Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთმა ზურაბიშვილი გუგულის კვერცხივით ჩაუდო ივანიშვილს

დასავლეთმა ზურაბიშვილი გუგულის კვერცხივით ჩაუდო ივანიშვილს

331

ვერ გეტყვი, ახსოვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს, როგორ გახდა პრეზიდენტი, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. „ქართულმა ოცნებამ“  საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ დააყენა და სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი. პირველი ტურის შემდეგ  გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები  ,,ნაციონალური მოძრაობის’’  კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, მოეგო და მმართველმა პარტიამ აქტივი აიძულა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით),  მხარი ზურაბიშვილისთვის დაეჭირა…  „ქართული ოცნების“ ძირითადი ნაწილი უხალისოდ მივიდა საარჩევნო ყუთთან და ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდა. გადამწყვეტი და გარდამტეხი როლი არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგზე  ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო მიმართვამ ითამაშა. მან პირადად სთხოვა აქტივს, მხარი ზურაბიშვილისთვის დაეჭირა…

„ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი… ოლიგარქი იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა აქვს, პოლიტიკაზე გავლენა აქვს. ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი, ხოლო ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. ამის თქმა მინდა, რომ საჭირო არის, რომ ჩვენ გავიგოთ და ვიცოდეთ, სად წყდება მთავარი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა“, – არ გეგონოთ, შეცდომები ჩვენ დავუშვით, უბრალოდ, პრეზიდენტის განცხადება შეუცვლელად მოვიყვანეთ.

საინტერესოა, როცა ქალბატონი სალომე ივანიშვილთან მივიდა და საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა სთხოვა, მაშინ არ იცოდა, რომ ბატონ ბიძინას ჰქონდა ფული და გავლენა?! თუ მაშინ ეს ფული და გავლენა სათავისოდ სჭირდებოდა მადამ ზურაბიშვილს და ამიტომ ორივე თვალი დახუჭა, ყურები დაიხშო და მას შემდეგ, რაც სწორედ ივანიშვილმა ლანგრით მიართვა პრეზიდენტის მანდატი, გაახსენდა, რომ ის ოლიგარქია. ამას უმადურობა ჰქვია, მაგრამ საქმე ნამდვილად არ არის ისე მარტივად, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.ზურაბიშვილმა მას შემდეგ გაილაშქრა ივანიშვილის წინააღმდეგ, რაც ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს შეხვდა, მათთან გაიარა კონსულტაცია და სწორედ დასავლეთმა შეაგულიანა.  ზურაბიშვილს სჯერა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დასავლეთი სადმე, ევროპაში, თბილ ადგილს მოუძებნის,  სიბერეს უზრუნველად გაატარებს და ამიტომ  მზად არის,  ყველა მითითება უსიტყვოდ შეასრულოს. ანუ პრეზიდენტი,  ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ოფიციალურად  წავიდა  ხელისუფლების ოპოზიციაში,  ესეც არ იკმარა და  ჭკუის დარიგება დაგვიწყო. შესაძლოა, ქალბატონ სალომეს მართლა არ ახსოვს, როგორ გახდა პრეზიდენტი, მაგრამ ის კი უნდა ახსოვდეს, ორიოდე თვის წინათ ამომრჩევლებს რომ უხმო, –  მოდით, გვერდით  დამიდექითო, და, თავისი ადმინისტრაციის თანამშრომელთა გარდა, არავინ რომ არ შერჩა. კარგი იქნება, თუ ივანიშვილიც აღიარებს, რომ ზურაბიშვილი დასავლეთმა გუგულის კვერცხივით ჩაუდო, რომ შეეშალა, ზუსტად ისე შეეშალა, როგორც თავის დროზე გახარია და სხვები. ჰო, ამის აღიარება არ იქნებოდა ურიგო.

გარდა იმისა, რომ ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია, ზურაბიშვილმა არაორაზროვანი მინიშნება გააკეთა ნიკა გვარამიას  შეწყალებაზე . მან ისიც თქვა, რომ გვარამიასგან პიროვნული წყენა არ აქვს, პატივს სცემს იმ გადაწყვეტილებას, რომ ნიკა შეწყალებას არ ითხოვს, მაგრამ პრეზიდენტი ამაზე აშკარად ფიქრობს. პრეზიდენტმა არ უარყო, რომ ახსოვს, როგორ აგინებდა და ლანძღავდა გვარამია უ შვერი სიტყვებით და აგინებდა არა მხოლოდ მას, არამედ მის ოჯახს, შვილებს; იმ შვილებს, რომლებიც ევროპაში დაასაქმეს და სწორედ ამიტომ უგორებს კოჭს დასავლელ პარტნიორებს ზურაბიშვილი.  აქ ისიც აღვნიშნოთ, რაც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თქვა:

„აქ, საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას,  ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ხდება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვაზე  და არა ინფორმაცია ერთი და იმავე მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვა ხედვაზე, რის გამოც ისინი მიიღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას…“

ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში, მედიათავისუფლება კი არა, ყველა ტელევიზია საინფორმაციო გადაცემას ერთი ტექსტით იწყებდა,  წერტილ და მძიმეც კი არ იყო შეცვლილი,  უბრალოდ,  ამ ყველაფერს სხვადასხვა არხზე, სხვადასხვა დიქტორი კითხულობდა და აბა, რომელიმეს გაებედა და ტექსტიდან გადაეხვია ან სიტყვა შეშლოდა, დედა-ბუდიანად გლდანის ციხის გზას გაუყენებდნენ. რაღაც, მაშინ არ გვახსოვს, ამერიკის ელჩს ხმაური  აეტეხოს, –  რატომ არის, რომ მედიაგარემო ვიწროვდება და საზოგადოებამ შეიძლება „არაინფორმირებული გადაწყვეტილება“ მიიღოსო.  ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ სააკაშვილი დასავლეთის მითითებების უსიტყვო შემსრულებელი იყო და აბსოლუტურად ყველაფრის უფლება ჰქონდა.  ახლა კი ურჩ ხელისუფლებას  არაფრის უფლება არ აქვს და ნებისმიერ „ბუზს“ დასავლეთი „სპილოდ“ მარტივად აქცევს.

ისევ პრეზიდენტს დავუბრუნდეთ. 9 აპრილს ოპოზიცია მორიგ აქციას აანონსებს და ზურაბიშვილს ამ აქციაზე მისვლა  გადაწყვეტილი აქვს. არადა, ეს ის ქალბატონია, რომელმაც ზვიად გამსახურდიას გადაგდება კიტოვანს, სიგუასა და იოსელიანს ოფიციალური წერილით მიულოცა და ეს სამეული გმირებად გამოაცხადა, ზვიადი – სამშობლოს მოღალატედ. ჰოდა, 9 აპრილს რა ნამუსით უნდა მივიდეს რუსთაველზე, ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა დაზუსტებით გვეუბნებიან, რომ ქალბატონი სალომე იქ იქნება. აღნიშნულ აქციაზე ოპოზიციამ უნდა მოითხოვოს ხელისუფლების გადადგომა (იმ ხელისუფლების, რომელმაც ზურაბიშვილი პრეზიდენტის სავარძელში ჩასვა) და კიდევ ერთხელ უნდა დაგმოს „რუსული კანონი“. არადა, ყველაზე კარგად სწორედ მოქმედმა პრეზიდენტმა იცის, რომ კანონი რუსული არ იყო, რომ მის მიღებას ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა წევრი ქვეყანა აპირებს, მაგრამ მას გასაგებად უთხრეს დასავლელმა პარტნიორებმა, რომ უნდა ეყვირა და  აყვირდა კიდეც.

რატომღაც გვგონია, რომ ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას აუცილებლად შეიწყალებს და ეს იქნება პირდაპირი აღიარება იმისა, რომ მთავარსარდლის შეურაცხყოფა, უშვერი სიტყვებით მოხსენიება, „მოსულა“ და ეს „ამერიკული დემოკრატიაა“. თუ ასეა, რატომ არ მუშაობს იგივე სისტემა ამერიკაში? რომელიმე ამერიკული ტელევიზიის ეთერში ბაიდენს რომ იგივე ეძახოს ტელევიზიის მეწილემ და გენერალურმა დირექტორმა, რაც გვარამიამ ზურაბიშვილს, ვინმე აპატიებს?  მაშინვე გაათავისუფლებენ თანამდებობიდან და ეგებ სისხლის სამართლის საქმეც აღძრან, ქვეყნის პირველი პირის ასე შეურაცხყოფისთვის, მაგრამ არა, რაც არ შეიძლება დასავლეთში, დასაშვებია ჩვენთან და პირიქით. დასავლეთი ქართველ პოლიტიკოსებს არა მხოლოდ სახესა და სახელს, არამედ თავმოყვარეობასაც აკარგვინებს და, სამწუხაროდ, ზურაბიშვილი არც პირველია და არც ბოლო. ვიღაცას ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდა და იმიტომ მიდის ყველაფერზე, ვიღაცას –  დამატებითი გრანტი, ვიღაცას –  თანამდებობა და ამით ქვეყანა ზარალდება, მაგრამ დასავლეთს არც ქვეყნის დაზარალება ანაღვლებს და არც ქართველი პოლიტიკოსების რეიტინგი თუ სახე.  მას სჭირდება ის ტერიტორია, რომელზეც საქართველოა და,  რაც უფრო იაფი დაუჯდება ამ ტერიტორიის შენახვა, მით უკეთესი. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ისე ჩანს, რომ იაფი ხელისუფლების შემთხვევაში იქნება ეს ყველაფერი და ერთხელ დამონებული, ამჟამად ოპოზიციაში მყოფი ადამიანები, კვლავ უსიტყვო მორჩილებას განაგრძობენ და, რაც მთავარია, დასავლეთის ხელის პირველივე აქნევაზე რუსეთთან ომში ჩართავენ ქვეყანას, ცეცხლის ალში გახვევენ ყველაფერს, ზუსტად ისე, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს და… შერჩათ. ჰო, 2008 წელი შერჩა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და შერჩა დასავლეთსაც. ვითომ არაფერი მომხდარა, ისე ჩაატარეს ყველაფერი და მეტიც, რუსთაველზე გამარჯვებაც გვაზეიმეს…

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: გარდაცვლილ ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძეს, ტუსაღ სააკაშვილსა და „პლასტელინ“ მარგველაშვილს უფრო მეტი მხარდამჭერი და მომხრე ჰყავს, ვიდრე მოქმედ პრეზიდენტს. ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, ზურაბიშვილი ვერ ხვდება და თავი ქართველი ხალხის რჩეულად მიაჩნია და არა კონკრეტულად ერთი ადამიანის, ივანიშვილის, რჩეულად. კიდევ გავიმეორებთ:  რომ არა ივანიშვილი, ქალბატონი სალომე არჩევნებში იმაზე ნაკლებ ხმას აიღებდა, ვიდრე თბილისის მერობის კანდიდატმა რიჩარდ ოგბუნუჯუმ აიღო; იმ ოგბუნუჯუმ, რომელმაც გიორგი ვაშაძის კანდიდატს აჯობა და დამარცხებული რიჩარდი ღირსეულად წავიდა, გაჩუმდა, ვაშაძე კი გვიმტკიცებს, – მალე მოვალ ხელისუფლებაში და ქვეყანას დავალაგებო.

 ლევან გაბაშვილი                                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here