რამდენიმე დღის წინათ მოძრაობამ «რატომ?» ტელეკომპანია «ალანიასთან» საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელს ირაკლი კორძაიას ვესაუბრეთ.
– დაარსების დღიდან ტელეკომპანია «ალანიას» მიმართ ხალხს უამრავი საყვედური დაუგროვდა. დეკლარირებული იყო, რომ ამ ტელევიზიის შექმნა მიზნად ქართველი და ოსი ხალხების დაახლოებას ისახავდა, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანდა იქამდე, რომ სამაჩაბლო დაუბრუნდებოდა საქართველოს. სინამდვილეში, «ალანია» უნისონში მუშაობდა სააკაშვილთან და მერაბიშვილთან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ქართველი და ოსი ხალხის დაშორებისთვის და შედეგმაც არ დააყოვნა. გარდა ამისა, ეს ეგრეთ წოდებული ტელეკომპანია შს სამინისტროს ისეთივე დანამატია, როგორც კუდი, სოდი და ამდენად, არანაირი სატელევიზიო ფუნქცია რეალურად მას არ აკისრია. «ალანია» არის შს სამინისტროს ისეთივე ვიდეო საარქივო სამსახური, როგორიცაა «რუსთავი 2», «იმედი», «საზოგადოებრივი მაუწყებელი», მაგრამ გაცილებით მიკერძოებული და ვულგარულიც კი. კომპანიის ხელმძღვანელობა, ალბათ, სარგებლობს იმით, რომ საქართველოში რუსული ენა ბევრს ისე არ ესმის, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, გაცილებით ბინძურად ამიტომაც ფუთავს იმას, რასაც შედარებით ფრთხილად აკეთებს «რუსთავი 2».
გარდა ამისა, ჩვენ გვყავს, არაქართველი თანამოქალაქეები, ვისთვისაც ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალებაა «ალანია», რას სთავაზობს ეს ტელევიზია მათ?! – იმას, რომ, თურმე, ქვეყანაში ყველაფერი ლამაზ ფერებშია, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს და მთავრობა ყველაფერს აკეთებს ხალხისთვის. ეს არის ჩვეულებრივი სადეზინფორმაციო პოლიტიკა, რომლითაც იკვებება ჩვენი არაქართველი მოსახლეობა. რაც მთავარია, ჩვენი ინფორმაციით, ეს არხი დოკუმენტალურად საერთოდ არ არსებობდა.
– ვინ არის ოფიციალურად ამ ტელეკომპანიის მფლობელი?
– მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას ფინანსური საბუთები რომ მოსთხოვოთ, საეჭვოა, რაიმე დოკუმენტი მოგაწოდოს, რადგან ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს. ეს ტელეკომპანია ფინანსდებოდა და დღესაც ფინანსდება შს სამინისტროს მიერ, რადგან მისი პროექტია, თანაც წარუმატებელი, ისევე, როგორც «კოკოითი ფანდარასტ», ისევე, როგორც ტრაგიკომიკური პერსონაჟის – სანაკოევის შექმნა და ა. შ.
– კონკრეტულ პერსონებთან თუ გაქვთ რაიმე პრეტენზია და გაგრძელდება თუ არა თქვენი აქციები?
– საერთოდ, შეიძლება ყველას გაუგო, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც იქ მუშაობენ, ალბათ, მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, მაგრამ მინდა, ვუთხრა «ალანიას» ჟურნალისტებს: თქვენ წართმეულ ტელეკომპანიაში მუშაობთ! თქვენ შს სამინისტროში მუშაობთ და არა – ტელევიზიაში! თქვენ ემსახურებით ტოტალიტარულ რეჟიმს! გირჩევთ, არ დაემორჩილოთ ივანე მერაბიშვილის უკანონო ბრძანებებს და დატოვოთ ეს ტელევიზია. საკვირველია ის ფაქტიც, რომ არცერთი ჟურნალისტი იქ თავისი სახელით და გვარით არ მუშაობს და რაღაც ფსევდონიმებს არიან ამოფარებული.
ჟურნალისტმა გაზეთში რომ გამოაქვეყნოს სტატია ფსევდონიმით, გასაგებია, მაგრამ სატელევიზიო ჟურნალისტი, რომლის სახეც ეკრანზე ჩანს და საზოგადოებას ეცნობა ფსევდონიმით, ეს სპეცსამსახურების ხელწერას ჰგავს! რაც შეეხება ტელევიზიის ხელმძღვანელებს, არათუ «დავერბოვკებულები» არიან, ნათესაური კავშირიც აქვთ ვანო მერაბიშვილთან და, უბრალოდ, ეს ადამიანები მედიაფრონტზე იბრძვიან.
– დღეს ძალიან აქტუალურია სირცხვილის კორიდორში ჟურნალისტების გატარება, ხომ არ აპირებთ ტელეკომპანია «ალანიასთან» მსგავსი აქციის მოწყობას?
– «ალანიასთან» ეს აქცია გამაფრთხილებელი იყო. ჩვენ დავიწყებთ ამ არხის რეგულარულად პიკეტირებას. სხვათა შორის, როდესაც ჩვენი აქცია დაანონსდა, ტელეკომპანია «ალანია» გაძეძგილი იყო პოლიციელებით, თითქოს, იქ ვინმე შეჭრას აპირებდა. ჩვენი პროტესტის ძირითადი მიზანია, არხი სრულად დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს – «ობიექტივს», ან სულ მცირე, ჯერ კიდევ მათ საკუთრებაში არსებული იმ 40%-ის კვოტით განსაზღვრული საეთერო დრო მაინც დაეთმოს ოპოზიციური აზრის გაშუქებას.
P.S«საქართველო და მსოფლიო», ჰუმან რაით ვოჩის მასალებზე დაყრდნობით, შეგახსენებთ, როგორ შეიქმნა ტელეკომპანია «ალანია»:
ჟურნალისტთა კავშირი «ობიექტივი» 2003 წელს დაარსდა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მასში 200-ზე მეტი ჟურნალისტი იმ მიზნით გაერთიანდა, რომ დაეცვა ჟურნალისტების უფლებები, გამოევლინა ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები, მოემზადებინა საგამოძიებო ფილმები. საამისოდ კი რევოლუციის შემდეგ ბევრი საინტერესო მასალა დაგროვდა. მათ შორის, დეციმეტრული არხების წართმევასა და იძულებით ჩუქების ფაქტებზე, თუმცა არც ისე ხილული, როგორც მაგალითად, მესაკუთრეთათვის სახლის ან ქარხნის ჩამორთმევის შემთხვევებში.
სიხშირეების მფლობელებზე ზეწოლა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა. თავიდან «ობიექტივს» დახმარებისთვის ტელეკომპანია «აისმა» მიმართა, რომელიც თბილისში მაუწყებლობდა. მისი ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ მარეგულირებელი კომისია მათ ხელოვნურ პრობლემებს უქმნიდა, რადგან ამ არხზე უნდა გასულიყო ჟურნალისტური კავშირის «ობიექტივის» მიერ მომზადებული მასალები. ერთ დღესაც არხის დირექტორის მოადგილემ მიშა აგლაძემ თანამშრომლებს გამოუცხადა, რომ მაუწყებლობა უნდა შეეწყვიტათ. ცოტა ხანში ამ არხზე ტელეკომპანია «ალანია» გავიდა. 2004 წელს «ობიექტივის» საკონტროლო პაკეტი გადაფორმდა დავით კაკაურიძეზე, თავის დროზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტელეკომპანია «იბერია» სწორედ კაკაურიძეზე გადააფორმეს. სიხშირეს ახალი სახელი – «ობიექტივი 2» დაარქვეს.
2007 წელს მიშა აგლაძემ სასამართლოს მიმართა. იგი იხსენებს, რომ შპს ტელეკომპანია «ობიექტივი» 2001 წელს შეიქმნა. მასვე გადაეცა ლიცენზია «ტვ 33»-ის ბაზაზე. როგორც აღვნიშნეთ, ტელეკომპანია ეთერში 2004 წლამდე გადიოდა, მანამდე, ვიდრე აგლაძე ეროვნული კომისიის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა დიმიტრი ქიტოშვილმა არ დაიბარა და არ გააფრთხილა: «თქვენ შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. უშეცდომო ტელევიზია არ არსებობს და ჩვენც გვქონდა გარკვეული ხარვეზები. ასეთ დროს ტელევიზია, როგორც წესი, შენიშვნას იღებს.» მეც მიზეზი ვიკითხე, რატომ უნდა შეგვქმნოდა პრობლემა. ქიტოშვილმა პირდაპირ მითხრა, ან წილის ნახევარი დატოვეთ, ან სულ წაგართმევთო. ხარვეზებზე ჩვენთან არ ულაპარაკიათ. სჭირდებოდათ თავისუფალი არხი და მიიღეს კიდეც. დღეს ამ არხზე «ალანია» მაუწყებლობს»…
მანანა ჩხეიძე