Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ფალავანდიშვილი: თუ დააკვირდებით, დაშინება, რომ შეიძლება მესამე ტალღა დაიწყოს, კუბოებს ვერ...

ალექსანდრე ფალავანდიშვილი: თუ დააკვირდებით, დაშინება, რომ შეიძლება მესამე ტალღა დაიწყოს, კუბოებს ვერ დავითვლით და ა.შ., ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე აღდგომას, შობას

“ფაქტობრივად, აანონსებენ სტრატეგიას, რომლის მიზანიც არის აუცრელთა დისკრიმინაცია და ამ ფორმით იძულება”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც ამირან გამყრელიძესა და ჯანდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ირწმუნებოდა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნებოდა, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აცრის მსურველთა დაბალი ინტენსივობის შემთხვევაში, შეიძლება იძულების გარკვეულ ფორმებზე იყოს საუბარი. მისი თქმით, ვაქცინაცია, მიუხედავად მისი თანამდევი რისკებისა, ერთადერთი გამოსავალია არსებული ვითარებიდან, ამიტომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს აცრის აუცილებლობაში ადამიანების დასარწმუნებლად. იქნება თუ არა საქართველოში ვაქცინაცია იძულებითი, თუ ადამიანები მასობრივად უარს იტყვიან მასზე და, თუკი ეს მოხდება, რა გზა დარჩება საზოგადოებას თავდაცვისთვის? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეის” მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელი მიმდინარე “ლიბერალური რეფორმების” აქტიური მოწინააღმდეგე ალექსანდრე ფალავანდიშვილი. 

_ ბატონო ალექსანდრე, რამდენიმე დღის წინათ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის პროცესი მომავალშიც დაბალი ინტენსივობით გაგრძელდება, სახელმწიფომ შეიძლება მოქალაქეთა იძულების გარკვეულ ფორმებზე იფიქროს. ეს, ფაქტობრივად, პირველი საჯარო განცხადება იყო ამ კონტექსტში. აქამდე გვესმოდა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია… რეალურად რა გათვლები შეიძლება იყოს მსგავსი რიტორიკის მიღმა და რა ფორმით შეიძლება აიძულოს სახელმწიფომ მოქალაქეები, ვაქცინა გაიკეთონ?

_ დიდი მადლობა, დრო რომ დამითმეთ, ასევე მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თქვენი მკითხველებისადმი. კითხვაზე ასე გიპასუხებთ: დასაწყისისთვის, ვფიქრობ, აუცილებელია, ყველამ დავგმოთ იძულების ნებისმიერი ფორმა. უკვე არასწორია, როცა რაღაცას ძალით გაკეთებინებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იძულება უკვე ხორციელდება, თუ ჯერ მხოლოდ საუბრის დონეზეა. ამაზე საუბარიც კი მიუღებელია. ის კი არა, ისეთი ოდიოზური ორგანიზაციაც კი, როგორიც გაეროა, არ ითხოვს ვაქცინაციის იძულებას. არ ვიცით, კულუარებში რას მოითხოვენ ჩვენი მთავრობისგან და ეპიდემიოლოგებისგან, მაგრამ ფაქტია: საჯარო განცხადებების დონეზე ჯანმო იძულების რეკომენდაციას არ იძლევა. რაც შეეხება ბატონ ცერცვაძის კონკრეტულ განცხადებას, ძნელი სათქმელია, ეს განცხადება საზოგადოების შესამზადებლად გაკეთდა მომავალში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის თუ სხვა მიზნით, მაგრამ ფაქტია: აქამდე ჩვენ გვესმოდა სულ სხვა რამ, რომ არავითარი ძალდატანება არ იქნებოდა… ისე, თავდაპირველად გაჩნდა მოსაზრება, შეიძლება, ეს წამოცდენა იყოო, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა დაგვანახვა, რომ ეს უფრო შეგნებულად ითქვა. მიზანი, შესაძლოა, ხალხის რეაქციის მოსინჯვა იყო. სხვათა შორის, მერე ინტერნეტში სხვა შეფასებებიც გავრცელდა. მაგალითად, ბატონ ამირან გამყრელიძის განცხადება წავიკითხე, რომელშიც ამბობს, რომ აცრილი ადამიანები გარკვეული ფორმით უნდა წახალისდნენ, ხოლო აუცრელ ადამიანებს გარკვეულ ადგილებში შესვლა შეეზღუდოთ. ეს რიტორიკა ბევრ შეკითხვას აჩენს.

_ ხშირად ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საზოგადოების დასარწმუნებლად ვაქცინაციის აუცილებლობაში. ეს “დარწმუნება” როგორ შეიძლება მოხდეს?

_ რაც შეეხება დარწმუნებას, ვფიქრობ, ამაში საგანგაშო არაფერია, თუ, რა თქმა უნდა, ეს “დარწმუნება” მოხდება აკადემიური ფორმით და არა აგრესიული პროპაგანდით. პირიქით _ ჩვენი სურვილი სწორედ ის არის, რომ ამ საკითხს ნათელი მოეფინოს და გაირკვევს, რა როგორ არის. მაგრამ, მსურს, თქვენი ყურადღება მთავარ დეტალზე გავამახვილო _ ბატონი ცერცვაძე დარწმუნებასა და იძულებაზე ერთ წინადადებაში გვესაუბრება, ეს, ფაქტობრივად, საზოგადოების დაცინვაა. დამიჯერე, თორემ გაიძულებ!” _ ეს არ არის საუბრის ის ფორმა, რომლითაც მაღალჩინოსანი უნდა ესაუბრებოდეს მოქალაქეებს. ახლა განვაგრძოთ იძულების თემა. ცხადია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვიღაც მოვა, გაგვკოჭავს და ძალით გაგვიკეთებს ნემსს, მაგრამ ამ ყველაფრის განხორციელება შეიძლება სხვა ფორმითაც. ეს შეიძლება იყოს დისკომფორტის შექმნა გარკვეულ მომსახურებებში, სამსახურებში, სავაჭრო ცენტრებში, შეზღუდვა გადაადგილებაში… სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო ამირან გამყრელიძის ამასწინანდელი განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ რესტორნები შეიძლება გარკვეული შეღავათებით მოემსახურონ აცრილ ადამიანებს… სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი გაძვირდება მათთვის, ვისაც ვაქცინა არ ექნება გაკეთებული. ფაქტობრივად, აანონსებენ სტრატეგიას, რომლის მიზანიც არის აუცრელთა დისკრიმინაცია და ამ ფორმით იძულება.

საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე _ რამდენის უფლებასაც მივცემთ მათ ჩვენ, საზოგადოება, იმდენი გაუვათ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება იყოს ერთიანი და დისკრიმინაციის პირველივე გამოვლინებაზე გვქონდეს შესაბამისი რეაქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს _ მესამე და შეიძლება, საერთოდ, მაღაზიაში შესვლის ან მუშაობის უფლებაც კი წაგვართვან და ულუკმაპუროდ დაგვტოვონ…

_ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყოს. ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი განცხადებები გარკვეულწილად ხალხის დასაშინებლად კეთდება?

_ საერთოდ, თუ დააკვირდებით, ეს დაშინება, რომ შეიძლება მესამე ტალღა დაიწყოს, კუბოებს ვერ დავითვლით და ა.შ., ძალიან საეჭოდ ემთხვევა ხოლმე აღდგომას, შობას… რაც შეეხება ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ კი, ვაქცინას შეიძლება, თანამდევი უარყოფითი მოვლენები ახასიათებდეს, მაგრამ, თურმე, ფატალური შედეგის საფრთხე მინიმალურია, ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების პროცენტული მაჩვენებელიც 1%-ზე ნაკლებია (გერმანიაში ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ 0,34%-ს არ სცდება), და მეორე _ ვფიქრობ, ვირუსი, ასეთი მასშტაბით გავრცელების შემთხვევაშიც კი არ უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ეკონომიკა გააჩერო, ჩამოშალო და ქვეყანა, პრაქტიკულად, გაყინო.

_ კონკრეტულად ვაქცინაზე ვისაუბროთ, პირადად თქვენთვის რით არის ის მიუღებელი?

_ რამდენიმე ფაქტორს დავასახელებ: პირველი _ რის გამოც ჩემთვის ეს პროცესი და კონკრეტულად ვაქცინაცია ეჭვს აჩენს, არის ის, რომ ვაქცინა რეკომენდებულია ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ორგანიზაციისა, რომელმაც მამათმავლობა ნორმად, ხოლო სიყვარული დაავადებად გამოაცხადა; მეორე _ ცნობილია, რომ ნებისმიერი ვაქცინის შექმნას სჭირდება რამდენიმე წელი, მათ შორის საკმაოდ დიდი დრო სჭირდება მის გამოცდას და ა.შ. ამ პრეპარატებს ეს ყველაფერი არ გაუვლია. ეს ხომ ფაქტია? თუმცა მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რომლის გამოც ეს პრეპარატები მიუღებელია, არის მათი შემადგენლობა, მათი შექმნის პროცესში დარღვეული ბიოეთიკური საკითხები…

_ რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ ვაქცინების შექმნაში გამოყენებულია ემბრიონის ბიოლოგიური მასალა. ეს ინფორმაცია აქამდე რაღაც მოარულ ხმასავით იყო, მაგრამ ამას წინათ პაატა იმნაძემ ის ერთ-ერთ გამოსვლაში დაადასტურა. პრეპარატი დამზადებულია აბორტის შედეგად მოკლული მუცლად მყოფი ბავშვის უჯრედოვანი ქსოვილებით, რომლის გამრავლებაც მოხდა კლონირებით, და ამ ქსოვილებში გაზრდილმა ვირუსებმა უნდა იმოქმედოს ანტივირუსად… ვფიქრობ, ეს ნებისმიერი ქრისტიანისთვის, ნებისმიერი ზნეობრივი ადამინისთვის უნდა იყოს წითელი ხაზი, ამიტომ არის ასეთი ვაქცინები ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი _ არ მინდა ისეთი ჯანმრთელობა, რომლის დაცვაშიც მოკლული ბავშვის ორგანიზმია გამოყენებული! თუმცა პაატა იმნაძემ იმავე განცხადებაში თქვა, რომ არსებობს ჩინური ვაქცინაც, რომლის შექმნაშიც ეს ცოდვიანი მანიპულაციები არ განუხორციელებიათ, რა თქმა უნდა, მე არც მის გაკეთებას ვაპირებ, მაგრამ ჩუნური ვაქცინის მიმართ ისეთივე კატეგორიული დამოკიდებულება, ბუნებრივია, არ მექნება. წმინდა სინოდმაც ხომ ასე განაჩინა: 1. არ უნდა იყოს იძულება და დისკრიმინაცია ამის საბაბით და 2. მკურნალობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქრისტიანულ მორალს.

_ დასაწყისში თქვით, რომ ვაქცინაციის პროცესში ადამიანების იძულების პირველივე გამოვლინებაზე საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს. ხალხმა ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება გააკეთოს?

_ ყოველ შემთხვევაში, “ანტიდისკრიმინაციული კანონის” იმედი არ უნდა გვქონდეს. ეს კანონი, მოგეხსენებათ, მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა “ჩაგრული” უმცირესობებია დასაცავი “მჩაგვრელი” უმრავლესობისგან. სხვათა შორის, დისკრიმინაცია საკმაოდ უხეში ფორმებით მრევლზე უკვე განხორციელდა შარშან, როცა პირდაპირ გვიშლიდნენ სააღდგომო წირვა-ლოცვაზე დასწრებას, მაგრამ ამაზე ყური არავის შეუბერტყავს… ახლა რა შეიძლება გააკეთოს ხალხმა: თუ არ გავთითოკაცდებით და ვიქნებით სოლიდარულები, როცა, ვთქვათ, ვიღაც ექიმს ან მასწავლებელს დაემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით, არ გავჩუმდებით, მაშინ ასე ადვილად ვერ გადაგვივლიან. ეს ძალიან მარტივია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს ერთს გააჩუმებენ, ხვალ _ მეორეს და მორჩა. რაც შეეხება ხელისუფლებას, კონკრეტულად ჯანდაცვის უწყების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც საზოგადოებას ნელ-ნელა აპარებენ მოსალოდნელ იძულებით ღონისძიებებს, სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ მათ ასე მიზანმიმართულად სურთ ერის განადგურება, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ამ ხალხს ერთ რამეს ვეტყოდი: იმ საკითხზე ნუ იაქტიურებენ, რაც არ იციან დარწმუნებით. ნუ აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას პრეპარატებზე, რომლებსაც სრულყოფილი მეცნიერული კვლევა ჯერ არ გაუვლია. ეს ერთი. მეორე _ ნუ შევლენ საზოგადოებასთან კონფრონტაციაში, თორემ ეს, უწინარესად, მათთვის იქნება დამაზიანებელი. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება და ყველამ ყოველგვარი იძულების გარეშე თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ჩაიტარებს თუ არა ვაქცინაციას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ყველამ დავუსვათ ჩვენს თავს კითხვები:
    აქვთ თუ არა გააზრებული ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს , რას გვთავაზობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით , არის თუ არა ეს ვაქცინაცია?
    ხომ არ არის ეს სულის წარწყმედა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here