Home რუბრიკები ეკონომიკა წლიურმა ინფლაციამ 14 პროცენტს გადააჭარბა

წლიურმა ინფლაციამ 14 პროცენტს გადააჭარბა

GEWORLD.NET:
ახალი ამბები ახალი ცვლილებებით დავიწყოთ: „საქართველოს ფოსტის“ ტოპ-მენეჯმენტში კიდევ ერთი სახელმწიფო ჩინოვნიკი მიდის. ფოსტის გენერალურ დირექტორად ლევან სანაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. საინტერესო ჩანაფიქრია: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ფინანსთა ექსმინისტრი კახა ბაინდურაშვილი დანიშნოს, ხოლო გენერალურ დირექტორად – შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი! ნეტავ, ბოლოს ვინ “გადაყლაპავს” დაბანილ-დავარცხნილ, საპრივატიზაციოდ გამზადებულ სტრატეგიულ უწყებას?! ვინ განახორციელებს კიდევ ერთ ახალ ინვესტიციას?!

ოფიციალური სტატისტიკით, 2011 წლის მაისის თვეში წლის ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა აღინიშნა – 1,4 პროცენტი. სწორედ ამ მაჩვენებელს აქვეყნებს საქსტატი. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერის მიერ კვირის დასაწყისში მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, ქვეყანაში მაკრო-ეკონომიკური პარამეტრები უმჯობესდება.
კიდევ ერთი “არაოპტიმისტური” რეიტინგი: ბოლო მონაცემებით, სომხეთში წლიური ინფლაცია ბევრად დაბალია და მისი მაჩვენებელი 8,5%-ზე ფიქსირდება. არადა, მთავრობაში ხშირად აღნიშნავენ, რომ რეგიონში, ინფლაციური თვალსაზრისით, საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა.
საქართველოში მაისში წლიურმა ინფლაციამ 14,3%-ს მიაღწია, თუმცა ამ მაჩვენებელში არ აისახა გაძვირებული ხორცი. მთავრობის წევრები ხშირად იმეორებენ, რომ სამხრეთ კავკასიაში 3-წლიან პერიოდში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოშია. თუმცა მთავრობაში იმას აღარ ამბობენ, რომ ორივე ქვეყანაში პენსია გაცილებით მაღალია, ვიდრე – საქართველოში. ასევე, აზერბაიჯანელებს ბევრად მაღალი ხელფასები აქვთ, ვიდრე – ქართველებს. აზერბაიჯანსა და სომხეთში, ასევე, დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი, საქართველოსთან შედარებით, მაღალია.
შეგახსენებთ: საქართველოში პენსია 47 დოლარს შეადგენს, სომხეთში – 66 დოლარს, აზერბაიჯანში – 106 დოლარს. საშუალო ხელფასი საქართველოში დაახლოებით 330 დოლარია, სომხეთში – 285 დოლარი, ხოლო აზერბაიჯანში 400 დოლარზე მეტი.
სულ ახლახან “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეიტანეს ცვლილება, რომლის მიხედვით მოვაჭრე ვალდებულია, ანგარიშსწორება ერთთეთრიანი სიზუსტით განახორციელოს. ეს ეხება ყველას, მათ შორის ბაზარში მოვაჭრეებსაც. თუ მათ აღმოუჩენენ, რომ მყიდველს, მაგალითად 1,99 ლარის პროდუქტი აუწონა და ერთი თეთრი არ დაუბრუნა, სოლიდური ჯარიმით დააჯარიმებენ: ინდმეწარმე – 200 ლარით, იურიდიული პირი კი 400 ლარით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა ჯარიმდება შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, ასეთი საქმიანობიდან მიღებული მთელი ამონაგების კონფისკაციით. ეს ნიშნავს, რომ, თუ გამყიდველმა ლარის ნაცვლად სხვა ვალუტა აიღო (ევრო, დოლარი და სხვა), იგი დაჯარიმდება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ შეივსება ქვეყნის ბიუჯეტი უსასრულო ჯარიმებით!
ვწუხვარ, მაგრამ ყოველი მომდევნო “სიახლე”, ერთმანეთზე უარეს ინფორმაციას შეიცავს: საქართველოში, შესაძლოა, მკურნალობა გაძვირდეს!
ჯანდაცვის ექსპერტები ქვეყანაში მიმდინარე საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესს აკრიტიკებენ. ექსპერტების ცნობით, თუ სახელმწიფო მთელ სექტორს თავის ნებაზე მიუშვებს, ამას ფასების სწრაფი ზრდა მოჰყვება. ოფიციალური მონაცემებით, 2010-2011 წლებში 13 სამედიცინო დაწესებულების პრივატიზება მოხდა. ინვესტორთა უმეტესობას სახელმწიფო ავალდებულებს, რომ სამედიცინო დაწესებულებას პროფილი შვიდი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდეს.
პრივატიზაცია ვახსენეთ და მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ ამ ბოლო დროს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით ჩინეთის მოქალაქეები აქტიურად დაინტერესდნენ. როგორც უძრავი ქონების სააგენტოები აცხადებენ, ტენდენცია მზარდია და ჩინელების ინტერესების სფეროში განსაკუთრებით თბილისი შედის. მოთხოვნაა როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართებზე. განსაკუთრებით დიდ ინტერესს ჩინელები მიწის მიმართ იჩენენ, რადგან ის უძრავ ქონებაზე ბევრად იაფია.
შეიძლება “ჩინელების მომრავლებას” დავაბრალოთ ის ფაქტი, რომ საქართველოში, მიუხედავად ხორბლის მოსავლის გაზრდილი წილისა, იმპორტირებული ხორბლის წილი ვერც წელს შემცირდება! წლეულს კახეთში ხორბალი  მხოლოდ 37 ათას ჰექტარზე დაითესა. შარშან ხორბლის მოსავალი თითქმის 47 ათას ჰექტარზე იყო. შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობა 2012 წლისთვის საერთო მოთხოვნის ხორბლის 35 პროცენტის ადგილობრივით დაკმაყოფილებას აპირებს.
მთავრობა რას აპირებს ერთია, მაგრამ რეალობა რაში მდგომარეობს – მეორე! ამის მაგალითად დედოფლისწყაროს ექსპერიმენტებიც გამოდგება… მოგეხსენებათ, აღნიშნული რაიონის ტერიტორიაზე ითესება ყველაზე მეტი მარცვლეული. უკანასკნელი ინფორმაციით კი, დედოფლისწყაროში ვაზის გაჩეხვასა და მის ადგილას ნუშის კულტურის გაშენებას აპირებენ. ამის შესახებ ნათქვამია რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის ანგარიშში, რომელიც მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი!
არსად არ უხსენებიათ არც ხორბლის ახალი ჯიშები და არც მოსავლის ზრდა, სამაგიეროდ გერმანელები იზრუნებენ სამთაწყარო-ფიროსმანი-საბათლოს ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებზე. ამჟამად მიმდინარეობს ნუშის მსხვილი მომხმარებლების მოძიება ევროპაში. საინტერესოა, ნუშის პლანტაციები უკვე იმდენ მოსავალს იძლევა (თუ ბუნებაში არსებობს ასეთი პლანტაციები, საერთოდ!), რომ ევროპაში (აზიელებმა რა დააშავეს, ესეც გაუგებარია!) ნუშის “ფანებს” ეძებენ?!
ასეთი არაადექვატური ცვლილებები საზოგადოების ფსიქიკაზე საკმაოდ “ადექვატურად” აისახება და, ამიტომაც არც არავის გაგიკვირდებათ, თუ ქვეყანაში მასიური დეპრესია დაიწყება. ამის საფუძველს კი ერთი ჩვეულებრივი კვლევა იძლევა. თურმე საქართველოს მოსახლეობის 80% თავისუფალ დროს სახლში ატარებს! კვლევის შედეგების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ სახლში ყოფნა ჩვეული ქცევაა. თავისუფალ დროს სტუმრად მხოლოდ 13% დადის; რესტორნებში, კაფეებსა და კონცერტებზე კი – მხოლოდ 2%. ტელევიზორში ისეთი შესანიშნავი პოლიტიკური შოუები იმართება, ვის რად უნდა კონცერტი და რესტორნები?!
ალბათ, მიმიხვდით, რომ ეს ინფორმაცია ჩვეულებრივ მოკვდავთ გვეხებოდა. არის მეორე კვლევაც, რაშიც მონაწილეობა ქართველმა ბიზნესმენებმა მიიღეს. აღმოჩნდა, რომ მათი ძირითადი ჰობი მოგზაურობაა! მას მოჰყვება სპორტი, ნადირობა, თევზაობა და წიგნები!
ახლა კი, სულ მცირე ყურადღებას უცხოურ ამბებსაც დავუთმობ.
თურმე, ნუ იტყვით და, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, დომინიკ სტროს-კანის წინააღმდეგ ნიუ იორკის სასტუმრო “შოფიტელში” მოახლის გაუპატიურების მცდელობის მუხლით აღძრული საქმე, ფაქტობრივად, გაიხსნა! პოლიციამ გაარკვია, რომ “დაზარალებული” დაკითხვებზე გამუდმებით ცრუობდა.
დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა საინტერესო ისაა, რომ პრესაში ეს ინფორმაცია მხოლოდ სავალუტო ფონდის ახალ ხელმძღვანელად საფრანგეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კრისტინ ლაგარდის დანიშვნის შემდეგ გამოქვეყნდა!
ფინანსური არასტაბილურობისა და დეფოლტის საშიშროების წინაშე კი, საბერძნეთის გარდა, ევროზონის სხვა ქვეყნები – იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, თურქეთი, ვენესუელა და უნგრეთიც შეიძლება აღმოჩნდნენ!
კარგად იცით, რაც მოჰყვა საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რაც ევროსაბჭოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან ათენისადმი წაყენებული მკაცრი ულტიმატუმით იყო ნაკარნახევი. ასე რომ, გული ნუ დაგვწყდება – ქართველებს მხოლოდ ხორცის გაძვირება გვაკმარეს, საბრალო ბერძნებს კი გადასახადების გაზრდა, პენსიების შემცირება, სამთავრობო სექტორის დაახლოებით ათი ათასობით თანამშრომლის დათხოვნა, სახელმწიფო საწარმოების ტარიფების ზრდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ფასების მომატება აიძულეს! როგორ გაგვიმართლა!
დარწმუნებული ვარ, არც ევროკავშირი და არც სავალუტო ფონდი ამჯერად არაფერშუაშია, მაგრამ ერთი სამწუხარო ინფორმაცია მაინც უნდა მოგაწოდოთ: ანალიტიკოსების აზრით, 2012 წლის ბოლოსთვის, მობილური ტელეფონების მწარმოებელი, მსოფლიოს ცნობილი ბრენდები NOKIA და SONI ERICSON-ი საერთოდ გაქრება. სავარაუდოდ, NOKIA-ს რომელიმე წარმატებული კონკურენტი შთანთქავს, კერძოდ, საუბარია HTC-ზე, რომელიც სმართფონების მწარმოებელი მსოფლიოს რიგით მეოთხე, უმსხვილეს კომპანიად განიხილება. ექსპერტები თვლიან, რომ ტაივანური კომპანია მზადაა, NOKIA-ში 30 მილიარდი დოლარიც კი გადაიხადოს.
NOKIA-ზე პრეტენზიები შეიძლება Microsoft-საც ჰქონდეს, რომელთანაც ადრე მან შეთანხმება დადო. მისი შთანთქმა შეიძლება Samsung-მა და LG Electronics-მაც მოისურვონ.
ანალიტიკოსების პროგნოზით,  Soni Ericssoni-ის ბრენდი 18 თვესაც ვეღარ “გაქაჩავს”. 2008 წელს მისი გაყიდვები 97 მილიონით, 2010 წელს კი 43 მილიონით დაეცა. Soni Ericssoni -ი ვერ უძლებს Apple-თან, Research in Motion-თან და HTC-თან კონკურენციას და უკვე ათასობით თანამშრომელი დაითხოვა.
ცნობილი გახდა კიდევ ერთი გამოკითხვის არასახარბიელო შედეგი: Fაცებოოკ-ი ერთ-ერთ ყველაზე საძულველ კომპანიად დაასახელეს. უკმაყოფილებას კონფიდენციალური ინფორმაციის დაუცველობა იწვევს. ასევე მომხმარებლებს არ მოსწონთ ის ახალი აპლიკაციები, რომელთაც Facebook-ის ადმინისტრაცია ხშირად უშვებს. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრ მომხმარებელს არ მოსწონს მისი ინტერფეისიც!
ასე რომ, მარადიული დიდება არც Facebook-ს ელოდება!
და ბოლოს, ექსტრავაგანტური ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი კვლავ თავის ამპლუაშია. ამჯერად მან არა მხოლოდ კოშკის ნომრები, არამედ აბაზანის ნივთებიც ოქროთი მოავარაყებინა! 44-სართულიანი, მრავალფუნქციური “ტრამპის საერთაშორისო სასტუმრო და კოშკში” თავისი ნომრების ფართითა და დეკორატიული ქვებით მოვარაყებული ინტერიერით გაგაოცებთ. მაგრამ ყველაზე მეტ აღფრთოვანებას მოოქროვილი სააბაზანოები იწვევს. ამ ნომრებს ფასიც საკმაოდ სოლიდური აქვს. 232 კვ.მეტრი ფართის მქონე აპარტამენტებში კლიენტებს 14,5 ათასი დოლარის გადახდა უწევთ.
თუმცა ფუფუნების მოყვარულებს ოქროს აბაზანაც აღარ აოცებთ, რადგან ჯერ კიდევ 2009 წელს “ვერსაჩეს” მოდის სახლმა სააბაზანოსთვის განკუთვნილი ოქროს აქსესუარების კოლექცია გამოუშვა, რომელიც ოქროს სასაპნეებს, კარადებისა და კარების სახელურებსა და პირსახოცების, ჯაგრისებისა და ტუალეტის ქაღალდების საკიდებს აერთიანებდა. ეს ყველაფერი 24-კარატიანი ოქროთი და ქრომით იყო დაფარული. ამ არნახული აქსესუარების ფასი 565-დან 1150 დოლარამდე მერყეობდა.
ანი შონია 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here