Home ახალი ამბები მსოფლიო დოლარს განაჩენი გამოუტანეს

დოლარს განაჩენი გამოუტანეს

1385

 

მსოფლიო ბანკის ექსპერტების შეფასებით, დოლარი მსოფლიოს სარეზერვო ვალუტის სტატუსს მალე დაკარგავს

აგრესიულმა საგარეო-ეკონომიკურმა პოლიტიკამ და აშშ-ის უზარმაზარმა საგარეო ვალმა გამოიწვია ის, რომ მსოფლიოში დაიწყო დედოლარიზაციის პროცესი და მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. ასეთია მსოფლიოს ბანკის ექსპერტების დასკვნა. ეკონომისტები გვარწმუნებენ, რომ უახლესი 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო სისტემა მკვეთრად შეიცვლება.

 ჩინური მიდგომა

ამჟამად მსოფლიოს ვაჭრობაში გარიგებების 70% დოლარზე მოდის, ევროზე _ 20%, დანარჩენ 10%-ს იყოფს აზიური ვალუტები, კერძოდ, ჩინური და იაპონური.

ამა წლის მარტში ჩინეთმა მძლავრად დაარტყა დოლარს ენერგომატარებლების გლობალურ ბაზარზე, როცა ვაჭრობა გახსნა სანავთობე ფიუჩერსებით იუანზე. 1993 წელს პეკინი ანალოგიური რამის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ წარუმატებლად. ამჟამად კი იუანი მნიშვნელობით მესამე ვალუტაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კალათაში. და პეკინის მეორე მცდელობა წარმატებით დასრულდა. ჩინეთი ემზადება შემდეგი ნაბიჯისთვის _ სურს, ნავთობით მომარაგების საფასური ეროვნული ვალუტით გადაიხადოს.

ნედლეულით ვაჭრობისას ჯერჯერობით იყენებენ დოლარს, მაგრამ იუანს შეუძლია, ის გამოდევნოს მსოფლიოს სანავთობე ბაზრებიდან. ეკონომისტების შეფასებით, ეს უახლოეს 10-15 წელიწადში შეიძლება მოხდეს და აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ნახშირწყლებზე: დიდ ფინანსურ პარტნიორებთან ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში მოსკოვი და პეკინი სულ უფრო ნაკლებ ადგილს უტოვებენ დოლარს. შარშან ჩინეთის წილმა რუსეთის საერთაშორისო ვაჭრობაში 15% შეადგინა. 2018-ში, პროგნოზების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 17%-მდე მოიმატებს. დოლარის როლი კი შესუსტდება.

ირანმა დოლარი დაბლოკა

აპრილში თეირანმა უარი განაცხადა ამერიკულ ვალუტაზე და ყველა საერთაშორისო ანგარიში ევროზე გადაიყვანა. ვაშინგტონმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, მაგრამ ევროპა უარს არ ამბობს ირანულ ნავთობზე და გარიგებები ხორციელდება ევროში.

 შავ ოქროში ირანს ევროს უხდის ინდოეთი, რომლის ეკონომიკაც სწრაფად იზრდება და, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე.

დოლარზე უარის თქმას გეგმავს თურქეთიც, რომელიც ირანთან ანგარიშსწორებას ეროვნული ვალუტით ეწევა.

გამორიცხული არ არის, რომ ამ ქვეყნებს შეუერთდება რუსეთიც. ამ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, მთავრობა განიხილავს ნავთობპროდუქტებზე ანგარიშსწორებას ეროვნულ ვალუტებში, დოლარის გვერდის ავლით, განსაკუთრებით, თურქეთთან და ირანთან.

ოქროს მარაგი

პარალელურად, თურქეთი სულ უფრო მიისწრაფვის ამერიკისგან დამოუკიდებლობისკენ. ის მსოფლიო ბაზარზე განაგრძობს ოქროს შესყიდვას. შარშან თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 187 ტონა ძვირფასი ლითონი შეისყიდა. ეს მეორე მარალი მაჩვენებელია რუსეთის შემდეგ.

ამასთანავე, ანკარამ გამოიტანა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის საცავებში შენახული 27 ტ ოქროც; აგრეთვე, შვეიცარიისა და ინგლისის ბანკებში შენახული ძვირფასი ლითონები.

ანალოგიურად მოქმედებენ სხვა ქვეყნებიც. მაგალითად, გერმანიამ აშშ-დან წამოიღო 300 ტონა ოქრო, ნიდერლანდებიდან _ დაახლოებით 100 ტ.

ფედერალური სარეზერვო სისტემიდან ოქროს გამოტანა, რაც 2014 წელს დაიწყო, დღესაც გრძელდება. მსოფლიო ცდილობს, აღარ იყოს დოლარზე დამოკიდებული.

საერთოდ, ოქროს ყველაზე დიდი მარაგი აშშ-ს აქვს _ 8 ათასი ტონა, შემდეგ მოდის გერმანია _ 3 ათასი ტონა, იტალიასა და საფრანგეთს 2,5-2,5 ტონა აქვთ, რუსეთი მეხუთე ადგილზეა _ 1860ტ.

კვარცხლბეკიდან ჩამოგდება

 მსოფლიო ბანკის პროგნოზით, დოლარი ვეღარ შეასრულებს მთავარ როლს მსოფლიოს საფინანსო სისტემაში. მას შეცვლის სამი ვალუტისგან _ ევროს, დოლარისა და იუანისგან _ შემდგარი სისტემა.

უნდა აღინიშნოს, რომ დოლარმა, როგორც მსოფლიოს სარეზერვო ვალუტამ, 1944 წელს შეცვალა ბრიტანული გირვანქა სტერლინგი. ბრიტანეთმა უამრავი ვალი დააგროვა და გირვანქა სტერლინგი დაეცა.

დღეს აშშ-ის ვალმა უკვე გადააჭარბა 20 ტრილიონ დოლარს და ეს ვალი განუხრელად იმატებს, ფულის საბეჭდი მანქანა კი კვლავაც მუშაობს.

 როგორც ცნობილმა ინვესტორმა ჯიმ როჯერსმა აღნიშნა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, სწორედ ამიტომ ამერიკული ვალუტა სულ უფრო კარგავს მომხიბვლელობას ბაზარზე.

მოამზადა ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here