Home ახალი ამბები საქართველო აქვს კი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს  მორალური და პოლიტიკური უფლება, საქართველოს ევროკავშირში შესვლისკენ...

აქვს კი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს  მორალური და პოლიტიკური უფლება, საქართველოს ევროკავშირში შესვლისკენ მოუწოდოს?

თუ ასეთი კარგი იყო ევროკავშირი, რატომ გაიქცა იქიდან თავქუდმოგლეჯით ბრიტანეთი და რატომ დგას რიგში საფრანგეთი?

210
ჯეიმს კლევერლი და ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი იმყოფებოდა და, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი სისულელე ილაპარაკა. ჰო, სწორედ  სისულელე და ახლავე აგიხსნით, რატომ. საფუძვლიან ეჭვს გამოვთქვამთ, რომ მანამდე მისტერ ჯეიმსს რუკაზეც კი არ ჰქონდა ნანახი საქართველო, უბრალოდ, უთხრეს, რომ უნდა ჩამოსულიყო და ამით თითქოს ბრიტანეთის მხარდაჭერა გამოეხატა, მაგრამ, თუ კარგად გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ეს იყო ვიზიტი ვიზიტისთვის და კლევერლი კიდევ კარგა ხანს იქნება გაოცებული, –  ნეტავ, იქ რატომ წავედიო?!

დავიწყოთ იმით, რომ ჯეიმს კლევერლიმ სიხარული გამოხატა საქართველოში დემოკრატიის განვითარების გამო და აღნიშნა, რომ „საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის თვალსაზრისით მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ…“ ანუ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისიც კი არ იცოდა, რომ 1987 წელს ტეტჩერი არა დამოუკიდებელ საქართველოში,  არამედ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკაში იმყოფებოდა და მას შემდეგ, დემოკრატიული ნაბიჯები გადავდგით კი არა, რამდენიმე ომი გადავიტანეთ, არსობრივად სხვა სახელმწიფოდ ვიქეცით და 1987 წლის საქართველოს, თუნდაც დემოკრატიის კუთხით, არაფერი აქვს საერთო 2023 წლის საქართველოსთან. დავუშვათ,  კლევერლი უახლეს  ისტორიაში არც ისე ძლიერია, მაგრამ 2-3  წლის ამბები ხომ მაინც უნდა იცოდეს?

ბრიტანეთის საგარეო უწყების პირველი პირი გვიმტკიცებდა: 12-პუნქტიანი გეგმა შეასრულეთ, კანდიდატის სტატუსი დაიმსახურეთ და შემდეგ არც ევროკავშირის წევრობა არის შორს, ევროკავშირში შესვლა კი ქვეყანას ძალიან წაადგება, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე დემოკრატიის კუთხითო. გავიმეორებთ – ეს გვითხრა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  საინტერესოა, კლევერლიმ თუ იცის, რას ნიშნავს აბრევიატურა „ბრექსიტი“.  ვრცელი ვარიანტი ასეთია – „ბრითიშ ექსით“, ანუ „ბრიტანეთი გადის“ და ეს ტერმინი მაშინ დამკვიდრდა, როცა ბრიტანეთმა რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ ევროკავშირს თავი დააღწია. ამას მოითხოვდა ქვეყნის მოსახლეობა, ამას ითხოვდნენ პოლიტიკოსები და საბოლოო ჯამში, ევროკავშირიდან გასვლის დღე ლამის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა ევროკავშირში  ყოფნის პერიოდზე თქვეს:  ქვეყნის ეკონომიკა დაღმა წავიდა, უმუშევრობის დონე გაიზარდა, მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა, მოსახლეობისთვის შემოსავალმა იკლოო… მარტივი კითხვა – ამ ყველაფრის შემდეგ კონკრეტულად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს თუ არა მორალური და პოლიტიკური უფლება იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირის შესვლისკენ ღიად და ხმამაღლა მოუწოდოს? თუ ასეთი კარგი იყო ევროკავშირი, რატომ გაიქცა იქიდან თავქუდმოგლეჯით ბრიტანეთ და რატომ დგას რიგში საფრანგეთი? ტერმინი „ფრაქსიტი“ რამდენიმეჯერ ხმამაღლა და მკაფიოდ ითქვა და, წელს თუ არა, გაისად მაინც ფრანგები ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყებას აპირებენ. რა გამოდის? რაც კარგია საქართველოსთვის, ცუდია ბრიტანეთისა და საფრანგეთისთვის? რატომღაც არ ჯდება ეს ყველაფერი ლოგიკაში და ხომ გვეუბნებიან ბრიტანელებიც, ფრანგებიც და  სრულიად ევროპა და ამერიკა, თქვენზე ჭკვიანები და დემოკრატიულები ვართო, ეგებ ესეც აგვიხსნან გასაგებ ენაზე, რატომ გვტენიან იქ, სადაც ყოფნა თვითონ არ სურთ?  სიმართლე კი ის არის, რომ…

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ამერიკელი ექსპერტის, სკოტ რიტერის, მიმართვა, რომელიც საქართველოს ეხებოდა. ყოფილი მზვერავი რიტერი 1991–98 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  წამყვანი ინსპექტორი იყო შეიარაღების საკითხებში, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი, მას აზრს ისეთი ტელევიზიები ეკითხებიან, როგორიც არის „სი-ენ-ენი“და  „ბი-ბი-სი“. იმის მიუხედავად, რომ ქართული ოპოზიცია ხმამაღლა გაჰკივის, რიტერი კრემლის აგენტიაო, რეალობა სხვაგვარია. რა გამოდის? კრემლის აგენტს ამერიკული ტელევიზიები ეთერს უთმობენ და მის განცხადებებზე სახელმწიფოს უმაღლესი პირები კომენტარს აკეთებენ? აი, რა თქვა რიტერმა საქართველოზე:

სკოტ რიტერი: რუსეთთან ახალი კონფლიქტი  არ იქნება 2008 წლის კონფლიქტის მსგავსი, როცა რუსები, უბრალოდ, გაჩერდნენ. ამ კონფლიქტს ქართველი ერის განადგურება მოჰყვება.

„თქვენ ცრუ იმედები ჩაგინერგეს. ამერიკა არ აპირებს თქვენთან ცხოვრების საუკეთესო პირობების შექმნას და მხოლოდ იმისთვის სჭირდებით, რომ შტატების გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რუსეთს, მის საზღვართან ცეცხლის რკალი შემოავლოს უკრაინიდან ყაზახეთამდე. ამერიკული გეგმით, ამაში საქართველომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამერიკა ყოველთვის ღობის იქით დაგტოვებთ, რათა „მგლებმა შეგჭამონ“. ჩვენ თქვენ არ მოგვწონხართ და არც არაფერი ვიცით თქვენზე, გარდა ორიოდე სიტყვისა – ხინკალი, ხაჭაპური და ქართული ცეკვა. ჩვენ არ გვაინტერესებს საქართველო და ქართველი ერი. არც არასოდეს შეგიყვანთ ნატოსა და ევროკავშირში. ან რად გინდათ ევროკავშირში შესვლა, რომელიც უდიდეს კრიზიში შედის? ამერიკა და მისი მოკავშირეები მეორე ადგილზე გადავიდნენ და დაღმავალი ეკონომიკა აქვთ…  გახსოვდეთ, ამერიკა არასოდეს იომებს თქვენ გამო. ამერიკელები არ აპირებენ თავიანთი  შვილები გაუშვან საქართველოსთვის სასიკვდილოდ. ჩვენ არც კი ვიცით, ვინ ხართ. ცოტა ხნის წინათ თქვენს ქალაქებზე  თურქეთიდან ატომური ბომბები გვქონდა დამიზნებული, კერძოდ თბილისზე, ფოთზე, ბიჭვინთაზე, ქუთაისსა და ბათუმზე, თქვენს ანიჰილაციას (მოსპობას, გაქრობას) ვაპირებდით. ის ვოუქი დემონები, რომლებიც შეკრებილი იყვნენ ცოტა ხნის წინათ  აქციაზე, თქვენ განადგურებისკენ მიგაქანებენ. რუსეთთან ახალი კონფლიქტი  არ იქნება 2008  წლის კონფლიქტის მსგავსი, როცა რუსები, უბრალოდ, გაჩერდნენ. ამ კონფლიქტს ქართველი ერის განადგურება მოჰყვება. ისეთი მეზობლები, როგორიც თურქეთია, არ ჩაუგდებენ ხელში მთელ საქართველოს რუსეთს და,  როცა დაინახავენ, რომ რუსები გიპყრობენ, ისინი თავიანთ წილს მოითხოვენ, სულ ცოტა, აჭარას დაიკავებენ. თქვენ თუ ამ გზით სიარულს განაგრძობთ, არსებობას შეწყვეტთ, როგორც ერი…“

რა გასაკვირიც უნდა იყოს, რიტერის განცხადება თითქმის ასი პროცენტით ემთხვევა იმას, რასაც ჩვენ ვწერთ და გამუდმებით ვამტკიცებთ ხოლმე, რომ დასავლეთს ვჭირდებით არა როგორც სტრატეგიული პარტნიორი, არამედ როგორც სტრატეგიული ადგილმდებარეობის ქვეყანა.  ამერიკას სურს, რუსეთს ცეცხლის რკალი ერტყას საზღვრის ყველა მიმართულებით. ეს არ გამოდის ჩინეთის, მონღოლეთის, ბელარუსის საზღვარზე, მაგრამ ცდილობენ, გამოიყვანონ საქართველოსა და ყაზახეთის საზღვარზე… უკრაინაში უკვე გამოსულია! ქართულმა ოპოზიციამ ზუსტად იცის, როგორ განვითარდება სცენარი, თუ ხელისუფლება შეიცვლება, და ისიც დათვლილი აქვს,  ომის შემთხვევაში რამდენი მილიონის „მოტეხვას“ შეძლებს  იმ დახმარებებიდან, რომლებსაც დასავლეთი გადმოგვიგდებს. აგერ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიხარულით გვამცნო, რომ საქართველოსა და მოლდოვას ბრიტანეთი დამატებით 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს;  საქართველოს  კი მომავალი წლის არჩევნების უსაფრთხოების გასაძლერებლად დამატებით –  500 ათას გირვანქას. ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს 500 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადანაწილდება, სწორედ მათზე, ტანსაცმელი რომ შემოიხიეს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი არ მიიღოთო. სწორედ ის  ეწერა კანონში, რომ გვცოდნოდა, ვინ რამდენს მიიღებდა და ვინ ვის ინტერესებს გაატარებდა. ასეთი 500 ათასი წინასაარჩევნოდ  ბევრი იქნება და არასამთავრობოები თუ ოპოზიციური პარტიები ამ ფულით იბრძოლებენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ჰო, წინააღმდეგ, რადგან, იმის მიუხედავად, რომ, წესით, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს, ჩვენთან პირიქით არის – ისინი სახელმწიფო ინსტიტუტებს მიზანმიმართულად უთხრიან ძირს.

ევროკავშირის სიკარგე, დიდი ხანია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის მაგალითად თურქეთიც კმარა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი, 20 წელზე მეტია, აქვს, მაგრამ, ხვალ რომ უთხრან, მიგიღებთო, თურქეთი უარს იტყვის, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ მკაფიოდ განაცხადა: ევროკავშირის ღირებულებები ჩვენს ტრადიციებს ეწინააღმდეგება  და ამიტომ  გაურკვეველ ვალდებულებებს ვერ ავიღებთო. ჩვენთან კი  მისაღებ კანონს არ კითხულობენ და ევროკავშირის ვალდებულებებს ხომ, საერთოდ, თვალდახუჭული ენდობიან და, რაც უნდა ეწეროს, იტყვიან, რომ კარგია. არასამთავრობო ორგანიზაციები კარგად ახერხებენ ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვას, არც ოპოზიციური სატელევიზიო არხები აკლებენ ხელს და ამის შედეგია ის, რაც რუსთაველზე მივიღეთ. დღეს და ხვალ ამ ახალგაზრდების გადარწმუნება და რეალურ სამყაროში დაბრუნება გამორიცხულია, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია, საინფორმაციო კამპანია ახლავე  დაიწყოს, რადგან ხვალ, შესაძლოა, გვიანიც იყოს. ყველამ უნდა გაიგოს, რეალურად რასთან და ვისთან გვაქვს საქმე;   გაიგონ ისიც, რომ კანონი, რომლის მიღებაც ასე აგრესიულად გააპროტესტეს, თითქმის საუკუნეა, ამერიკაში მოქმედებს, მალე კანადაშიც მიიღებენ,  ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც და გამოვა ისე, რომ ეს კანონი რუსული მხოლოდ ჩვენთვის იყო,  დანარჩენებისთვის კი მხოლოდ უსაფრთხოების გარანტია.

ლევან გაბაშვილი   

                                                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here