Home ახალი ამბები საქართველო ლაკმუსის ქაღალდი ქართული ოპოზიციისა და  „სტრატეგიული“ პარტნიორებისთვის

ლაკმუსის ქაღალდი ქართული ოპოზიციისა და  „სტრატეგიული“ პარტნიორებისთვის

357
აქცია პარლამენტთან. 24 ივნისი, 2023 წელი

24 ივნისს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, „დაუძინებელ მეგობრებს“ მცირე შანსიც რომ ჰქონდეთ,  დაუფიქრებლად ჩაგვაბამენ შეიარაღებულ კონფლიქტში. ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ: ახლა გვაქვს შანსი, იარაღი ავისხათ და ცხინვალსა და სოხუმს მივაშუროთო. ვრცელდებოდა ფოტოები, როგორი ცარიელი იყო ბაზები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და როგორ უბრძოლველად ავიღებდით სამხედრო ობიექტებს.

რუსეთში დასრულდა ერთდღიანი ჯანყი. დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო. რუსებმა  დაამტკიცეს, რომ უფრო მეტად უყვართ როგორც საკუთარი ქვეყანა, ისე ერთმანეთი, ვიდრე თუნდაც ჩვენ. ქვეყანა არ ჩაება სამოქალაქო ომში და რუსებმა  ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა  არ დაიწყეს, რაც საქართველოში არაერთხელ გაგვიკეთებია.  რუსეთის ერთდღიანი ამბოხი ლაკმუსის ქაღალდი გამოდგა როგორც ქართული ოპოზიციისთვის, ისე დასავლელი „სტრატეგიული“ პარტნიორებისთვის.

„ძვირფასო ქართველო ერო და ქართველო ხალხო! თქვენი მთავრობა დასავლეთს ტოვებს ქვეყნისთვის, რომელიც ომშია საკუთარ თავთან. საქართველოს დასავლეთით უნდა წასვლა, არ მისცეთ თქვენს მთავრობას უფლება, საქართველო რუსეთს მიჰყიდოს“,- განაცხადა ამერიკის ყოფილმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. გარდა იმისა, რომ განცხადება უპასუხისმგებლოა, კინზინგერმა (ისე, როგორც დანარჩენმა მსოფლიომ) არ იცოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები რუსეთში, მაგრამ ეს იყო დასავლეთის შანსი, საქართველო ომში ჩაერთო. დიახ, ომში, რადგან ეს არ იყო ერთადერთი მოწოდება ომის დაწყებისკენ. ოპოზიციის ლიდერები, რიგითი აქტივისტები ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ: ახლა გვაქვს შანსი, იარაღი ავისხათ და ცხინვალსა და სოხუმს მივაშუროთო. ვრცელდებოდა ფოტოები, როგორი ცარიელი იყო ბაზები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და როგორ უბრძოლველად ავიღებდით ობიექტებს. საბედნიეროდ, ხელისუფლებას ეყო ჭკუა და არ აჰყვა არც დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებას, არც ადგილზე ოპოზიციის აღტკინებას და, რაც მთავარია, არ მიიღო რადიკალური ზომები – არ ჩაკეტა საზღვარი, არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ამ ყველაფერში საშინელი და საშიში ის გახლდათ, რომ ოპოზიციის აქტივისა თუ ლიდერთა უმრავლესობა წერდა, „პოპკორნი“ (ისე, პოპკორნი ქართულად ბატიბუტია) უნდა მოვიმარაგო და ვუყურო, ერთმანეთს როგორ გაჟლეტენ რუსებიო. ანუ, ამ ადამიანებს სისხლი სწყურიათ და სიამოვნებას მიიღებენ, ვინმე თუ მოკვდება. საინტერესოა, როგორ ხასიათზე დადგებოდნენ ეს  ადამიანები, მაგალითად, ავღანეთის ან ცენტრალური აფრიკის რომელიმე მცხოვრებს  რომ დაეწერა: „პოპკორნი“ უნდა ვიყიდო და ვუყურო, როგორ ააფეთქებენ  ჩვენები იმ პოზიციებს, რომლებსაც ქართველი მშვიდობისმყოფელები იცავენო. ჰო, ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში მსოფლიო საქმეს ხომ ვაკეთებდით თურმე და ამის შემდეგ  ნატოში უნდა მივეღეთ, მაგრამ  დასავლეთმა ეს ამბავი ნახევარი საუკუნით გადაგვიდო. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სიამოვნებით, მომარაგებული „პოპკორნით“ უყურებს ომს და ადამიანთა ხოცვას, საშიშია საზოგადოებისთვის და წამსვლელია ყველაფერზე. დიახ,  ოპოზიცია ყველაფერზეა  წამსვლელი, ოღონდ  ხელისუფლებაში დაბრუნდეს და, სამწუხაროდ, ამაში ხელს  აქტიურად უწყობს დასავლეთი.

ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო  კინზინგერის განცხადების შემდეგ ამ კაცს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა, მაგრამ მას ხელშეუხებლობის გარანტია აქვს, იმიტომ, რომ… ამერიკელია. ჰო, ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს ყველაფრის უფლება აქვთ და, რომელიმეს თუ გააკრიტიკებ, ავტომატურად რუსეთუმე გამოდიხარ. ქვეყნის საზიანო განცხადებაც კი ეპატიებათ ევროპელებს, ამერიკელებს და, რაც მთავარია, გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი უნდა ავიტანოთ.  ოპოზიცია და პრეზიდენტიც ერთხმად მოითხოვდნენ საზღვრის ჩაკეტვას. ოპოზიცურმა პარტიებმა ციფრებიც კი დადეს, თბილისის მიმართულებით ფრენაზე  ბილეთები აღარ იყიდება, სულ გასაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსები საქართველოში გამორბიან და არ მივიღოთო. იმავე ოპოზიციას არ უთქვამს, რომ ბილეთები არც სტამბოლის, ერევნისა და ასტანის მიმართულებით იძებნებოდა, ეს ჩვეულებრივი, ადამიანური ინსტიქტია და მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილს ეგებ წასვლა მართლაც სურდა ქვეყნიდან, ოჯახის უსაფრთხოების გამო, მაგრამ რას ნიშნავს, არ მივიღოთ? სირიაში  ომი რომ დაიწყო, ევროპა-ამერიკა 1500-კაციანი თავშესაფრის აშენებას გვაიძულებდა, მერე ეს ეცოტავათ, 5-ათასიანი სოფლის გაშენება მოგვთხოვეს სირიელი დევნილებისთვის და რა გამოდის – სირიელი დევნილი მისაღებია და რუსეთიდან თუ ვინმე შემოვიდა, არა?  

2008 წელს სუნი და რიგი ერთად  რომ დააყენა იმჟამინდელმა  ხელისუფლებამ წითელ ხიდზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს არ უნდა შეეშვა არც ერთი და ღირსიც იქნებოდნენ, მაგრამ იმხანად  ამაზე არ ფიქრობდნენ,  ეგონათ, ყველაფერი დასრულდა და კუდამოძუებულებმა  გაქუსლეს, მოსახლეობას კი სიტყვა დაუტოვეს: ჩვენ გავრბივართ, თქვენ კი დანებითა და ჩანგლებით იბრძლეთო. ისე, წინა ხელისუფლების პერიოდში  არავინ არაფერს რომ არ წარმოადგენდა რეალურად, იქიდანაც ჩანს, რომ „დანა-ჩანგალა“ დავით ბაქრაძე პოლიტიკური სივრციდან გაქრა. არადა, კაცი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, პარტიის თავმჯდომარეც, პრეტენზიები ჰქონდა და… გაქრა. შესაძლოა, სიდედრსა და სიმამრს შეეხიდა, პარლამენტში მისი თავმჯდომარეობისას ხომ რამდენიმე მილიონიანი სამშენებლო ბიზნესი წამოიწყეს. რუსეთში მომხდარი ერთდღიანი ამბოხი ისე დასრულდა, არავინ დაღუპულა, საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა. ჩვენთან კი, როცა არაფერი მოხდა, ამბოხი  თვითონ სააკაშვილის ხელისუფლებამ მოიგონა და გია კრიალაშვილი ჩაცხრილა. მასთან ერთად ჩაცხრილეს  კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე, მაგრამ ისინი  სრულიად შემთხვევით გადარჩნენ. როგორ გგონიათ, რუსეთს პრეზიდენტად სააკაშვილივით თავგაცხელებული პიროვნება რომ ჰყოლოდა, რა მოხდებოდა? პირველ რიგში, ალბათ, საქართველო მსოფლიო რუკაზე აღარ მოიძებნებოდა და 24 ივნისს  სისხლის კალოს დაატრიალებდა ვორონეჟსა და როსტოვში. სწორედ ეს არის სხვაობა პოლიტიკოსებს შორის, ვიღაცები  ბავშვობაში დაუკმაყოფილებელ ამბიციებს იკმაყოფილებენ (ყველა მიმართულებით), ზოგი კი, პირველ რიგში, ქვეყანაზე ფიქრობს და შემდეგ – საკუთარ თავზე. 24 ივნისს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა,  მცირე შანსიც რომ ჰქონდეს დასავლეთს, შეიარაღებულ კონფლიქტში დაუფიქრებლად ჩაგვაბამს. მოწოდებები, რომლებიც გაკეთდა, სწორედ ამისკენ იყო მიმართული და ევროპასა თუ ამერიკას ძალიან, ძალიან სურდა, ქართულ მხარეს რამე მოქმედება დაეწყო, თუნდაც ერთი ტყვია გაესროლა და მერე ზუსტად ისე არ ეცოდინებოდა არავის, ვინ გაისროლა, როგორც არ იციან დღემდე, ვისი ტყვია გავარდა 1991 წელს თბილისში კინოს სახლთან, რომელსაც სამოქალაქო ომის დაწყება მოჰყვა…

24 ივნისს,  საღამოს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს და თბილისში მსვლელობა მოაწყვეს, სკანდირებდნენ: „რუსებო წადით!“. ოპოზიციურმა პარტიებმა ამ მსვლელობას ტაში დაუკრეს, ევროპელმა დიპლომატებმაც ახალგაზრდები შეაქეს და არავის უხსენებია ის, რომ იგივე აქცია, შესაძლოა, რუსეთშიც გაემართათ და ეყვირათ: „ქართველებო, წადით!“ და საქართველოს  საზღვარს, რუსი ტურისტების ნაცვლად, საქართველოს მილიონამდე მოქალაქე მოსწყდომოდა, თუმცა იმ დროისთვის საზღვრები ხომ ჩაკეტილი უნდა გვქონოდა და რუსეთიდან არავინ შემოგვეშვა, თუნდაც საქართველოს მოქალაქეები. ეს ყველაფერი როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელებმა ძალიან კარგად იციან და სწორედ ამიტომ „აგდებენ“ აქაურ არასამთავრობოებს, რომ როგორმე, სადმე იქნებ ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს, აქ თუ არა, რუსეთში მაინც და დაიწყოს შეუქცევადი პროცესები, რომელთა შეჩერებას და აღმოფხვრას, თვეები კი არა, წლები არ ეყოფა. ომში ჩართული საქართველო ახლა დასავლეთისთვის იდეალური ვარიანტია, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გადასარევი პლაცდარმია რუსეთთან საომრად. მერე, როგორც უკრაინას, ჩვენც მოგვცემენ ზუსტად იმდენ იარაღს,  თავის დაცვა ასე თუ ისე რომ მოვახერხოთ, აგვკიდებენ საშვილთაშვილო ვალებს, რომელთა გადახდასაც ამ საუკუნეში ვერ მოვახერხებთ, და სწორედ საუკუნოდ დაგვიმონებენ.

ადამ კინზინგერის კარიკატურა ტვიტერში

დასავლელი „მეგობრების“ მთავარი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი ახლა ის არის, რომ თურმე ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ყიდის და ყიდის რუსეთზე. არავინ კითხულობს, იყიდოს კი არა, საჩუქრად თუ უნდა რუსეთს საქართველო, მაგრამ ნახეთ, ყურს როგორ ხვდება – „საქართველოს რუსეთზე ყიდიან!“.

არ არის გამორიცხული, ხვალ რომელიმე სხვა სამხედრო შენაერთის მეთაურმა გამოთქვას უკმაყოფილება და რუსეთის ხელისუფლებას  ულტიმატუმი წაუყენოს, ზეგ კი – სხვამ და ყოველ ჯერზე დასავლეთი შეეცდება, როგორმე მოახერხოს ომში ჩვენი ჩართვა. ეს მაშინ, როცა რუსეთის საშინაო საქმეები საერთოდ არ გვეხება და, რაც მთავარია, რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, არ ერევა ჩვენს საშინაო  საქმეებში. არც ერთ რუს პოლიტიკოსს არ უთქვამს: ეს კანონი მიიღეთ, ის კანონი არ მიიღოთ, ციხეში ეს ჩასვით და ის გამოუშვითო. დასავლეთი კი ყველაფერში ერევა და თან იმ დონეზე, რომ ამერიკის ელჩი იმას არჩევდა, ვისი მანქანა  ვის ავტოფარეხში უნდა მდგარიყო. ჰოდა, სანამ ასე იქნება, არაფერი გვეშველება და უკვე მერამდენედ ვწერთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

ლევან გაბაშვილი                                                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here