Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთის აბსურდის თეატრში ფარდა, როგორც ჩანს, ჯერ არ დაშვებულა… კარგად  დავფიქრდეთ, სად...

დასავლეთის აბსურდის თეატრში ფარდა, როგორც ჩანს, ჯერ არ დაშვებულა… კარგად  დავფიქრდეთ, სად გვინდა გაერთიანება და რას გვთავაზობენ სანაცვლოდ

იმის მიუხედავად, რომ პრაღაში მოწყობილი სასაკლაოს საქმის გამომძიებელმა აღიარა, რამდენიმე დღე დაგვაკლდა, თორემ ტრაგედიას თავიდან ავიცილებდითო, „მთავარი დამნაშავე“ მაინც მონახეს და როგორ გგონიათ, ვინ და რა არის მიზეზი პრაღაში მოწყობილი სისხლისმღვრელი ანგარიშსწორებისა? სწორია - რუსეთი! დიახ, ევროპელები ხელს რუსეთისკენ იშვერენ და მერე რა, რომ მკვლელი ჩეხეთში დაბადებულ-გაზრდილი ჩეხია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან...

375
დასავლეთის აბსურდის თეატრში ფარდა, როგორც ჩანს, ჯერ არ დაშვებულა... კარგად დავფიქრდეთ, სად გვინდა გაერთიანება და რას გვთავაზობენ სანაცვლოდ

21 დეკემბერს, დაახლოებით 15 საათზე, ოპტიკურსამიზნიანი ავტომატური შაშხანით შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, იან პალახის მოედანზე მდებარე კარლის უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში სტუდენტები და ქუჩაში გამვლელები დახოცა. 22 დეკემბერს პრაღის პოლიციამ განაცხადა, რომ დაღუპულია 13 ადამიანი, ხოლო მკვლელია ჩეხეთის მოქალაქე, 24 წლის დავიდ კოზაკი, რომელმაც შემთხვევის ადგილზე თავი მოიკლა. ოფიციალური ცნობით, კოზაკს 12 ერთეული სხვადასხვა იარაღი ლეგალურად ჰქონდა ნაყიდი…

15 დეკემბერს პრაღაში, კლანოვიცკის ტყე-პარკში, მოკლეს 32 წლის კაცი და მისი 2 თვის გოგონა. კარლის უნივერსიტეტში მომხდარი მასობრივი მკვლელობის საქმის გამომძიებელმა ალეშ შტრახმა განაცხადა, რომ პოლიცია ეძებდა ტყე-პარკში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, მათ, ვისი გამოსახულებაც პოლიციის მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანდა, იყო დევიდ კოზაკიც, რომელმაც 21 დეკემბრს უნივერსიტეტში ხოცვა-ჟლეტვა მოაწყო… როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, სამართალდამცველებს მხოლოდ რამდენიმე დღე დააკლდათ დანაშაულის გახსნამდე და ეს რომ მოეხერხებინათ, 21 დეკემბრის ტრაგედიას თავიდან აიცილებდნენ…

22 დეკემბერს ჩეხეთის პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა ორი პირი, რომლებიც სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ პრაღელი მსროლელით შთაგონებულნი არიან და ასევე აპირებენ ადამიანების დახოცვას… 23 დეკემბერი ჩეხეთში გლოვის დღედ გამოცხადდა და, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი-უკრაინისა და ისრაელი-„ჰამასის“ დაპირისპირების ფონზე, მსოფლიო ყოველდღიურად ასობით ადამიანის სიკვდილს მიეჩვია, ჩეხებს მთელმა მსოფლიომ გულწრფელად მიუსამძიმრა. ის, რაც მოხდა, ძალიან ძნელი აღსაქმელი და გასაგებია და, გვსურს თუ არა, უნდა გავიხსენოთ ანდერს ბრეივიკი, რომელმაც ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე სასაკლაო მოაწყო და 77 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. ჰუმანურმა ევროპულმა სასამართლომ მას 21 წლით აღუკვეთა თავისუფლება. ბრეივიკს სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოხდილი აქვს და კარგი ქცევის გამო ვადაზე ადრე გათავისუფლებასაც ითხოვს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მისთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმის დასაბუთება ნორვეგიულ მართლმსაჯულებას უჭირს… ჩეხეთს დავუბრუნდეთ. იმის მიხედავად, რომ პრაღაში მოწყობილი სასაკლაოს საქმის გამომძიებელმა აღიარა, რამდენიმე დღე დაგვაკლდა, თორემ ტრაგედიას თავიდან ავიცილებდითო, „მთავარი დამნაშავე“ მაინც მონახეს და როგორ გგონიათ, ვინ და რა არის მიზეზი პრაღაში მოწყობილი სისხლისმღვრელი ანგარიშსწორებისა? სწორია – რუსეთი! დიახ, ევროპელები ხელს რუსეთისკენ იშვერენ და მერე რა, რომ მკვლელი ჩეხეთში დაბადებულ-გაზრდილი ჩეხია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან. მერე რა, რომ მას 12 სახეობის იარაღი ოფიციალურად ჰქონდა შეძენილი და გავლილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ტესტები და წარდგენილი ჰქონდა ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც ჩეხმა და არა რუსმა ექიმებმა გასცეს. მთავარი ეს კი არა, თურმე ის ყოფილა, რომ ძიების პროცესში ჩეხეთის პოლიციამ ინტერნეტში რუსულენოვანი ტელეგრამ-არხი აღმოაჩინა, რომელშიც 10 დეკემბერს კოზაკს რუსულ ენაზე დაუწერია: „მინდა, სკოლაში სროლა მოვაწყო და შესაძლოა, თვითმკვლელობაც… ეს არხი არის დღიური, რომელშიც მე დავწერ ჩემს ცხოვრებაზე სროლამდე“. ანუ, მკლელმა რუსულ-ტელეგრამ არხში შექმნა გვერდი და დააანონსა, რომ აპირებს სკოლაში სასაკლაოს მოწყობას და 21 დეკემბრის ხოცვა-ჟლეტა თურმე ამიტომ ყოფილა რუსეთის ბრალი. კოზაკს იგივე რომ ექნა ფეისბუკზე ან ტვიტერზე ამერიკელები იქნებოდნენ დამნაშავე? რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ, ახლა ასეა საჭირო, რუსეთს უნდა დაბრალდეს ყველაფერი ცუდი, რაც მსოფლიოში ხდება. ჩემმა მეზობელმა ამას წინათ ხელი გაიჭრა რუსული დანით და ეგეც რუსეთის ბრალია, დანა ხომ რუსული იყო?.. რაც მთავარია, ამ განცხადებას ევროპის ქვეყნების პოლიტიკოსებმა და, რა თქმა უნდა, ამერიკელებმა აუბეს მხარი, რუსეთის ბრალიაო.

მკვლელი აივანზე, სტუდენტები - ქუჩაში
მკვლელი აივანზე, სტუდენტები – ქუჩაში

საინტერესო, იცით, რა არის? ეს ევროპელები და ამერიკელები დასხდებიან ხოლმე და მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქების სარეიტინო სიას აქვეყნებენ, რომელი ქალაქია სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში და სად უნდა წავიდნენ ტურისტები, თავი დაცულად რომ იგრძნონ. ნორვეგიის, ჩეხეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის ქალაქები, უფრო ზუსტად, ამ ქვეყნების დედაქალაქები, როგორც წესი, პირველ ათეულში ხვდება ხოლმე, არადა, სწორედ ამ ქალაქებში ხდება გაუთვალისწინებელი დანაშაულები. 21 დეკემბრის ტრაგედიას თავი რომ დავანებოთ, თვეზე ოდნავ მეტი გავიდა იმ შემთხვევიდან, როცა ბრიუსელში, საფეხბურთო ნაკრებების მატჩის მიმდინარეობისას სტადიონის სიახლოვეს, სადაც ასობით პოლიციელი იმყოფებოდა, დღემდე დაუდგენელმა ტერორისტმა ჯერ პირდაპირი ჩართვა გააკეთა, ურჯულოები უნდა დავხოცოო, შემდეგ ხალხის მასაში შევარდა და ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი მოკლა. პარიზში ასეთი შემთხვევა ლამის თვეში ერთხელ ხდება, ბერლინში საშობაო ბაზრობებზე ავტომობილით შევარდნა და ხალხის გასრესვა ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და ამ დროს თბილისზე წერენ ხოლმე, უსაფრთხო ქალაქი არ არისო. რაღაც არ მახსენდება, ჩვენთან ვინმეს იარაღი აეღო და ხოცვა-ჟლეტვა მოეწყო; არც ის მახსენდება, ვინმეს ავტომობილით შეგნებულად გაესრისა ადამიანები. მაშ რატომ არის თბილისი საფრთხის შემცველი და რატომ არის ევროპის ზემოჩამოთვლილ ქალაქებზე მეტად სარისკო აქ მოგზაურობა? მაგრამ მათიც გვესმის – სიმართლე რომ თქვან, პარიზს ყველაზე მეტი ტურისტი აღარ ეწვევა და სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებზე გადანაწილდება. მერე საფრანგეთი იმდენ შემოსავალს ვეღარ მიიღებს და ყველაფერს ხომ ფული ატრიალებს ამ სამყაროში?!

ისევ რუსეთის გარშემო ატეხილ ისტერიკას დავუბრუნდეთ. ევროპა-ამკერიკის მიერ ორი წლის წინათ გამოცხადებული ამბავი, რუსეთი დამარცხდება, მიწასთან გასწორდება და ნაწილებად დაიშლებაო, არ გამართლდა. არც ის გამართლდა, სანქციებით დაიხრჩობა ქვეყანა და ადგილობრივი მოსახლეობა გადატრიალებას მოაწყობსო. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები დარჩა და მოქმედ პრეზიდენტს ღირსეული კონკურენტი ჯერჯერობით არ ჰყავს. ევროპა და ამერიკა სანქციებს სანქციებზე აწესებენ, მაგრამ მათი ეფექტიანობის თვითონაც აღარ სჯერათ და მაშინ, როცა რუსეთი ენერგიისგან უნდა დაცლილიყო, ევროპის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით უარს ამბობენ უკრაინის დახმარებაზე, ამერიკის კონგრესმა უკრაინელებისთვის 106-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მიცემა ჩააგდო, აქეთ ზელენსკი ყვარყვარესავით იხვეწება, – „იქნება რამე მისაშველოთ“-ო. ისე, ევროპა და ამერიკა ერთხმად აცხადებენ: რუსეთს საინფორმაციო ომს ვუგებთო… და არის ამაში სიმართლის მარცვალი – ამერიკული და ევროპული სოციალური ქსელები სიმართლეს ბლოკავენ და ლამაზი ტყუილებით აბრუებენ მოსახლეობას, მაგრამ უკრაინის მოსახლეობამ ხომ ყველაზე კარგდ იცის, რა ხდება რეალურად და ვის მხარეს არის გამარჯვების სასწორი გადახრილი? ახლა კი პრაღის სასაკლაოს მიბმას ცდილობენ რუსეთზე. კიდევ კარგი, კოზაკი რუსეთის მოქალაქე არ იყო, თორემ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა?

ასე ემალებოდნენ მკვლელს კარლის უნივერისტეტის სტუდენტები
ასე ემალებოდნენ მკვლელს კარლის უნივერისტეტის სტუდენტები

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა ვახსენოთ, დამადლებით რომ მოგვცეს და ზარ-ზეიმით რომ აღვნიშნეთ. კიდევ ერთხელ კარგად უნდა დავფიქრდეთ, სად გვინდა გაერთიანება, სად გვეპატიჟებიან და რას გვთავაზობენ სანაცვლოდ. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში იარაღიანი ხალხის შევარდნა და სასაკლაოს მოწყობა ამერიკაში ლამის ყოველდღიურ მოვლენად იქცა და აგერ, ახლა ევროპაშიც იგივე დაიწყო. ქუჩაში ხალხის დახვრეტის დიდოსტატები სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, მერე ათას ვერსიას რომ იგონებდნენ და უდანაშაულო ბიჭებს ლამის ალ კაპონეს კლანის წევრებად აცხადებდნენ. საბედნიეროდ, ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება და, თუ კარგად დააკვირდებით, ასეთი რამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის უცხოა. იქნებ იმიტომ, რომ „ავადსახსენებელმა კომუნისტებმა“ ისეთი რამ ჩადეს ქვეცნობიერში, არავინ ცდილობს, თავი მკვლელობებით გამოიჩინოს და ისტორიაში ასე შევიდეს. ნებისმიერ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში (ალბათ, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა) ბრეივიკის დონის დამნაშავე რომ დაეკავებინათ, სამუდამო პატიმრობა არ ასცდებოდა და მის გათავისუფლებაზე, საუბარი კი არა, ფიქრიც კი მკრეხელობად ჩაითვლებოდა… ევროპა კი… ლინერალური ევროპა, ამასაც განიხილავს… ბრეივიკის მიერ დახოცილი ახალგაზრდები საქართველოსაც ძალიან სტკივა, ქართველი გოგონაც გაიმეტა პირსისხლიანმა მკვლელმა…

ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა დასკვნას გამოიტანს ჩეხეთის პოლიცია და ვის „შეტენის“ თავის უმოქმედობას თუ უნიათობას, მაგრამ იმისთვის, რომ პრაღის ტრაგედია რუსეთს დაბრალდეს, მყარი საფუძველი უკვე ჩაყრილია. ახლა მთავარია, ყველაფერი კარგად შეფუთონ და რიგით ადამიანებამდე ისე მიიტანონ, თითქოს რუსეთმა შეუწყო ხელი გარეწარი კოზაკის გაზრდას. ჰო, დასავლეთის აბსურდის თეატრში ფარდა, როგორც ჩანს, ჯერ არ დაშვებულა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here