აქციას წინ უსწრებდა 16 სექტემბერს ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის საგანგებო სხდომა, რომელზეც ადვოკატ ტარიელ მურმანაშვილის უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს. მურმანაშვილს პროფესიული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებისთვის, ანუ მოგებული საქმისთვის დევნიან.
ზაზა ხატიაშვილი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი:
_ ადვოკატთა კორპუსის დევნა უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა, გრძელდება ადვოკატთა ტერორი, ირღვევა როგორც ადვოკატების, ისე მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების უფლებები. ვითხოვთ, სააკაშვილის რეჟიმმა დემოკრატიული სასამართლო მოგვცეს, რომელიც პოლიტიკური რეპრესიისგან სრულიად თავისუფალი იქნება. ასეთ სასამართლოში ადვოკატებს საშუალება გვექნება, როგორც საკუთარი თავი, ისე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები დავიცვათ. იმ ქვეყანაში, სადაც ადვოკატი საკუთარ თავს ვერ იცავს, რა ქვეყანაზე და დემოკრატიაზეა საუბარი. ადვოკატის თავისუფალი პროფესია, ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმმა გაანადგურა. ნებისმიერი ადვოკატი, რომელიც საჯაროდ იცავს ადამიანის უფლებებს, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ იქნება დევნილი.
ბოლო შვიდ წელიწადში გამამტყუნებელი განაჩენით 122 ადვოკატი მოხვდა ციხეში. არ ვამბობ, რომ ყველა მართალი იყო კანონის წინაშე, მაგრამ, დღევანდელი ხელისუფლება ადვოკატების მიმართ რომ განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა, ეს ვიცი. საბჭოთა კავშირის დროსაც არ ახსოვთ ასეთი ფაქტი. მთელი 73 წლის განმავლობაში, რაც საქართველო იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, დაახლოებით 80-მდე ადვოკატია გასამართლებული. “დემოკრატიის შუქურად” წოდებულმა სააკაშვილმა კი შვიდ წელში 122 ადვოკატი დაიჭირა. თვითონ ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ეს რეჟიმი არის ბევრად ბინძური, ულმობელი და სასტიკი, ვიდრე საბჭოთა სახელმწიფო იყო.
– დაახლოებით რამდენი ადვოკატი შეიკრიბა გუშინ ?
– 200-მდე ადვოკატი ვიყავით და, ჩემი აზრით, ეს პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვია. ამერიკაში ვერ იპოვი 200 ადვოკატს, რომელიც ქუჩაში დადგება საკუთარი უფლების დასაცავად. ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ყველა ადვოკატი მიხვდება, რომ ადვოკატის თავისუფლება ყველაზე დიდი უფლებაა.
– თქვენი აზრით, გუშინ აქციაზე ყველა ადვოკატი იყო, ვისაც სურვილი ჰქონდა, თუ საზოგადოებას მაინც აქვს საჯაროდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შიში?
– სააკაშვილის რეჟიმი სწორედ იმითაა ბინძური, რომ ცდილობს, საზოგადოება დააშინოს და თავის ჭკუაზე ატაროს. ადვოკატთა კორპუსთან სწორედ იმიტომ ვმუშაობთ, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს, აღარ ეშინოდეთ საკუთარი აზრის დაფიქსირების. ანალოგიური აქციების გამართვას ევროპაშიც, კერძოდ, ბრიუსელშიც ვაპირებთ. ზუსტი დრო ჯერჯერობით დადგენილი არაა, თუმცა უახლოეს დღეებში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილის რეჟიმი მარტო საქართველოსთვის კი არა, მთელი დემოკრატიული საზოგადოებისთვისაა საშიში.
გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი:
_ ბოლო დროს ადვოკატებს, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, ხელოვნურად შექმნილი საბაბით და მოტივით აპატიმრებენ. აქციაც სწორედ ამის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. გვინდა, იმ ადვოკატებმა, რომლებიც უსამართლობის მხვერპლნი არიან და მათი რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, ჩვენი მხარდაჭერა იგრძნონ. ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე ათეული ადვოკატი ამ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური და პირადი მოტივებითაა დაპატიმრებული. არის ფაქტები ადვოკატების მიმართ შეურაცხყოფის, ზეწოლის, შანტაჟის და ა.შ. შეუძლებელია, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც ადვოკატები თავს დაუცველად გრძნობენ. საქმიანობის გაბედულად და დამოუკიდებლად განხორციელების პირობები არ არსებობს. ადვოკატს კანონმდებლობით აღარ აქვს საშუალება, კლიენტის დაცვისათვის ყველა საჭირო ინფორმაცია მოიპოვოს. ადვოკატის მიერ სასამართლოზე წარდგენილ 10 უტყუარ მტკიცებულებას პროკურატურა ხშირად მხოლოდ ერთ, საკმაოდ საეჭვო მტკიცებულებას უპირისპირებს, მოსამართლისთვის კი ის უფრო მისაღებია, რადგან პროკურორი ამბობს.
– რამდენად ირღვევა პირადად თქვენი უფლებები და თქვენს პრაქტიკაში რამდენად ხშირია ასეთი ფაქტები?
– ახალი საკანონმდებლო ბაზა, რა თქმა უნდა, მეც შემეხო. იმავე პრობლემებს ვაწყდები, როგორც დანარჩენი ჩემი კოლეგები. კანონმდებლობის და მოსამართლის მხრიდან მუდმივად იზღუდება ჩემი უფლებები. აღარ გვაქვს საშუალება, მტკიცებულებები მოვიპოვოთ: ფოტოები, ვიდეოთვალის ჩანაწერები, სატელეფონო საუბრების ამონაბეჭდები, მობილური ტელეფონების მდებარეობის მონაცემები ანძების მიხედვით და ა.შ. ასეთ სიტუაციაში, დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია კლიენტის უფლებების დაცვა.
შალვა შავგულიძე, ადვოკატი:
_ აქცია დავამთხვიეთ უზენაესი სასამართლოს იმ პროცესს, სადაც სასამართლოს წარმომადგენლობა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ ჯონ ბასთან და საერთაშორისო დამკვირვებლებთან თავს იწონებდა ჩვენი ხელისუფლების მიღწევებით, სამართალწარმოების გაუმჯობესებით დემოკრატიზაციის პროცესში.
აქცია, როგორც იცით, ადვოკატ ტარიელ მურვანიძის უკანონოდ პატიმრობას ეძღვნებოდა, თუმცა ზოგადად ეს ტენდენცია ბოლო დროს აქტიურად შეინიშნება და ხელისუფლება ცდილობს, ვინც არ ემორჩილება, პასუხისგებაში მისცეს. სასამართლო ხელისუფლების დამორჩილებაც ადვილად შეძლო მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა. სამართალწარმოების პროცესში მონაწილე ერთადერთი ინსტიტუტი ადოვკატურა დარჩა, რომელიც ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ მოაქცია გავლენის ქვეშ და ძალიან სერიოზულ შეტევებს ახორციელებს მასზე. თუმცა შეძლო და ადვოკატთა კორპუსში გააჩინა საკმაოდ სერიოზული ადვოკატთა „მეხუთე კოლონა“, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ბრალდების მხარესთან, პროკურატურასთან, რაც დაუშვებელია. თანამშრომლობა და წინასწარი გარიგებები ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის, სამართალწარმოების პროცესში მათი ურთიერთობა ჯანსაღ კონკურენციას უნდა ემყარებოდეს. ამდაგვარად, ხელისუფლება ადვოკატების კონტროლს ახერხებს და შიშის სინდრომს აჩენს. ადვოკატები, რომლებიც პროკურატურასთან არ თანამშრომლობენ, ცუდი პირობები ექმნებათ. პროკურატურის წარმომადგენლები პირდაპირ ეუბნებიან ბრალდებულის ოჯახის წევრებს, აიყვანონ ადვოკატი „მეხუთე კოლონიდან“, წინააღმდეგ შემთვევაში, ვერ გამონახავენ საერთო ენას. შეტევის მეორე ფორმა არის ის, რომ არამარტო მატერიალური კეთილდღეობა შეუქმნან „მეხუთე კოლონის“ ადვოკატებს, არამედ პასუხისგებაში, სრულიად დაუსაბუთებლად მიაცემინონ ადვოკატები, რომლებიც არ მოიაზრება მათიანებად. ასეთი შემთხვევა იყო ტარიელ მურვანიძის შემთხვევაც. ადვოკატმა პროცესი მოიგო, რის შემდეგაც სოლიდური ჰონორარი ეკუთვნოდა, მოხდა ისე, რომ უღირსად მოიქცა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, პროკურატურასთან საერთო ენა გამოძებნა და ეს კაცი დააჭერინა. ვაპირებთ, საერთაშორისო საზოგადოებას ვაცნობოთ, თუ როგორ ექცევიან საქართველოში ადვოკატებს. წარმოიდგინეთ, ახალი კანონის მიხედვით, ადვოკატის მიერ მისი კლიენტის მიმართ თანხის შეთავაზების შემთხვევაშიც კი, მიუხედავად იმისა, რა სამუშოები გასწია მან მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, ქრთამად აღიქმება და ბრალდებულს შეუძლია პასუხისგებაში მისცეს ადვოკატი. ამ მუხლით უკვე რამდენიმე ადვოკატი დაიჭირეს.
ლილი მიროტაძე