Home ახალი ამბები საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ  ერთადერთ დიდ ბაზრად საქართველოს  რუსეთი შერჩა და სწორედ ამ...

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ  ერთადერთ დიდ ბაზრად საქართველოს  რუსეთი შერჩა და სწორედ ამ ბაზრის  გადაკეტვა სურს დასავლეთს

184

რაც მეტი უკმაყოფილო იქნება ქვეყანაში მით უკეთესი ოპოზიციისთვის. მერე რა, რომ გლეხები ამით ფინანსურ ზარალსაც განიცდიან და ბანკებიდან აღებული კრედიტების გამო, შესაძლოა, ქუჩაში დარჩნენ; მთავარია, ოპოზიციამ იხეიროს, თორემ გლეხების უფულობას ვინ და როდის ჩიოდა?!

 „სარაჯიშვილი“ საქართველოში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი  ყველაზე ცნობილი და ყველაზე  ძველი საწარმოა. ჰოდა, გასული წლის 6 თვეში, როცა პანდემია ბოლომდე დასრულებული არ იყო, „სარაჯიშვილმა“ რუსეთში 7,9 მილიონი ლარის პროდუქცია გაყიდა, წელს კი ანალოგიურ პერიოდში – 2.5 მილიონის, ანუ სამჯერ ნაკლები. ეს გასაგებიცაა – საომარ  მდგომარეობაში მყოფ რუსეთს კონიაკისთვის ნამდვილად არ სცხელა,  მოსახლეობაც ხვდება, რომ რაღაცები უნდა მოიკლოს და ეს  ალკოჰოლსაც ეხება. ეს ყველაფერი კი იმიტომ გითხარით, რომ საქართველოში რთველი ხურდება და გლეხებს ყურძნის რეალიზაციის აშკარა პრობლემა აქვთ. პრაქტიკულად, ყველა კომპანიას, რუსულ ბაზარზე გაყიდვის შემცირების გამო, ახალი მოსავალი, უბრალოდ, არ სჭირდება და ხელისუფლების შეგონებას, გლეხებს ხელი დაუცალეთო, არ ისმენს. ჯერჯერობით  ყურძენი დიდი რაოდენობით არ იკრიფება, მაგრამ, როცა პიკი იქნება, ისინი აუცილებლად აყვირდებიან, რომ პროდუქციის გაყიდვა მათხოვრულ ფასადაც კი უჭირთ.

როგორ არ ვახსენოთ ოპოზიცია, რომელიც, წლებია, ხელისუფლებას უკიჟინებს: რუსულ ბაზარს ჩაეხსენით, ქართული პროდუქცია ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე გაიტანეთო. კი ბატონო, აგერ არის ათეულობით ტონა საუკეთესო ყურძენი, რომლის ფასი 31.5 ცენტია ადგილზე და გაიტანეთ, გაყიდეთ ევროპაში, სადაც ყურძნის ფასი 2 ევროდან იწყება და შვიდმაგ მოგებას ნახავთ. არ გინდათ, სცადოთ ამის გაკეთება, პატივცემულო ოპოზიციონერებო? მერე ნახავთ, რას გეტყვიან მეგობარი ევროპელები (ამერიკაზე აქცენტის გაკეთება არც ღირს). როგორ გგონიათ, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, პორტუგალია ტაშს დაგიკრავენ, საკუთარ ყურძენს და ღვინოს გაწევენ ბაზრიდან, დახლს გამოათავისუფლებენ და გეტყვიან: მობრძანდით, რამდენი ხანია, გელოდებითო? ამ ხელისუფლებამ კი არა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამერიკას დემოკრატიის შუქურად და ევროპას პოლიტიკის ვარსკვლავბიჭუნად ჰყავდა გამოცხადებული, ვერ მოახერხა და ევროპულ ბაზარზე ფეხი ვერ მოაკიდებინა ვერც  ერთ, ვიმეორებთ, ვერც ერთ ქართულ პროდუქციას. ღვინო კი არა, „ბორჯომი“ და მტკნარი წყალი, რომლებიც ძალიან, ძალიან კარგია, არ მიიღეს ევროპელებმა და ფრანგული თუ შვეიცარიული წყლები არ ჩამოიღეს დახლებიდან. იმას კი არ ვამბობთ, მაინცდამაინც ბევრი უნდა შეგვეტანა, ევროპულ დახლზე 1%-იც კი არ დაგვითმეს, ამერიკულზე კი „ბაგაჟნიკით“ თუ ჩაიტან რამეს, ვინმეს რომ აჩუქო, თორემ… დაგვისახელეთ ერთი ქალაქი ან დაბა ამერიკაში, რომლებშიც ქართული პროდუქცია დიდი რაოდენობით იყიდება. ვერ დაასახელებთ და იმიტომ კი არა, რომ მიწოდება არ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით გაყიდვის უფლებას, უბრალოდ, არ გვაძლევენ. ეს ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის, შესაძლოა, იმაზე კარგადაც, ვიდრე ხელისუფლებამ და სწორედ ამიტომ ამბობს, რუსულ ბაზარს შეეშვითო, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსული ბაზრისთვის გამზადებული პროდუქცია გაფუჭდება და გლეხებს ხელში ჩაალპებათ. ეს კი  უკმაყოფილებას გამოიწვევს და, რაც მეტი უკმაყოფილო იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი ოპოზიციისთვის. მერე რა, რომ გლეხები ამით ფინანსურ ზარალსაც განიცდიან და ბანკებიდან აღებული კრედიტების გამო, შესაძლოა, ქუჩაში დარჩნენ; მთავარია, ოპოზიციამ იხეიროს, თორემ გლეხების უფულობას ვინ და როდის ჩიოდა, ახლა რომ შეწუხდნენ?!

რეალურად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ერთადერთ დიდ ბაზრად საქართველოს სწორედ რუსეთი შერჩა. სწორედ იქ გაგვაქვს ჭარბი პროდუქცია  და, იმაზე ათჯერ მეტიც რომ მოვიყვანოთ, ვიდრე ახლა მოგვყავს, მასაც უპრობლემოდ აითვისებს რუსული ბაზარი. ქართული ეკონომიკა სწორედ რუსულ ბაზარზეა ჩამოკიდებული და, რაც უფრო მეტად ჩამოვეკიდებით, მით უკეთესი. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის პროდუქციის გასაღების სტაბილური და, რაც მთავარია, ისეთი ბაზარი,  ნებისმიერ დროს რომ შეგვიძლია მომგებიანად ვაჭრობა.

ახლა ტურისტებზე ვთქვათ,რომლებიც ოპოზიციისვე სურვილით, ქვეყანაში არ უნდა შემოვუშვათ და, თუ შემოვუშვებთ, მალევე უნდა გავყაროთ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში შემოსულ და გასულ რუს ტურისტებს შორის სხვაობა 5 ათასზე ოდნავ მეტია, ანუ, თუ დარჩენაზეა საუბარი, გამოდის, 5 ათასი დარჩა (გვეეჭვება ეს რიცხვიც, ისინიც წავლენ, თუმცა იყოს 5 ათასი) და ოპოზიცია გაიძახის: გინდა თუ არა, ტურისტების მეშვეობით გვიპყრობს რუსეთი, ისინი აქ დამკვიდრდებიან და მერე ნახეთო. ჰოდა, თუ იმის გჯერა, რომ  5 ათასი ადამიანი (ქალი, ბავშვი, მოხუცი, ახალგაზრდა – ყველა შედის ამ ჩამონათვალში) დაგიპყრობს და დაგიმონებს, ბოდიში და, დასაპყრობი ყოფილხარ.

ოპოზიცია არ აღიარებს, რომ სწორედ რუსი ტურისტების დამსახურებაა ეროვნული ვალუტის გამყარება და  ისიც, რომ ქართულ ეკონომიკას   რუსი ტურისტებთ უდგას სული. ასეულობით მილიონი (არ ვაჭარბებთ) დოლარი დახარჯეს სწორედ რუსმა ტურისტებმა და ეს ფული, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ისე მიიღეს რიგითმა ადამიანებმა და არა ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტშიც შევიდა, მაგრამ თანხის უდიდესი ნაწილი  მოსახლეობას ერგო. ეს აისახა კიდეც ყველაფერზე და, ამას ოპოზიცია რომ არ აღიარებს, იმას არ ნიშნავს, რომ რიგითი ადამიანები ვერ ხედავენ და ხვდებიან.

როცა რუსულ ბაზარზე ვსაუბრობთ, მხოლოდ საქართველოთი არ უნდა შემოვიფარგლოთ. ისეთი დიდი გიგანტებიც კი, როგორებიც არიან „კოკა-კოლა“ და „ეფლი“, არ მალავენ, რომ რუსული ბაზრის დატოვება შეცდომა იყო და  უკან დაბრუნების დიდი სურვილი აქვთ. ალბათ, შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ორივე კომპანიას იმაზე გაცილებით მეტი ბიუჯეტი აქვს, ვიდრე საქართველოს და, ხმამაღლა თუ არ გავყვირით, რომ რუსული ბაზრის გარეშე საქართველოს ეკონომიკა  აღარ იარსებებსო, არ ნიშნავს, რომ ეს არ ვიცით. სწორედ ამიტომ აკეთებს აქცენტს ოპოზიცია კონკრეტულად რუსული ბაზრიდან გასვლაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში სოციალური ფონი კი არ გაუარესდება, პრაქტიკულად, ჩვეულებრივ მათხოვრებად ვიქცევით –  გაუქმდება სამუშაო ადგილები, ვერ გავყიდით და, რაც მთავარია, ვერ ვიყიდით ვერაფერს, იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა არც ხალხს და არც სახელმწიფოს ფიზიკურად არ ექნებათ. გადახედეთ ევროპის ქვეყნებსა და მათ მოსახლეობას – ისინი წნარად კი არ ამბობენ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება შეცდომა იყო და ეს ყველაფერი უნდა დასრულდესო, არამედ ამას ხმამაღლა მოითხოვენ, აპროტესტებენ და აღიარებენ, რომ ამ სანქციებით ევროპა დასუსტდა და ერთადერთი, ვინც ამ ყველაფრით ხეირობს, ამერიკის შეერთებული შტატებია. ახლა მთავარი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობას დახმარების ხელი გაუწოდოს და ყურძენი აქ კი არ შეტენოს ღვინის ქარხნებს ძალით და თანაც  90 თეთრად, არამედ მოსავლის ისევ რუსეთში გატანაში შეუწყოს ხელი და, სულ ცოტა, ორმაგ ფასად გააყიდვინოს. არის ამის შესაძლებლობაც, საშუალებაც და, რაც მთავარია, გლეხებს აქვთ ამის სურვილი. მმართველმა გუნდმა არ უნდა მიაქციოს ყურადღება არც ოპოზიციას და არც „კეთილისმსურველ დასავლეთს“, რომელსაც არანაკლებ უნდა, რომ საქართველო როგორმე რუსულ ბაზარს ჩაეხსნას და მისი სათამაშო გახდეს. სწორედ ეს არ უნდა დავუშვათ და ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ,  საბაზრო ურთიერთობები რუსეთთან რაც შეიძლება მარტივი რომ გახდეს, როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი გავაფართოვოთ და ეს არამხოლოდ ეკონომიკას დაეტყობა, არამედ სოციალურ ფონსაც. რაც მთავარია, ამის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება დასავლეთის რეალური სახე, როცა  მკაცრად აგვიკრძალავს ამ ურთიერთობას, თვითონ კი არაფერს შემოგვთავაზებს, საერთოდ, არაფერს. არაერთხელ თქმულა, რომ დასავლეთს საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აინტერესებს, კონკრეტული ტერიტორია და არა ის, ვინ როგორ იცხოვრებს და იცხოვრებს თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე.

წინ ზამთრის საკურორტო სეზონია და სასტომროების მფლობელები აღიარებენ, რომ 80%-ზე მეტი ადგილი უკვე დაჯავშნილია. ამ  80%-დან, 70%-ზე მეტი ჯავშანი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, რაც დამატებით ასეულობით მილიონი შემოსავალია ისევ ქართველი მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის. ამ არხის გადაჭრა და გადაკეტვა სურს დასავლეთს და ოპოზიციის ხელით თუ პირით ხმამაღლაც გაჰკივის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით, მაგრამ ისინი ამ იდეაზე ხელს არ აიღებენ, სახელმწიფო კი, სამწუხაროდ,  უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმისა და პოზიციის მკაფიო გამოხატვისგან თავს იკავებს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here