Home ახალი ამბები მსოფლიო ჩონჩხი ნიკოლ ფაშინიანის საოჯახო კარადაში

ჩონჩხი ნიკოლ ფაშინიანის საოჯახო კარადაში

სომხეთის პრემიერმინისტრს წინაპრის აჩრდილი ფსკერზე ჩაითრევს?

9 მაისის წინა დღეებში სომხეთი ისტორიული სარჩულის  მქონე პოლიტიკურმა სკანდალმა შეძრა. ფედერალურმა რესურსმა News.ru-მ გამოაქვეყნა მასალა სომეხი კორესპონდენტების ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომელიც ამტკიცებს, რომ ამჟამინდელი პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, ბაბუა, შესაძლოა, სულაც არ იყო ის, ვინც ეგონათ.

სომხეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, მისი წინაპარი წითელი არმიის მებრძოლი იყო და 1943 წელს სამშობლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა, მაგრამ ჟურნალისტებმა ღია წყაროების შესწავლის  შემდეგ  სხვა მონაცემები მოიპოვეს: ვინმე  ნიკოლაი ფაშინიანი (სომხეთის ამჟამინდელი პრემიერმინისტრი ბაბუის სახელს ატარებს) მართლაც დაიღუპა 1943 წელს, მაგრამ ის წითელი არმიის რიგებში კი არა,  ვერმახტის სომხურ ლეგიონში ჯარისკაცად იბრძოდა. 9 მაისის დღესასწაულმა ჩაიარა,  სომხეთის პრემიერმა კი არ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მის ოპონენტებს თავდასხმის  საბაბს აძლევს.

ოპონენტები სომხეთის მთავრობის მეთაურს საყვედურობენ არა იმის გამო, რომ მისი წინაპარი ფაშისტების მხარეს იბრძოდა (ვაჟი არ არის პასუხისმგებელი მამის საქციელზე,  მით უმეტეს, შვილიშვილი – ბაბუის), არამედ იმის გამო, რომ  მალავს სიმართლეს თავის ნათესავზე. მეტიც, მას ახალი ბიოგრაფია მოუფიქრა. დღესასწაულამდე ფაშინიანმა სოციალურ ქსელში  გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც  აღნიშნა, რომ მისი ბაბუა, 1913 წელს დაბადებული ნიკოლაი ფაშინიანი,  138-ე  მსროლელი  დივიზიის 554-ე პოლკში მსახურობდა. ამჟამინდელი პრემიერის ოპონენტებმა   გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ ეს ინფორმაცია ვებგვერდ „მემორიალის“ მეშვეობით,  რომელიც 2007 წელს შეიქმნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით. ამ საარქივო ვებგვერდის  მონაცემთა ბაზა შეიცავს 17 მილიონზე მეტ დოკუმენტს  აუნაზღაურებელი დანაკარგების შესახებ და 20 მლნ სახელობით  ჩანაწერს წითელი არმიის დაღუპულ ჯარისკაცებზე, მათ შორის არის გერმანიის არქივებში ნაპოვნი ჩანაწერები.  მათ მოიპოვეს ინფორმაცია ნიკოლაი ვართანის ძე ფაშინიანის შესახებ, რომელიც დაიბადა 1913 წელს და დაიღუპა 1943 წელს უკრაინაში. ჩანაწერში ნათქვამია: „გასვლის, გამოკლების მიზეზი: მტერთან თანამშრომლობა, დაიღუპა“. იმავე გვერდზე არის კიდევ ერთი ნიკოლაი ფაშინიანი ოღონდ არაქელის ძე, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1943 წელს, მაგრამ ის ნადვილად მსახურობდა წითელი არმიის 554-ე პოლკში. პრემიერის მომხრეები ამბობენ, რომ სწორედ ეს კაცია ნიკოლ ფაშინიანის ბაბუა და არა პირველი. ფაშინიანს  ამის მტკიცებულებები  რომ  წარედგინა,ოპონენტები გაჩუმდებოდნენ, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, რაც მისთვის შეიძლება ცუდად დასრულდეს – ქვეყანაში პოლიტიკური სკანდალი მატულობს. ჩუმად არიან სომხეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც, რაც ასევე იძლევა სპეკულაციების საბაბს, რადგან ხომ უფრო მარტივი  იქნებოდა  ბაბუის შესახებ მონაცემების წარმოდგენა – დაკრძალვის შესახებ  ცნობის ან უწყების, რომ  უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. პრობლემა  არის ის, რომ თვითონ  ნიკოლ ფაშინიანმა, როგორც ჩანს, ბევრი რამ არ იცის თავისი წინაპრის შესახებ. დღესასწაულის წინა დღეს მან განაცხადა, რომ ბაბუის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციაა: ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ის დაიღუპა  სტალინგრადთან; სხვების მიხედვით –  ყირიმში. სხვათა შორის,  სავარაუდოა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგვის  შემდეგ იგი ვერმახტის სომხურ ლეგიონში მოხვედრილიყო. პირველი ნიკოლაი ფაშინიანი  ხომ  წითელი არმიის რიგებს  1943 წლის თებერვალში „გამოაკლდა“,  მეორე კი 1943 წლის სექტემბერში დაიღუპა  უკრაინაში.

ვერმახტის სომხური ლეგიონის ამბავი  ტრაგიკული ფურცელია სომხეთის საბჭოთა სოციალისტური  რესპუბლიკის  ისტორიაში, რომელსაც საბჭოთა კავშირის მრავალი გმირი ჰყავს.  ამ სამხედრო ფორმირების მებრძოლთა რაოდენობა  თავდაპირველად დაახლოებით რვა ათას ადამიანს შეადგენდა, მოგვიანებით  30 ათასს მიაღწია; შეივსო  წითელი არმიის ჯარისკაცებით, რომლებიც მტრის მხარეს გადავიდნენ. ბევრი  ამას აკეთებდა არა ნებაყოფლობით, არამედ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ. ლეგიონს მეთაურობდა  გენერალი „დრო“ – დრასტამატ კანაიანი, ხოლო წვრთნიდნენ  SS-ის  ინსტრუქტორები. მებრძოლები ლეგიონში შეიყვანეს ასეთ შემთხვევებში  სტანდარტული „სატყუარათი“ – სომხეთის დამოუკიდებლობის დაპირებით გერმანიის გამარჯვების შემდეგ. უნდა ითქვას, რომ  უკრაინული და ბალტიისპირული ლეგიონებისგან განსხვავებით სომხური ლეგიონისგან  გერმანიის ძალიან ერთგული სამხედრო დანაყოფი ვერ  გამოიყვანეს  –   მებრძოლები  ზოგჯერ  კვლავ წითელი არმიის მხარეს გადასვლას ცდილობდნენ.

 სომხეთის ხელისუფლების ქმედებები რომ არა, ფაშინიანის ბაბუის საეჭვო ბიოგრაფიას ასეთი რეზონანსი არ ექნებოდა.

მხოლოდ გარეგინ ნჟდეს  ძეგლის ამბავი  რად ღირს. ნჟდეს კავშირი მესამე რაიხთან საყოველთაოდ ცნობილია და მტკიცებულებები არ სჭირდება, მაგრამ სომხეთში მას თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ფუძემდებლად თვლიან და ამიტომ მისი ხსოვნა უკვდავია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაიწყო წინა ხელისუფლების პერიოდში, მაგრამ ნიკოლ ფაშინიანს მას შემდეგ, რაც ქვეყანას ჩაუდგა სათავეში, ამ ვითარებისთვის  ბოლოს მოღება  არ უცდია,  მიუხედავად იმისა, რომ   ნჟდე არსებითად ცოტათი თუ განსხვავდება „უკრაინის სახელმწიფოებრიობის დამცველ“ სტეპან ბანდერასგან. ნჟდემ ვერმახტის ფარგლებში სომხური ბატალიონების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 1940 წელს დაიწყო, თვითონ კი შეუერთდა ბერლინში შექმნილ სომხეთის ეროვნულ საბჭოს. მან სიცოცხლე  ცნობილ ვლადიმირის ცენტრალში (ციხე განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისთვის რუსეთის ქალაქ ვლადიმირში – გ.გ.) დაასრულა. ახლა კი, ბაბუის ამ ამბის შემდეგ, სომხეთში სხვა რაკურსით  უყურებენ ნაცისტების  დამქაში  ნჟდეს რეაბილიტაციის მცდელობებს ფაშინიანის მხრიდან.   პრემიერმინისტრი  აქტიურად იყენებს საარქივო მონაცემებს იმის დასამტკიცებლად, რომ ნჟდე,  მოღალატე კი არა,  გმირია.

ამასთანავე,  როდესაც საქმე ეხება მის წინაპარს, ფაშინიანი  არ ცდილობს  მრავალი საარქივო მონაცემის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ  მას, ალბათ,  აქვს ასეთი შესაძლებლობა.  ამ ფონზე ფაშინიანის ოპონენტებმა სხვაგვარად შეხედეს მმართველი პარტიის ბოლო ნაბიჯებს. მაგალითად, ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატებმა უარი განაცხადეს დღის წესრიგში  დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის ყოველთვიური საპატიო ანაზღაურების მომატების  შესახებ კანონპროექტის შეტანაზე. ეს უცნაურად გამოიყურება დსთ-ის სხვა ქვეყნებში ვეტერანებისთვის მინიჭებულ შეღავათებთან  შედარებით. ზოგიერთმა ეს შემაშფოთებელ ნიშნად მიიჩნია.

ახლა ბევრს აინტერესებს, როგორ იმოქმედებს ეს  სკანდალი პრემიერის პოზიციებზე. ერთი მხრივ, წინაპრის ქმედებებმა, განსაკუთრებით მცდარმა, გავლენა არ უნდა იქონიოს მისი შთამომავლების პოლიტიკურ მომავალზე; მეორე მხრივ, პრემიერის მიერ ვითარების მიფუჩეჩება  ან თუნდაც ისტორიის  გადაწერა არ არის კარგი პოლიტიკისთვის. ზოგიერთმა სომხურმა მედიამ ხელისუფლების დადანაშაულებაც კი  დაიწყო საარქივო მონაცემებში ცვლილებების შეტანის მცდელობაში –  ხელისუფლების ძალისხმევით  გაჩნდა იქ  მეორე ნიკოლაი ფაშინიანიო, თუმცა ეს უფრო “შეთქმულების თეორიის” სფეროდანაა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ახლა სომხეთის ხელისუფლებისა  და მისი პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, რეპუტაცია შეიძლება გადაარჩინოს სომხეთის წინა ხელისუფლების პოზიციების გადახედვამ  გარეგინ ნჟდეს როლის შესახებ  და სხვა ნაბიჯებმა, რომლებიც გამოიწვევს ქვეყნის დისტანცირებას  ნაცისტთა დამქაშების  მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ.

 მოამზადა   გიორგი გაჩეჩილაძემ     

https://www.mk.ru/social/2020/05/15/skelet-v-semeynom-shkafu-nikola-pashinyana.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here