Home რუბრიკები პოლიტიკა თამაზ დიასამიძე: ბათუმში აზიზის მეჩეთის აშენება ჩვენთვის ძალიან სახიფათოა

თამაზ დიასამიძე: ბათუმში აზიზის მეჩეთის აშენება ჩვენთვის ძალიან სახიფათოა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამაზ დიასამიძე სახიფათოდ მიიჩნევს თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებას, რომელიც, ისტორიულ ტაოში 4 ქართული ძეგლის აღდგენის სანაცვლოდ, ბათუმში აზიზის მეჩეთის აშენებას და დანარჩენ საქართველოში გარკვეული მუსლიმანური საკულტო ნაგებობების აღდგენას ითვალისწინებს. ამ თემაზე სასაუბროდ თამაზ დიასამიძეს პარლამენტში შევხვდით.
– ბატონო თამაზ, როგორია თქვენი პოზიცია თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით?
– ქართულმა მხარემ თავი ძალიან უხერხულ და წამგებიან მდგომარეობაში ჩაიგდო. ეს იმდენად ცუდი ნაცვალგების საფუძველზე ხდება, რომ ხელშეკრულების ამგვარი ფორმით ხელმოწერა, ქართული პოლიტიკისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს.

ქართული მხარის მიერხელმოწერილი საოქმო შეთანხმების ტექსტი თურქულ მხარეს ხელმოსაწერად გადაეგზავნა. ამგვარ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის საკმარისი დრო, რა ხანია, გავიდა და თურქული მხარის ხელმოწერა ჯერ არ ჩანს. ამ საოქმო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები საყოველთაოდაა ცნობილი. მათ მიხედვით ქართული მხარისთვის ყველაზე მძიმედ შესასრულებელი აზიზის მეჩეთის თავიდან აშენება და ამოქმედებაა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ისტორიულ ტაოში ჩვენი ძეგლები უნდა აღვადგინოთ, თურქეთის სახელმწიფო კი ახლის აშენებას ითხოვს. ქართული მხარე მოქმედი მეჩეთის აგებას რატომღაც არ განიხილავს ისე, რომ ეს იმ მოსახლეობის გადასაწყვეტია, რომელიც მოცემულ რეგიონში, ქალაქში ცხოვრობს;  მოსახლეობას აღარაფერს ეკითხებიან, გამოაცხადეს, სახელმწიფომ გადაწყვიტაო და მორჩა! მაგრამ გასაკვირი ეს აღარ არის, მაშინ, როცა ამ საკითხზე იგნონირებას უკეთებენ საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც ამაზე თავისი ავტორიტეტული და წონადი აზრი რამდენიმეჯერ გამოთქვა.
ცხადია, საკითხავია, ვინ არის სახელმწიფო? სახელმწიფო და მთავრობა არის თუ არა ხალხის, მოცემული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი?!  სახელმწიფომ რომ გადაწყვიტა, თვითმმართველი ერთეულის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებულ მოსახლეობას ხომ უნდა ჰკითხო, სჭირდება თუ არა ახალი მეჩეთის მშენებლობა?! რატომ უნდა აიგოს თურქეთის მხარის მოთხოვნით ის მეჩეთი, რომელსაც ადგილობრივი, ბათუმის, მოსახლეობა არ ითხოვს და არ სჭირდება?! ბათუმში არის ორთაჯა­მეს სახელით ცნობილი მეჩეთი, რომელიც არავის დაუნგრევია, მოქმედებდა და მოქმედებს, 1992 წელს მინარეთიც მიუშენდა და ადგილობრივი მოსახლეობის რელიგიურ მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს.
ითქვა ისიც, რომ აზიზის მეჩეთში შეიძლება ისლამის ცენტრი  გაკეთდეს და არ იყოს მოქმედი მეჩეთი. ორივე შემთხვევაში ეს იმ სოციუმმა უნდა გააკეთოს, რომელსაც ეს სჭირდება. თურქეთის სახელმწიფო რატომ გამოდის მისი გახსნის ინიციატივით?! ეს არ არის თურქების, მათი მთავრობის საქმე. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბათუმის მოსახლეობის გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას მეჩეთის აგება არ უნდა. ვისთვის აშენებენ ამ მეჩეთს, არ მესმის.
– რა უნდა გაეკეთებინა ქართულ მხარეს იმისთვის, რომ წამგებიან მდგომარეობაში არ ყოფილიყო?
– თავიდანვე, 2005 წლიდან, ქართულმა მხარემ თურქეთის მთავრობასთან ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე მოლაპარაკებისას, პასიური პოზიცია დაიჭირა. ჩვენს მხარეს წინა პლანზე არ წამოუწევია უკვე გაწეული საქმიანობა, აჭარაში ოსმალების ბატონობის დროს აშენებული, მუსლიმანური საკულტო ძეგლების აღდგენასთან, მშენებლობასთან და მზრუნველობას­თან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ ისეთი კუთხით არ წარმართა მოლაპარაკებები, რომ, “რის გაკეთებასაც თქვენ ითხოვთ, სანაცვლოდ ჩვენს მხარეს ჩვენს ტერიტორიაზე იმაზე ათჯერ მეტი აქვს გაკეთებული, მუსლიმანური საკულტო ძეგლების აღდგენის თვალსაზრისითო”, რომელიც ჩვენი ისტორიისა და ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.
– ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომხრეები ამბობენ,  კიდევ ერთი მეჩეთის აშენება არაფერს დააშავებს,  ეს სახიფათო სულაც არააო.
– ბათუმში ოსმალეთის სულთნის, აბდულ-აზიზის მეჩეთის აშენება არ არის რიგითი მეჩეთის აშენება, ეს დიდი პოლიტიკის საკითხია. ხის რვაფერდიანი, ორსართულიანი მეჩეთი, რომელიც 1868 წელს აშენდა და აქ დისლოცირებულ ოსმალურ სამხედრო გარნიზონს ემსახურებოდა, განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენდა. ეს მეჩეთი 1940 წელს ელგაყვანილობის გაუმართაობის გამო დაიწვა.
სპეციალისტების შეფასებით, ნიკა ვაჩეიშვილის მხრიდან გადაჭარბებულია იმის მტკიცება, რომ შინაგანად და გარეგნულად ეს იყო კულტურის შესანიშნავი ძეგლი, რომ “მსგავს სილამაზეს ვერსად ნახავთ”.
აზიზის მეჩეთი ქართულ მხარეს სპეციალურად არ დაუწვავს და ამ მხრივ თურქეთის მხარის პოზიცია დაახლოებით ისეთივეა, ჩვენმა მხარემ ოპიზის, ტბეთისა და ანჩის ეკლესიების თავიდან აშენება რომ მოითხოვოს, რომლებიც გასული საუკუნის სამოციან წლებში გაგვინადგურეს. ცნობილია, ტბეთისა და ანჩის ეკლესიები ბოროტგანზრახვით, პოლიტიკური და რელიგიური მოტივით ააფეთქეს, ოპიზა კი ავტობანის გაყვანას შეეწირა. ქართულ მხარეს შეეძლო ამ საკითხებზეც ემსჯელა და თავი დამთმობლურ და წამგებიან პოზიციაში არ ჩაეყენებინა, მაგრამ ეს ასე არ გააკეთეს.
მოგეხსენებათ, ისლამური საკულტო ნაგებობების უმრავლესობა აჭარაშია კონცენტრირებული. მათ რესტავრაციასთან და აღდგენას­თან დაკავშირებით ყველაზე მეტი აქ გაკეთდა და ახლა ყველაზე მძიმე მოთხოვნას აჭარის რეგიონში აყენებენ. ამ გეგმის თურქ მესვეურებს ბათუმი უკვე ისლამურ ცენტრად აქვთ მოაზრებული. აი, ამას ამოიკითხავ მათ განზრახვაში, რისი ხელშეწყობაც ქვეყნისთვის გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს.
თურქეთის სახელმწიფო უზარმაზარი ტემპით ვითარდება, ეკონომიკურად აწყვეტილია, მზარდი მადა და თურანისტული იდეები აქვს. არ ვიტყოდი, რომ ისლამისტური და ძალიან სახიფათო სახელმწიფო გახდა, მაგრამ მისი დღევანდელი მმართველი პოლიტიკური კლასის საქმიანობასა და მენტალიტეტში ისლამი სერიოზულ როლს თამაშობს. ამ ძლიერ სახელმწიფოსთან ასეთმა უპრინციპო პოლიტიკამ და დათმობამ, შეიძლება გზა გაუხსნას დომინოს პრინციპს და ამ რეგიონში ძალიან წაახალისოს თურქეთის მხრიდან გამოკვებილი ისლამისტური ტენდენციები. ამიტომაა ასეთ დათმობაზე წასვლა სახიფათო. მითუმეტეს, როცა არსებობს სხვა გზაც.
თვალშისაცემია თურქეთის სახელმწიფოს ფინანსური გავლენა ჩვენს სახელმწიფოზე და განსაკუთრებით – აჭარის რეგიონზე; ეკონომიკური ექსპანსია ძალიან ძლიერი და დამაფიქრებელია, რადგან ერთი მხრიდან წამოსული ინვესტიციები სხვა ქვეყნის ინვესტიციებით დაბალანსებული არ არის. ინვესტიციების 70% თურქეთზე მოდის. იქაურ ბიზნესმენებს სესხი იმ პირობით გამოეყოფათ, რომ თანხა ბათუმსა და მის შემოგარენში დააბანდონ. ვიმეორებ, თურქეთი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძალიან მზარდი ქვეყანაა და რაღაც განზრახვები პოლიტიკაში სამომავლოდ, ცხადია, ექნება და ჩვენმა მხარემ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
– თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთში ქართული ძეგლების აღდგენაზე მოლაპარაკების განახლება?
– წინ არჩევნებია და ამიტომ ცდილობენ, მოსახლეობის თვალში კარგად წარმოჩნდნენ, რაც ცუდი არ არის – ნებისმიერი მმართველი ელიტა ცდილობს კულტურის, ეკონომიკისა და პოლიტიკის ხაზით კარგი სახელის მოპოვებას, მაგრამ დღევანდელი მმართველი ძალა, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ამისთვის ძალიან დიდ მსხვერპლს იღებს. ამ ძეგლების აღდგენას აქტიურად ის ხალხი ლობირებს, ვინც იქ სხვადასხვა სახის აღდგენითი სამუშაოები უნდა შეასრულოს.
საკითხის ინიციატორთა წინასწარი გათვლით, ოთხივე ქართული ძეგლის აღდგენა სამ ან სამწელიწად-ნახევარში უნდა მოესწროს (გავიხსენოთ ბაგრატის დაუსრულებელი აღდგენითი სამუშაოები!). ოცამდე მილიონ დოლარზეა საუბარი და ბევრი საეჭვო რამ იკითხება. კულტურის სამინისტროს, მის სპეციალისტებსა და მრჩევლებს ასეთი გათვლა აქვთ – “ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ნებისმიერი მსხვერპლი უნდა გავიღოთ”. რეალურად, არც ასეა საქმე და არც ისე ტრაგიკულად, რომ სადაცაა ის ძეგლები ჩამოიქცევა.
– რის საფუძველზე ამბობთ ამას?
– იმის საფუძველზე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენი მხარე თურქეთის პირობებზე დათანხმდა, წინასწარ განზრახულობათა ოქმს ხელი მოაწერა და თურქეთში გაგზავნა, ისტორიულ ტაოში ორი ექსპედიცია მიავლინა. ამზადებენ ძვირადღირებულ სატელევიზიო გადაცემებს, ფულს ხარჯავენ, რომ, რაც შეიძლება დამაჯერებელი გახადონ ძეგლების სავალალო, ტრაგიკული და კატასტროფული მდგომარეობა. არადა, რეალურად ათ და ოც ამნაირ ხელისუფლებას გაუძლებს ეს ძეგლები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოლაპარაკება არასწორი პოზიციით დაიწყეს და თავი რთულ ვითარებაში ჩაიგდეს.
ახლა უნდათ, ხელმოწერა ამ ვარიანტით შედგეს და ისტორიაში ოშკის აღმდგენებად ჩაეწერონ. ის კი, რისი გაკეთებაც იგეგმება, ჩვენი სახელმწიფოსთვის გამოუსწორებელი შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს აღმოსავლეთთან, მათ შორის – თურქეთთან მომავალი ურთიერთობებისთვის.
საქართველოს ფართო საზოგადოება არაერთმნიშვნელოვნად აღიქვამს ჩვენი მთავრობის დაჟინებულ პოზიციას, უკმაყოფილება დიდია. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუკი თურქეთის მხარე, როგორც მეზობელი და მეგობარი სახელმწიფო, გაითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკების შინაარსი და შესაძლო შეთანხმება ზიანს მიაყენებს საქართველოს საშინაო საქმეს და უარს იტყვის ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელ მოთხოვნებზე.
– რას გულისხმობთ სხვა გზაში, რაც ზემოთ ახსენეთ?
– ეს არის იუნესკოსთან გამწვავებული ურთიერთობის მოგვარება და საქმეში მისი ჩართვა. რადგან ვთვლით, რომ ეს კულტურის ძეგლები ჩვენი სიწმინდეები, ჩვენი ისტორიისა და კულტურის განუყრელი ნაწილი და ამავე დროს, მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურია, ჩვენ უფლება გვაქვს, იუნესკოსთან საუბრისას თურქეთთან ერთად მხარედაც გამოვიდეთ. მოლაპარაკებები თურქეთთან ამ კუთხით უნდა წარიმართოს.
 
ესაუბრა

ნინო მიქიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here