Home ახალი ამბები მსოფლიო საინტერესოა, საქართველოში ჩამოსული ინგლისურის მასწავლებლები კიდევ რას საქმიანობენ

საინტერესოა, საქართველოში ჩამოსული ინგლისურის მასწავლებლები კიდევ რას საქმიანობენ

ამერიკელები ინგლისურის მასწავლებლის ექსტრადიციას ითხოვენ

1399

ლენგს შეუძლია ბევრი საინტერესო რამ მოყვეს სამოქალაქო ომზე უკრაინაში, ამ ომში მონაწილე ქართულ ბატალიონზე, რომლის მებრძოლად ირიცხებოდა. ის კლავდა ადამიანებს დონბასში, შემდეგ კი ასწავლიდა ინგლისურს სკოლაში. 

კრეიგ ლენგი, ამერიკელი, რომელიც უკრაინაში ჩავიდა, რათა “მემარჯვენე სექტორის” რიგებში ებრძოლა დონბასის მცხოვრებთა წინააღმდეგ, პროკურატურის წარმომადგენელთა აზრით, ექსტრადირებული უნდა იქნას აშშ-ში, სადაც მას სიკვდილით დასჯა ელის.

ვინ არის კრეიგ ლენგი?

ის ნაშვილებია _ პატარა იყო, მშობელმა დედამ მასზე უარი რომ თქვა. 18 წლის ლენგი ჯარში წავიდა, იბრძოდა ცხელ წერტილებში, კერძოდ _ ერაყსა და ავღანეთში. დაქორწინდა, მაგრამ მოგვიანებით შეიტყო, რომ ცოლი ერთგული არ იყო და გადაწყვიტა, დაესაჯა მოღალატე მეუღლე. იყიდა იარაღი და ნახევარი ქვეყანა გადაკვეთა იმისთვის, რომ ქალი მოეკლა, მაგრამ პოლიციამ დააკავა. სასამართლოს შემდეგ ლენგი ციხეში რამდენიმე თვით ჩასვეს და ყველა სამხედრო ჯილდო, აგრეთვე, წოდება და შეღავათი ჩამოართვეს. ამას გარდა, ლენგს დაუდგინეს პოსტტრავმული აშლილობა _ შფოთვა. ეს დაავადება ემართება საომარ მოქმედებებში მონაწილე ბევრ ჯარისკაცს.

პატიმრობიდან გათავისუფლებისა და “მგლის ბილეთის” მიღების შემდეგ ლენგმა გადაწყვიტა, წასულიყო უკრაინაში, სადაც დაწყებული იყო ომი დონბასში და ამ ომში მონაწილეობისთვის განურჩევლად ყველა აჰყავდათ. ის ჩაირიცხა “მემარჯვენე სექტორში”, მოგვიანებით კონტრაქტი გააფორმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და ჩაირიცხა ქართული ლეგიონის შემადგენლობაში. რამდენიმე თვის განმავლობაში მსახურობდა სვეტლოდარის რკალის რაიონის მოწინავე ხაზზე.

უკრაინული მასმედიისთვის მიცემულ უამრავ ინტერვიუში ამერიკელი ყველას არწმუნებდა, რომ მას ძალიან მოსწონდა “მემარჯვენე სექტორი”, აგრეთვე, ის, რომ, როგორც მოხალისეს, ხელფასი არ მიუღია და იდეისთვის იბრძოდა.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ლენგმა დატოვა არმიის რიგები და დაიწყო სამოქალაქო ცხოვრება _ ასწავლიდა ინგლისურ ენას. როცა თავისუფალი ვარ, ზოგჯერ ვმუშაობ ინგლისური ენის კურსებზე, ვასწავლი ინგლისურ ენას. ზოგჯერ ვრჩები აქ, ქართული ლეგიონის ბაზაზე, და ვურთიერთობ სხვა ამერიკელებთან, უცხოელებთან ან ქართველებთან. თავისუფალ დროს ზოგჯერ მივდივარ ჩემს მეგობრებთან “მემარჯვენე სექტორიდან” და რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრჩები მათთან ფრონტის ხაზზე…” _ აი ასე აღწერდა ამერიკელი თავის სამოქალაქო ცხოვრებას 2019 წლის მაისში.

რატომ დააპატიმრეს ლენგი?

ამერიკელები, რა თქმა უნდა, იმიტომ არ ეძებენ ლენგს, რომ ის “ცოცხალ მიზნებს” ესროდა დონბასში. ამერიკელებმა ლენგზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს იმიტომ, რომ მას ბრალად ედება ხანდაზმული ცოლ-ქმრის მკვლელობა ფლორიდაში. ლენგმა ისინი ამხანაგთან ერთად გამოასალმა სიცოცხლეს და წაიღეს ამერიკული საზომით ცოტაოდენი თანხა _ 3000 დოლარი. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ეს თანხა მკვლელებს ვენესუელაში გასამგზავრებლად და ანტისამთავრობო ძალების მხარეს საბრძოლველად სჭირდებოდათ, მაგრამ მხოლოდ ამით არ ამოიწურება ლენგისთვის წაყენებული ბრალდება. ცოტა ხნის წინათ აშშ-ში დააპატიმრეს პოტენციური ტერორისტი, რომელიც, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელთა მონაცემებით, გეგმავდა ერთ-ერთი მასობრივი საინფორმაციო საშუალების რედაქციის აფეთქებას, აგრეთვე, აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატზე თავდასხმას. როგორც გაირკვა, დაპატიმრებული საკმაოდ კარგად იცნობს ლენგს, რომელიც მას უკრაინაში ჩასვლასა და ბატალიონ “აზოვის” რიგებში ჩარიცხვას სთავაზობდა. ამას გარდა, ისინი სოციალურ ქსელში მსჯელობდნენ ბომბების დამზადებისა და ტერორისტული შეტევების შესაძლო მიზნებზე.

ამრიგად, ლენგს ადანაშაულებენ ამერიკელების გადაბირებაში უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობისთვის.

2019 წლის აგვისტოში ლენგი დააკავეს მესაზღვრეებმა, რადგან მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა, შემდეგ მიუსაჯეს შინაპატიმრობა. 8 აგვისტოს ვინიცის სასამართლომ გააუქმა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ლენგს შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი, და მას 6 დეკემბრამდე აღუკვეთა თავისუფლება.

“ლენგისთვის ინკრიმინირებული დანაშაულები ექსტრადიციას შეესაბამება, რადგან ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, ეს დანაშაულებია ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა”, _ განაცხადა ვინიცაში გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურორმა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here