლი რომ არის, ერთ დროს  მხოლოდ ეს რეგიონი ამარაგებდა საქართველოს მწვანილით, ახლა კი… შარშან 15 მილიონი დოლარის ქინძი და ოხრახუში შევიძინეთ უცხოელებისაგან და ნაკლებს არც წელს ვიზამთ. უცხოელები კი გვიმტკიცებენ: ადამიანურად რომ იცხოვროთ, თვეში ერთ ადამიანს 1 668 ლარი სჭირდებაო... ეს – დედაქალაქში, რეგიონებში კი 1 000 ლარს მაინც ხომ იანგარიშებენ? ახლა თავად დათვალეთ, სოფლებში რამდენს აქვს თვეში ათასი ლარი; ოჯახს კი არა, ერთ ადამიანს, ერთ სულს…

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here