თეთრ სახლთან ოპოზიციაში მყოფი პარტია, ჩვეულებრივ, თავისი რიგებიდან ირჩევს ხოლმე ერთ პოლიტიკოსს, რომელიც ეხმაურება აშშ–ის პრეზიდენტის გამოსვლას. ამჯერად ეს იყო სარა ჰაკაბი სანდერსი _ ტრამპის ყოფილი პრესმდივანი, რომელიც ახლახან არკანზასის გუბერნატორად აირჩიეს, _ წერს თავის ტელეგრამ–არხზე მალეკ დუდაკოვი.
სანდერსმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში დღეს წყალგამყოფი გადის არა მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს, არამედ ნორმალურ ადამიანებსა და შეშლილებს შორის. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ბაიდენი უკვე ძალიან ბებერია და თავის მოვალეობებს, უბრალოდ, ვერ უმკლავდება.
სანდერსმა, აგრეთვე, მოუწოდა ვაშინგტონის პოლიტიკაში თაობის შეცვლისკენ. ეს იყო ჩხვლეტა არა მხოლოდ ბაიდენის, არამედ მისი ყოფილი უფროსის, ტრამპის, მიმართაც. ტრამპმა კი გადაწყვიტა, ჩაეწერა თავისი მიმართვა ამერიკელი ერისადმი _ ალტერნატიული როგორც ბაიდენის, ისე ზოგიერთი რესპუბლიკელისთვის.
ტრამპი დარწმუნებულია, რომ ბაიდენი არის არა მხოლოდ “ყველაზე კორუფცირებული პრეზიდენტი ისტორიაში”, რომელიც ვერ უმკლავდება კრიზისებს, არამედ მან ამერიკის შეერთებული შტატები მესამე მსოფლიო ომთან მიიყვანა. ტრამპმა მიანიშნა, რომ ამის შეჩერება მხოლოდ 2025 წელს თეთრ სახლში მის დაბრუნებას შეუძლია. ბოლო გამოკითხვის შედეგებით, დემოკრატების დაახლოებით 40% ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტად მეორე ვადით ბაიდენის დასახელებას. ერისადმი მიმართვით ბაიდენი შეეცადა უკმაყოფილო ამომრჩევლების გადაბირებას თავის მხარეზე, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან წარმატებას მიაღწია. ბაიდენის გამოსვლა ტრამპის გამოსვლებზე უარესად აღიქვეს, მაგრამ ბაიდენი კვლავ აპირებს მეორე ვადით კენჭისყრას. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელ საზოგადოებაში არის მოთხოვნა პოლიტიკოსთა თაობის ცვლილებაზე, ეს შეიძლება ჯერ არ მოხდეს. 2024 წელი კი შეიძლება იყოს 2020 წლის განმეორება ბაიდენისა და ტრამპის ახალი დაპირისპირებით. ოღონდ ამჯერად ბაიდენი დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება _ მოუწევს თავის მართლება შეერთებულ შტატებში შექმნილი ყველა პრობლემის გამო.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ