Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვებია, რეალურად...

დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვებია, რეალურად კი, როგორც სჭირდებათ, ისე ჭრიან და კერავენ

1 თებერვალი შორს არ არის და, თუ მართლა ისე მოხდა, როგორც იმუქრებიან - ორბანს ევროკავშირის კუთვნილ თანამდებობას არ მისცემენ, შეგვიძლია კანდიდატის სტატუსი უკან მივუგდოთ მის გამცემთ, რადგან გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ, როცა საქართველოს რიგი დადგება თუნდაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად, ევროკავშირის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მონები უნდა ვიყოთ და განსხვავებული თვალსაზრისის უფლება არ უნდა გვქონდეს

347
ვიქტორ ორბანი

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, დასავლელი პარტნიორები ჯიუტად ცდილობენ, დაგვიმტკიცონ, რომ ჩვენთან დემოკრატია არ არის და მთავარი პრობლემაც ესაა, ანუ, თუ სრული დემოკრატია გვექნება, აქ იგულისხმება ყველაფერი, უწინარესად, გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს კონკრეტული პიროვნებისა თუ ადამიანთა ჯგუფის  თვალსაზრისი, არ უნდა იდევნებოდეს და განსხვავებულ აზრს პატივი ვცეთ. სწორედ ასე, დემოკრატიის საბურველითა და გამოხატვის თავისუფლებით, სურთ გვაიძულონ ლგბტ თემისთვის იმაზე მეტი უფლებების მინიჭება, ვიდრე აქვთ და მუდმივად გვირჩევენ, რომ განსხვავებული ორიენტაციების ადამიანებს პრაიდისა თუ დემონსტრაციების გამართვის უფლება მიეცეთ.

არაერთხელ დავწერეთ, რომ დასავლეთი   ისე არ იქცევა, როგორც საუბრობს, და, რაც მთავარია, როცა თვითონ სჭირდება, დემოკრატია მარტივად გადაჰყავს დიქტატურაში, თანაც ისე, თითქოს ასე უნდა იყოს და უცნაური არაფერი  ხდება. ახლავე გეტყვით, რასაც ვგულისხმობ.  

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი შარლ მიშელი, თანამდებობას ტოვებს, აპირებს, კენჭი იყაროს და ევროპარლამენტარი გახდეს. შესაბამისად, მისი პოსტი თავისუფლდება, რომელიც, წესითა და რიგით, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა უნდა დაიკავოს, რადგან ევროსაბჭოს პრეზიდენტობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრემიერმინისტრებს რიგითობით უწევთ ხოლმე. სწორედ ასე დაიკავა ბელგიის ყოფილმა პრემიერმა შარლ მიშელმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პოსტი, ახლა კი  უნგრეთის და, შესაბამისად, ორბანის ჯერია. როგორ გგონიათ, რა აზრის არიან ამ საკითხზე  ცალკე ევროპა და ცალკე ამერიკა? გადაწყვიტეს, რომ არ შეიძლება, ორბანი ევროსაბჭოს პრეზიდენტი გახდეს, ამაზე ქვემოთ, მანამდე კი… ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის ინსტიტუტების ყველაზე მაღალი არჩევითი თანამდებობის პირია,  ინიშნება სახელმწიფოების მთავრობათა საერთო თანხმობის საფუძველზე და მტკიცდება ევროპარლამენტის მიერ. ამ თანამდებობას ამჟამად გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი იკვებს და სწორედ ფრაუ ურსულას შეუტიეს გასულ კვირას, აქაოდა, არ გაბედოთ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტად ორბანის კანდიდატურას მხარი დაუჭიროთო. ფრაუ ურსულა აშკარად დაბნეული ჩანდა და ვერ ხვდებოდა, რას ითხოვდნენ მისგან, რადგან მან შესანიშნავად იცის, რომ კანონს წინ ვერ აღუდგება და კანონით კი ახლა სწორედ უნგრეთის და, შესაბამისად, ვიქტორ ორბანის რიგია, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ასე არ ფიქრობენ, რადგან ორბანი ვლადიმერ პუტინის მთავარ მოკავშირედ მიაჩნიათ და ისიც ახსოვთ, როგორ მოითხოვა მან 11 მილიარდი ევროს გამოყოფა უნგრეთისთვის… უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის სანაცვლოდ.  ჰო, სწორედ ამ ბრალდებებს უყენებენ ორბანს, მაგრამ მოდი, რიგითობითი მივყვეთ. იმით დავიწყოთ, რომ ის 11 მილიარდი  ევროკავშირმა უნგრეთს მანამდე გამოუყო და მას შემდეგ, რაც ორბანმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება ეჭვქვეშ დააყენა და არც რუსულ ბუნებრივ აირსა  თუ ნავთობპროდუქტებზე უთქვამს უარი, აღნიშნული თანხა  გაუყინეს და აღარ მისცეს. ჰოდა, როგორც კი, უნგრელთა რჩეულს შანსი მიეცა, გამოიყენა და ხმის სანაცვლოდ კუთვნილი 11 მილიარდი მოითხოვა და მიიღო კიდეც. მოიქცა თუ არა ორბანი სწორად? რა თქმა უნდა, მართებული გადაწყვეტილება მიიღო და ოპონენტებს ზუსტად იმ ენაზე დაელაპარაკა, რომელზეც  ისინი ესაუბრებოდნენ. მეორე და მთავარი იერიში ლიბერალებმა ორბანზე მას შემდეგ მიიტანეს, რაც უნგრეთის პრემიერმა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აღფრთოვანება ვერ დამალა და განაცხადა, რომ უნგრეთის კონსტიტუციაში ქართული კონსტიტუციის ჩანაწერის ანალოგს აუცილებლად გააკეთებს და ქვეყნის მთავარ კანონში ოჯახის ცნებას, როგორც ქალისა და კაცის ერთობას, ისე შეიტანს. აი, ამან გადარია ლიბერალები, აქაოდა, ეს დისკრიმინაციაა, ისე გამოდის, ლგბტ თემს ოჯახის შექმნა არ შეუძლიაო და… ალალად ვთქვათ, თუ ქალისა და მამაკაცის ერთობას არა, ოჯახი სხვას რას უნდა ეწოდოს?! ისე, ორბანის ამ გადაწყვეტილების გამო იმხანად არც ირაკლი ღარიბაშვილს დააკლეს ლანძღვა, აქაოდა, დისკრიმინაციული ჩანაწერი რომ გააკეთეს, მიმბაძველები გამოუჩდნენო. ისიც გემახსოვრებათ, ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოცემამდე საქართველოს მთავარი მოკავშირე ორბანი რომ იყო და მთელი ოპოზიციური სპექტრი სიცილით კვდებოდა, –  რუსეთის პარტნიორი ორბანის გარდა, საქართველოს მთავრობას ევროპაში სხვა მეგობარი  არ ჰყავსო.  მათ ახლაც  წიოკი აქვთ ატეხილი –  ორბანი თუ გახდება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, გამოდის, ევროპა რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევაო. ისიც ვთქვათ, რომ ორბანის გაპრეზიდენტების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც შარლ მიშელმა გადადგომის შესახებ ვადაზე ადრე განაცხადა. ჰოდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და ევროპარლამენტარები მიშელს კი არ აკრიტიკებენ: რა დროს ვადაზე ადრე წასვლა იყოო, არამედ ორბანს უჩხიკინებენ: ეგ არ უნდა გახდეს პრეზიდენტიო. გამოდის, თურმე შარლ მიშელს არჩევანის თავისუფლება აქვს და ორბანს – არა. ჰოდა, ურსულა ფონ დერ ლაიენს თამამად შეუტიეს: უფლება არ გაქვს, უნგრეთის პრემიერს ამდენის უფლება მისცეო და…   1 თებერვლამდე აპირებენ უნგრეთს ევროსაბჭოში და, საერთოდ, ევროპის ყველა სტრუქტურაში ხმის უფლება წაართვან. ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ უნგრეთის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერანაირ თანამდებობას ვერ დაიკავებს. არის ეს დემოკრატია? რა თქმა უნდა, არა და დასავლეთმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახვა, რომ დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვებია, რეალურად კი, როგორც სჭირდებათ, ისე ჭრიან და კერავენ. ისინი აპირებენ ყველა კანონის დარღვევას, ყველა წესის უგულებელყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი კაცის პრობლემა მოაგვარონ. არადა, სწორედ ორბანი იყო ერთ-ერთი  ინიციატორი იმისა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მილიარდობით ევრო არ გადაერიცხათ უკრაინისთვის და ცეცხლზე ნავთის დასხმის ნაცვლად კონფლიქტის მოგვარებაზე დაეწყოთ ზრუნვა. ძალიან დიდი ალბათობით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ორბანის მთავარი გზავნილი თუ მიმართულება სწორედ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის დასრულება იქნება და ის ძირითად რესურსებს, უკრაინის შეიარაღებას კი არა, კონფლიქტის მოგვარებას მოახმარს. ეს კი  არც ევროკავშირს აძლევს ხელს და, რაც მთავარია, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს. სწორედ ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ უნგრეთის პრემიერის წინააღმდეგ  ევროკავშირის ლამის ყველა ქვეყანამ აღიმაღლა ხმა და ახლა ერთხმად ცდილობენ, ისე მოაწყონ, რომ ორბანს, რომელსაც თანამდებობა კანონით და წესდებით ეკუთვნის, არაფერი შეხვდეს. რა გამოდის? ევროკავშირი ორბანს ებრძვის განსხვავებული მოსაზრებების გამო. მოდით, ახლა განსხვავებულ ორიენტაციასა და განსხვავებულ მოსაზრებას შორის ვიპოვოთ სხვაობა. რეალურად, განსხვავებული ორიენტაცია ხომ განსხვავებული თვალსაზრისია კონკრეტულ საგანზე და გამოდის, ევროპა, ერთი მხრივ, გვეუბნება, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს პატივი ეცით, მათ მოსაზრებებს  ნუ აკრიტიკებთო, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგა, სწორედ განსხვავებული მოსაზრების გამო აპირებს წესდების შეცვლას  და ევროკავშირის წევრ ქვეყანას ხმის უფლების წართმევით ემუქრება. როგორ არ გავიხსენოთ დიდუბის პანთეონში დაკრძალული ე.წ. კანონიერი ქურდის, ჯაბა იოსელიანის ფრაზა: „დემოკრატია ამათ ლობიოობა ჰგონიათ, დემოკრატია ლობიოობა არ არის“. ჰო, სწორედ ლობიოობა ჰგონია დასავლეთს დემოკრატია და,  როცა სჭირდებათ, დარწმუნებულნი მაშინ მოგვართმევენ ამოლესილ ლობიოს და ჩვენც დიდი კოვზით უნდა მივირთვათ.

დეკემბერში მიღებულმა სტატუსმა, ერთი შეხედვით, ხბოს აღტყინებამდე მიგვიყვანა და ბედნიერი სახეებით შევცქეროდით დასავლურ პერსპექტივას. ახლა კი ცხადი ხდება, რომ დასავლური ღირებულებები არც ისე მომხიბვლელია, როგორც ეს ფურცელზე ჩანს. გამოდის,  დასავლეთს, როცა  დასჭირდება, შეუძლია ყველაფერი უკუღმა დაატრიალოს და სათავისოდ მოირგოს. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ორომტრიალის უმთავრესი მიზეზი რუსეთის ფედერაციაა და ასეა ახლაც – ორბანს რეალურად იმიტომ ერჩიან, რომ არც მიმდინარე და არც გასულ ზამთარს რუსულ ბუნებრივ აირსა  და  ნავთობპროდუქტებზე უარი არ უთქვამს და, რაც მთავარია, ხელისუფლებას ეს ნაბიჯი მოსახლეობამ მოუწონა. ანუ, ლამის 10-მილიონიანი ქვეყნის გადაწყვეტილება ევროკავშირს არ მოსწონს და ახლა მის დასჯას აპირებს.

1 თებერვალი შორს არ არის და, თუ მართლა ისე მოხდა, როგორც იმუქრებიან –  ორბანს ევროკავშირის კუთვნილ თანამდებობას არ მისცემენ, შეგვიძლია კანდიდატის სტატუსი უკან   მივუგდოთ მის გამცემთ, რადგან გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ, როცა საქართველოს რიგი  დადგება თუნდაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად,  ევროკავშირის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მონები უნდა ვიყოთ და განსხვავებული თვალსაზრისის  უფლება არ უნდა გვქონდეს.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here