ოცდამეცამეტედ დადგა ოცდაშვიდი სექტემბერი — სოხუმის დაცემის, ქართველი მოსახლეობის გამოდევნისა და აფხაზეთის დაკარგვისა დღე. საუკუნის მესამედი გაილია მოლოდინში, რომ რაღაც შეიცვლება…
რა გავაკეთეთ ან რას მივაღწიეთ ამ ხნის განმავლობაში? — ვერაფერს, აბსოლუტურად ვერაფერს. აფხაზეთი დაკარგულია, დევნილები დევნილებად რჩებიან, ჩვენ კი, როგორც მთელი ამ ხნის განმავლობაში, ახლაც ისევე ველოდებით ნატოში მიღებას, ევროკავშირის წევრად გახდომას და მერე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ისევე გამოვტაცებთ ხელიდან რუსეთს, როგორც ავთანდილმა, ტარიელმა და ფრიდონმა გამოსტაცეს ქაჯებს ნესტან-დარეჯანი. შედეგი? არანაირი. ნატო ქაჯეთის ციხეზე ძნელი ასაღები აღმოჩნდა, ევროკავშირში გვლანძღავენ, აშშ-ში სახელმწიფო გადატრიალებით გვემუქრებიან. ერთი სიტყვით, დასავლეთს ისევე არ ვუნდივართ, როგორც აქამდე არ ვუნდოდით, ამიტომ დასავლეთი არაფერს არ ცვლის, ასეთ შემთხვევაში, მათ კი არა, ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა, დამოკიდებულება, ორიენტირი. ჩვენ უნდა შევცვალოთ რაღაც, თუნდაც ძალიან მცირე, თუნდაც ძალიან უმნიშვნელო…
ჰოდა, რა შეიცვალა ჩვენს მიდგომებში ამ მესამედი საუკუნის განმავლობაში? გავიძახით, რომ აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები და დები არიან, ჩვენ მათ მიმართ მხოლოდ კეთილი სურვილები გვამოძრავებს, რუსები კი ოკუპანტები არიან, რომლებსაც მანამ არ დაველაპარაკებით, სანამ ქართული ტერიტორიების დეოკუპაციას არ მოახდენენ. ეს ლაპარაკი ოცდაცამეტი წლის წინათ დაიწყო და დღემდე გრძელდება. იცვლებიან ლიდერები — შევარდნაძე… სააკაშვილი... ივანიშვილი… მაგრამ არ იცვლება არაფერი. ჩამოთვლილი ლიდერები ერთმანეთს ვერ იტანდნენ და დღემდე ვერ იტანენ (შევარდნაძეს სააკაშვილმა სახელმწიფო გადატრიალება მოუწყო, ივანიშვილს სააკაშვილი იარაღის ძალით არ დაუმხია, არჩევნებში დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ციხეში ჩააგდო და ხუთი წელიწადია, პატიმრობაში ჰყავს), ამის მიუხედავად, საგარეო ორიენტაცია სამივეს ერთნაირი ჰქონდათ — დასავლეთი იყო და არის მათი აღთქმული მიწა. ხან ვთხოვთ, ხან რჩევას ვაძლევთ, ხან ვეკამათებით, რომ მიდგომები შეცვალონ, ნატოსა და ევროკავშირის წევრობის რიგში კი ნუ დგანან, რომელიც არასდროს მოუწევთ, არამედ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დაიწყონ. ხან მედიასაშუალებებით ველაპარაკებით, ხან პოლიტიკური ტრიბუნებიდან, ხან ხელმოწერებს ვაგროვებთ, მაგრამ გაგონება არაფრის სურთ.
ჩავიდა ნიუ-იორკში პემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სხდომაზე და, აი, რა თქვა: „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასიათასობით ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს “.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ შარშანდელ მოხსენებაშიც ხომ ითქვა, შარშანწინდელშიც, იმის წინაშიც და იმ წინის წინაშიც?! ერთად ვკითხოთ ბატონ პრემიერმინისტრსაც და ამგვარი მიდგომის მიმხრეებსაც — რა აზრი აქვს ამ ფაქტის ოცდამეცამეტედ კონსტანტაციას, თუკი ოცდათორმეტჯერ ნათქვამმა შედეგი ვერ გამოიღო? თქვენ, როგორც ჩანს, მკვდარი წერტილიდან საკითხის დაძვრა კი არ გაინტერესებთ, მორიგი სესიის გადაგორებაზე ფიქრობთ. სანამ თანამდებობაზე იქნებით, ასე ილაპარაკებთ და, როდესაც წახვალთ, შემდეგ ახალმა იდარდოს? ესაა მიდგომა?! გაეროს ტრიბუნიდან, როდესაც უკვე ოცდამეცამეტედ განაცხადეთ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების შესახებ, რატომ არ ჰკითხეთ გაეროს, მის უშიშროების საბჭოს, მის გენერალურ მდივანს, დასავლეთის სახელმწიფოებს, აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოებს, რომლებმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვატყუეს და თანადგომის შესახებ ყალბი სუტყვებით ძვირფასი დრო დაგვაკარგვინეს, სად არის მათი დახმარება? ბოლოს და ბოლოს, სად არის მათი გეგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე? ქართველი ხალხი თქვენგან, რუსული ოკუპაციის შესახებ ოცდამეცამეტე განცხადებას კი არა, ევროპისა და აშშ-ის სამართლიან კრიტიკას ელოდა, თუ გნებავთ, დასავლეთის მხილებას ელოდა, რაც არ მომხდარა. ეს იმას ნიშნავს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ეს ტრიბუნაც ხელიდან გაშვებულია. ვინმე თუ იმას იტყვის, რომ არავითარი აზრი არ აქვს, რა განცხადება გაკეთდება გაეროს ტრიბუნიდან, ასეთ შემთხვევაში რატომ დავდივართ იქ? რატომ ვკარგავთ დროს? რატომ ვეწევით გაუმართლებელ ხარჯებს? ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
27 სექტემბერს გმირთა მემორიალთან სიტყვები წარმოთქვეს დღევანდელი საქართველოს ხელმძღვანელებმა.
ირაკლი კობახიძე: „ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგედიას. ეს იყო ტრაგიკული მოვლენები, თუმცა, ამასთანავე, ეს დღე შეგვახსენებს მრავალი ქართველის გმირობას. ასევე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რომელსაც შეეწირნენ ჩვენი გმირები. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე“.
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ოთხი ხელისუფლებიდან სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც შეძლო საქართველოში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება. ეს ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე ასევე გვაფიქრებს იმაზე, რომ ეს არ არის რაღაც ბუნებრივი მოცემულობა. საკმარისია, გავიხედოთ ჩვენ გარშემო და მივხვდებით, რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა და ქართველი საზოგადოების მხარდაჭერა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ საქართველოს განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტში გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა“.
მიხეილ ყაველაშვილი: „ჩვენ გვახსოვს თითოეული ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირა. მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას და არ დავკარგოთ რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდება“.
ეს რა არის? საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე თქვენი პასუხისმგებლობა საბოლოოდ დაიყვანეთ იქამდე, რომ წელიწადში ერთხელ ტელეკამერების წინ დადგეთ და მოვალეობის მოსახდელად რამდენიმე წინადადება წარმოთქვათ? ან ამ დღეს, ან რომელიმე სხვა დღეს ქართველ ხალხს არ უნდა უთხრათ, რის გაკეთებას აპირებთ ამ მიმართულებით? რა გეგმა შეიმუშავეთ? რა სტრატეგია აირჩიეთ? რა გზას დაადექით? ბოლოს და ბოლოს, მიდგომებში რამეს ცვლით თუ არ ცვლით?
მშვიდობის შენარჩუნება დიდებულია, მაგრამ მშვიდობაც კი არ არის ის ღირებულება, რომლითაც ყველაფრის ჩანაცვლება შეიძლება. მშვიდობის შენარჩუნების გზა, ტერიტორიული გამთლიანების გზა და სოციალური სამართლიანობის თუნდაც ელემენტების გაჩენა რუსეთთან სწორი ურთიერთობების აგებაზეა დამოკიდებული. თქვენ თოთხმეტი წელიწადის განმავლობაში შენარჩუნებული უწყვეტი მშვიდობით აპელირებთ და გინდათ, რომ ამ კოზირით ნებისმიერი ოპოზიციური კარტი გაჭრათ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ის დრო მოვიდა, როდესაც ოპოზიციის როლს ხალხი ითავსებს. პოლიტიკურმა და პარტიულმა ძალებმა საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია მოახდინეს. თვითონ აღიარებთ, რომ საზღვარგარეთიდან დაფინანსებული პოლიტიკოსების, არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების დრო წავიდა. ეს დიდი ხნის წინათ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მათი ნარჩენებისგან დაბინძურებული აურა დღემდე ინარჩუნებს ძალასა და აქტუალურობას. ეს უნდა გასუფთავდეს, მაგრამ თქვენ ამის გაკეთებაშიც ფეხს ითრევთ.
არ გამოვა ასე. დრო თქვენც ამოგეწურათ: უვარგისობას ოპოზიციას აბრალებთ, ოკუპაციას რუსეთს აბრალებთ, ღალატს დასავლეთს აბრალებთ, მაგრამ უმოქმედობა ვის უნდა დააბრალოთ? თქვენს უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას ვის აკისრებთ?
დრო მიდის, ვითარება (მათ შორის პოლიტიკურიც და გეოპოლიტიკურიც), თქვენი სურვილის მიხედვით კი არა, გარეშე ძალებისა და ობიექტური რეალობის გავლენით იცვლება. თქვენ კი უმოქმედოდ დგახართ, ოცდათორმეტჯერ ნათქვამს ოცდამეცამეტედ იმეორებთ, რაც ფუჭი გასროლაა და მიზანს ვერ ხვდება. თქვენ თუ ელოდებით, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ისე, უმიზეზოდ, ვინმე გეტყვით, აჰა, ჩაიბარეთ თქვენი ცხინვალი და აფხაზეთი, ჩვენ არაფერში გვჭირდებაო, არ იქნება ასე. მუშაობაა საჭირო, წარსული შეცდომების ანალიზია საჭირო და თამამი გადაწყვეტილების მიღება, რაც, სამწუხაროდ, არ ჩანს.
ვალერი კვარაცხელია
















