Home ახალი ამბები საქართველო  “თავისუფლების ფასი” თვითნასწავლი მხატვრის _ ალეკო ლომაძის პერსონალური გამოფენა

 “თავისუფლების ფასი” თვითნასწავლი მხატვრის _ ალეკო ლომაძის პერსონალური გამოფენა

1519

ერთხელაც გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ მხატვარი ხარ, ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს. ალეკო ლომაძეს ფერწერა არც რომელიმე მხატვრის სახელოსნოში უსწავლია და არც სამხატვრო აკადემიაში. ვერც თვითონ ხსნის, რატომ გაუჩნდა ქვის ნაფხვენის წებოთი შეზავების, შემდეგ კი ამ “საღებავით” ხატვის სურვილი. ის ქვას პირველად 1991 წელს შეეხო, როცა მაცხოვრის ჯვარცმა გამოაქანდაკა, ხოლო “ქვით ფერწერას” მოგვიანებით დაეუფლა.

 საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწერილი ალეკო ლომაძის ხატები დღეს საქართველოს არაერთ ეკლესიაშია დასვენებული. მისი ნამუშევრებით თავის დროზე აღფრთოვანებული დარჩენილან ოტია იოსელიანი, რეზო ჩხეიძე, ჭაბუა ამირეჯიბი და სხვა ცნობილი ადამიანები, რომელთაც ახალგაზრდა კაცში იმთავითვე დაინახეს ღვთისგან მომადლებული ნიჭი.

მიუხედავად იმისა, რომ “ქვასთან ჭიდილი” საკმაოდ შრომატევადია, დიდ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს, შემოქმედი მზადაა, ასეთი წვალებით შექმნილი ნახატი გააჩუქოს, უშურველად გასცეს. მისი დახატული “ექვთიმე თაყაიშვილი” ლიხაურის მუზეუმს უსახსოვრა, ასევე საიუბილეოდ დახატა დიმიტრი ყიფიანის პორტრეტი და ისიც ამ დიდი მამულიშვილის მშობლიურ სოფელს გადასცა.

ალეკო ლომაძემ შექმნა საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პორტრეტი, რომელიც მხატვარმა უწმინდესის კურთხევით დახატა. ეს არის  უნიკალური ნამუშევარი, რომლის სიმაღლე 2,20 მეტრია. მასზე  ჩვენი ერის სულიერი მწყემსმთავარი, უწმინდესი და უნეტარესი, რუდუნებითა და საოცარი სიცხადითაა გამოსახული.

დღეს სამების ტაძარში ალეკო ლომაძის რამდენიმე ნამუშევარია გამოფენილი, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებო მე მაინც საქართველოს რუკა მგონია, რომელზეც XIII საუკუნემდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ტაძრებია დატანილი და თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, თითოეული მათგანი იმ კონკრეტული ტაძრის ქვითაა დახატული. ილია მეორის დაკვეთით, ვაზის ლერწითა და ფერადი ქვებით შესრულებულ ამ უნიკალურ ნამუშევარს თვეების განმავლობაში უტრიალებდა და ხვეწდა.

ალეკო ლომაძის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია რუსთაველის ფრესკის  (საბერძნეთში ასე უპატიოდ რომ გადაფხიკა მავანმა და შემდეგ, არცთუ სახარბიელოდ, განაახლეს ბერძენმა მხატვრებმა) ანალოგი _  მან რუსთაველი “თავისი საღებავით” დახატა, რომლის გადაფხეკას ვერავინ შეძლებს.

მოგვიანებით ალეკო ლომაძემ ფერწერული ტილოები აკვარელითაც შექმნა და სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოფინა. 2017 წელს კი მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო მალტის ქალაქ ვალეტაში გამართულ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე; ხოლო შარშან ზაფხულს ლიტვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მოეწყო ლომაძის პერსონალური გამოფენა “ბედის ბორბალი”, რომელიც მხატვარმა ემიგრანტ ქალბატონებს მიუძღვნა და სხვ.

საზღვარგარეთული გამოფენების შემდეგ ალეკო ლომაძე საქართველოში ჩამოვიდა და უცხოეთში შექმნილი ნამუშევრების გაცნობა თანამემამულეებისთვის მშობლიური კუთხიდან _ გურიიდან დაიწყო. მისი პერსონალური გამოფენები მნიშვნელოვან თარიღს დაუკავშირა _ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. ჯერ იყო ოზურგეთი, შემდეგ _ ქობულეთი. ამ დღეებში კი მისი პერსონალური გამოფენა “თავისუფლების ფასი” საქართველოს მხატვართა კავშირის სამხატვრო გალერეა “ოპიზარში” გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის 200-მდე ფერწერული ტილო.

“მხატვართა კავშირისთვის ალეკო ლომაძე იყო აღმოჩენა, _ ასე გახსნა გამოფენა საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარემ, ბატონმა გურამ ცერცვაძემ, _ მიუხედავად იმისა, რომ მას აკადემიური განათლება არ აქვს, კარგად ფლობს ფერწერის ტრადიციებს და თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით აკეთებს იმას, რაც ასე შთამბეჭდავია მნახველისთვის. მხატვართა კავშირი მზად არის, ასეთ ნიჭიერ ადამიანებს გვერდით დაუდგეს”.

თვითნასწავლ მხატვარს, რომელიც ყოველგვარი იზმებისა და მიმდინარეობების გარეშე ალალად, გულწრფელად ამბობს თავის სათქმელს, მხატვართა კავშირის წევრობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ჭაბუა ამირეჯიბის მეუღლემ, პოეტმა თამარ ჯავახიშვილმა; კინომცოდნე გოგი დოლიძემ; ქობულეთის მუზეუმის დირექტორმა რეზო ტაკიძემ და სხვებმა.

დარეჯან ანდრიაძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here